Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 245 articles
Browse latest View live

შუა საუკუნეების საგანძური

$
0
0

შუა საუკუნეების საგანძური 2016 წლის 11 ივნისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გიწვევთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში შუა საუკუნეების საგანძურის გახსნაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ასახავს იმ კულტურული ტრადიციების ერთიანობას და უწყვეტობას, რომელთა საფუძველზე ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითშეგნება.

ეროვნული მუზეუმის საგანძურში დაცულ ხელოვნების ნიმუშებთან ერთად გამოფენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XVIII საუკუნეების ხელნაწერები. მათ შორის, გამორჩეულია ალავერდის ოთხთავი (1054წ.), რომელიც შეიცავს სახარებათა ხელნაწერ ტრადიციებში იშვიათ მინიატურას, მაცხოვრის ტილოზე აღბეჭდილ ხატს – მანდილიონის გამოსახულებას. მისი ყდა შემკულია ძვირფასი თვლებით და წმ. გიორგის ტიხროვანი მინანქრის გამოსახულებებით. გამოფენილია აგრეთვე, თამარ მეფის დაკვეთით გადაწერილი, მდიდრული ორნამენტული დეკორით და ძვირფასი ქვებით შემკული, XII-XIII საუკუნეების ვანის ოთხთავი. 1188-1210 წლებში შესრულებული ასტროლოგიური თხზულება “საეტლო და სამთვარიო” კრებული შეიცავს სხვადასხვა სახის სასულიერო შინაარსის ნაწარმოებებს, არაბულიდან თარგმნილ რამდენიმე ასტროლოგიურ თხზულებას და ზოდიაქოს ნიშნებს.

დამთვალიერებელი გაეცნობა უნიკალურ ხატებს, ნაქარგობის ნიმუშებს, ქვის, ხის და შუა საუკუნეების სხვა გამორჩეულ ექსპონატებს: დავათის IV საუკუნის სტელა ქართული ანბანის უძველესი გამოსახულებით. V-VI საუკუნეების ჩვენამდე მოღწეული მოზაიკის უძველესი ნიმუში ბიჭვინთიდან. ნაქარგობის XII-XVIII საუკუნეების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც ნათლად ასახავს ნაქარგობის ევოლუციის პროცესს. მათ შორისაა ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი XII საუკუნის ნაქარგი საბუხარები კაცხიდან. ასევე გამორჩეულია უბისის XVI საუკუნის ნაქარგობა, რომელიც უბისის ტაძრის ფრესკის ასლს წარმოადგენს. ექსპოზიციაზე გამორჩეული ადგილი დაეთმო XII ს. წმ. გიორგის მოზაიკურ და XIII ს. მთავარანგელოზის გამოსახულებიან ხატებს მაცხვარიშიდან, XIV-XVII საუკუნეების ხატების ანსამბლებს უბისიდან, ურბნისიდან და შიომღვიმედან.

ექსპოზიციაზე ქართული ხელოვნების შედევრებთან ერთად წარმოდგენილია შუა საუკუნეების ის ტექნოლოგიები და ხელსაწყოები, რომლებიც გამოიყენებოდა მათ შესაქმნელად.

გამოფენა საშუალებას იძლევა, ერთიან კონტექსტში წარმოვაჩინოთ ქართული ქრისტიანული ხელოვნების თვითმყოფადობა და განვითარების უწყვეტი გზა, რომელიც წინარექრისტიანულ ხელოვნებაში იღებს სათავეს.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3.

11 ივნისი 2016 – 11 ივნისი 2017


თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

$
0
0

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) 1910 წელს დაარსდა, როგორც “ქალაქის მუნიციპალური მუზეუმი”.

ქარვასლა

ქარვასლა 1943 წელს მას თბილისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ეწოდა და ბინა ისტორიულ შენობაში – თბილისის ყოფილ ქარვასლაში დაიდო. მუზეუმის ფონდებში 50 000-ზემეტი ექსპონატი ინახება. ისინი ასახავს თბილისის ისტორიას ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრულიდან დღემდე. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, დოკუმენტური მასალა, უმდიდრესი ფოტოკოლექცია, ხალხური, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

წარსულის ამსახავ მასალასთან ერთად თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგვიდგენს თანამედროვე ხელოვნებასაც. 1986 წლიდან აქ, თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზებში, ეწყობა ქართველ და უცხოელ ხელოვანთა გამოფენები.

წყარო: www.museum.ge

არქეოლოგიური კვლევა ნეკრესის ნაქალაქარის დიდ ბაზილიკაზე

$
0
0

ნეკრესი 2016 წლის მაისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ნაქალაქარის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განაახლა კვლევები ქალაქ ყვარლის მახლობლად, მდ. დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე, ამჟამად “დოლოჭოპის” სახელით ცნობილ ტერიტორიაზე. ეს არის ქართული ქრისტიანული არქეოლოგიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური, კავკასიის მიწის ქვეშ შემონახულ ქრისტიანულ ბაზილიკათაგან ჯერჯერობით უდიდესი და ერთ-ერთი უძველესი ნატაძრალი.

აღნიშნული ძეგლი 2004 წელს იქნა აღმოჩენილი. 2012-2014 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლინდა V საუკუნეში აგებული გრანდიოზული სამნავიანი ბაზილიკის ცენტრალური დარბაზის ზოგადი მოხაზულობა. მხოლოდ მისი სიგრძე-სიგანეც კი (36Х18.5 მ), მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოში მანამდე ცნობილ ყველა ბაზილიკურ ტაძარს. ბაზილიკის ძირითადი დარბაზი 5 წყვილი ჯვრისებრი გეგმის სვეტით სამ ნავად არის დაყოფილი. შუა ნავის აღმოსავლეთ კიდეში, მკვეთრად ნალისებური გეგმური მოხაზულობის საკურთხევლის აფსიდი ყოფილა მოწყობილი. აფსიდში ოთხსაფეხურიან ხარისხზე დაფუძნებული სამეუფეო ტახტიც გამოვლინდა. საკურთხევლის წინ დადასტურდა პომპეზური, ავანსცენისებური ბემა და სოლეა, რომლის ანალოგი საქართველოში დღემდე შესწავლილ შუა საუკუნეების ქრისტიანულ ტაძრებში არსადაა შემონახული.

2015 წელს განხორციელებული სამუშაოებით გამოირკვა, რომ ამ სამნავიან ბაზილიკურ ნაგებობას ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან გარს ერტყა ერთიანი გარე კედლებით შექმნილი გალერეების სივრცეში მოქცეული ეკვდერების, სტოების და ნართექსის სისტემა, რომელთა შემორჩენილი სიმაღლე 1 მ-დან 1.5 მ-მდე მერყეობს. ჩრდილოეთის და სამხრეთის გალერეების უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილებში ნალისებრი გეგმის აფსიდით დასრულებული ეკვდერები ყოფილა მოწყობილი, რომელთაგან ერთ-ერთს თავდაპირველად ბაპტისტერიუმის ფუნქციური დატვირთვა გააჩნდა.

ახლადგამოვლენილი კონსტრუქციების ჩათვლით, ამ უძველესი, გამორჩეულად მასშტაბური ბაზილიკის გარე ზომებმა 44Х27 მეტრს მიაღწია, რითაც მას ანალოგი არ გააჩნია კავკასიასა და ქრისტიანული სამყაროს მახლობელ რეგიონებში. ამ ტაძრის დახვეწილი სივრცულ-გეგმარებითი, კონსტრუქციული და მხატვრული გადაწყვეტა არაფრით ჩამორჩება რომაულ-ბიზანტიური სამყაროს ცენტრალური პროვინციების ადრექრისტიანულ ბაზილიკებს.

2015 წელს დურუჯისპირა ბაზილიკის გათხრებს კიდევ ერთ სენსაციური აღმოჩენა მოჰყვა: გამოირკვა, რომ V საუკუნის ეს გრანდიოზული ტაძარი კიდევ უფრო ადრეული, 25 მ-მდე სიგრძის და, დაახლოებით, 15 მ-მდე სიგანის ქრისტიანული ბაზილიკის ნანგრევებზე ყოფილა აღმართული. ამ თავდაპირველი ტაძრის იატაკის გათხრისას IV საუკუნისთვის დამახასიათებელი ნივთიერი მასალა აღმოჩნდა, რაც ადასტურებს, რომ ნაგებობა ამ ხანაშია აგებული. გათხრებისას გამოვლენილი სტრატიგრაფიული სურათის საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ძველი ბაზილიკა V საუკუნის პირველ ნახევარში დაინგრა მიწისძვრისგან და ამავე საუკუნის II ნახევარში, ახალი ბაზილიკა აიგო. აღსანიშნავია, რომ ძველი ბაზილიკა დღეისათვის ცნობილ IV საუკუნის ქართულ ტაძართა შორის ზომით მეორეა (15 წლის წინათ ნეკრესის ნაქალაქარზე გათხრილი ჭაბუკაურის ბაზილიკაზე ოდნავ მომცრო).

ექსპედიციამ მიმდინარე, 2016 წლის სეზონზე, დურუჯისპირა დიდი ბაზილიკის მასშტაბების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა. გამოირკვა, რომ ბაზილიკას აღმოსავლეთ ფასადის ორივე კუთხეში, მძლავრი, სავარაუდოდ კოშკისებური ნაგებობები ჰქონია მიდგმული, რომლებიც ტაძრის სტატიკური მედეგობის გაძლიერებას ემსახურებოდა და ამავდროულად, თავისებურ საფასადო ესთეტიკას ქმნიდა. მსგავსი საფასადო კოშკებით აღჭურვილი ბაზილიკები მრავლად გვხვდება ქრისტიანული რომის იმპერიის და ადრეულ ბიზანტიურ საეკლესიო არქიტექტურაში. მოგვიანებით, ის ტრანსფორმირებული სახით, გავრცელდა ევროპის რომანულ და გოთურ სატაძრო ხელოვნებაში.

დურუჯისპირა ბაზილიკაზე ამ არქიტექტურულ-კონსტრუქციული თემის დადასტურებამ კიდევ უფრო გაამყარა მოსაზრება, რომ იბერიის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებიდან სულ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, იგებოდა რომაულ-ბიზანტიური ქრისტიანული ხუროთმოძღვრების მეტად მაღალ კონსტრუქციულ და ესთეტიკურ სტანდარტებთან მიახლოებული სატაძრო ნაგებობები.

ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, არქეოლოგი და არქიტექტურის ისტორიკოსი, პროფესორი ნოდარ ბახტაძე. ეროვნული მუზეუმის მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობენ არქეოლოგები ვაჟა მამიაშვილი, ბაჩანა გაბეხაძე, ჯიმშერ ჩხვიმიანი, გიორგი გოგოლაძე და გიორგი კურტანიძე.

კვლევებში ჩაბმულნი არიან ვარშავის (პოლონეთი), იენას (გერმანია) ფრიდრიხ შილერის სახელობის და ექსეტერის (დიდი ბრიტანეთი) თეოლოგიისა და რელიგიისა უნივერსიტეტების თანამშრომლები.

ექსპედიცია, ისევე როგორც წინა წლებში, ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.

“ომი რომ გათავდეს კიდეც, ჩემი იუბილე არ გათავდება!..”

$
0
0

ელისაბედ ჩერქეზიშვილიმსახიობ ელისაბედ ჩერქეზიშვილის შარჟი ლადო გუდიაშვილის შესრულებით. ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, 1917 წლის იანვარი, #8.

ელისაბედ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 50 წლის იუბილე 1913 წელს შესრულდა, ხოლო სასცენო მოღვაწეობიდან 30 წელი – 1916 წელს. თეატრალური საზოგადოება გამოჩენილი მსახიობის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავდა. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომი და მხატვარმა შარჟში ეს ორი თემა იუმორით დააკავშირა.

1863 წელს დაბადებულმა ელისაბედ ჩერქეზიშვილმა სასცენო მოღვაწეობა 1886 წელს ქართულ დრამატულ თეატრში დაიწყო, მანამდე, 1884 წლიდან, გამოდიოდა სოფლის სცენისმოყვარულთა წარმოდგენებში. თამაშობდა კომედიურ როლებს. მისი განსახიერებულია : სარა, ხანუმა (ა. ცაგარელის ,,ხანუმა”), ელისაბედი (რ. ერისთავის ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), ანა ანდრეევნა (გოგოლის ,,რევიზორი“).

20-იან წლებში მოღვაწეობა გააგრძელა რუსთაველის თეატრში, 1932 წლიდან კი – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. შექმნილი აქვს როლები: ნუნუ (ზ. ანტონოვის ,,მზის დაბნელება საქართველოში“), ხორეშანი (შ. დადიანის ,,ჩატეხილი ხიდი”), მაკრინე (ლ. არდაზიანის ,,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი”). 1921 წლიდან იღებენ კინოში. განსახიერებული აქვს: ხანუმა (,,ხანუმა”), მაკარის დედა („ქეთო და კოტე“), ექიმბაში („ვინ არის დამნაშავე“), არსენას დედა („არსენა ჯორჯიაშვილი“), მაგდანა („ორი მონადირე“).
ლადო გუდიაშვილი 1914-1917 წლებში ჟურნალთან „თეატრი და ცხოვრება“ თანამშრომლობდა.

ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

$
0
0

მუზეუმი ღია ცის ქვეშ 1966 წელს დაარსდა. მისი შექმნის ინიციატორი ცნობილი ეთნოგრაფი გიორგი ჩიტაია გახლდათ.

მუზეუმი კუს ტბის ფერდობის ჩრდილოეთ ნაწილზეა განთავსებული და 52 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს. მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა განთავსებული.

ეთნოგრაფიულ მუზეუმში 14 ეთნოგრაფიული ზონაა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი.

შუა საუკუნეების საგანძური
საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიული, რეალობისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი.

ეთნოგრაფიული ხურომოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახავი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა.

მუზეუმის მეთერთმეტე ზონაში ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლებია განთავსებული. ექსპონირებულია სიონის V-VI საუკუნეების ბაზილიკა და აკლდამა, აგრეთვე საფლავის რელიეფურ ქვათა მდიდარი კოლექცია. შულ მუზეუმში 8 ათასზე მეტი ექსპონატია დაცული.

მუზეუმი გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ხალხურ ფესტივალებსა და გამოფენებს მთელი წლის განმავლობაში.

წყარო: http://museum.ge

აწყურის ციხე

$
0
0

აწყურის ციხე, რომელიც საქართველოს საფორტიფიკაციო ნაგებობებს შორის ერთ‐ერთ მნიშვნელოვან, მასშტაბურ კომპლექსს წარმოადგენს, მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სათავდაცვო კომპლექსს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ის ფუნქციონირებდა X- XI სს-დან მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, XIX ს-მდე.

აწყურის ციხე

მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილზე, მიუდგომელ კლდოვან კონცხზე აგებული აწყურის ციხე იცავდა და აკონტროლებდა მტკვრის ხეობას და სამხრეთ საქართველოსთან დამაკავშირებელ გზას. ციხის ზღუდის მაღალი კედლები, რომლებიც აღმოსავლეთ-დასავლეთის გრძივ ღერძზე გაშლილ დიდ არეს შემოფარგლავს, რთულ რელიეფს მიუყვება, სადაც ქვედა და ზედა ციხე გამოიყოფა. გალავანში ჩართულია ბურჯები და გეგმაში არასწორი გეომეტრიული ფორმის ოვალური და წაგრძელებული მოყვანილობის კოშკები. საყურადღებოა, ასევე, ციხესთან დამაკავშირებელი კამარით გადახურული გვირაბი, რომელიც დასავლეთის მხრიდან, მტკვრის სანაპიროზე გამავალი გზის პირას იწყება და ეზოს ქვედა ტერასაზე ადის.

2015 წელს შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვით პირველ ეტაპზე უნდა აღდგეს სამხრეთ ნაწილის ავარიული ქონგურებიანი კედელი, შემდგომ გამაგრდეს კლდის სამხრეთი მხარე, ხოლო მესამე ეტაპზე ჩატარდება გვირაბისა და ციტადელის სარესტავრაციო სამუშაოები.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
01.06.2016 წელი
http://www.heritagesites.ge

“არტ-გენი 2016”-ის თბილისის ტური ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება

$
0
0

არტ გენი ფესტივალ „არტ-გენი 2016“-ის თბილისის ტური 10-17 ივლისს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართება.

თბილისის ტურის პროგრამა დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამართულ პრესკონფერენციაზე „არტ-გენის“ ორგანიზატორებმა, ფესტივალის მხარდამჭერებთან ერთად წარადგინეს. პრესკონფერენციას თბილისის პირველი ვიცე-მერი ნინა ხატისკაცი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი, ასევე, მხარდამჭერები – ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და კომპანიების – „სავინოს“ „ფარმადეპოს“, „თიბისი ბანკის“ და „ლიკანის“ – წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ფესტივალ „არტ-გენის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რვა დღის განმავლობაში 12:00 საათიდან, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ხალხური რეწვის და თანამედროვე ხელოვნების გამოფენები; გაიმართება რეგიონების წარმომადგენელთა ფოლკლორული კონცერტები, პანტომიმის თეატრის სპექტაკლი, „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა და დასკვნითი კონცერტები თანამედროვე მუსიკის ჯგუფებისა და შემსურულებლების მონაწილეობით.

10 ივლისს თბილისის ტურის პირველი დღე „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. 19:00-22:00 საათამდე კი სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს ანსამბლების ფოლკლორული კონცერტი გაიმართება. 11 ივლისს შიდა ქართლის და სვანეთის წარდგენის შემდეგ მაყურებელს ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტი ელოდება; 12 ივლისს – გურია, მცხეთა მთიანეთის და ანსამბლ „ჩვენებურების“ კონცერტი; 13 ივლისს – ქვემო ქართლის, ასევე ლეჩხუმის ფოლკლორი და ჯგუფი „რეგიონის“ კონცერტი. 14 ივლისს იმერეთის წარდგენის შემდეგ, ფესტივალის მეოთხე დღე რობი კუხიანიძის და “აუტსაიდერის” კონცერტით გაგრძელდება. 15 ივლისს ფოლკლორული ნაწილი პანკისს და თუშეთს დაეთმობა. დღის ბოლოს კი ჯგუფ „ფრანის“ კონცერტი გაიმართება. 16 ივლისს მაყურებელს ნინო ქათამაძის და „ინსაითის“ კონცერტი ელოდება. ფოლკლორულ ნაწილს აჭარის რეგიონი წარადგენს. 17 ივლისს. „არტ-გენი 2016“-ის ბოლო დღეს ფესტივალი ტრადიციულად ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი „33 ა“-ს კონცერტით დაიხურება.

წელს ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება და მისი მთავარი თემაა „დავუბრუნდეთ სოფელს“. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. „არტ-გენის“ მხარდამჭერები არიან: „სავინო“, „თიბისი ბანკი“ „ფარმადეპო“, “ლიკანი”.

წელს ფესტივალმა 28 მაისს, ბოლნისიდან აიღო სტარტი. ბოლნისის შემდეგ „არტ-გენის“ მორიგი რეგიონული ტურნე სურამში გაიმართა და ქობულეთში დაიხურა.

სვანეთის მუზეუმი

$
0
0

სვანეთის მუზეუმი სვანეთის მუზეუმი 1936 წელს დაარსდა. ქართველმა მეცნიერებმა და ადგილობრივმა მოღვაწეებმა იმისათვის რომ რეგიონში გაბნეული უნიკალური ნიმუშები განადგურება – დაკარგვასა და მოუვლელობას გადარჩენოდა დაიწყეს მუზეუმის კოლექციების შევსება.

2013 წელს, არქიტექტორ გაგა კიკნაძის პროექტის მიხედვით, დასრულდა მუზეუმის სარეაბილიტაციო – განახლებითი სამუშაოები და ახალ, თანამედროვე შენობაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი გაიხსნა.

2015 წელს მუზეუმს საგანმანათლებლო ცენტრი და მედიათეკა შეემატა. გარდა აღნიშნულისა, მუზეუმში წარმოდგენილია დროებითი საგამოფენო სივრცე, რომელიც სხვადასხვა ხასიათის გამოფენის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა. მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს შეუძლიათ ეწვიონ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საჯარო სივრცეს, მუზეუმის მაღაზიასა და კაფეს.

სვანეთის მუზეუმი XXI საუკუნის საერთაშორისო სტანდარტების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც სამეცნიერო კვლევასა და მომავალი თაობების აღზრდას ემსახურება.

***

სვანეთის მუზეუმი მუზეუმის კოლექციები მოიცავს მესტიაში დაცულ მრავალფეროვან მასალას და კალას, იფარის, მულახის, ლატალისა და ფარის ისტორიულ თემთა სოფლების ეკლესიებში დაცულ მოძრავ ძეგლებს; მუზეუმის დაქვემდებარებაშია მესტიის ისტორიულ უბნებში, ლეხთაგსა და ლანჩვალში მდებარე უძველესი საცხოვრებელი კომპლექსები კოშკებითურთ, უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის მუზეუმ-ნაკრძალი საცხოვრებელი კომპლექსებითა და ერთ-ერთ კოშკში მოწყობილი გამოფენით.

არქეოლოგიური მონაპოვრები სვანეთში ძვ.წ. III ათასწლეულიდან აქტიურ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას ადასტურებს, ანტიკურ ხანაში კი – ამ კუთხის კოლხეთისგან, ოქროს საწმისის ქვეყნისგან, განუყოფლობას. სვანეთის მუზეუმის კოლექციებში მრავლადაა კერამიკის, სამკაულის, საკულტო ნივთების, საბრძოლო და სამეურნეო იარაღისა და ნუმიზმატიკის კოლექციები.

სვანეთის ნუმიზმატიკური კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა,რაც იმითაა განპირობებული, რომ მასში დაცული მონეტების უმეტესობა საეკლესიო განძებს წარმოადგენს, რომლებშიც საუკუნეების განმავლობაში თავს იყრიდა საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში მყოფი ფული. სვანეთში დაცული ნუმიზმატიკური კოლექციების ქრონოლოგია ძვ.წ. V საუკუნეში მოჭრილი “კოლხური თეთრით” იწყება და XX საუკუნის საბჭოური მონეტებით მთავრდება.

კოლექციაში დაცულია ადგილობრივი, ქართული და უცხოური მონეტების როგორც ერთეული აღმოჩენები, ისე განძები. მათგან აღსანიშნავია: ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელის ადგილობრივი მინაბაძი, ავგუსტე კეისრის დენარის მინაბაძი, პანტიკაპეის ოქროს სტატერი, არაბული დირჰემი, ბიზანტიური, ირანული, სელჩუკური, მონღოლური, დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი IV ლაშას, რუსუდანის, რუსული და ევროპული (პოლონური, დანიური, გერმანული, ჩეხური) მონეტები.

სვანეთში დაცული ქრისტიანული კულტურის კოლექციები შუა საუკუნეების ქართული, სირიული, ბიზანტიური თუ ევროპული ხელოვნების უამრავ უმნიშვნელოვანეს ძეგლს მოიცავს.

სვანეთის მუზეუმი მუზეუმის ჭედური ხატების უმრავლესობა სვანი ოსტატების მიერ არის შესრულებული. თანდართულმა წარწერებმა ზოგიერთის სახელიც შემოინახა. მუზეუმში ინახება XI საუკუნის ოსტატთა, გვაზავაისძეთა, ნახელავი ხატები: დიოკლიტიანეს მლახვრავი წმ. გიორგისა (ოსტატი ასანი) და ქრისტე პანტოკრატორისა (ოსტატები გიორგი და თევდორე).

მუზეუმის უნიკალურ ქართულ ფერწერულ ხატებს შორის ე.წ. დედაქალაქური სკოლის ნიმუშიც არაერთია და ე.წ. ხალხური ნაკადის ოსტატთა მიერ შესრულებულიც. აღსანიშნავია: მათგან უადრესი, ჩვილედი ღმრთისმშობელი და წმ. ბარბარე (IX-Xსს.); ასევე წმ. იონა წინასწარმეტყველის (XIIს.), ჩვილედი ღვთისმშობლის (XIIს.), წმ. გიორგის (XIIIს.), წმ. მხედრების (XIIIს.), წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის (XI-XIIსს.), ორმოცი სებასტიელი მოწამის (XIIს.); მაცხოვრისა (XI-XIIსს.) და ლაზარეს აღდგინების (XIIს.) ხატები. გამორჩეულია მუზეუმში დაცული რელიქვარიუმები, რომლებიც ჭედურობით შემკულ ფერწერულ ხატებს წარმოადგენს, მათ შორისაა: ჯვარცმის (XI-XIIსს.) და რუსუდან დედოფლის აღმზრდელის – სილიხანის მიერ შეწირული (XIIIს.) ხატები.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია VI-VII საუკუნის ბრინჯაოს სირიული საცეცხლურები, გამოყენებითი ხელოვნების უაღრესად მნიშვნელოვანი ნიმუში – ვენეციაში შექმნილი საკურთხევლისწინა ჯვარი (XIII-XIV სს. მიჯნა), რომელიც სვანეთში “ლათაიჯვარის” ანუ “თვლებიანი” ჯვრის სახელითაა ცნობილი. იგი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების, ფილიგრანით შესრულებული ჩარჩოების და ბუდეებში ჩასმული, ეტრატზე შესრულებული ფერწერული მინიატურების უნიკალურ მთლიანობას წარმოადგენს. ასევე, საყურადღებოა, უშგულში დაცული, იტალიური მედალიონები (XIIIს) და გერმანული კათხა (XIVს).

მუზეუმის ხელნაწერების ფონდში დაცულია ეტრატზე და ქაღალდზე შესრულებული, IX-XVIII საუკუნეების სასულიერო მწერლობის ძეგლები – პალიმფსესტური ფურცლები, ჭედურობითა და მხატვრობით შემკული წიგნები.

აღსანიშნავია, 897 წელს შატბერდში გადაწერილი, თარიღიან ოთხთავებს შორის უძველესი ადიშის ოთხთავი; მესტიის (1033წ.), ლაბსყალდისა (XIIს.) და იენაშის (XIIIს.) ოთხთავები.

ხელნაწერთა კოლექციაში ასევე დაცულია X საუკუნის იერუსალიმის განჩინება (ლატალის ლექციონარი) და X-XI საუკუნეების, გამორჩეული კალიგრაფიული ნუსხურით შესრულებული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები; წვირმის, იელის, ადიშის იადგარები. მათში VIII-X საუკუნეების ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის უძველესი ქართული თარგმანებია თავმოყრილი. აქვეა, ხეზე დაწერილი საბუთები (XIV-XVსს) და ძველნაბეჭდი წიგნები (XVIII-XIXსს.), მათ შორის ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი თუენი (XVIIIს.).

სვანეთის ტრადიციული ყოფა მუზეუმში მრავალმხრივ არის წარმოდგენილი: XIX საუკუნის ფოტოებით; სვანური საცხოვრისის ელემენტებით (კერია, ორნამენტებით შემკული ხის საკარცხულები, სკივრები, ჭურჭელი); სამეურნეო და საბრძოლო იარაღით, სამკაულებით და, რაც მთავარია, მესტიასა და უშგულში მდებარე კოშკებით, რომლებიც დღემდე ინახავს აქაურთა საუკუნოვან რწმენა-წარმოდგენებს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი პასუხს აგებს რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან არქიტექტურულ საგანძურზეც – სოფელი ჩაჟაში იუნესკოს მიერ იქნა აღაირებული მსოფლიო კულტურის საგანძურად.

***

სვანეთის მუზეუმი მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის მიზანი რეგიონის მოსახლეობისა და ჩამოსული სტუმრებისათვის ქართული კულტურის ძეგლების, ხელოვნების, მეცნიერების გაცნობა და პოპულარიზაციაა. პროგრამები ითვალისწინებს ექსკურსიებს მუზეუმში, შემეცნებით თამაშებს, ლექცია-საუბრებს, შეხვედრებს მეცნიერებთან, გამოჩენილ ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ფილმის ჩვენებებს, თეატრალურ წარმოდგენებს და ა.შ.

მუზეუმი მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს ოჯახებს, 3-დან 17 წლამდე სტუმრებსა და ზრდასრულ დამთვალიერებლებს. პროგრამები აგრეთვე განკუთვნილია სვანეთში არსებული საზაფხულო სკოლების, სპორტ-სკოლებისა და ბანაკების მონაწილეთათვის.

მესტიის მუნიციპალიტეტის დახმარებით მოხდება ბავშვების ჩამოყვანა მაღალმთიანი სოფლების სკოლებიდან. დაგეგმილია ასევე მუზეუმის გარეთ მოქმედი პროგრამები, როგორიცაა მოძრავი საგანმანათლებლო გამოფენები და საველე ექსკურსიები, რომელთა მიზანია ისტორიის, ფლორის, ფაუნის, ეკოლოგიის, კულტურული მემკვიდრეობის და სხვა საკითხებისადმი ინტერესის გაღრმავება.

გარდა ზოგადი ცოდნის მიღებისა, სამუზეუმო სწავლება ხელს უწყობს მოზარდებში ისეთი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია და წარმოსახვა, დამოუკიდებლად მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარები. ჩვენი მიზანია მუზეუმი ახალგაზრდებისთვის იყოს სიხარულისა და შთაგონების ადგილი, მათში აღვივებდეს ინტერესსა და შემოქმედებითობას, ამასთანავე ეხმარებოდეს მათ სამყაროს აღქმასა და შემეცნებაში.

მედიათეკა წარმოადგენს თანამედროვე ინტერაქტიულ სივრცეს, სადაც ვიზიტორი გაეცნობა უახლეს ლიტერატურასა და ისარგებლებს უფასო ინტერნეტით.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის სვანეთის მუზეუმის მედიათეკის სამკითხველო დარბაზი 200-ზე მეტი წიგნით შეივსო. კვლევითი ინსტიტუტებისა და ქართველი გამომცემლების მიერ გადმოცემული წიგნები განკუთვნილია სხვადასხვა ინტერესისა და ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის, რაც ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონის მოსახლეობის უახლესი ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულ ცენტრს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას, გამომცემლობებს – არტანუჯი, ინტელექტი, საუნჯე, ბაკმი, შემეცნებასა და პალიტრა L-ს.

წყარო: www.museum.ge


სიღნაღის მუზეუმი

$
0
0

სიღნაღის მუზეუმი სიღნაღის მუზეუმი დაარსდა 1947 წელს, როგორც ქიზიყის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მისი ექსპოზიცია გაიხსნა 1950 წლის 31 დეკემბერს. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 700-ს ითვლიდა და წარმოდგენილი იყო ისტორიის, სოციალური მშენებლობისა და ბუნებისმეტყველების განყოფილებები. წლების მანძილზე ივსებოდა მუზეუმის ფონდი. 1967 წლიდან მუზეუმთან გაიხსნა სამხატვრო გალერეა, რომელსაც ცნობილმა თუ დამწყებმა მხატვრებმა შემოსწირეს 600-მდე მხატვრული ტილო თუ სკულპტურა.

ეთნოგრაფიული კოლექცია გამდიდრდა კულტურის სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით შესყიდული და მოსახლეობის მიერ შემოწირული ნივთებით და ამჟამად შეადგენს 5000 ერთეულს. კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, სპილენძისა და ხის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლითა და ნივთებით, სასოფლო-სამეურნეო იარაღებითა თუ მეღვინეობის კულტურის შესაბამისი მასალით. ფონდებში ასევე დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა–ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვ.

სიღნაღის მუზეუმის ფონდებშია დაცული ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, დაახლოებით 2000 ერთეული, მათ შორისაა უძველესი სასანური მონეტები, თამარის, ლაშა–გიორგის, ერეკლეს მიერ მოჭრილი მონეტები, ბონისტიკური და ჰერალდიკური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენების სახით.

მუზეუმის ფონდი მდიდარია ფოტო და დოკუმენტური კოლექციებით (დაახლოებით 50 000 ერთეული). აქ დაცული არქეოლოგიური ექსპონატების გარკვეული რაოდენობა შემთხვევით მონაპოვარი და შემოწირულობაა.

სიღნაღის მუზეუმი1973 წელს შეიქმნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტთან არსებული კახეთის არქეოლოგიური კვლევის ბაზა, რომელიც ინტენსიურ სამუშაოებს აწარმოებდა კახეთის რეგიონში. აღნიშნულმა ექსპედიციამ უმდიდრესი მასალა შესძინა სიღნაღის მუზეუმს სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ კულტურათა ნიმუშების სახით, რომელთაგან აღსანიშნავია: ენეოლითური, ადრებრინჯაოს _ მტკვარ-არაქსული, მარტყოფული, ალაზან_ბედენური, თრიალეთური თუ გვიანი ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს საბრძოლო იარაღები, საკულტო თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების სხვადასხვა მასალა.

მუზეუმი 2007 წელს შეუერთდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. შენობა სრულად შეკეთდა, დამონტაჟდა უსაფრთხოების სისტემები, მოეწყო ახალი ექსპოზიციები, შეივსო მუზეუმის ფონდები და ამჟამად ის ითვლის 60 000 ექსპონატს.

სიღნაღის მუზეუმი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, სადაც წარმოდგენილია არქეოლოგიური, შუა საუკუნეების, ეთნოგრაფიული და ფიროსმანის ნახატთა მუდმივმოქმედი ექსპოზიციები. მუშაობს დროებითი საგამოფენო დარბაზიც, სადაც 2009 წელს მოეწყო პაბლო პიკასოს ნამუშევრების, 2010 წელს კი დასავლეთ ევროპის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან.

დღეს სიღნაღის მუზეუმი კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინსტიტუციაა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

წყარო: http://museum.ge

სამტრედიის უმაღლეს წერტილს აკაკი შანიძის სახელობის მთის სახელი მიენიჭა

$
0
0

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალი ადგილის დასალაშქრად სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ექსპედიცია მოეწყო (30 ივლისი, 2016წ.,). აკაკი შანიძის მთა არსებული ინფორმაციის თანახმად, მთას აქამდე ოფიციალური სახელი არ ჰქონდა. შესწავლის შემდეგ მთას აკადემიკოს აკაკი შანიძის (1887-1987წწ. დაბადების ადგილი – სოფელი ქვემო ნოღა, სამტრედიის რაიონი — გარდაიცვალა თბილისში.) სახელი მიენიჭა.

აკაკი შანიძე – ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი (1941), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1939), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1943), სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967), პრაღის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წევრ-კორესპონდენტი (1937), იენის შილერის სახელობის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1966), ინგლისის „ფილოლოგთა საზოგადოების“ საპატიო წევრი (1979). იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზ. მეცნიერების განყოფილების თავმჯდომარე (1946) და ვიცე-პრეზიდენტი (1948-1950). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ენათმეცნიერების კვლევა-ძიების საქმეს.

ექსპედიციაში მონაწილეობდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, სამტრედიის სკოლების მოსწავლეები, სამტრედიელი სტუდენტები, აგრეთვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი, ექსპედიციას მეგზურობას უწევდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფეთის თემის მაჟორიტარი.

აკაკი შანიძის მთა 1964 წლის საბჭოთა ტოპოგრაფიულ რუკაზე ოფიციალურად დაფიქსირებულია უსახელო მწვერვალი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1084,0 მეტრია. ეს მთა მდებარეობს ე.წ. ,,კოკოცას” სერზე, ეს სერი წარმოადგენს წყალგამყოფს, ამ მონაკვეთიდან სათავეს იღებს სამი სხვადასხვა აუზის მდინარე. აღმოსავლეთ ფერდობზე სათავეს იღებს მდინარე რიონის მარცხენა შენაკად ყუმურის მარცხენა შენაკადი, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადი ხევისწყალი, მთის სამხრეთი ფერდობი აგრეთვე მდინარე სუფსას მარჯვენა შენაკად მარდესწყალის სათავეს წარმოადგენს. მთის დასავლეთით 1 კმ-ში მდებარეობს მთა საყინულე ზღვის დონიდან 1204 მეტრზე, ეს მთა შედის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ხოლო სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კოკოცას სერის მთა კოკოცა ზღვის დონიდან 1216 მეტრი.

სამტრედიის ყველაზე მაღალ მწვერვალთან მისვლა შეიძლება სამი მხრიდან. I. მწვერვალის სამხრეთით მდებარეობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი თხილაგანი, მდინარე ხევისწყლის ხეობით მანძილი მწვერვალამდე არის 4 კმ, გზა მიუყვება ტყიან მასივს, შემდეგ სამხრეთ-დასავლეთით ბილიკი ადის წყალგამყოფზე გაივლის მთა საყინულეს და მიემართება აღმოსავლეთით. ბილიკის შეფარდებითი სიმაღლე არის 600 მეტრი. (საავტომობილო გზის დასასრულიდან მწვერვალამდე).

უახლოეს მომავალში შესაძლებელია სოფელ თიხალაგანიდან მთა ,,აკაკი შანიძის“ მიმართულებით ტურისტული მარშრუტის მარკირება, აგრეთვე შესაძლებელია წრიული მარშრუტების დაგეგმვა ერთის მხრივ ვანის მუნიპალიტეტის მიმართულებით, აგრეთვე ჩოხატაურის მიმართულებით. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვანიდან ბილიკი მიუყვება ბაგელას ხეობას, შემდეგ უხვევს დასავლეთით, ბილიკი ადის წყალგამყოფზე, მანძილი მთა ,,აკაკი შანიძიდან’’ სულ სოფლიდან მანძილი არის 4 კმ. შეფარდებითი სიმაღლე არის 684 მეტრი. მთიდან კიდევ ერთი გზა მიემართება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურებიდან, გაივლის მთა კოკოცაზე, შემდეგ მიმართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაივლის მთა საყინულეს და ბილიკი უხვევს აღმოსავლეთით, გზის დიდი ნაწილი ტყის მასივში გადის, მთლიანი მანძილი არის 4 კმ. შეფარდებითი სიმაღლე არის 450 მეტრი, საფეხმავლო, ტურისტული ბილიკით სარგებლობა სასურველია აპრილიდან ნოემბრამდე.

ეროვნული გალერეა

$
0
0

ეროვნული მუზეუმი ეროვნული გალერეის არსებობის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მისი დაარსება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მხატვრის დიმიტრი შევარდნაძის სახელს უკავშირდება. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა 1920 წლით თარიღდება. ამ დროიდან ეროვნული გალერეა ქართული სახვითი ხელოვნების განვითარების საქმეს ემსახურება.

შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, 1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით აიგო და მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი, დაარსდა. მუზეუმს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება უნდა წარმოეჩინა და რუსული იარაღის ძლიერებისა და დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. მან პირველ მსოფლიო ომამდე იარსება. დიდების ტაძრის ექსპოზიციის ევაკუაცია მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა. მასთან ერთად დაიხურა ამ შენობის ისტორიის ერთი ფურცელი.

ეროვნული გალერეის პირველი ექსპოზიცია 1920 წლის ოქტომბერში შედგა. გალერეის საგამოფენო პოლიტიკა პირველივე წლებში გამოიკვეთა: ქართული და უცხოური, ძველი და ახალი პერიოდების სახვითი ხელოვნების ნიმუშები – რაც ფასეული შექმნილა ან მოხვედრილა საქართველოს ტერიტორიაზე.

ექსპოზიციის მოწყობას უძღოდა მიზანდასახული შრომა ნამუშევართა მოსაპოვებლად. საოცარ ძალისხმევას იჩენს დიმიტრი შევარდნაძე და მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს ხელოვნების ნიმუშებს.

ეროვნული მუზეუმი ექსპოზიციაში განთავსდა XVIII–XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული ფერწერა (ე.წ. თბილისური სკოლა), რუსული, დასავლეთ ევროპული, ირანული და თანადროული ქართული მხატვრობა.

გალერეის დაარსებიდან სულ მალე ის ფლობდა რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვან ფონდსაცავს რამდენიმე განყოფილებით. ფაქტობრივად, ეროვნულმა გალერეამ, რომლის ძირითად დანიშნულებას თანადროული სახვითი ხელოვნების წარმოჩენა წარმოადგენდა, სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფუნქციაც შეითავსა.

ამასთან, ცხადი გახდა, რომ შენობა არასაკმარისი იყო საგამოფენო საქმის გასაშლელად. გალერეამ მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო თანადროული ხელოვნების გამოფენა. რეალურად, მხატვრები ისევ საგამოფენო სივრცის გარეშე დარჩნენ….

მალე გაჩნდა გალერეის რეორგანიზაციის გეგმაც. დიმიტრი შევარდნაძის ყურადღების საგანი მეტეხის ციხე გამხდარა, რომელთანაც დაკავშირებით იგი წერდა:

„…საქართველოს ეროვნულ გალერეას ხელოვნების მუზეუმისათვის ყველაზე უფრო შესაფერის შენობად მეტეხის ციხე მიაჩნია. ეს შენობა თავისი ფართობით, მდებარეობით, დაცვის ცეცხლისაგან უზრუნველყოფით სრულ გარანტიას იძლევა, რომ დასახული მიზნისთვის საუცხოოდ გამოყენებული იქნება. მეტეხის ციხე, ეს უძველესი ძეგლი ტფილისისა, ძველად ყოფილი სასახლე, ამ ასი წლის წინათ მეფის თვითმპყრობელობის მიერ გადაკეთებულ იქნა საპყრობილედ. დროა, ამას მიექცეს სათანადო ყურადღება და ეს ისტორიული ძეგლი, დამამშვენებელი ტფილისისა, გამოყენებულ იქნას უფრო საპატიო მიზნით. …მეტეხის მუზეუმისათვის გადაცემა მოგვცემს საშუალებას, ფართოდ გავშალოთ ხელოვნების მუზეუმი, მოვაწყოთ საჭირო ლაბორატორიები და სახელოსნოები და მეტეხის საპყრობილისგან შევქმნათ “საქართველოს ლუვრი”, რომელიც მომავალში უნდა გადაიქცეს სახვითი ხელოვნების შესწავლის და კვლევა-ძიების ცენტრად.”

1933 წელს ხელისუფლებამ ქალაქის ციხე ორთაჭალაში გადაიტანა და მეტეხის ისტორიული შენობა ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექციას გადასცა. გადაწყდა, მეტეხში განთავსებულიყო ეროვნული გალერეის მთელი საგანძური, რომელიც შექმნიდა პლასტიკური ხელოვნების მუზეუმს. ამასთან ერთად, მოიაზრებოდა ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შექმნაც. ამ დროისათვის გალერეა 6000 ექსპონატს ფლობდა.

1934 წლიდან ეროვნული გალერეა ხელახლა იწყებს ფუნქციონირებას. ის ხდება სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტიტუცია სახვითი ხელოვნების სფეროში.

1980-იანი წლების ბოლოს მნიშვნელოვანი სიახლეა გალერეის ცხოვრებაში.1988 წლის მარტში მხატვრის სახლის დირექციის ინიციატივით შეიქმნა სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანება ,,სურათების ეროვნული გალერეა”.

ეროვნული მუზეუმი მასში შევიდა მხატვრის სახლი, საქართველოში არსებული საგამოფენო დარბაზები, სურათების გალერეები. გაერთიანების ცენტრალურ ინსტიტუციად თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი მოიაზრებოდა. მუზეუმის ექსპოზიცია ეროვნული გალერეის შენობაში, გალერეის ფონდების ბაზაზე, შეიქმნა. დაიგეგმა გალერეის შენობის რეკონსტრუქცია. საექსპოზიციო სივრცე ორჯერ გაიზარდა. საგამოფენოდ გადაკეთდა პირველი სართული, რომელიც მანამდე ფონდებსა და გალერეის სამსახურს ეკავა.

თანამედროვე ქართული ხელოვნების ვერნისაჟი 1989 წლის 18 სექტემბერს შედგა. 90-იან წლებში თბილისში განვითარებული ცნობილი პოლიტიკური მოვლენების გამო გალერეის შენობაში განთავსებულმა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა მხოლოდ მცირე ხანს იარსება.

2007 წელს ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს შეუერთდა. დაიგეგმა გალერეის შენობის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად უცვლელი დარჩა ნაგებობის ცენტრალური ფასადი და საგამოფენო სივრცე. შენობა გაიზარდა ბაღის მხრიდან მიშენების ხარჯზე. რეკონსტრუქციის შედეგად შეიქმნა ახალი საგამოფენო სივრცე. განახლებულ გალერეაში 8 დარბაზი ფუნქციონირებს, შექმნილია სარესტავრაციო ლაბორატორია, დროებითი გამოფენების ორგანიზებისათვის საჭირო ექსპონატთა საცავი, სასწავლო სივრცე და გაიხსნა მაღაზია.

პროექტი პორტუგალიულმა არქიტექტურულმა კომპანია ,,Ainda Arquitectura”-მ შეიმუშავა.

ბუნებრივი სინათლით განათებული ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზები სასიამოვნო, შთამაგონებელი და უნიკალური ადგილია არამარტო თბილისში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში.

დღეს გალერეა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთი ცენტრალური საგამოფენო სივრცეა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დროებითი ექსპოზიცია “ქართული სახვითი ხელოვნების შედევრები, XX საუკუნის I ნახევარი”.

წყარო: http://museum.ge

ვაჟა-ფშაველას სახლის რეაბილიტაცია

$
0
0

ჩარგალი ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სამშენებლო-სარესტავრაციო კომპანია „დავითი“ აწარმოებდა. რეაბილიტაციის პროექტი კი მომზადდა სააგენტოს თანამშრომლების – ნიკოლოზ ზაზუნიშვილისა და იოსებ ნაგლაძის მიერ.

• მოიხსნა შენობის ძველი სახურავი, მოეწყო ხის ახალი კონსტრუქციები და დაიფარა კრამიტის საბურველით;
• მოიხსნა ამორტიზებული აივნის სვეტები, მოაჯირები და ყველა ელემენტი შეიცვალა ახლით;
• სახლის უკან კეთილმოეწყო წყალგამყვანი სარინელი;
• ნაწილობრივ დაიშალა და ამაღლდა სახლის უკან არსებული ფლეთილი ქვით ნაგები საყრდენი კედელი;
• მოიხსნა და ახლიდან დაეგო სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე არსებული დამხმარე ნაგებობების სახურავი;
• შეკეთდა ყორე-ქვით ნაგები ღობის კედელი და მასზე მოეწყო წნული ღობე. აგრეთვე, დარჩენილი ტერიტორია შემოიღობა კუთხოვანი ლითონის ჩარჩოებში ჩასმული ბადით.
• ჩამოიკიდა ტერიტორიაზე სამანქანე გზით შესასვლელი ახალი ჭიშკარი.

მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის გახსნა

$
0
0

სამხელიანი ღვთისმშობელი “თიანეთობა 2016” -ის ფარგლებში მირზა გელოვანის რეაბილიტებული სახლ-მუზეუმი განახლებული ექსპოზიციით გაიხსნა (07.08.2016).

1983 წლიდან მოქმედი სახლ-მუზეუმი ქვითა და აგურით ნაშენი ორსართულიანი შენობაა, რომელიც ბოლო პერიოდში იმდენად დაზიანდა, რომ შეუძლებელი იყო დამთვალიერებელთა მიღება.

2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, მომზადდა მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი. 2015 წელს კი დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი.

სამუშაოების პარალელურად, სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის მიერ მოეწყო სახლ-მუზეუმის ახალი ექსპოზიცია – მემორიალური გარემოს რეკონსტრუქციით, სადაც აქცენტი გაკეთდა მირზა გელოვანის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; მომზადდა ფილმი პოეტის ლექსების, ხელნაწერებისა და საარქივო ფოტო და ვიდომასალის გამოყენებით. საექსპოზიციო დარბაზები სამ თემატურ სივრცედ იქნა მოაზრებული – XX საუკუნის დასაწყისის ინტერიერი – მირზა გელოვანის ოჯახის მემორიალური ნივთების ექსპონირებით; პოეტის ბიბლიოთეკა და სამუშაო სივრცე სამონადირეო ატრიბუტიკის ჩვენებით; მირზა გელოვანის შემოქმედების ამსახველი დარბაზი, სადაც ხელნაწერ ლექსებსა და პირად წერილებთან ერთად გამოფენილია პოეტის სხვადასხვა დროს გამოცემული ლექსების კრებულები. სახლ-მუზეუმის პირველი სართული სრულად დაეთმო თიანეთის ყოფის ამსახველი მასალების ექსპონირებას.

საგამოფენო სამუშაოების პარალელურად, ექსპოზიციაზე მომუშავე ჯგუფმა მირზა გელოვანის ხელნაწერების (წერილები, ლექსები) ფოტოფიქსაციაც გააკეთა, რომლის ელექტრონული ვერსიაც, სააგენტოს უახლეს გამოცემებთან ერთად, საჩუქრად გადაეცა მუზეუმს.

წყარო: http://www.heritagesites.ge

ბათუმი, შავი ზღვის სანაპირო 1900-იან წლებში

$
0
0

ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი – დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში დაცული ფოტო.

ბათუმი 1900

ბათუმი, შავი ზღვის სანაპირო 1900-იან წლებში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი

$
0
0

სახალხო მხატვრისა და აკადემიკოსის მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი დაარსდა 1968 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მხატვრის ბინაში, უშუალო მემკვიდრეთა კოლექციების ბაზაზე. 1971 წლამდე მუზეუმი იყო საქ. კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში, როგორც დამოუკიდებელი ფილიალი. შემდგომ სახლ-მუზეუმი ხდება ხელოვნების მუზეუმის ფილიალი, ხოლო 2005 წლიდან-მუზეუმი ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში გადადის.

მოსე თოიძის სახლ-მუზეუმი

ამ სახლში მოსე თოიძე (1871-1953) ცხოვრობდა 1920 წლიდან, გარდაცვალებამდე. სახლ-მუზეუმის მიზანია დაიცვას და ფართო საზოგადოებას გააცნოს ახალი ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, მრავალი გამოჩენილი მხატვრის აღმზრდელისა და პედაგოგის შემოქმედებითი მემკვიდრეობა და ის გარემო, სადაც მოსე თოიძე ცხოვრობდა და ქმნიდა თავის განუმეორებელ შემოქმედებას.

2011 წლის აღრიცხვიანობით დაფიქსირებულ ექსპონატთა საერთო რაოდენობაა 373. ფონდის ძირითად ნაწილს წარმოადგენს მოსე თოიძის ფერწერა და გრაფიკა(218), რომელიც მდიდარია, როგორც ჟანრების ასევე მხატვრული ამოცანების და გამომსახველობითი ხერხების მრავალგვარობით და მრავალფეროვნებით. მაღალი ოსტატობით შესრულებული მრავალი სურათი წარმოაჩენს მხატვრის შემოქმედებითი გზის პერიოდებს და ძირითად ეტაპებს. სახლ-მუზეუმში ინახება და გამოფენილია სხვა მხატვრების ნამუშევრებიც:-ირაკლი და გიორგი თოიძეების ფერწერა და გრაფიკა; ი. ნიკოლაძის და კ. მერაბიშვილის სკულპტურული ნამუშევრები; ე. ბაღდავაძის, ქ. მაღალაშვილის, რ. გველესიანის, კ. სანაძის, რ. გრიგორიანის, ვ. კროტკოვის, კიბრიკის, ა.სუდინას, ფოგელის, მუსაევის და სხვათა ნამუშევრები. მუზეუმშია მოსე თოიძის მემორიალური ავეჯი, ეთნოგრაფიული მასალა, ფაიფურის ნაკეთობანი და სხვა.

მუზეუმში დაცულია ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ისტორიის ამსახველი მდიდარი საარქივო მასალა -1890 წლებიდან თანამედროვე პუბლიკაციების ჩათვლით; მოსე თოიძის პირადი წერილები, მოგონებები, პუბლიკაციები, აკადემიაში მოღვაწე მხატვრების, მოსე თოიძის სახალხო სტუდიის მოწაფეების , მწერლების, თეატრისა და კინოს მოღვაწეების პორტრეტები და ფოტოები, მათი წერილები და მოგონებები მოსე თოიძეზე, მოსეს დედის ნათესავებზე ბაადურ თურქესტანიშვილზე(ვახტანგ მე-6 ის მრჩეველი) და ბარბარე თურქესტანიშვილზე( იმპერატრიცა მარიას ფროელინა), ნაბახტევის და სხვა ექსპედიციების უნიკალური ფოტოები, მოსე თოიძის მდიდარი ბიბლიოთეკა.

მუზეუმში მიმდინარეობს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები და ექსპონატების შენახვის, მოვლისა და დაცვა-აღრიცხვის სისტემატური ღონისძიებები. მუზეუმში ტარდება შემოქმედებითი საღამოები, სამეცნიერო სემინარები, სხვადასხვა შეხვედრები და ექსკურსიები.

წყარო: http://museum.ge


ვერცხლისწყლის ჭურჭელი ვახტანგ ჯობაძის არქეოლოგიური კვლევის მასალებიდან

$
0
0

ვერცხლისწყლის ჭურჭელი კვირის დოკუმენტის ფარგლებში ამჯერად ვაქვეყნებთ არქეოლოგიურ მასალას – ვერცხლისწყლის სატარებელი სფერო-კონუსს, აღმოჩენილს ისტორიკოსისა და არქეოლოგის, ემიგრანტ ვახტანგ ჯობაძის მიერ 60-იან წლებში ანტიოქიის დასავლეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას. ამ გათხრებისას მეცნიერულად დაფიქსირდა თურქეთის “ქართული ანტიოქია”.

არქეოლოგიური მასალა დაცულია ეროვნულ არქივში, ფონდში „ვახტანგ ჯობაძის არქეოლოგიური კვლევა-ძიების მასალები“.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

$
0
0

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი თბილისიდან 85 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ეს არის უნიკალური ადგილი საოცარი აღმოჩენებით, რომლებიც ცვლის კაცობრიობის ისტორიას და ჩვენს შეხედულებას ადამიანის ევოლუციის შესახებ. დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი დმანისში აღმოჩენილი ჰომინიდებისა და ცხოველთა განამარხებული ნაშთები და ქვის იარაღები დაახლოებით 1.8 მილიონი წლით თარიღდება. მსოფლიოს არც ერთ ძეგლზე ჰომინიდების ამდენი ნაშთი ერთ შრეში არ აღმოჩენილა. დმანისის ძეგლის კვლევების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება გამოიწვია და სრულიად შეცვალა მანამდე დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან ევრაზიაში განსახლების შესახებ.

შუა საუკუნეების ქალაქის ნანგრევებსა და არქეოლოგიურ ველთან ერთად დამთვალიერებლებს შეუძლიათ გიდის თანხლებით ესტუმრონ შუა საუკუნეების შესანიშნავ ციხესიმაგრესა და IX-XIII საუკუნეების ეკლესიას.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

დმანისის მუზეუმში დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა დააკვირდეს მეცნიერთა არქეოლოგიურ სამუშაოებსაც, გახდეს ახალი აღმოჩენების თანამონაწილე და მიიღოს უახლესი ინფორმაცია მეცნიერული აღმოჩენის შესახებ.

2009 წლის ოქტომბერში დმანისში გაიხსნა საველე-არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს უშუალოდ მიადევნოს თვალი არქეოლოგების მუშაობის პროცესს.

დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი

წყარო: www.museum.ge

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი

$
0
0

ეროვნული მუზეუმი შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი ელენე ახვლედიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა 1976 წლის 18 აპრილს.

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი

სახლ-მუზეუმი ქართული დედაბოძითა და რიკულებიანი ანტრესოლებით წარმოადგენს ტიპიურად ქართულ ინტერიერს, სადაც წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, კოსტუმები, წიგნის ილუსტრაცია, სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები ნაჩუქობა, ფოტო მასალა, პირადი არქივი, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.

სახლ-მუზეუმში დაცულია სამი ათასზე მეტი ექსპონატი. ელენე ახვლედიანის სახლი, მისი სახელოსნო, ყოველთვის იყო გამოჩენილი შემოქმედთა თავშეყრისა და შემოქმედებითი ურთიერთობების ადგილი. აქ ეწყობოდა თემატური და პერსონალური გამოფენები, საღამოები და მუსიკოსთა, მსახიობთა, პოეტთა და მხატვართა მონაწილეობით. სახლ-მუზეუმში კვლავაც სეფევს ის განუმეორებელი ატმოსფერო, რომელშიც მხატვარი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. გრძელდება ყველა ის მდიდარი და ლამაზი ტრადიცია, რომელიც თვით მხატვარმა დაამკვიდრა თავის სახლში, სახლი რომელიც ისევე როგორც მთელი თავისი შემოქმედება ხალხს დაუტოვა.

წყარო: http://museum.ge

იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

$
0
0

იყალთო იყალთოს მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა.

პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან საინფორმაციო ცენტრების, სუვენირების მაღაზიის, სველი წერტილების, ობიექტებამდე მისასვლელი გზისა და ავტოსადგომების მოწყობას ითვალისწინებს. პარალელურად, სარებილიტაციო სამუშაოები, ძველი და ახალი შუამთის მონასტრებთანაც მიმდინარეობს და მათი საერთო ღირებულება 2 182 000 ლარია.

პროექტის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში წვლილის შეტანაა.
სამუშაოებზე 60-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა. სამუშაოები 2015 წელს დაიწყო მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია თელავის მუნიციპალიტეტში

$
0
0

თელავის რაიონის სოფელ იყალთოში ქვევრის სკოლა-სახელოსნო გაიხსნა, რომლის მიზანი ქვევრის ტრადიციების აღდგენა, ასევე, სოფელ იყალთოს ტურისტული, თელავის მუნიციპალიტეტში იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია გაიხსნა რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებაა.

გახსნის ცერემონიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ სკოლა-სახელოსნოს აშენება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა. მეუფემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დასძინა, რომ სკოლა-სახელოსნოს ფუნქციონირება რამდენიმე წლის შემდეგ რეალურ, პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტკაფეს.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე შათირიშვილის განცხადებით, ქვევრის სკოლა-სახელოსნოში ნებისმიერ მსურველს შეეძლება უკეთ გაეცნოს ქართულ ტრადიციებს, შეისწავლოს ქვევრის დამზადების ხელობა და ქვევრის ღვინის დაყენების კულტურა.

ქვევრის სკოლა-სახელოსნო ღვინის კვირეულთან დაკავშირებით გაიხსნა. შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო გამოფენა, სამონასტრო ღვინოების დაჯილდოვება და სხვა ღონისძიებები გაიმართა.

Viewing all 245 articles
Browse latest View live