Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 245 articles
Browse latest View live

მოდიოდა ნინო მთებით

$
0
0

წმიდა ნინო ლურჯ მწვერვალებს
ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა…
და, როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…

მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი…

თოვლის მთებით ჰკვირდებოდა უცხო მგზავრი, –
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა: რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა: საქართველო არის ესე…

მიეძინა… ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო; ო,
ეს ვინ არი, გამოცხადდა მგზავრის წინა?
“ნუ გეშინინ!”- ეუბნება იესო…

გაეღვიძა… წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…

1945.
ანა კალანდაძე


ქრისტიანული პოეზიის VI ფესტივალი “წმინდა ნინოს ჯვარი”

$
0
0

ქრისტიანული პოეზიის VI ფესტივალში “წმინდა ნინოს ჯვარი” მონაწილეობისთვის ავტორებმა ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი უნდა გააგზავნონ, ქრისტიანული პოეზიის VI ფესტივალი ამა წლის 15 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე:
festivali 2011@yahoo.com
festivali2011@mail.ru
ლექსს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი.

ფესტივალის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:
მთავარი პრიზი – წმინდა ნინოს ჯვარი,
პრიზი – წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი,
პრიზი – წმინდა ნინოს ჯვრის მედალი.

საბავშვო ლექსების ავტორების წახალისების მიზნით, წელს, ცალკე შეფასდება ქრისტიანულ თემატიკაზე გამოგზავნილი საბავშვო ლექსები და ასეთი ავტორებისთვის ცალკე გაიცემა პრიზები.

საფესტივალოდ წარმოდგენილი ლექსები დაიბეჭდება კრებულად.

ფესტივალი ჩატარდება 2016 წლის 1 ივნისს.

საკონტაქტო ტელეფონი: 555 46 44 29

ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი

ჩვენს ეზოში წვიმა მოდის –გურამ დოჩანაშვილი

$
0
0

…და შავ ტანსაცმლიანი მამაკაცი

ძალიან ცხელოდა. გავარვარებულ ასფალტს ბუღი ასდიოდა. ისეთი სიცხე-პაპანაქება იდგა, გარეთ არ გამოისვლებოდა. ყველას ეგონა, ნაშუადღევს აგრილდებაო, მაგრამ შეცდნენ – მზე ისევ იკბინებოდა. გურამ დოჩანაშვილი ეზოში არავინ გამოსულა, კვირა დღე იყო და ყველანი შინ იყვნენ ჩაკეტილნი. სიცხით გაბრუებულნი დროდადრო ამოიოხრებდნენ ხოლმე და სველი ცხვირსახოცებით ოფლს იწმენდდნენ. ჰაერი მძიმე, დახუთული იყო. სუნთქვა გაჭირდა.
რკინის ხვეულ კიბეზე მსუქანი კაცი ჩამოვიდა, ონკანზე რეზინის მილი მიამაგრა და ეზოს მორწყვას შეუდგა. შესამჩნევად აგრილდა. ფანჯარას ჯერ ერთი კაცი მოადგა, მერე მეორე.
შენ გიშველა ღმერთმა, სარდიონ.
რა კარგად მოიფიქრე, კაცო!
სარდიონს ესიამოვნა და სიამაყეც კი დაეტყო. – ასეა, ასეაო, – სთქვა.
– მოფიქრება არ უნდოდა? – გაიკვირვა დიდულვაშიანმა კაცმა, – მთელი დღე რაღაც მაწუხებდა და ვერ მივხვდი, რა იყო.
– თქვენ ნუ იცით ყველაფრის გაბუქება, – შენიშნა მაისურიანმა მამაკაცმა მეორე სართულიდან. – რა მოხდა? კაცმა ეზო მორწყა, რა დიდი ამბავია, არ ვიცი?
– რას ამბობ, ანდრიკო, – ფანჯრის რაფაზე წითელლოყება ქალი გადმოიხარა, – კაცი პატივს გცემს, უნდა დააფასო.
– ჰო, ჩემი გულისთვის შეწუხდა სწორედ, როგორ არა! – ჩაიცინა ანდრიკომ. – კაცს დაცხა და ეზო მორწყა, რა მოხდა?
– მერე, ადამიანმა რომ თავის თავსაც ასიამოვნოს და შენც, რა მოხდაო უნდა სთქვა?
– არ ვიცი სწორედ! – დაემოწმა ულვაშა.
– საკვირველია, ანდრიკო, შენი საქმე.
– რას ერჩოდა, ნეტავი, ამ კაცს?
– მიდი, სარდიონ, მიდი, გენაცვალე, ყველას კი ნუ დაუგდებ ყურს, – ურჩია ვიღაცამ.

ანდრიკოს გული მოუვიდა და ოთახში შებრუნდა. იქვე, აივნის კართან შაჩერდა – იქნება ჩემზე რამე სთქვანო.
მოწინააღმდეგის გაქცევამ სარდიონი გაახარა; წელში გაიმართა. რეზინის მილი ისე ამაყად ეჭირა, რომ წყლის ჭავლი საგულდაგულოდ გალესილ დანას დაემსგავსა. ნელა, ნაზად ამოძრავებდა ხელს, თითქოს საყვარელი ქალის სახელს ჩხაპნიდა სილაზე.
მეზობლები სიგრილეს გრძნობდნენ, ალერსიანად დასცქეროდნენ სარდიონს.
– სხვა რომ არაფერი, – სთქვა მიხეილმა, – ფიზკულტურაცაა ეზოს მორწყვა.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა ულვაშა და მაშინვე დაეჭვდა. – სადაური ფიზკულტურააო .
– აბა, ვლასოვი ნაღდად მეხანძრე იქნებოდა, – გაისმა აივანზე შეუმჩნევლად გამოსული ანდრიკოს ხმა,- ჩვენი კარტოზიაც.
სარდიონმა ონკანი დაკეტა და ზევით აიხედა.
– რა გინდა, ჰა! აღარ მომეშვები, ბიძია?
„ბიძია“ ისე იყო ნათქვამი, უცენზურო სიტყვას უდრიდა. ანდრიკო პასუხის გასაცემად მოემზადა და დაფიქრდა. აშკარად ეტყობოდა, უწმაწური პასუხის თქმას აპირებდა. ლოყებღაჟღაჟა ქალმა,ელიკომ გადასწყვიტა ყურები დაეცო, მაგრამ უეცრად „ოჰო, ვინ ჩამოსულაო“, მოესმა და ჭიშკრისაკენ გაიხედა. ეზოში ტანმორჩილი, გამხდარი იდგა. იმ გაგანია სიცხეში შავი კოსტუმი ეცვა. კისერზე გაბზეკილი პეპელა-ჰალსტუხი ეკეთა, ხელში ორი დიდი ჩემოდანი ეჭირა. ეზო შრებოდა, მზე აცხუნებდა, ასფალტს ორთქლი ასდიოდა და გამხდარი მამაკაცი თითქოს ნისლში იდგა. მეზობლებს პატარა, სევდიანი თვალები მოავლო, თავი მდაბლად დაუკრა და უთხრა: „გამარჯობათ, ხალხო“!
– ოჰ! – გაიკრიჭა ანდრიკო. – „ფოკუსნიკს“ გაუმარჯოს როგორ მოიარე რუსეთი, კარო?
– დიდი მადლობა, კარგად.
– რამდენი ხანია, აქ აღარ ყოფილხარ, შენი ბოქლომი დაჟანგდებოდა,
– არა უშავს, ნაღვლიანად გაიღიმა კარომ, -თქვენი ნებართვით როგორმე გავაღებ.
მისი ოთახის კარზე, თითქმის ყოველთვის, პატარა ბოქლომი ეკიდა; კარო მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიოდა თბილისში.სხვა დროს გასტროლებზე დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში.მეზობლები დიდად არ აფასებდანენ. „გამარჯობის“ მეტს არაფერს ეუბნებოდნენ ხოლმე. ხანდახან მაინც აუცილებელი იყო კაროსთან გამოლაპარაკება და ყველა ეჭვით ისმენდა მის მაღალფარდოვან სიტყვებს. ერთადერთი, ვინც ხშირად ელაპარაკებოდა, ანდრიკო იყო, მაგრამ კაროს არ უყვარდა ეს კაცი. არავინ იცოდა კაროს ასავალ-დასავალი, ნამდვილი სახელიც კი არ იცოდნენ მისი. „კარო“ ამ პატარა კაცის ფსევდონიმი იყო. ეს გამხდარი მამაკაცი ჩვეულებრივად იქცეოდა, მაგრამ ყველა მაინც ეჭვის თვალით შესცქეროდა – კარო ილუზიონისტი იყო.
სარდიონმა კაროს ახედ-დახედა, რეზინის მილი დაახვია და შინ აიტანა. ანდრიკო მეორე სართულიდან დამცინავად დასცქეროდა კაროს, ის კი ეზოში იდგა, ხელში უზარმაზარი ჩემოდნები ეჭირა და ამაოდ უცდიდა, როდის გასცემდმემ ხმას. თვითონაც არ იცოდა, რუსეთის ქალაქებში ყოფნისას რატომ ენატრებოდა ხოლმე მეზობლები – ხალხი, ვის გვერდითაც წელიწადში სამიოდე თვე თუ ცხოვრობდა.
ხმას არავინ იღებდა და კარომ მისდაუნებურად რამდენიმე ზედმეტი მოძრაობა გააკეთა: ერთი ჩემოდანი სველ ასფალტზე დადგა, ხელი გულის ჯიბეში ჩაიყო, მერე ისევ ჩემოდანს დასწვდა და თავის ოთახისაკენ გასწია.

ჩვენი ეზო

ბუხუტი სანიკიძე მეორე სართულზე ცხოვრობდა. სამსახურიდან შვიდის ნახევარზე ბრუნდებოდა, საშინაო ტანსაცმელს იცვამდა, ხელებს იბანდა და სადილობდა. მერე მეორე ოთახში გადიოდა, ტახტზე წამოწვებოდა და კედელზე ჩამოკიდებულ დიდ საათს შეხედავდა. ამ დროს ყოველთვის რვის ათი წუთი იყო ხოლმე.
ბუხუტის ფიქრი უყვარდა. ნასადილევს დაძინება არ შეეძლო, რადგან ათას რამეზე ფიქრობდა. ტახტზე გულაღმა წამოწვებოდა და ძალაუნებურად განსჯა – მოსაზრებებში იძირებოდა. „ნეტავი ვინ უფრო მიყვარს, ჩემი სიძე საშა, თუ ჩემი რძალი ნაზიკო?“ ეს მეტად ძნელი გადასაწყვეტი იყო, რადგან ბუხუტის ძალიან უყვარდა სიძეც და რძალიც. პასუხის გასაცემად აუცილებელი. ბუხუტი ჯერ წარმოიდგენდა, თითქოს საშამ ხელი მოიტეხა. სიძის შეწუხებულ სახეს რომ წარმოადგენდა, გული ეტკინებოდა. მერე იმავე მდგომარეობაში ნაზიკოს წარმოიდგენდა, ისევ ეტკინებოდა გული. არაფერი გამოდიოდა – ორივე ძალიან უყვარდა ბუხუტის. მაგრამ მან იცოდა, ცხოვრებაში ზუსტად ერთნაირი რომ არაფერი იყო და ისევ ფიქრობდა, მაინც რომელი უფრო მიყვარსო?
ბუხუტი გარინდებული იწვა და ათას რამეზე ფიქრობდა. მერე სიამაყით იხსენებდა, სამსახურში ძალიან ჭკვიანი კაცის სახელი რომ ჰქონდა გავარდნილი, მაგრამ ამ დროს სინდისის ქენჯნასაც განიცდიდა: იმათ რა იციან, ასეთ რამეებზე რომ ვფიქრობო.
მიხეილსაც ჭკვიან კაცად იცნობდა ხალხი. თავი ამაყად ეჭირა, თავშეკავებული კაცი იყო. რჩევა-დარიგების მიცემა უყვარდა, რაიმე კამათის დროს თანამოსაუბრეებს ჯერ ყურადღებით და თავის აზრს ყოველთვის ბოლოს გამოთქვამდა ხოლმე. ყველა აფასებდა მიხეილს. ელიკო ხომ აღმერთებდა – ქალების ჭკუა რა ვთქვი, თორემ ასეთი ადამიანი უცოლშვილო უნდა იყოსო? ამას ელიკო ისე ხშირად იმეორებდა, რომ ერთხელ თავშეკავებული სარდიონიც კი მოთმინებიდან გამოიყვანა – ,,ქალებისაგან რა გინდა, შე ქალო, იქნებ მიხეილს არ უნდოდა ცოლი?“ ამაზე ელიკომ უპასუხა, არა, სარდიონ, გინდაც არ სდომებოდა, იმ ქალების ადგილზე მაინც არ მოვუსვენებდიო.
ელიკო გაჭირვების დროს ყოველთვის მიხეილს მიაშურებდა ხოლმე. ერთხელ მასთან ძალიან აღელვებული მივიდა თვალცრემლიანმა სთხოვა, შენი ჭირიმე, მიხეილ, ჩემი ბიჭი დაარიგე, ვიღაცა გოგო და ეგ თურმე ერთმანეთს გადაჰკიდებიანო. მიხეილმა დინჯად მოუკიდა პაპიროსს , თავი გაიქნია და შეწუხებულ ქალს თვალი თვალში გაუყარა. მერე ჰკითხა, დღეს რა დღეაო. შაბათიაო, უპასუხა ელიკომ. მიხეილი დაფიქრდა, გუნებაში რაღაცა აწონ-დაწონა და, კარგი,სამშაბათს ყველაფერი რიგზე იქნებაო, უთხრა.ელიკოს გული მოუბრუნდა. იმავე საღამოს მიხეილი ეზოშშში იჯდა. ჭადართან ერ თი მერხი იდგა, იქ უყყვარდა მიხეილს ჯდომა, კარგახნის შეღამებული იყო, ჭიშკარი რომ გაიღო და ელიკოს ვაჟი შემოვიდა.
– ბიძიკო, მოდიაქ!
ბიჭი მორცხვად მიუახლოვდა.
– ჩამიჯექი აქ. რამდენი წლისა ხარ?
– ჩვიდმეტის.
– ეჰ! – ამოიოხრა მიხეილმა.
ერთ ხანს ჩუმად ისხდნენ, ბიჭი ცოტა გაკვირვებული იყო, მაგრამ არ იმჩნევდა.
– მე ახლა შენ რომ დაგარიგო,-დაარღვია სიჩუმე მიხეილმა, – როგორ გგონია, კარგი მენდომება შენთვის თუ ცუდი?
– კარგი.
– აბა, ყური დამიგდე, ორიოდე სიტყვა უნდა გითხრა: ახლა უკვე ჭკუა გმართებს. დღეიდან მარტო კი აღარა ხარ, ორნი ხართ, ორნი, – თვალთან ორი თითი მიუტანა მიხეილმა. ბიჭს შერცხვა და თავი ჩაღუნა. – ახლა ძალიან უნდა ერიდო უსიამოვნო შემთხვევებს, – განაგრძო მიხეილმა, – ქუჩაში ერთად რომ მოდიოდეთ და მთვრალი შეგხვდეთ, გვერდი უნდა აუქციო; თუ ამას ვერ შეძლებ, რასაც გეტყვის, ყველაფერზე დაეთანხმე. რომ გითხრას, მუხას მსხალი აბიაო, აბიათქო, უთხარი, რა გენაღვლება? ხომ სწორი ვარ? დიახ, ძია მიხეილ.
– და საერთოდ… – მიხეილმა კარგახანს უყურა,
– გესმის ჩემი?
– კი.
-მე რომ ახლა დაგარიგე, როგორ გგონია, კარგი მინდოდა შენთვის, თუ ცუდი
-კარგი.
-აბა, შენ იცი. უფროსებს დაუჯერე და კაცი გამოხვალ.

მაგრამ მიხეილი ყველასთან როდი იყო ასეთი ალერსიანი. დიტოს, მაგალითად, სულ სხვანაირად ელაპარაკებოდა. დიტო ოცდათხუტმეტი წლის კაცი იყო. სკმაოდ უზრდელი, ბრიყვი და ზარმაცი ადამიანი გახლდათ. დიტოს კაცად არავინ აგდებდა. ერთადერთი, ვისთანაც მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, მიხეილი იყო. მიხეილს ძალიან უყვარდა მერხზე ჯდომა, დიტოც ყოველთვის გვერდით მოუსკუპდებოდა ხოლმე. იცოდა, დაფასებული კაცი რომ იყო და ეტმასნებოდა.
ანდრიკოსი არ იყოს, მეზობლებს გულზე აეც დიტო ეხატებოდათ. მას ყველაზე მეტად სარდიონი ვერ იტანდა. სარდიონი ოჯახის ერთგული, შრომისმოყვარე კაცი იყო. სამსახურიდან შინისე არ დაბრუნდებოდა, იღლიაში ამოჩრილი დიდი საზამთრო არ მოეტანა. ამ დღის შემდეგ, როდესაც ჩვენ პირველად მოვავლეთ ეზოს თვალი, გახურებულ ასფლტს აღარ რწყავდა – ვის უნდა ვემსახურო, ანდრიკოს თუ დიტოსო? სხვებიც აღარ რწყავდნენ ეზოს; რატომღაც ყველას ეგონა, სარდიონს ეწყინებაო. ისევ საშინელი სიცხეები იდგა. ყველას სული ეხუთებოდა, ასფალტს ბუღი ასდიოდა. არაქათგამოცლილნი ბრუნდებოდნენ სამსახურიდან, საღამოს გამოდიოდნენ გრეთ (ბუხუტი ოთახში რჩებოდა და ფიქრობდა), ზოგს სკამი გამოჰქონდა ეზოში, ზოგი მერხზე ჯდებოდა და ლაპარაკობდანენ, ანდა ჩუმად ისხდნენ. ცას უყურებდნენ და მსჯელობდნენ, გაწვიმდებოდა თუ არა.
კარო ფანჯრიდან შესცქეროდა მეზობლებს, კამათში ჩარევა უნდოდა, მაგრამ თავს იკავებდა. იცოდა, ყველა ეჭვით რომ შეათვალიერებდა, მის დანახვაზე ზოგიერთი აიმრიზებოდა კიდეც. კაროს ძალიან უნდოდა მერხზე დამჯდარიყო და ყველასათვის ეამბნა, რა ლამაზი ქალაქია ლვოვი, მაგრამ თავმოყვარეობა ამის უფლებას არ აძლევდა და მოწყენილი კარო იხსენებდა ხოლმე, რომ „ლვოვში პატარა, კოხტა სახლებია: ორ-სამსართულიანი სახლები სჭარბობს. ტრამვაიც პატარაა და ვიწრო ლიანდაგზე დადის. ლვოვში დიდი თოვლი იცის. ქალაქის დიდ პარკში ტევა არ არის, ხალხი ციგურებით დასრიალებს, გორაკებიდან ციგით ეშვებიან. იქ თოვლი ისეთი ჩვეულებრივი ამბავია, რომ გუნდასაც კი იშვიათად ესვრიან ერთმანეთს. ლვოვში სუფთაა ქუჩებია. დნეპროპეტროვსკიც კარგი ქალაქია. როსტოვისა არ იყოს, ისიც ფერდობზეა გაშენებული…“
კაროს ეზოში ერთადერთი მეგობარი ჰყავდა – ნინიკო, ოთხი წლის გოგონა. კაროს ძალიან მოსწონდა ეს ბავშვი. ნინიკოს ქერა თმა და დიდი, ლურჯი თვალები ჰქონდა. მათი დამეგობრება ასე მოხდა: ერთხელ კარომ ეზოში დაინახა ნინიკო, დაბლა ჩამოვიდა, ხელი გაიქნია და მის თითებში ქაღალდის ყვავილი გაჩნდა. გოგონამ გაკვირვებით შეხედა კაროს და ხელი გაუშვირა. მერე ყვავილი შეათვალიერა და მადლობა გადაუხადა. გოგონას ბოხი, სასაცილო ხმა ჰქონდა. კარომ გაიღიმა და გამოლაპარაკება გადასწყვიტა:
– რა გქვია?
– ნინიკო,- ჩაიდუდუნა გოგონამ.
– ვისი გოგო ხარ?
– დედიკოსი.
– მე კარო მქვია.
იმ დღის შემდეგ კაროს ყოველთვის გამზადებული ჰქონდა ქაღალდის ყვავილი. ფაინახავდა თუ არა გოგონას, ხელს გაიქნევდა, ყვავილს გაუწვდიდა და პატარაც ბოხი ხმით მადლობას უხდიდა.
კარო და ნინიკოს დედა არც ესალმებოდნენ ერთმანეთს – მარიამი ძალიან გულჩათხრობილი გახდა მას შემდეგ, რაც ქმარი გარდაეცვალა. მანამდე მხიარული, ხალისიანი ქალი იყო, მაგრამ ამ მოულოდნელი უბედურების შემდეგ სულ განმარტოვდა.
ქალს მხოლოდ პატარა ნინიკო დარჩა ნუგეშად, ქერათმიანი, ლურჯთვალება ბავშვი.

კაუჩუკის ხე
ერთხელ კარომ სტუმარი მოიყვანა. საღამოვდებოდა, მიხეილი და დიტო მერხზე ისხდნენ. ანდრიკო აივანზე იჯდა და გაზეთს კითხულობდა, მარიამი ეზოში სარეცხს ჰფენდა.
მხრებგანიერ, მოქნილ ქალს ყველამ ინტერესით შეხედა. კაროს სტუმარს სევდიანი და მაინც ოდნავ თავხედური გამომეტყველება ჰქონდა. ამ ქალმა მეზობლების დაჟინებული მზერის მიუხედავად, ძალიან თავისუფლად აიარა ხვეული კიბე და სანამ კარო ბოქლომს აწვალებდა, რაღაც გვესლიანად ჩაილაპარაკა მეზობლებზე. მასპინძელს სახეზე არაფერი დასტყობია, პასუხისაგან თავი შეიკავა, კარი გააღო და ქალი თავაზიანად შეიპატიჟა. მეზობლები დაფიქრდნენ, მერე ერთმანეთს გადახედეს, ცდილობდნენ გამოეცნოთ, რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ კაროს და იმ ქალს.
კარომ ყავა აადუღა და ფინჯნებში დაასხა. ქალმა ოდნავ მოსვა და ტუჩი ენის წვერით აილოკა.
-მოგწონს, როზეტა?
-რა უშაცს. შენ უშაქროდ სვამ?
-კი.
ეს იყო და ეს. მერე კარგა ხანს ხმა არ ამოუღიათ. კარომ საყვარელა ფირფიტა მოძებნა და ყველამ გაიგონა „არაბული ტანგოს“ ნაღვლიანი მელოდია. კარო ქალთან მივიდა, შეხედა და წელზე ხელი მოხვია. ნელა, მძიმედ ცეკვავდნენ. ქალი ოდნავ მაღალი იყო, მაგრამ კაროს ისე ღირსეულად ეჭირა თავი, რომ მისი სიდაბლე არც იგრძნობოდა.
-რას აკეთებენ ნეტავ? – იკითხა მიხეილმა. დიტომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გადაიფიწრა, თავში ეშმაკური აზრი მოუვიდა და მიხეილს გაუღიმა.
-რავა წიწილაჭამია ლეკვივით იკრიჭები, ბიჭო.
დიტომ ისე უცბად მოიწყინა, რომ მიხეილს მაშინვე გული მოულბა, – ჰო, სთქვი, სთქვი!
დიტომ მიმოიხედა და ტუჩები ყურთან მიუტანა.
– ვითომ?- ჩაილაპარაკა მიხეილმა, ყური გამოიწმინდა და კაროს ფანჯარას ახედა.
ანდრიკო ოთახში შებრუნდა და უფროს შვილს – ათიოდე წლის ვიჭუნას – უთხრა, კაროსთან მიდი, მამამ მანეთი მასესხეო, ასე უთხარი.
მარიამი ეზოში სარეცხს ჰფენდა, ძალაუნებურად ყურს უგდებდა ტანგოს. მერხზე ჩამოჯდა, მაგრამ ეზოში მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა.
-კიდევ ვიცეკვოთ? – ჰკითხა ქალს კარომ.
-ვიცეკვოთ.
მარიამი წამოდგა, ვარდისფერი პირსახოცი დაბერტყა და თოკზე გადაჰკიდა.
კაროს ძალიან გაუკვირდა, კარზე რომ მიუკაკუნეს.
– მამამ მანეთი მასესხეთო.
– კი, ბიჭიკო, – ჯიბეში ხელი ჩაიყო კარომ და საფულე ამოიღო, – იქნებ მეტი გჭირდებათ, ჰა?
– რა ვიცი, მანეთი მასესხეთო.
-გესმის, ალაპარაკდნენ, – აცმუკდა დიტო.
ბიჭი ისე გავიდა ოთახიდან, კარი არ მიუხურავს. კარომ ხელი მსუბუქად ჰკრა სახელურს და სანამ ჯახუნი გაისმოდა, ქალს მიუბრუნდა:
– ვიცეკვოთ, როზეტა?
– ვიცეკვოთ, კარო.
– რას აკეთებდნენ, ბიჭო? – ანდრიკომ ჩაიმუხლა და შვილს თვალი თვალში გაუყარა.
– არაფერს. აი, მანეთი.
-იჰ…
– რამ აგაცუნდრუკა, კაცო? – დაინტერესდა მიხეილი.
– კიდევ უკრავენ.
– მერე შენ რა?
– მე? არაფერი.
– ჰოდა, იჯექი ჩუმად და ნუ იკრიჭები.
კარო და მისი სტუმარი ნელა, მძიმედ ცეკვავდნენ, კარომ ქალს მხარზე ჩამოადო თავი. იგი ცეკვავდა, ფიქრობდა და თვალწინ ედგა შაბლონური, მაგრამ მაინც სასიამოვნო სურათი – ზღვის ნაპირი, ზღვა, კლდე, ტალღები და ძალიან შორს, ცის კიდურზე, თეთრი იალქანი.
ბუხუტი სანიკიძე ტახტზე იწვა და „არაბულ ტანგოს“ უსმენდა.
მარიამი ისევჩამოჯდა მერხზე. როცა სიმღერას ისმენდა, ეგონა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, უფრო მეტიც – მას ამ დროს სასწაულისა სჯეროდა. სიმღერის დამთავრების შემდეგ კი ძალიან წყდებოდა გული.
ანდრიკომ აღარ იცოდა, რა ექნა. ძალიან აღიზიანებდა „არაბული ტანგო“. მაგიდის უჯრა გამოაღო და ელექტროსამართებელი მოიმარჯვა. ძველი ელექტროსამართებელი ხრიგინებდა და ანდრიკოს სიმღერა აღარ ესმოდა.
ტანგო დამთავრდა და გულნატკენი მარიამი ისევ სარეცხს მიუბრუნდა: სველი პირსახოცი გაწურა, დაბერტყა და თოკზე გადაკიდებას აპირებდა, როცა კარო და მისი სტუმარი გამოჩნდნენ. მარიამმა ქალს შეხედა და ძალაუნებურად დააკვირდა. მოქნილი, თამამი ქალი იყო როზეტა. მიხეილს შეხედა და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, დიტოს შეხედა – გააწითლა კაცი.
ანდრიკოს ძალიან მოეწონა ქალის ტან-ფეხი, მისი სახის დანახვაც მოუნდა. აღარ იცოდა, რა ექნა. ბოლოს მოიფიქრა – ასანთის კოლოფი აიღო და ეზოში გადააგდო. კოლოფი ქალის დაბალქუსლიან ფეხსაცმელთან დაეცა. კარომ და მისმა სტუმარმა მაშინვე ზევით აიხედეს, მიხეილმა და დიტომაც აიხედეს ზევით.
– ბოდიში, ქალბატონო, – ანდრიკომ თავაზიანად დაუკრა თავი.
– არა უშავს, – უთხრა კარომ, – ხდება ხოლმე.
ქალი აიმრიზა, გაბრაზებულმა შეათვალიერა ანდრიკო და ჭიშკრისაკენ გაემართა. კაროც უკან მიჰყვა, მაგრამ მაშინვე შემოესმა ანდრიკოს თხოვნა – „თუ შეიძლება, ასანთი ამომიგდეთ.“ ვის ეუბნებით? – დაინტერესდა კარო.
– ჰა? – დაიბნა ანდრიკო, – თქვენ გეუბნებით, აბა, თქვენს მშვენიერ სტუმარს ხომ ვერ ვეტყოდი?
– რატომ არ მეტყოდით? – დაინტერესდა ქალი.ჯერ ერთი, უხერხული იქნებოდა,
– მორცხვად სთქვა ანდრიკომ, მერე ხმაში ისევ თავხედობა შეეპარა,
– მეორეც ის, რომ თქვენისთანა სუსტ არსებას ვერ შევაწუხებდი.
„ძლიერმა არსებამ“ – დიტომ ხმამაღლა გაიცინა. მიხეილმაც ჩაიცინა და ქალს ამაყად დააცქერდა. ქალი ძალიან გაბრაზდა და მიმოიხედა. უკან დაბრუნდა, ფეხები განზე გადგა, პატარა ჩანთა კაროს ხელში შეაჩეჩა, უკან გადაიზნიქა, თავი მიწას მიუახლოვა, გაშეშებული მეზობლების თვალწინ ასანთის კოლოფი პირით აიღო და კვლავ წელში გაიმართა, კოლოფი მარჯვენა ხელში მოიქცია, მარცხენათი ტუჩი მოიწმინდა, მერე ხელი მოიქნია და ასანთი აივანზე მარჯვედ შეაგდო, – ინებეთო. შემდეგ კაროს ხელი გამოსდო, ჭიშკართან ცოტა ხნით შეჩერდა, პირდაღებულ მეზობლებს თვალი მოავლო, გაუცინა და ანდრიკოს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა – ისედაც გაოგნებულ და დამარცხებულ კაცს აშკარად დასცინა.
ორიოდე წუთი გავიდა, ხმა არავის ამოუღია. გაკვირვებით შესცქეროდნენ ჭიშკარს, საიდანაც ქალი და კარო გავიდნენ.
სხვებზე ადრე მიხეილი გამოერკვა. სახე დამანჭა და სთქვა, მე რომ მაგისთანა ქალიშვილი მყავდეს, ყელს ფრჩხილით გამოვჭრიდიო.

ჩვენს ეზოში სასწაული ხდება

ისეთი საშინელი სიცხეები არავის ახსოვდა. ასფალტი დნებოდა, ფეხსაცმლის ანაბეჭდი მიწაზე გარკვევით ჩანდა. სიცხით გაბრუებული, არაქათგამოცლილი მეზობლები უაზროდ შესცქეროდნენ ერთმანეთს, უიმედოდ ათვალიერებდნენ ცას და ნაღვლიანად ჩაიქნსვდნენ ხელს – არა, არ გაწვიმდებაო.
საქმეს ეზოს მორწყვაც არ შველოდა – ორთქლს ღია ფანჯრებში ასფალტის ბუღი შეჰქონდა და ამაზეც ხელი ჩაიქნიეს. საერთოდ ყველაფერზე ჩაიქნიეს ხელი, მოიწყინეს, დანაღვლიანდნენ, მოეშვნენ. ერთხელ სამსახურიდან დაბრუნებულ სარდიონს საზამთრო კიბეზე დაუვარდა და გასკდა. მერე თითქოს შეეგუენ სიცხეს – რაჟდენმა სთქვა, ზაფხულში უნდა ცხელოდეს, აბა როგორ გინდათო. ეს მშვენიერი აღმოჩენა იყო, ამ აზრმა საუცხოოდ იმოქმედა მეზობლებზე, აუტანელი სიცხე მათთვის უცებ ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. არ მოულაპარაკებიათ, მაგრამ თითქოს დააკანონეს, რომ სიცხეზე კრინტი არავის დაეძრა. ძველებურად ესალმებოდნენ ერთმანეთს, ათას რამეს ჰყვებოდნენ, ხუმრობდნენ, იცინოდნენ, მაგრამ ხანდახან მაინც მოიწყენდნენ, ჩუმად ისხდნენ და ფიქრობდნენ ზაფხულის შხაპუნა, მხიარულ თავაწყვეტილ წვიმაზე. ფიქრიც კი ერთგვარ ღალატად ითვლებოდა, რადგან ყველა გრძნობდა, რაზე ფიქრობდა უეცრად მოწყენილი თანამოსაუბრე და ამიტომ, თავი რომ შეექციათ, გასართობ ამბებს იგონებდნენ.
მარიამს ბავშვი აგარაკზე ჰყავდა გაგზავნილი. კარომ რამდენჯერმე დააპირა გამოლაპარაკებოდა ქალს, ბავშვის ამბავი გამოეკითხა, მაგრამ თავს იკავებდა. ერთხელ მარიამმა მოზრდილი ყუთი – ბავშვისთვის გასაგზავნი ამანათი – ეზოში გამოიტანა და სარდიონს სთხოვა, დამიჭედეო. კარო მათთან მივიდა, ხელი გაიქნია და მარიამს ქაღალდის ყვავილი გაუწოდა, ესეც გაუგზავნეთ თქვენს პატარა ნინიკოს, იგი მიხვდება, ესოდენ მცირე საჩუქარს ვინც უგზავნისო.
გაკვირვებულმა მარიამმა ყვავილი ყუთში ჩადო და კაროს მადლობა გადაუხადა.
ამ შემთხვევამ დააინტერესა მეზობლები – მოდით, კაროს ვთხოვოთ, იქნებ თავის ნომრები გვაჩვენოსო.
ერთხელ, როცა კარო შინ ბრუნდებოდა, დიტო ფრთხილად მიუახლოვდა და უთხრა:-პატივცემულო, მეზობლები გთხოვენ, გვაჩვენო შენი ნომრები, ძალიან გთხოვთ…
კარო დათანხმდა:
– რომელ საათზე გნებავთ?
– დღეს შეიძლება?
– რა თქმა უნდა…
– აბა, შვიდ საათზე გვიჩვენე.
– შვიდზე იყოს, – სთქვა კარომ, – კეთილი და პატიოსანი.
საღამოს შვიდ საათამდე კარომ საგულდაგულოდ გაიუთოვა თეთრი პერანგი და ფრაკი, საყელოზე პეპელა-ჰალსტუხი მიიმაგრა, დანიშნულ დროზე გამოცხადდა ეზოში და მეზობლებს თავი მდაბლად დაუკრა.
მეზობლებს ეზოში სკამები ჩაეტანათ, ერთრიგად ისხდნენ და უნდობლად შესცქეროდნენ კაროს.
კარომ ყველანი შეათვალიერა, აშკარად ეტყობოდა, რომ ღელავდა, შემდეგ ჩვეულებრივი გაზეთი გაშალა, ყველას აჩვენა ორივე მხრიდან და მეზობლების ცხვირწინ ნაკუწ-ნაკუწად აქცია, ხელში მოჭმუჭნა, ბოლოს ხელი გაშალა და მეზობლების თვაწინ გაზეთის ნახევები აფრიალდა. არ გამოუვიდა კაროს ჩანაფიქრი.
მეზობლებმა ერთმანეთს გადახედეს, კარო წამოწითლდა, ერთ ხანს დაბნეული იდგა. მერე გამბედაობა მოიკრიფა და სთქვა:-არა ვარ შეჩვეული ეზოებში გამოსვლას…
დიტომ ჩაოფრუტუნა, ყველა დამცინავად შეაცქერდა კაროს. იგი ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. ოთახისაკენ გასწია, გზაში შემოტრიალდა და თავის გამართლებას შეეცადა – ჩემი სტიქია ესტრადაა.
მარიამს ძალიან შეეცოდა კარო, თვალი გააყოლა.
ბუხუტი სანიკიძე იმ საღამოს „გრაფიკიდან ამოვარდა“. ეზოდან რომ ამობრუნდა და ტახტზე წამოწვა, უკვე რვა საათი სრულდებოდა. იგი მხნედ გრძნობდა თავს და წარმოიდგინა, თითქოს წვიმა მოვიდა. ფანჯრის რაფაზე დაცემული წვეთების ხმაური მისმა სიძემ- საშამ გაიგონა. ნაზიკოსაც ძალიან გაეხარდა ეს ამბავი, ძლივს არ წამოწვიმაო? გრილი ჰაერით ტკბებოდნენ, გახარებულნი ისხდნენ ოთახში და წვიმის ხმაურს ყურს უგდებდნენ.
ვიღაცამ დააკაკუნა. კარო შეკრთა, თვალმოჭუტულმა გაიხედა კარისაკენ. ზღურბლზე მარიამი იდგა. კარო ფეხზე წამოდგა და სტუმარს შეეგება.
– დაბრძანდით.
– გმადლობთ, ერთი წუთით შემოვიარე, – უთხრა მარიამმა და სკამზე ჩამოჯდა. ცოტა ხანს ჩუმად ისხდნენ.
– გუშინწინ ჩემი ნინიკო ვინახულე.
– მართლა? – გაიღიმა კარომ, – ხომ კარგადაა?
– კარგად არის , გმადლობთ.
– წაღვერში ისვენებს, არა?
– დიახ.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. კარო ყოყმანობდა, გამოეტანა თუ არა სტუმრისათვის ორიოდე დღის წინათ ნაყიდი ლეღვის მურაბა, მაგრამ გადაიფიქრა, ვაითუ არ მოეწონოსო.
– ჩემს გოგონას ძალიან მოენატრეთ.
– მართლა? – გაეხარდა კაროს.
– სულ თქვენ გახსენებდათ ყვავილისათვის დიდი მადლობა დამაბარა.
– ეჰ, ის რა ყვავილია…
– რატომ, მე მომწონს.
– მართლა? – გაეხარდა კაროს, – ერთი წუთით მიტრიალდით, თუ შეიძლება.
მარიამმა ზურგი შეაქცია და სმენად გადაიქცა. უჯრის ხმაური შემოესმა.
– შეგიძლიათ მოტრიალდეთ.
მარიამი ყურადღებით შეაცქერდა კარომ ხელით სწრაფი მოძრაობა გააკეთა – ინებეთ!
ქაღალდის სიფრიფანა ყვავილი იყო. მარიამმა გაიღიმა.
– გინდათ სხვა ნომრებიც გიჩვენოთ?
– რა თქმა უნდა.
კარო ეშხში შევიდა. საწოლის ქვემოდან დიდი ყუთი გამოათრია, მერე ფრაკის სახელოები დაიკაპიწა, ყუთიდან ჩვეულებრივი გაზეთი ამოიღო. ორივე მხრიდან აჩვენა, შემდეგ მარიამის თვალწინ ნაკუწ-ნაკუწადაქცია,ხელში მოჭმუჭნა, მერე ხელი გაშალა და…მარიამის თვალწინ ისევ მთელი გაზეთი აფრიალდა.
გაოცებული მარიამი კაროს გამხდარ ხელებს დააკვირდა.
საოცარი იყო, კაროს ხელში არაფერი ეჭირა – მარიამთან მივიდა და ხელები დაანახვა. უცებ მის თითებში პაპიროსი გაჩნდა, კარომ პაპიროსი პირთან მიიტანა და გააბოლა! მერე კარომ პირდაპირ იატაკზე დააგდო პაპიროსი, ფეხიც დაადგა, ისევ სწრაფი მოძრაობა გააკეთა ხელით და… მის თითებში ახალი პაპიროსი გაჩნდა, არხეინად გააბოლა.
მარიამმა ლოყაზე ჩამოისვა ხელი.
ჯერ სად იყო… კარომ ქაღალდისაგან პარკი გააკეთა, მერე ჭიქიდან წყალი ჩაასხა, პარკი გადმოატრიალა და… იატაკზე ერთი წვეთიც კი არ დაცემულა. კარომ პარკი გახსნა,
მარიამს მშრალი ქაღალდი აჩვენა, ისევ გააკეთა პარკი, გადმოატრიალა და წყალი იატაკზე გადააქცია.
ნუთუ მართლა არსებობდა სასწაული?
როგორ არ არსებობდა – კარომ მარიამს ჩვეულებრივი ჯოხი აჩვენა, მაგიდაზე დააკაკუნა, დაიქნია და… ჯოხი ყვავილების თაიგულად გადაიქცა. თაიგული მოჭმუჭნა, მუჭში ჩამალა, მერე თითები ნელა გაშალა და… რის ყვავილები – მარიამს ჩვეულებრივი კვერცხი დაანახვა. მაგიდიდან ყუთი აიღო, თავი ახადა და გადმოატრიალა. ყუთში არაფერი იყო. კარომ ყუთი ისევ მაგიდაზე დადო, შიგ კვერცხი ჩადო და თავსახური დაახურა. მერე ყუთს შავი ნაჭერიც გადააფარა, მარიამს შეხედა, შავი ნაჭერი შორს მოისროლა, ყუთს თავი ახადა და… ჰოი, საკვირველებავ – ყუთიდან ყავისფერი მტრედი ამოფრინდა!
კარომ მარიამს შეხედა, გამოცვლილი ეჩვენა ქალი. დიდხანს უყურა მას და მიხვდა, რომ ქალი სადაც იყო, ატირდებოდა, მხრები აუცახცახდებოდა, თავს ხელებში ჩარგავდა და ნაწყვეტ – ნაწყვეტად იტყოდა: ,,კარო, კარო, ძვირფასო!..“
მარიამს თვალი მართლაც ცრემლით აევსო. კარო მიუახლოვდა ქალს და ხმადაბლაუთხრა – ,,მე დიდი ხანია, ოჯახზე ვოცნებობ“.
რამდენიმე დღის შემდეგ წვიმაც მოვიდა. გათენებისას წამოწვიმა – ჯერ რამდენიმე წვეთი დაეცა ეზოში, მერე სახურავზე ახტუნავებული წვეთების ჩუმი გუგუნი გაისმა და…
წვიმს, სასიამოვნო სიგრილეა, ახლად გამოღვიძებული მეზობლები ყურს უგდებენ წვიმას, გაუნძრევლად წვანან და ბურანში მყოფთ ძალიან უხარიათ, რომ წვიმა მოდის. სახურავზე მსხვილი წვეთები ეცემა, მილში წყალი მოჩხრიალებს. ეზოში პატარა გუბეები დადგა. გუბეში მოჩანს პატარა, ორსართულიანი სახლი და ცახცახებს. ფანჯრის რაფებზე გაუთავებელი რაკარუკია, მეზობლები კი ბურანში არიან, ყველას ეზარება ადგომა. ოთახი სავსეა წვიმის წვეთების ხმაურით დაყველას ასე ჰგონია, თუ საბნიდან ფეხს გამოჰყოფენ,მაშინვე დაუსველდებათ. წვანან ასე ბურანში და ყურს უგდებენ წვიმას – ჩვენს ეზოში ზაფხულის შხაპუნა, მხიარული, თავაწყვეტილი წვიმა მოდის.

1964 წ.

დავით IV-ის დღემდე სრულიად უცნობი და ერთადერთი მინიატურა

$
0
0

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გილოცავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს და წარმოგიდგენთ დავით IV-ის საზოგადოებისთვის დღემდე სრულიად უცნობ და ერთადერთ მინიატურას (ვახუშტი ბატონიშვილი, საქართველოს ისტორია, 1808 წელი).

დავით აღმაშენებელი

ეროვნულ არქივში მიმდინარეობს ხელნაწერთა ახალი აღწერილობების შემქნა. ამ პროექტის ფარგლებში ვახუშტი ბატონიშვილის ”საქართველოს ისტორიის” ახლებური აღწერისას, ტექსტში, იქ სადაც, დავით აღმაშენებლის ისტორია იწყება, საზედაო გრაფემა “დ”-ში ჩახატული აღმოჩნდა დავით აღმაშენებლის ეს მინიატურა.

კიტა აბაშიძე

$
0
0

კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე (დ. 16 იანვარი/28 იანვარი, 1870, სოფელი ლესა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 17 დეკემბერი/30 დეკემბერი, 1917, თბილისი) — კიტა აბაშიძე ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტიკური ლიდერი.

1889 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და გაემგზავრა პარიზში ლიტერატურისა და ენების შესასწავლად.

1895 წლიიდან მუშაობდა თბილისის კონტროლის პალატაში, შემდეგ მომრიგებელ მოსამართლედ ჯერ რაჭის მაზრაში, მერე ჭიათურაში. 1896 წლიდან კიტა აბაშიძე “ივერიის” თანამშრომელი ხდება ილია ჭავჭავაძის მიწვევით.

1898 წლიდან იწყება კიტა აბაშიძის, როგორც XIX საუკუნის ქართული ლიტერატურული კრიტიკოსის შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდი. ამ წელს “მოამბის” ფურცლებზე ზედიზედ იბეჭდება მისი “ეტიუდები ქართული ლიტერატურიდან”, ასევე კრიტიკული ეტიუდი ილია ჭავჭავაძის შემოქმედების შესახებ, უფრო მოგვიანებით კი 1900წ. – ეტიუდები ვახტანგ ორბელიანისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებაზე. ჩართული იყო ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის საქმიანობაში, პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: “ცნობის ფურცელში”, “სახალხო გაზეთსა” და “დროებაში”.

კიტა აბაშიძე სალიტერატურო სარბიელზე გამოდის 1893 წლიდან და იმდროინდელ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს XIX-XX საუკუნეების ქართული, რუსული და ევროპული ლიტერატურის საკითხებზე, თეატრალურ რეცენზიებს, თარგმანებს, პუბლიცისტურ სტატიებს და სხვა.

კ. აბაშიძის ლიტერატურული-კრიტიკული მოღვაწეობა ახალ, აღმავალ ეტაპს ქმნის ქართულ კრიტიკის აზროვნების ისტორიაში. აბაშიძის ფუნდამენტურმა ნაშრომმა “ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ” საფუძველი ჩაუყარა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის მეცნიერულ შესწავლას. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია: “დავით კლდიაშვილი”, “ილია ჭავჭავაძე და ლევ ტოლსტოი”, “ესთეტიკის და ლიტერატურის თეორიის საკითხები”.

მოსე ჯანაშვილი

$
0
0

მოსე ჯანაშვილი მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი (31 მარტი 1855, სოფელი კახი, საინგილო, აზერბაიჯანი — გ. 19 აპრილი 1934, თბილისი, საქართველო) — ქართველი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.

1898 წელს იყო საეკლესიო მუზეუმის გამგე; კრებული “ნაშრომის” რედაქტორი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; ავტორია მრავალი საენათმეცნიერო ნაშრომისა; საყურადღებოა მისი ნაშრომები ქართული ლიტერატურის ისტორიაში; განხილული აქვს ქართული ბიბლიისა და მისი გადმოთარგმნის, აგიოგრაფიის საკითხები; ავტორია გამოკვლევებისა ქართული საერო ლიტერატურის საკითხებზე; სწავლობდა ვეფხისტყაოსნის ავტორის ვინაობას და პოემის ორიგინალობის საკითხებს, პერსონაჟებს, დაწერის თარიღს; მუშაობდა ქართულ ფოლკლორისტიკაში; გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის “საქართველოს გეოგრაფია”; მისი გეოგრაფიული ნაშრომიდან აღსანიშნავია თბილისის, გორის, მცხეთისა და მისი მიდამოების, არაგვის ხეობის აღწერილობა; 1884 წელს გამოვიდა მისი “საქართველოს მოკლე ისტორია”; აღმოაჩინა “ქართლის ცხოვრების” ეგრეთ წოდებული ჯანაშვილისეული ნუსხა; ამ ნუსხის “ქართლის ცხოვრების” გაგრძელება გამოსცა “ახალი ქართლის ცხოვრების” სახელწოდებით; 1909 წელს გამოსცა ბასილი ზარზმელის “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”; არის ქართული ეთნოგრაფიის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

მანდაეთის მღვიმეში ახალი უნიკალური მიწისქვეშა დარბაზები გამოიკვლიეს

$
0
0

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის – ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 – განხორციელებისას, გამოვლინდა საინტერესო ადგილები, მათ შორის ზემო იმერეთის ტერიტორიაზეც.

მანდაეთის მღვიმე

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის ტერიტორიაზე, თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გია და გელა ციცვიძეებთან, მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, გიორგი მუმლაძესა და ავთო ციცვიძესთან, აგრეთვე ლადო მუმლაძესა და ადგილობრივ მაცხოვრებელ ბონდო მუმლაძესთან ერთად შეისწავლეს მანდაეთის კარსტული მღვიმე. ადგილობრივმა მოყვარულ სპელეოლოგთა ჯგუფმა, ეს მღვიმე რამდენიმეჯერ დალაშქრეს და ექსპდიიციის მოსაწყობად მიმართეს გიორგი დვალაშვილს. ექსპედიციის მსვლელობისას მოხდა მღვიმის დიდი ნაწილის შეფასება, მანდაეთის მღვიმეს მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლილი ჰქონდა აქამდე ცნობილი, რომელსაც ეწოდებოდა ზაქარიასკლდის შახტი. ამჯერად კი მანდაეთის მღვიმეს აქვს ჩასასვლელი და გამოსასვლელი.

მანდაეთის მღვიმე

კარსტულ მღვიმეში ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩვა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით, მიენიჭა ცნობილი სპელეოლოგის, ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენის, ზემო იმერეთის კარსტის მკვლევარის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი.
მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ შესაძლებელია ტურისტული ინფასტრქუტურის მოწყობა.
აუცილებელია კარსტული მღვიმე იქნეს დაცული.

მანდაეთის მღვიმე

მანდაეთის მღვიმე

მანდაეთის მღვიმე

გიგა დათუაშვილის გამოფენა ეროვნულ გალერეაში

$
0
0

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ გიგა დათუაშვილის გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ავტორის დაბადებიდან ორმოც წელს ეძღვნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ეკუთვნის 90-იანი წლების მიწურულს.

გიგა დათუაშვილის  გამოფენა

გრაფიკული სერიები; ტემპერის საღებავებით შესრულებული კომპოზიციები; აკვარელით, ფანქრით და კალმით შესრულებული პორტრეტული ჩანახატები.
2000 წელს, 24 წლის ასაკში გიგა დათუაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ავტორის ნამუშევრები და ხელნაწერები ინახება ოჯახის კერძო კოლექციაში.

გამოფენა 2016 წლის 28 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.


25 თებერვალი, 1921წ. –კოლაუ ნადირაძე

$
0
0

კოლაუ ნადირაძე
თოვდა და თბილის ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

გოდერძი ჩოხელი დედაზე

$
0
0

“სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, გოდერძი ჩოხელი თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში. წავა დედა და ჩამოიხსნება ფარდა შენსა და სიკვდილს შორის, რომელიც მგელივით წამოგვარდება, მოსვენებას დაგიკარგავს, სილაღეს ჩაგიკლავს და თან გეშინია, თან იმას ცდილობ, ახლა შენ აეფარო ბეჭებით შენს შვილებს, რომ დაიფარო ამ ამაზრზენი მზერისაგან. რაც ხანი მიდის, ძალღონეს გაცლის ეს დამთრგუნველი მზერა და ერთი წამითაც არა გცილდება, სულ თან დაგდევს და გულ-ღვიძლს გიწვავს ქვეშეცნეულად. შენ კი მაგრობ, მაგრამ თავისი მიაქვთ გარდასულ დღეებს, თანდათან მუხლებში ძალა გელევა, ახალგაზრდობის ოცნებები უფერულდება და გრძნობ, როგორ თანდათან იზრდება შენს არსებაში შიში, სიკვდილის მზერით თუ რაღაც გარდაუვალობის შეგრძნებით გაჯერებული შიში, რომელსაც არავის არ უმხელ და ვერც გაუმხელ, რადგან ერთადერთი ადამიანი, დედა, რომელსაც შეიძლება რომ გაუმხილო ეს შიში, წასულია ამ ქვეყნიდან, შენ კი მარტო ხარ და ხან დედისაგან გაკეთებულ საჭმელს ნატრულობ, როცა გშია, ხან დედისაგან მოქსოვილ ხელთათმანებს, ან წინდებს, როცა გცივა და შენ თავსაც კი არ უმხელ, ისე იძინებ იმ სურვილით, რომ იქნებ სიზმარში ნახო დედა, იქნებ სიზმარში მაინც განმეორდეს ის საოცარი იმედიანი მოფერება, ადამიანის სულიდან სიმარტოვესაც რომ აფრთხობს და არარაობის განცდასაც, სამაგიეროდ კი ხალისითა და იმედით გავსებს.”

“ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება მერე “იოლია”ძალიან ცხოვრება”

$
0
0

ნოდარ დუმბაძე “ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება მერე “იოლია” ძალიან ცხოვრება.
– ნუ გაიწყვიტავ მაგ შუბლის ძარღვს და ნუ “გაიიოლებ” ცხოვრებასო…

ვცდილობ, რომ ნამუსის ეს შუბლის ძარღვი აღარ გავიწყვიტო არასდროს,” – ნოდარ დუმბაძე

რა აკლია ქართველს? –დიმიტრი უზნაძე

$
0
0

ქართველს აკლია “დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; დიმიტრი უზნაძე მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა… პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა… ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.

მისი გული და მისი ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება-ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს. პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს, და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება… ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და ბედნიერი მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით.

საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობაა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს.

აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო.

ორნი აქა – იქ –გურამ დოჩანაშვილი

$
0
0

ესე ამბავი შესაძლოა ზოგან გამოგონილად მოეჩვენოს ვისმე, მაგრამ არა, არაა მთლად გამონაგონი.

მონადირე

– ძალიან გეტკინა, შვილო? – იქა ჰკითხეს.
ფერები იყო უცხო, საკვირველი, დაბინდულივით, მაგრამ სუყველა შინაგანად აბჟუტებული, მსგავსი სილამაზე კი არა, რაღამეტი, რომ არნანახი სილამაზეც აღარ ეთქმოდა, სჭვიოდა იქა, დართადერთი სამხმოვანება გაისმოდა, მაგრამ ისეთი, მარადიულად წელადი და მომცველი ისე, ვიღას და რაღას არ ჩაიტევდა, და გოგონამაც, გურამ დოჩანაშვილი ვინც ვეღარ ხედავდა თავის სუსტსა და გამხდარ სხეულს, მაგრამ აშკარად გრძნობდა, რომ უფრო იყო,ოყო, თანაც, რამდენად უკეთესად და უკეთესი, ფერებს გაოცებული აღიქვამდა და სამხმოვანებით გაჟღენთილიყო, ეს რა ყოფილა ნეტარება, მაგრამ როდესაც ისევ გაუმეორეს, როგორი მაღლივის ხმით მერე, – „ძალიან გეტკინა, შვილო?“- ხმადაბლა მიუგო და უთხრა:
– მე არ მოველოდი.
უხილავ თავზე, ჭრილობასთან, წყნარად დაედო ფრთხილი, ფაქიზი,დაუჯერებლად მომფერებელი, დაკოჟრილი დიადი ხელი:
– ჩემი იქნები. აღარაფერი შეგაჭირვებს. აღარასოდეს. გიხაროდენ.
– თქვენ… მაპატიეთ, – მორიდებით უთხრა გოგონამ, ძალიან-ზე მეტად ღელავდა. – თქვენ სწორედ ის ხართ?
– მამა დამიძახე.
გოგონას ადრე, დედამიწაზე, სიხარულით არასოდეს უტირია, როგორღაც ბედი არ სწყალობდა, იმისი არ ესმოდათ, და გულდაწყვეტით ხშირად აცრემლდებოდა ხოლმე, ახლა კი უხილავ, ფერმკრთალ ღაწვებზე სიხარულის ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და ეწვეთებოდა იმ პატარა მკერდზე, რომლითაც მერე და მერე, დრო რომ დადგებოდა, აქ, ქვემოთ, ბავშვი უნდა ესაზრდოებინა, მაგრამ ის დრო ვეღარ მოვიდოდა, რადგან ერთ-ერთმა ბარიანმა სწორედ მასზე შემართა ბარიანი ხელი; სწორედ იმ ჩამქრალ სადედო მკერდზე ეწვეთებოდა სიხარულის მლაშე ცრემლები, იმან კი, თავად მამამ, თქვა:
– ჯერ მარიამთან მიიყვანეთ.

და უხილავ მხრებში მაშინვე ფაქიზად შეუდგა ორი ცისარტყელა. გოგონა რა, სხეული როცა ჰქონდა, მაშინაც კი ძალიან მჩატე იყო, ციმციმ წაიყვანეს.
აქა კი, ქვემოთ, მონადირე იმის ახლახანა საფლავთან გულგასიებული იდგა და, კიდევ კარგი, ტიროდა, რადგან ცრემლს ვაება ასე თუ ისე გამოჰქონდა. საფლავის ქვაზე ასე ეწერა: -რამდენისა გამოდიოდა და, ცოტასი…
დიდმა მარიამმა, მზე მარიამმა, მზემ, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, ჭრილობაზე აკოცა, გაათბო; ეფერა, ეფერა, როგორ მშვიდად და წყნარად, ფერხთით დაისვა მერე.
აქ, ყველაზე დიდ ქალბატონთან, უხვ მარიამთან, სამხმოვანებისგან როგორღაც უფრო გამოირჩეოდა შუა ბგერა, მაგრამ აქ ბგერა აუარება ხმიანებას მოიცავდა, ეს შუა ბგერა, რომელსაც ერქვა „ძე“, იყო მბრძანებლურიც და მუდარიანიც, „არამოიღო… არა… არა… არა ჰქმნე…“, და, „გიყვარდეს… გიყვარდეს… პატივ-ეც…გიყვარდეს…გიხაროდენ.“
– მეც საქართველო უფრო ავირჩიე, შვილო, შენი ქვეყანა.
იმას ხმა ჰქონდა რომ, ეკლესიაზე მთვარის შუქსა ჰგავდა.
და ისევ, ისევ ტიროდა ნეტარებით გაოგნებული გოგონა, „მე აქ ასე ძალიან ვარ და… ჩემებმა რა იციან..
– უნდა იცოდნენ წესით, შვილო.
და რადგან გოგონას მაინც შერჩენოდა რაღაც ჩვენური, ქვემოური, იჭვი, რადგან გოგონა მაინც ისევ – როგორის ნაზის მოფერებით – საყვარელი შტერუკანა იყო, დიად ნათქვამზე: „უნდა იცოდნენ წესით, შვილო“, აკი არ დასცდა: „მართლა?“
და ამ უცაბედი შეეჭვებისა გამო შერცხვა და ისე მოიბუზა, გინდაც მის თავზე ხელმეორედ შეემართათ ბარიანი გაწაფული ხელი, მაგრამ დიადმა ქალბატონმა გულზე მიიკრა, დედათაგან უნეტარესმა კარგად იცოდა იქ, ქვემოთ, აქაც, ჭრილობიანი ტკივილის ფასი, რა ხანმა განვლო, მაგრამ შვილის ნალურსმნალები ისევ ტკიოდა იესოს დედას, ვინც ადრე, აქა, გაოგნებული შესცქეროდა ბრბოს, გაავებულ, სიმწრით დაღმეჭილ სახეებს, რომ უსასრულობამდე უკეთესი ძე კაცისაი მოუვიდათ და იხილეს, იხილეს, ნახეს, დაიჯერესა და ამიტომ სიმწრით გაჰყვიროდნენ: „ჯუარს აცუ, ჯუარს აცუ ეგე!“, და თავიანთი ვითომც მოქნილი და მაინც უგუნური ჭკუით დასცინოდნენ კიდეც, ვითომ – ბასრ ეკალთაგან შეთხზული გვირგვინი დაადეს თავზე – “მეუფე ხარა?“, და ყუჩ იესოს ნათელ შუბლზე ცისფრად ფაქიზი სისხლი სდიოდა, იცინეს, იცინეს ვითომ, მერე ისევ გაბალღამდნენ და ისედაც უბრალო ტანსაცმელი შემოაფლითეს, ჯოხებს ურტყამდნენ, ყვრიმალში სცემდნენ, ჰნერწყვიდნენ კიდეც!, უბადრუკები, იმას ჰნერწყვიდნენ, ვინც ერთხელ ,,უპყრა ხელი ბრმასა მას და განიყვანა იგი გარეშე დაბასა და ჰნერწყვიდა თვალთამისთა“, და მოარჩინა, და სწორედ იმას, იმ ნერწყვის მალამოდ უფალს, თავიანთი ბინძური და გაცოფებულის დუჟით ჰნერწყვიდნენ, გიზგიზა ბოროტებას შეცოცებულებმა, აღარ იცოდნენ ერთიმეორისათვის იმ თავიანთ საქმეში როგორ ეჯობნათ და, უკვე ჯვარზე მილურსმულს, მწყურვალს ისე რომ, ჩვეულებრივი ადამიანივით, დაიკვნესა კიდევაც: ,,მწყურის“, და ორიოდ ყლუპ წყალს კი არა, შუბზე წამოგებულ ძმრიან ღრუბელს აჩრიდნენ იმ ბაგეებში, რომელთაგანაც ბევრჯერ ითქვა: ,,გვიყვარდეს ერთმანეთი“, და მერე იმის სიკვდილს ვეღარც დაუცადეს და ბინძურსულსწრაფობით მკერდში აძგერეს მახვილი, მაგრამ იმისადმი სიძულვილი გასაგები იყო, რადგან მთელის არსებით შურდათ, თუმც თავიდან მისი არსებობა ხალხის ჯგროს კი არა, შედგომილებსაც კი უკვირდათ: ,,მოძღუარ, არა ჰზრუნავა, რამეთუ წარვწყმდებით? და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა: დადუმენ და პირი დაიყავ. და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. და ჰრქუა მათ: რაისა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს სარწმუნოებაი? და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას: ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაიცა ერჩიან მას?“, სხვებმაც გაიგეს, და დაინახეს დიდშემძლეობა მისი, და იცოდა დიდმა მარიამმა, კარგაფ იცოდა შური – ადამიანთა ზნე, მაგრამ ამან, ამ გოგონამ, ასე პატარამ, რა დააშავა რომ საგულდაგულოდ ალესილი ბარი – ყოვლად შეუსაბამობავ! მიწა-კეთილის იარაღი! – აღმართეს მასზე!!, და კარგად იცოდა ყველაზე დიდმა ქალბატონმა ტკივილის ფასიც, რადგან იმისმა შვილმა იესომ, ჯვარზე გაკრულმა, ზედ მოკვდომის წინ ვეღარ მოითმინა და დაიჩივლა, ასე წამოსცდა: ,,ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე?“ და, ,,ხმა-ყო იესო ხმითა დიდითა“, და ორიოდ დღით მიიცვალა, და თუმც ახლა ყველაზე დიდი ქალბატონის ერთიღა შვილი იესო ქრისტე, ნაზარეველი, თავად თავადი, ყველაზე დიად სამხმოვანებაში უზენაესის შემდგომ ჟღერდა, იმ ნალურსმნალებს მაინც, ახლაც კი, აღზევებული, დაატარებდა და მზე-მარიამმა ისევ მაგრად ჩაიხუტა გულში გოგონა, ჭრილობაზე აკოცა, უთხრა:

მართლა.

გოგონა კი ძალიან დაიხარა და ფეხზე კოცნა ვერ გაუბედა, კალთაზე ემთხვია. მთელი თავისი არსებით ეამბორებოდა ტანსაცმლის კალთას და იქვე ორი ლამაზი ფეხის მტევანი დაინახა, ოღონდ მთლად დაკაწრული, გადაყვლეფილი..
– ნინოა ესე, ჩემი და შენი.
ეთქვა.

* * *

რამდენამდე ადრე კი, აქა:

ეს მართალია, მე შენი დედა…?

რაა მართალი, მე შენი დედა…?

შენზე ამბობენ, ბიჭი შეეძინაო, ეს მართალია, მე შენი დედა…?

კი, კაკრაზ გუშინწინ, მე შენი დედა…

მერედა, არ აღვნიშნოთ, ნაძვები მწვანე?

აიღეს და აღნიშნეს.
სუფრა იყო რომ? სულო და გულო: ორი პორტვეინი, მჟავე კიტრი, ორიც მოხარშული კვერცხი, პიჩენია, ორი ჭიქა, რამე.
კედელზეც, ხილის კაი ნატურმორტი ეკიდა, ფოტოაპარატით დაფიქსირებული.
მაგრამ ადამიანის გული – საწყაული აღუვსებელი:

თითოც ხომ არ დაგველია? მეძავი.

რა ვიცი მე, მეძავი.

მე აქ… მე… მთელი სამოცდათორმეტი კაპიკი მაქვს… ახალი ფულით. არა,

მხოლოდ სამოცდათერთმეტი ყოფილა.

შენც აიღე და ბოთლები დაამატე. მეძავი.

არ მაქვს მე.

როგორ არ გაქვს, გუშინ დაგინახე.

კარგი. ეჰ.

ხოდა, ნუ, სამ პივაზე გვეყოფა, მეძავი.

რაო, რა სახელი დავარქვიო?

სტასიკ.

ეს სტასიკს გაუმარჯოს, მე მაგის დედა. – თქვა სტასიკის მამის მეზობელმა.

მეც მაგის დედა. ბევრჯერ. უკვე. – თქვა სტასიკის მამამაც.

რა სჯობს კარგ ქეიფსა და დროსტარებას.

* * *

სამხმოვანების მესამე, წინა ორსავით მარადი ბგერა, სულიწმიდისა, ახლა დიდ ბაღში ბზინავდა, ჟღერდა.

შენი კუთხეა.

ბაღი იყო რომ, როგორი მერე… არსად ენახა ასეთი უცხოდ ფერადოვანი ყვავილები, ბაღი იყო რომ, რა მოხატული, სურნელი იდგა? იქა, მეორეს არცერთი ჰგავდა, და ყოველისგან, ახალ-ახალი სურნელისთვის თუ დაიხრებოდა, საოცრება რამ ამოდიოდა, მოტივტივებდა: ხან საოცნებო ხმები ამოჩქეფდა, ხანაც ნახატებს ხედავდა დიადს, ზოგისგანაც კი, ისე მართალი და სწორად ძნელი, სანუკვარი სიტყვები ესმოდა, ამ სიდიადით ითრგუნებოდა და მაინც, მაინც მაღლდებოდა ერთი პატარა ქართველი გოგონა,

ამას რა ჰქვია, დეიდა წმინდა ნინო?

იაკობი.

გოგონამ ყური ნეტარებით მიუგდო და, წამოიძახა:

სწორედ ახლახან გვასწავლიდნენ… ცურტაველია არა?

ცურტაველია, შვილო.

ცოტათი იქით ყვავილი იდგა? გონიერი და შემართული, წმინდა ნინოსკენ მორჩილად და მოწიწებით თავდახრილი მაინც, ყვავილი კი არა, უფრო ყვავილის დიდი ხე იყო, დაბინდული რამ შვინდისფერი გადაჰკვროდა, როგორ ნათობდა, კრძალვით ასცქეროდა გოგონა,

და ამას, დეიდა წმინდა ნინო?

მაგას, დავითი.

ვიცი, კი, ვიცი, – ძალიან გაუხარდა გოგონას, აღმაშენებელია არა? დიდგორის კაცი.

აღმაშენებელია, შვილო. თავის ძნელ დროში საქართველო მაგან გადაგვირჩინა.

ვიცი, ვიცი, – გახარებული ჟღურტულებდა გოგონა, – მაგან, ძალიან დიდმა

კაცმა, თურმე ძალიან კარგი ბრძოლა იცოდა, მაგრამ თან თურმე სნეულებისთვის და ობლებისთვის თავშესაფრებს აგებდა და ძალიან ბევრი ეკლესია ააშენა, და ლექსებსაც წერდა, იცით, მე ერთხელ გელათში ვიყავი ექსკურსიაზე დეიდა წმინდა ნინო, ისეთი კარგი იყო? ორი დღით ვიყავით, ხაჭაპური, ნამცხვრები, ფხალი, ლიმონათი გვქონდა ექსკურსიაზე წაღებული.

ეგ ექსკურსია არ იყო, შვილო.

აბა, რა იყო? პიონერხელმძღვანელმა ასე გვითხრა.

ექსკურსიაზე სხვაგან მიდიან. გელათი შენი ადგილია.

მართლა? – და გული დაწყდა, – რა კარგი იყო მაშინ?!

ახლაც კარგია… აიხედე.

გასაოცრებავ! უზარმაზარი ყვავილის თავზე, უზარმაზარივე, ძალიან მძიმე და თან ჰაეროვანი ბრძენი შენებულებაი დატივტივებდა, ყვავილხეს, დიდ მეფეს, დავითს, შარავანდედთან ერთად ადგა.

* * *

სტასიკი უკვე მოზრდილი იყო, უკვე მსმენელი გახლდათ, როცა როგორც სწავლისა და სამსახურის წარჩინებული, სხვა სწავლისა და სამსახურის მსმენელებთან ერთად, მთავარ ექსკურსიაზე წაიყვანეს. იმსიგრძე რიგი ძეხვის რიგშიც კი არ ენახა თავისი ოლქის მთავარ ქალაქში სტასიკს. მთელი ოთახი საათი და ნოლ-ხუთი წუთი თან იდგნენ და თან წინ მიიწევდნენ, წინ. მაგრამ დრო შედარებით კარგად გადიოდა, რადგან ცდაში სასტიკი მოწიწებით შეჰყურებდა თანამედროვეობის დიდი პოლიტიკური მოღვაწის, ვინც თავის დროზე მეორე მსოფლიო ომის ბედი ხელჩართულ ბრძოლებში გადაწყვიტა, ამჟამად კი აღიარებულის წარმატებით აგვირგვინებდა შინა და საგარეო მოღვაწეობის პოლიტიკას ერთდროულად, სტასიკი მიჩერებოდა და შეჰყურებდა ხალხთა ძმობისა და სოლიდარობის სულისჩამდგმელ და სწორუპოვარ, წარბებიანი ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის დიდ (17მx14), ამაღელვებელ სურათს.
„მე მაგის მეათედი ჯილდოები და ზვანიები მომცა?“ – შურნარევი მოწიწებით გაიფიქრა სტასიკმა, მაგრამ შეცბა- ხუთ ვარსკვლავს რა გაჰყოფდა ათზე ანუ ერთს შუაზე, ეს ხომ მკრეხელობა იყო, და, ამიტომაც, ოცნებრივად გათამამდა: „ნეტა ძვირფასი ლეონიდ ილიჩის ჯილდოები მომცა და… ოლქში პირველ კაცად დავბრუნდებოდი. ოღონდ მარტო კუთვნილი შვებულების დროს. ცოტა ხნით. ვიტია გაგიჟდებოდა(მეზობლის ვიტია მასზე უფროსი იყო და ამიტომ ბავშვობაში ხშირად სცემდა იგი მას). კუთვნილ შვებულებას კალორიებ ულტრა-იისფერსხივებიან ნეტა უწვიმო კრიმში გავატარებდი, ჩვენს თურმე ძალიან ვიტამინებიან სასადილო-სანატორიუმში, სადაც თურმე მინიმუმ პადპალკოვნიკები საბრძოლო მზადყოფნის განმტკიცებისათვის ისვენებენ. გავირუჯებოდი, როგორც მოძმე „ხალხი.“
ასე ოცნებობდა სტასიკი, ასეთი იყო ახალგაზრდა სტასიკის ვნებანი, მაგრამ ჯერ, ამჯერად, რიგში, კრიმი კი არა, ძალიან ციოდა.

* * *

ისედაც გასიებული გული მდუღარე ნაცარში ეთუთქებოდა მონადირეს. გოგონას საწერ მაგიდას და მის ყოფილ ნივთებს ათვალიერებდა. ბურთულიანი საწერ- კალამი, ლურჯი… ბოლომდე ვერგაცვეთილი წიგნები – გეოგრაფია, ალგებრა, ბოტანიკა… გეომეტრია, სხვისი ისტორია და მშობლიური ენა, მშობლიური ლიტერატურა – ილიაიანი, აკაკიანი, ვაჟაიანი… შოთაიანი! ინგლისური ენა, საერთო რვეულები… და ერთიც – ყველაზე მთავარი რვეული, სასთუმალქვეშ საიდუმლოდ შენახული – დღიური გოგონასი: „ჩემი არავის ესმის…“ „დღეს კარგად წვიმდა…“ „მე მიყვარს…“
პატარა კაბა… პატარა ფეხსაცმელი… მძივი…

მონადირეს ვეღარ შეეძლო მეტის ატანა, მონადირემ იცოდა, რომ, სანამ გოგონა თავის ღამესათევ ხალხს შეუერთდებოდა, ცოტათი ჩაფიქრდა და მერე თბილი წინდები ჩაიდო პატარა ჩანთაში – „არ გავცივდე“.
გააცივეს და… როგორ!
მაგრამ ეს მხოლოდ აქა, მიწაზე.

* * *

იქა კი:
დიდი სათუთი ყვავილოვანი ბუჩქი იდგა რომ? – ,,ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო…“ – სულ ფირუზად და სულ ზურმუხტად აალებულიყო, წვით ციაგებდა.
ბუჩქიც იყო რომ? ბრძენი, გონიერი, დაფიქრებული, იქაურობას დარდიან სურნელს მიმოჰფენდა – ,,ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია…“ – ბუჩქი იყო რომ, იქაურობის სინდისი და ნამუსი.
და, ბუჩქიც იყო, მინდვრის ყვავილებით ჭარბად მოხატული, ალგ კი – ვარდებამოყრილი, რა ფერად აღარ ხასხასებდა – ,,რამ შემქმნა ადამიანად, რად არ მოვედი წვიმადა“ – სურნელი ჰქონდა? ბარბაცებდი…
იმ სიბრძნის ბუჩქთან შეჩერებულიყო გოგონა, ხარბად ისუნთქავდა. იკითხა მერე:

და, მართალს, რატომ ესროლეს, დეიდა წმინდა ნინო?

ესროლეს, შვილო.

ყველა მკვლელი მართლა ქართველი იყო?

ქართველი, შვილო. და კიდევ სხვებიც. უარესები.

ახლა სად არიან?

სხვაგან არიან. იმათთან შენ არაფერი საქმე არა გაქვს, შვილო.

გოგონამ უკვე იცოდა წმინდა ნინოსგან რაღაცეები, მაგრამ ბევრ რამეს ვერა ხვდებოდა:

ანდა, ბარაბა რატომ განუტევეს? თვით იმის ნაცვლად…

ამ ბუჩქთან მოდი.

დიადი ბუჩქი ამოზრდილიყო რომ? თვალუწვდენლად უხვფოთლება, ისეთი ლამაზი და მშობლიური ფოთლები არსად ენახა, ფოთლები ესხა? – დედასავით, არსად ენახა იმდენი დედა, და ყოველ ფოთოლზე დედის სხვადასხვაგვარი, მალამოსავით სიტყვები ეწერა, წმინდა ნინომ კი ერთ-ერთი ხელისგულზე დაიდო, სახესთან ახლოს მიუტანა, რა ეწერა და:

„ბარაბა – განვრცობა“.

სულხან-საბასია, დეიდა წმინდა ნინო?

სულხან-საბაა, შვილო. და ეს მთავარი ბუჩქი შენი ენაა, მშობლიური, სამუდამოდ დალოცვილი მზე-მარიამისგან.

გოგონას აღარ შეეძლო მეტის ატანა, და შვების ბუჩქთან მივიდა, დადგა:
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო“,
კარგი რამ იყო სტასიკის ოლქი: აქეთ წახვიდოდი, ბარი იყო, იქით წახვიდოდი – იქითაც ბარი. გაიხედავდი, ბარი იყო, გამოიხედავდი – მაინც ბარი. მოსაწყენი იყო ძალიანი. კიდევ კარგი, უფროსი ვიტია ორფეროვნებისათვის სცემდა მაინც, იგიც მოწყენილი იყო. საქმე თავიდანვე უნდოდათ. არადა, ბარი დაჰყვა და დაჰყვა. სტასიკი ბარში დაიბადა.

ეს რა მღვიმეა, დეიდა წმინდა ნინო?

შენია, შვილო.

მღვიმე რამ იყო? გრილი, საამო, წყნარი, თითქოსდა სევდასავით, მაგრამ სევდა კი არა, განუზომელი უბედურება და ჩუმი ვაება ტრიალებდა იქ, მღვიმის კედლებზე სუფთა წვეთები მოჟონავდა, და გოგონა როგორც კი შევიდა, მთლად დაიცვარა მღვიმის კედლები, ჟონვამ იმატა, დაცხა, და რაღაც მშობლიური რომ იგრძნო გოგონამ, პატარა პეშვი შეუშვირა ჩამონაჟონს, სახეზე მოისვა, ყოველი წვეთი ეფერებოდა, მალამოდ შეეჟღინთა, არადა, მხოლოდ მლაშე კი არა, ცხარეზე ცხარე და მდუღარე წვეთები იყო,

დეიდა წმინდა ნინო, ასეთი ცხელი, რაა?

ეგ დედაშენის ცრემლებია, შვილო.

და აქ გოგონაც ძალიან ატირდა, და, მერამდენედ: ,,მე აქ ასე ძალიან კარგად ვარ და… იქ რა იციან,“ დამნაშავესავით ჩაქინდარა თავი, მღვიმის იატაკზე კი დაბზარული ქვა იდო, ისე დაბზარული, გოგონამ ვეღარ მოითმინა, დაიხარა და სველი ხელისგულით მიეფერა, უცაბედობით, თავისი ცრემლიც დააწვეთა და , შეკრთა – უფრო გაბზარა, დაიხია,

დეიდა წმინდა ნინო, ასე ძალიან დაბზარული, რაა?

ეგ მამშენის გულია, შვილო.

კიდევ კარგი რომ, მთელი იმ კუთხის იქაურობა, ის ბუჩქები და ხედ ყვავილები, აის ბალახი, ადამიანთაგან ერთი კაცისა, რუსთაველისა იყო, კიდევ კარგი რომ, გაისმოდა და უზენაეს ხმას შეერთვოდა:
„რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,“

* * *

ნაპლეე-ჩოუ!

ერთ-ორ! – სტასიკი სხარტად ასრულებდა პრიკაზებს.

კნაგეე-ე!

ერთ-ორ-სამი.

ნალეე-ვოუ!

ერთ-ორ.

შაგოომ… მარშ!

ერთ-ორ, ერთ-ორ, მიდიი… რომელი ჯარისკაცი არ ოცნებობს გენერლობაზე, თანაც, სწორუპოვარი მხედართმთავრის, ვინაც მეორე მსოფლიო ომი სულ ხელჩართულ ბრძოლებში ერთიპიროვნულად მოიგო (ალბათ კარატე იცოდა კარგი), უხვებწარბება ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის აღმაფრენულად დახატული პორტრეტი ყოველ ყაზარმაში თვალსაჩინოებისათვის ეკიდა. ლეონიდ ილიჩ იმდენად მაგარი იყო, რომ მშვიდობიანობისასაც კი მარშალი გახდა, აფერუმ! ლეონიდ ილიჩს კალამი უჭრიდა? სულ რაღაც ორიოდ წელიწადში საწყალ პუშკინზე გაცილებით აუარება ლაურეატობები ორივე ხელით მოხიკა, საღოლ! მალადეც! სულელი ეძახე შენ… და ქმრებდასაწინაურებლად ჰგიჟდებოდნენ მასზედიდპორტმონეიანი ტიტველ-მანდილოსან-სუქან-სუქანი ქალები, და კაცმა არ იცის, რომელი ჰქონდა უფრო ბასრი ლეონიდ ილიჩს – ხიშტი, კალამი თუ უძრაობაო, შემდგომ რომ იმის ეპოქას შეარქვეს შურიანებმა – რისი უძრაობა, თავად ლეონიდ ილიჩს სულაც რომ თავი გავანებოთ, იმისი საკუთარი ოჯახის ერთ-ერთ წევრსაც კი მოძრაობები სცოდნია ისეთი? – რისი ვაჟკაცი და მამაკაცი… მერედა, რორგორ დააწინაურა გინდა სოფლის მეურნეობა, გინდ ტრაქტორული ინდუსტრია, ან აღებ-მიცემობის ტექნიკა და ანდა სოციოლოგია თუნდაც? ნამდვილი სოციოლოგები გავხდით, შედარებები ვიცოდით მშვენიერი, თვალსაჩინოებისათვის თუნდაც 1913 წელი ავიღოთ, ჰოიი, როგორ დავწინაურდით? – აბა სადა ჰქონდათ მაშინ ამდენი მტრის ჯინაზე აჩახჩახებული 220 ვოლტიანი თავად-ილიჩის ნათურა, ტელევიზორი ხომ მაშინ თვალითაც არავის ენახა, ახლა კი ზოგს ორიც აქვს, რისი მაგნიტოფონი კი არა, ჩამორჩენილებმა, რადიო რომ რადიოა, რადიოც კი არ იცოდნენ, დიქტორებიანი რადიოც კი არ მოეძევებოდათ, და ტელეფონი რომ ტელეფონია, ისიც კი უნდა დაგექოქა, მაჯა-ენერგია სჭირდებოდა იმასაც, ეს იყო საქმე? თუმც უკეთესად მუშაობდა… მაგრამ თუნდაც ჩვენი ახლანდელი უბრალო ნივთი – ელექტროსაპარსი, აბა სად იყო მაშინ განა? სოფლის მეურნეობითაც მთელ ოთხ აფრიკულ სახელმწიფოს, სადაც მერე რა რომ წიწაკოვანი გვალვები იყო, პირწმინდად გადავახტით, მედიკამენტები და ერთჯერადი შპრიცებიც მრავლად გავუგზავნეთ, და ახლა მსუბუქ მრეწველობას აღარ იკითხავთ?აბა რომელი რაგინდ თავმომწონე ძველი ქვისხანელი არ ჩაიცვამდა მწერალ-კარატისტ ლეონიდ ილიჩის დროს გამოშვებულ ტელაგრეიკას? ეგ კი არა და, ვალენკებზე შეიძლება ნეოლითის დაწინაურებულ ხანაშიც კი და-გაგიჟებულიყვნენ. გარეგნობაც რომ ხელს უწყობდა? გარეგნობითაც, ჯმუხი რომ იყო? ისე თავისუფლად შეგეძლო გეყვირა: „ლეონიდ ილიჩ, ჩვენო ძალიან ძვირფასო, შენ კი გენაცვალე მაგ შავ წარბებში“ -ო, არავის შეეხამუშებოდა კი არა, უძრაობა ეძეხე შენ და, დაგაწინაურებდნენ, წინაურდებოდა ხალხი. ერთი ეგ იყო, ყბა არ უვარგოდა… რადგან იმდენად კაცთმოყვარე იყო, ქალებზე მეტად ერთგულად მაქებარი კაცები ჰყავდა ნაკოცმ-ნაპროშტნი, და ყბა ამაში იტკინ-გაცვითა. კოცნა სამობით უყვარდა გენერალურს… მარშალი იყო და, თავმდაბლობით, მხოლოდ გენერალური დაირქვა. ერთიც, ძლიერ გულდასაწყვეტი ის იყო, კომპოზიტორობა არ დასცალდა, ახალი ჰიმნი ჰქონდა ჰომო-პროშტნუსს ჩაფიქრებული, სულ წკლაპა-წკლუპა ნოტებიანი.
ერთ-ორ, ერთ-ორ, ყალიბდებოდა სტასიკ.
* * *

„დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო…“
რატომ უყვარდათ, ნეტავი რატომ უყვარდათ თავიანთი სამშობლო, საქართველო, ასე?
„ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქებით მიწას ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე,
ძილშიაც ამას ვდუდუნებ…“
ალბათ რაღაცა იყო, ნაღდად იყო საქართველოში ისეთი რაღაც, რომ,

დეიდა წმინდა ნინო, მე მეჩვენება, თუ საქართველო მართლა კარგია?

მხარზე დაედო წმინდანის ხელი:

– წამოდი, გაჩვენებ.

სად წაიყვანა და, ხალხის ჭალაში.
ირგვლივ, მდინარე დაბრუნავდა, წყაროზე წმინდა..
გაბრუებული იდგა გოგონა – ცეკვები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ გაიგებდა: სხვა, დიდი-დიდი, აღფრთოვანებულიყო
სიმღერები ჰქონდათ? რომელსაც სხვა ვერ ჩასწვდებოდა, სხვა, დიდი-დიდი, აღტაცებულიყო.
ფრესკები ჰქონდათ? მოიხიბლებოდნენ სხვებიც.
ეკლესიები ედგათ? ციდან სულის მყარ მალამოდ დაკიდებულნი, გული ჰქონდათ რომ? სხვა ვერასდროს დააფასებდა…
და, დიადი ხალხური პოეზია ჰქონდათ ისეთი, რომლის გაგებაც სხვას არ ეწერა.

განა შეიძლება რომ, ხალხს ამისთანები შეექმნას და, თან, ცუდიც იყოს, შვილო?

და გოგონამაც ძალიან გამოიდო თავი:
– არა, ეს როგორ შეიძლება, ეს არ შეიძლება, რომ ხალხს ამისთანა… ეე,შემოქმედება ჰქონდეს და თან ცუდიცრომ იყოს, დეიდა წმინდა ნინო, შემოქმედებაში ხომ ყოველივე ის, რაც…

ყური დამიგდე.

… მიჩერებოდა.
– აქ შენი კუთხის მხოლოდ ყოველივე საუკეთესოს ხედავ, შვილო,ის სხვები მამამ არ დაგანახა, შენი თვალები შეებრალა. მეც მეცოდები იმათ შემყურედ, თქმით კი, გაგიმხელ. ბევრი გვყოლია უღირსი, შვილო.მოღალატეები, გამყიდვლები, სხვისა ჯიბისა თუ დიდების მასუქებლები, სხვისა ჩინ-მენდლების გაფაციცებით მაძიებელნი, ერთმანეთს ვყიდდით, მტერთანაც ბევრი გვილაქუცნია, მაგრამ იცოდე – საქართველოში რაღაცა ცუდი თუმც ყოველ მოსახვევშია, კარგი – მის ყოველ ცდაშია, შვილო.მაგრამ ადამიანთა სენია, კარგზე მეტად რომ ცუდი შეგნიშნონ, აგერ, იმ ორს, საქართველოში დაბადებულებს, ლამის არი სულ ერთიანა გადაგვაყოლონ და, ის არ იციან თუ ვერ ახსოვთ, რომ სხვაგან ოხრულ-მარჯვედ შეკოწიწებული წყეული სულით, სხვა ყველაფერი იყვნენ ის ორნი, ქართველთა გარდა. არადა, მესამეს, ეგებ იმ ორზეც კი უარესს, დიდ პატივს სცემენ, ქარხნებს, რაიონებს, ქალაქსაც კი დაუტოვეს იმისი გვარი, ეგებ იმიტომ აფასებენ, საქართველო რომ კარგა უხვად გაასაჩუქრა.
– მე ერთხე ლიმის ძეგლს დიდი პამიდორი ვესროლე და შიგ მხარში მოვარტყი! -გახარებულმა წამოიძახა გოგონამ.
– თუთ… – გაუღიმა დეიდა წმინდა ნინომ, – შე ყაჩაღანა… შენ გენაცვალე, – გულზე
ძალიან ფრთხილად მიიკრა გოგონას ჭრილობიანი თავი, თუმც იქ არავის არაფერი არა ტკიოდა.
– იმას ვამბობდი, ცუდის შენიშვნის სენით რომაა შეპყრობილი ხალხი, სხვისადმი -მით უმეტეს. ვაშლის ან ყვავილის ორი გამყიდველი რომ დადგეს სხვის ვრცელ ქალაქში დახლთან, ნახევარი ქალაქი შეამჩნევს და ამას დიდად აღნიშნავს ხოლმე, ხოლო ილიამ და აკაკიმ რომ ჩაიარონ იგივ ვრცელ ქალაქში, არად ჩააგდებენ, ერთადერთი, სილამაზით თუ მიიქცევენ მზერას.
– დეიდა წმინდა ნინო, – შეაცქერდა გოგონა, – ილია და აკაკი მართლა ლამაზები იყვნენ?
– ძალიან, შვილო. აბა ილიას თვალ-წარბი გაიხსენე, – და ძლივს, წვალებით დაამატა: – შუბლი… მოწიწებით ასცქეროდა ჩახუტებული, ყუჩი გოგონა:

თქვენ ჩვენთან, მცხეთაში, ძალიან შორიდან მოხვედით?

შორიდან, შვილო. კაპადოკია გაგიგია?

არა.

უფრო შორიდან მოსული ვარ.

და სხვაგან არსად შეჩერებულხართ?

არა. საქართველოში თვით ღვთისმშობელმა გამომაგზავნა.

გოგონა დუმდა. იკითხა, მერე:

დეიდა წმინდა ნინო, საქართველოს რა ეშველება?

ნუ გეშინია, შვილო. უფრო ცბიერი და ცბიერი მტრებიც გვყოლია, მაგრამ ხომ გესმის, ახლაც ქართულად ვლაპარაკობთ. ჩვენ გადაშენება არ გვიწერია, შვილო. გადაშენება და გადაჯიშებაც იმათი ხვედრია, ვისაც ბევრი არაფერი აქვთ დასაკარგი და, ბუნებრივია, რაც არ გააჩნიათ, იმას ვერ ებღაუჭებიან ხოლმე. შენს ბაღსკი, რა წაშლის… ნუ გეშინია. დიდ წინაპართა უყოლობამ, ბლომად შურიც იცის ხოლმე, არაა დიდად გასაკვირვი… აგერ, ერთ უწინაპრო ქაღალდის კაცს შურმა ისიც კი ათქმევინა, რომ ქართველები ავადმყოფი ერი ვართ თითქოს… ურიგო მწერალი არაა სხვათაშორის, სხვათა შორის რიგიანი მწერალია… უწინაპრობამ შეაჩვენა… ჩვენს დანახვაზე ძალიან შეცბა, რადგან თავისდა ვერაუხსნელად, ჩვენს დანახვაზე რაღაცა მდგრადი, უცხო და უნებური სიამაყე შეგვამჩნია, და ვერ იგუა, ავადმყოფობით ახსნა ვითომ, არადა, შვილო, არ ვატაროთ მხრებითა და თვალებით შოთა? სულხან-საბა და გიორგი მთაწმინდელი? ვაჟა, აკაკი, ილია მართალი? გურამიშვილი, ბარათაშვილი? არ გვახსოვდეს და არ ვიამაყოთ წამებული ქეთევან დედოფლით? უწინაპროები არიან სწორედ, იმ უბედური აპრილის შემდეგ, ყოვლად ბუნებრივი, ადამიანური თანაგრძნობის ნაცვლად, უმადურად შემოხიზნულებმაც, გადამთიელებმაც, თანადგომის ნაცვლად… შურია, შვილო – გველის თავები წამოიმართნენ, გველის ენები გამომზეურდნენ!
გაოცებული შესცქეროდა გოგონა, ვერ წარმოედგინა, დეიდა წმინდა ნინოს საამური ხმის ასე აწევა და განრისხება თუ შეეძლო.
ძლივს გაუბედა:

და… საქართველოს, რა გადაარჩენს?

და კვლავაც თავზე, ჭრილობაზე დაედო ხელი:
– ისმინე, შვილო.
აის დიადი სამხმოვანება, მამისა, ძისა და სულიწმიდისა, ჟღერდა. მთლად ბუბუნებდა იქაურობა, ადამიანებისათვის გაისმოდა უხვად ამაღლებული, და ჭეშმარიტი ხმები, გოგონას თავზე სიყვარულითა და სასოებით დასცქეროდნენ თვით თავად მამა და ძე იმისი და გაისმოდა მათი ერგული მოციქული ბახი სულიწმიდა კი დიდად ნეტარი მოცარტში იდო. მაგრამ ადამიანის სული ხომ – საწყაული აღუვსებელი და კიდევ რაღაც მაინც სურდა ამ აღზევებული ბედნიერებით თავზარდაცემულ გოგონას და წმინდა ნინოც მაშინვე მიუხვდა ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო შემოუბრუნდა, მაეჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი, ეპყრა, და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი…
„შეენ ხარ ვენახი“, იყო.
და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის, ხმაც ჩამოესმა.

* * *

რამდენადმე ადრე კი აქა:
მხოლოდ გამორჩეულები რომ შეარჩიეს, ასის ფარგლებში ართეული, რაღაცა დასაწინაურებელი გუმანით იყნოსა სტასიკმა ა ტვინმა სიხარულის რეჩხი უყო: „ძლივს, საქმე…“ არადა, სადამდე შეეძლო ესრულებინა მხოლო ეს: „ნაპლეეჩო, კნაგეე, შაგოომ…“ ნამდვილი სქმე, ხელებით საქმე, მოქმედი, იარაღიანი, ნაღდი, მონატრებოდა, აბა როგორია კომპოზიტორი იყო და – უსაკრავოდ, მხატვარი იყო და, უსაღებავოდ, – მიდი და იქნიე ცარიელა ფუნჯი, და აბა რორგორია ქადაგად დაცემული გარეწეარი – უენოდ, ანონამშჩიკი – უმელანქაღალდოდ, რორგორია, ჰა, გაგიჟდები კაცი, კიდევ კარგი რომ, ახლაღა მაინც ჰგზავნიდნენ სადღაც, ნამდვილ საქმეზე, თანაც, თვითმფრინავით, დიდ საიდუმლო განზე მდგარ თვითმფრინავში ჩასხეს შემართული სტასიკ და გამორჩეული მეყაზარმენი მისნი, თვითმფრინავის გუგუნში, გზაში, კრინტი არავის დასცდენია, რომელიღაც აეროპორტთან მშვიდობიანად დაფრინდნენ უცხო მიწაზე, და აქ თვით დაწინაურებული პრიკაზჩიკი დახვდათ; თუმც ნამეტმავად შესაშური პოგონები ედო, მაინც პატარა პრიკაზჩიკი იყო, რადგან ყოველთვის სხვის, ანუ რომელიმე მთავარი მეპრიკაზეს ბრძანებებსა თუ მითითებებს დაუყოვნებლივ და განუხრელად ასრულებდა; გარეგნულად თუმც ქედმაღალი, სწორუპოვარი და მკაცრად დარბაისელი ჩანდა, მომავალი ნაღდსაქმიანი ოპერაციით იმასაც ძლიერ უკაწკაწებდა ჩასაფურთხებელი სული: აბა სად გაგიგიათ კომპოზიტორი უსაკრ….., ყინულისგულა სნაიპერი – ულინზათოფოდ, ახალშლიაპკებიანი მუსკომედიელი ქალი – უსარკეებოდ, ძველი ჯალათი – უნიღბოდ და, ასე…
დიდპოგონებიანს სოც-საქმისთვის დიდად მზრუნველის ნიღაბი ედო. სარგადაყლაპული ხუთმაგი მწკრივის წინარე გოროზად დამდგარიყო პრიკაზჩიკი იროდ.
პრიკაზჩიკ იროდის ახსნა-ბრძანება-განმარტება მოკლე, ტევადი და ამომწურავი იყო:
– მრავალეროვანი დედასამშობლო (?! – მონადირე) ექსტრემისტების გამო განსაცდელშია. დადგა ჯერი თქვენი მაღალი მხედრული ვალის ასრულებისა. თქვენს დანახვაზე თავს მოიკატუნებენ. არ დაუჯეროთ. არ დაინდოთ არც დიდი, არც პატარა. მშვიდობას გაუმარჯოს!

ვემ… სახ… საბ… შირს!!! – იფეთქა მწკრივმა.

მოემზააა-დეთ!

ცალ ხელში ორლესული ბარი ებოძა საქმემოწყურებულ სტასიკს, მეორეში – საწამლავი. იქვე, მინდორში, შარვლები გამოურჩევლად ყველას ჩახადეს ფერშალებმა (ვითომ მიაღწევდა კია რომელიმე მათგანი ს. ორჯონიკიძისეულ დიდებას?), ნემსები შეურჭვეს იქ, რაღაცა ძალიან მყრალი სითხეც შეასვეს, არ დაჯღანულან, ასე იყო ალბათ საჭირო. ღამებნელში უცხო ქალაქს ავტომანქანებით უახლოვდებოდნენ, და ერთი მათგანი ალბათ უკვე ნამყოფი იყოიქ, რადგან მთაწმინდისა და მამადავითის დანახვაზე უყოყმანოდ თქვა:

ეს თბილისია, გრუზია, ხალხთა ჯალათის სტალინის ქვეყანა.

და უფრო მაგრად ჩაბღუჯეს კუთვნილი ბარები.
სტალინის ქვეყანა რომელიც იყო, კარგად იცოდა მონადირემ.
ზიმბაბვე და პაკისტანი უფრო იყო სტალინის სამშობლო, ვიდრე საქართველო. რადგან იმ ქვეყნებისა დიდად არა ენაღვლებოდა რა, თავის ყოფილ სამშობლოს, საქართველოს კი, თვალს არიდებდა, როგორღაც ეხამუშებოდა, არ უსწორებდა თვალს.
რადგან სტალინს თავისი ნამდვილი ქვეყანა დიდადა ჰქონდა.
…შე იმისშვილო, შოთა და ვაჟა არ იცი და, შენივ სტალინით გვაფასებ, არა?
სტალინის ხალხი არ იყო, არა,კიბეებზე და შოთას გამზირზე რომ იწვნენ, იდგნენ.
თავისას ცეკვავდნენ… თავისას მღეროდნენ… თავისას მოითხოვდნენ. სხვისა არა უნდოდათ-რა.
ახლოვდებოდნენ სტასიკი და დროებითად შემჭიდროებული თანამეცხედრე ძმანი მისნი, და მონადირის შეშფოთებული სული მშობლიურ ხალხში, თავისიანებში, მაინც გზაარეული დაწრიალებდა – რაღაც ცუდს, ძალიან ცუდს, მაგრამ მხოლოდ დედამიწურს, უგრძნობდა გული. აქ ათასებად შეკრებილიყვნენ, ეს – ხალხი იყო, მაგრამ ყოველ იმათგანს, ყველას, საკუთარი ერთი სიცოცხლე და ერთადერთი ნაბოძვარი სამშობლო ჰქონდა, მონადირეს თან უხაროდა მათი ასე ერთად დანახვა, – საქართველოთი გაერთიანებულებისა, მაგრამ რაღაც ცუდსაც გაბმულად და ძლიერ უგრძნობდაშეჭირვებული გული, და ახლა უნდოდა მათი დაშლა, თუმცა ძალიან, ძლიერ ეამაყებოდა მათი ასე ერთად-ყოფნა; მაშინ სხვა იყო, წინა ნოემბერში სულ სხვასა გრძნობდა, ცუდს არაფერს ეუბნებოდაგული, ახლა კი, თან უნდოდა, რომ ყოველთვის ასე ერთად ოფილიყვნენ და მაინც უფრო მეტად უნდოდა რომ, მაინც, მაინც რომ დაშლილიყვნენ, დაუჯერებდა კია, ვინმე? დაუჯერებდნენ კი არა, მოღალატედაც კი ჩათვლიდნენ, მაგრამ ამისი არ ეშინოდა, – მონადირეს არ შეეძლო, სულ მცირე ნიჭადაც კი არ დაჰყვა ამდენ საკუთარსულიან ადამიანთა წინაშე გამოსვლა, რჩევა და მოწოდება, ვერა ბედავდა, და გინდაც კარგად შესძლებოდა, არა, არა, არ დაუჯერებდნენ, ეგებ უცნობებს მოგზავნილადაც კი ჩაეთვალათ, იქ გველის სულიც დატრიალებდა, არადა, ყველა მათგანი, გდაცმულების ჩაუთვლელად, თავისებურად სპეტაკი იყო ახლა, მაგრამ გონივრებს, ვისაც მწარედ ჩაბეჭდოდათ ის ცხრა მარტი, არ უჯერებდნენ, არ ესმოდათ იმათი: „ჯერ ის შევითავისოთ საფუძვლიანად, ამ მოკლე ხანში რომ შეგვეძინა – სასულიერო აკადემია, საწყობებად გადაკეთებული ეკლესიების ეკლესიებად დაბრუნება, დაბრუნებული რობაქიძე, სამმაგი სეიფიდან გამოღებული „მონანიება“, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სწორად ხსენება, კიდევ რაღაც-რაღაცეები… ასე, ორიოდ დღეში, ყველაფერს ერთად არავინ მოგცემს, რაგინდ კარქა არ ლაპარაკობდეს… გონიერება, ზომიერება… აჩქარებითა სოფელიო… გაგიგონიათ? არ შეგვარჩენენ ასე უცებ განზე განდგომას. სიბრძნე და ჭკუა გვმართებს მეტი… ძალიან ხომ არ ავჩქარდით, ხალხო… არ შეგვარჩენენ.“
„მართლები ვართ და, ვერაფერს გაგვიბედავენ. ახლა სხვა დროა.“
„კარგად ეცადეთ, როგორმე დიდ შენობაში შერეკოთ. ის შენობა მაგათი მინისტრთა საბჭოა და ამიტომ სამართლიანად გვექნება სროლის უფლება, – პრიკაზჩიკ იროდის მიერ გულჩატანილად შემუშავებულ გეგმას სტასიკსა და მისთანებს გადასცემდნენმთლად წვრილ-წვრილი პრიკაზჩიკები, – მერე ტელევიზიასთან ჩაირბენთ, იქაც შეჰყარეთ, ი ტამ გვაქვს სროლის უფლება. მეავტომატეები სულ მუსრს გაავლებენ.“
„დაიშალენით, – იხვეწებოდა მონადირის ისე ძალიანშეშფოთებული, რა მოსატანია მაგრამ, პარტბილეთდაკარგულიიროდივით, სული, მაგრამ არ დაუჯერეს.
რა ბევრნი იყვნენ, რორგორი მართლები და რომელიმე პრიკაზმეისტერის მიერ განწირულები მაინც, ბევრნი რომ იყვნენ, ესშორიდანაც კარგად ჩანდა, შეკრთა სტასიკი, მხრებჩამოყრილნი იდგნენ პოდელნიკებიც მისი, მაგრამ მშობლიური ტანკებირომ აინახეს, როგორ მიეცათ გული, აჰ, სახელმოხვეჭილი ტანკები ჯერ გაატარეს და უკან მედგრად გაჰყვნენ,
„ატრიაა-ად, სდექ! ნალეევუ!“
და აქ სტასიკი ძლიერ დაიბნა:
ყველანი ისხდნენ, იმ ღამებნელში, ვერგათენეულ ცხრა აპრილშისტასიკისათვის ყოვლად უცნობი აუარება ყუჩი სანთელი ციაგებდა იქ, და, ჯერ ჩამორჩენილი ეკლესია ეგონა იქაურობა, მაგრამ არა,არა, ვიღაც რუსტაველის გამზირზე იყო,და,ტელევიზიით ბევრჯერ ნანახს რომ მოელოდა – მიუღებელ კაპიტალისტურ ქვეყნებში გფიცვისას როგორ ესროდა ხალხი სამხედროებს პროტესტის ნიშნად ქვებს, ბოთლებსა და ათს უბედურობას, ამია ნაცვლად კი, წყნარად ისხდნენ ქართველები და, მხოლოდ თავისას მოითხოვდნენ, სხვისა არაფერი უნდოდათ-რა, მაგრამ საზრიან სტასიკს მსწრაფლ გაახსენდა: „არ მოგატყუონ.თავს მოიკატუნებენ“, და მყისვე გააფთრდა: „როგორ, სტალინის ხალხმა კიდეც უნდა მომატყუოს მე“ – ახხ, ბრაზისაგან სულ აცახცახდა, და, იქვე გაისმა:

იმოქმეეედეთ!

და, პირველ რიგში, მისუსტებული მოშიმშილეებისაკენ ბარშემართულები დაიძრნენ, მაბრამ ხალხი წამოიშალა, გზა გადაუღობეს, მერედა, ვინ აკადრათ ეს, – ჯალათისტებმა, ტალინის ხალხმა, და თავისიანთაგან ერთი-ორმა აასწრო სტასიკს, სტასიკსარ ჰქონდა კარგი პოზიცია, ხელბარიანთა შუაგულში იყო, ისინი კი, მეწინავენი, ქალებს ურტყამდნენ, ქალებს ხოცავდნენბარიანებშიშეიჭრა მონადირის უმწეო და შეშლილი სული, „რას, რას აკეთებთ!ამას რას სჩადით!“ მაგრამ რომელი ერთი დაუგდებდა ყურს, თავიანთ ქალებს მოწყურებულნი, ყაზარმებში გამოკეტილნი, სულ სხვა ქალებზე იყრიდნენ ჯავრს და ხოცავდნენ ახლა, „კაცისმკვლელებო, ამას რას სჩადით!“, ისევ ყვიროდა უმწეო მონადირე, „ამას რას სჩადით, ტოლსტოი გყავდათ!“, ვინ დაუგდებდა სიცრუეებით ისე გამოტენილ, ვერგამოსაფხეკ ყურებს, მაინც ყვიროდა: „პუშკინი გყავდათ, მუსორგსკი გყავდათ!“ „ვოტ ვამ!.. – ბარიანი ხელის ყოველ დაქნევას ასე ყოლებდნენ ყაზარმელები: – ვოტ ვამ… ზა სტალინა… ზა სტალინა…“ მაოხრებელი გზირი… „ბუნინი გყავდათ, უბადრუკებო, სისხლისმსმელებო! ჩეხოვი გყავდათ!… – ისევ ამაოდ ღრიალებდამონადირე, – რახმანინოვი, დიდი სალტიკოვ-შჩედრინი გყავდათ!“ ვიღას ახსოვდა შენი ბულგაკოვიცა და პლატონოვიც, პროკოფიევი, ან, პრიკაზი ჰქონდათ, ხლა იმათგან არავინ ჰყავდათ, და, მარჯვენა თუ დაეღლებოდათ, მისწრება იყო საწამლავი, „უგუნურებო, ახლაც გიდგათ ეკლესიები!, დიდი პლატონ კარატაევი ხომ მართლა გყავდათ!“ პლატონ კარატაევი კი არა, დოსტოევსკიც აღარ ახსოვდათ, თუმც ეგებ წაუკითხავ რასკოლნიკოვს უფრო გრძნობდა წყეული სტასიკი, რადგან ნაჯახზე არანაკლებ, უფრო მჭრელიც კი, ბარი რომ შემართა, გოგონა იდგა მის წინ წყნარი, და შიშით კი არა, გაოცებული შესცქეროდა მხოლოდ, და გამოზოგილი სიამოვნებით, ნელა შემართა სტასიკმახელი, ყვრიმალებდაბერილმა, კბილებში გამოსცრა: „ვოტ ტებე…“ და მთელი თავისი იმ არსებით მძლავრად, ღონივრად რომ დაიქნია კუთვნილი ბარი, თან დააყოლა: „ზა სტალინა…“
სტასიკის მამა „ზა სტალინაააა“-ს სულ სხვაგვარად ყვიროდა ხოლმე.
თავგაპობილი იწვა გოგონა, დაჩერებოდა ვალმოხდილი ჭაბუკი სტასიკ.
ეგონა, მოსპო.

* * *

იქ ბევრნი იყვნენ გოგონას ტოლები. ყველასთან კარგად იყო, განსაკუთრებით კი სამი უფროსი ბიჭი მოსწონდა – გოგიტა და კახა ჩხაიძეები და იმათი მართლა მეგობარი გოგლიკო. ბიჭები ცოტათი უფროსები უნდა ყოფილიყვნენ, აბა რა. გოგონაზე ცოტათი ადრე იყვნენ მოხვედრილები იქა და, გოგონას ყოველ კუთხე-კუნჭულს კარგად აცნობდნენ. გოგონას სამივე ძალიან-ძალიან მოსწონდა,მაგრამ თავიანთ ბაღში მხოლოდ გოგიტასთან ერთად დაიარებოდა ხელიხელჩაკიდებული.კახას აქა, ჩვენთან, ერთი ისეთი სიცოცხლე-გოგო ჰყავდა, თვალებს ძნელად დაუჯერებდი, ორწლინახევრისამაც კი იმდენი ლოცვები და „ვეფხისტყაოსანი“-დან ადგილები იცოდა, ვერც წარმოიდგენდი; ასეთი საამაყო გოგო გვყავს ეკო.

* * *

დიდად ამრეზილი დსცქეროდა შორიდან სტასიკსა და იმისთანებს იმედგაცრუებული პრიკაზჩიკი.
ეს რა თაობა წამოვიდა… ვერც ერთგან შერეკეს ექსტრემისტები, ვერც მეორეში… როგორი დიდი ოპერაცია ჰქონდა ჩაფიქრებული და, რა გამოვიდა – რაღაც ოციოდ ერთეული… კიდევ კარგი რომ, გაქცეულებს დიდხანს მისდიეს, თორემ ასე ცოტა ერთეულიც კი არ იქნებოდა… „ცუდი თაობა წამოვიდა… – დამწუხრებული ფიქრობდა პირწავარდნილი სტალინისტი იროდ, და თავს მაინც იმხნევებდა, – არა უშავს-რა, კომენდანტის საათს ძალიან გვიან შემოვაღებინებ და ხუთიოდ წუთში დავერევი… მომავალი ჩვენია…“

რა იცოდა თუ, კომენდანტის საათიც ჩაუფლავდებოდა, რაღაცა ერთი ერთეული მხოლოდ…
დედამისისთვისაც გეკითხა, ძაღლთაპირო, როგორი რთი ერთეული იყო!
„კარგი, ვთქვათ მაშინ ღამე იყო და ადვილად მიმოიფანტნენ, – გაიფიქრებდა ორი დღის შემდეგ კომენდანტის საათისკვლავაც გაწბილებული შემომღები, – მაგრამ დღის, კარგ განათებაში, ველოსიპედზე ამხედრებულ ტრანსპორტირებულ იმ ათი წლის ექსტრემისტს უკეთეს ადგილას ვერ მოარტყეს ტყვია? მხოლოდ თეძოში… თან, იმ ჩაშლილ ღამეს ჩემდამი დაქვემდებარებულ ორ ჯარისკაცს ქვაც რომ მოხვდათ კასკებში? სერიოზული კომოციო აქვთ, დაუშვებელია! სამაგალითოდ უნდა დაისაჯნონ! კიდევ აქეთ არიან ჩემზე ნაწყენები“.
ათვალწუნებით დასცქეროდა მქშინვარე გამორჩეულებს, „მზადყოფნის ფრიადოსნები თქვენ არ იყოთ… უბადრუკები ეს“, მაგრამ დიდსულოვნად თქვა:

მაინც აჭამეთ.

პოლიტრუკმა კი მიუგო:

ორი მათგანი ვერ იმსახურებს ამას.

რატომ.

ორი მათგანი ვერაა ხასიათზე.

ალბათ ოპერაციის შეუსრულებლობისათვის.

არა, ბარები უშნოდ გააგდეს ხელიდან.

არა უშავს-რა, – თქვა სტალინისტმა!1 – შეეჩვევიან. მაინც აჭამეთ.

სტასიკი იქვე, რუსთაველის გამზირზე იჯდა და კუთვნილ საჭმელს მადიანად ჭამდა. ჯერ სწრაფად, ღონივრად ღეჭავდა და მერე სწრაფადვე ყლაპავდა. ცოტა მანამდე მიცვალებულები ჯერ შეაქუჩეს, ბრეზენტი გადააფარეს (ფაიფარა, კი, ჩადენილი), მერე მანქანებს გაატანეს და ახლა, ხელები მაინც დაებანათ! – ჭამდნენ.

მონადირეს კი ამ წუთას, ამჟამად, დროებით მაგრამ ძალიანზე უფრო ძალიან შეზიზღებოდა ადამიანის მოდგმა, მხოლოდ ესენი კი არა, საკუთარი თავიც ეზიზღებოდა, რადგან მათგვარი აღნაგობისა იყო, და საკუთარ თავს გამწარებული ახსენებდა: „შენც ოხერი ხარ, ქათმის დაკვლას არა კადრულობ და, კარგა გემრიელად კი შეექცევი, ძროხას ყელს არ სჭრი და, მშვენივრად მიირთმევ, ღორის სუკები ნერწყვმომდგარს მოგწონს და ღორის გამომშიგნავებს კი ამრეზილად შესცქერი… შენი სუნთქვაც კი, უნებური, მაგრამ მაინც დანაშაულია… რაღაც უხილავ ათასგვარ მიკრობს ისუნთქავ და ჰკლავ, ტყუილად კი არ ატარებს ბუდიზმის ზოგი მიმდევარი დოლბანდს… და რაგინდ თუნდაც კარგად მოიქცე, სუნთქვა ხომ მაინც ყველას გვინდა და, ჰაერსაც კი მახინჯებ – ჟანგბადს წამდაუწუმ ნახშირორჟანგად აბრუნებ ხოლმე… დედა-ბუნებას, ჟანგბადს ულევად რომ გიბოძებდა ხოლმე, როგორ ექცევი – აბინძურებ, აჭუჭყიანებ! და სასიკვდილოდ გყავს დაჭრილი… შენც ოხერი ხარ!“

ვინმე რუსტაველის სისხლდაღვრილ პროსპექტზე იჯდა სტასიკ, ირგვლივ კი რა აღარ ეყარა – ქალის ფეხსაცმელები, ლეიბები, თავსაბურავები, კაშნეები, ჩანთები, ცხვირსახოცები, წიგნები, ნოტები…
და ერთიც ჩანთა, თბილ წინდებიანი.
სტასიკს ამეებისა დარდი არა ჰქონდა, სისხლში იჯდა და გულიაშს შეექცეოდა. ბისკვიტს ატანდა ზედ.
შეძრწუნებულმა მონადირემ კი აღარ იცოდა, რა ეშველებოდა, ეს – მისი ხელობის კაცისათვის საშინელება იყო, ახლა, ამჟამად, ადამიანი, როგორც ასეთი, ეზიზღებოდა!

* * *

მაგრამ იქა, ძალიან ზემოთ, ხელიხელჩაკიდებულები დაიარებოდნენ გოგიტა და გოგონა.
ის ერთი დიიდი ბუჩქი, ყვავილებით როგორ უხვად დახუნძლული, სუმუდამ უხმობდათ. ახლაც იმასთან იდგნენ, გოგიტამ კი ერთი დიდი ყვავილი შეარჩია და, ყურთან მიუტანა. მთლად გატრუნული იდგა გოგონა, რა ესმოდა და:

„რამ შემქმნა ადამიანად?
რატომ არ მოვედ წვიმადა…“

* * *

კრიმში ჯერ ვერა და, კურორტ ცკალტუბოში კი ნასადილევზე ამაყად მიმოდიოდა უფასო საგზურიანი ახლად უფროსი ლეიტენანტი სტასიკ.
ხალხთაშუა მიდიოდა.

ერთ ინგლისელ მეცნიერს, გვარად ბაქსტერს, ასეთი ცდა ჩაუტარებია: ქოთნის ორი მცენარე მდგარა ოთახში, სადაც ბაქსტერმა ვიღაც ადამიანი შეიყვანა და ერთი მათგანი დაუნდობლად ააჩეხინა. მერე, მეორე დღეს, ცოცხლად დატოვებული მცენარე რაღაც ძალიან მგრძნობიარე ელექტროხელსაწყოს შეუერთა და რიგრიგობით, ცალ – ცალკე შეუშვა იმასთან რამდენიმე სხვა ადამიანი. მცენარის მდგომარეობის აღმნუსხველი ხელსაწყო არაფერს აჩვენებდა, გატრუნულიყო. მაგრამ როდესაც ის ამჩეხავი შეუშვეს, ხელსაწყო ლამის ახტუნავებულა, მცენარეს ისე შეუცხადებია. მისი გასვლისთანავე კი, დაშოშმინებულა. ამ ცდის ამბავი კალენდარში მოკლედ კი წაიკითხა მონადირემ, მაგრამ გულში ჩარჩა და მერე ძალიან დაინტერესდა: ნეტავ ყოველგვარი აჩეხვის უცოდინარ, სულ სხვა მცენარესთან რომ შეეყვანათ ის ადამიანი და მცენარე კი იგივ ხელსაწყოთი გამოეცადათ, ნეტავი ოდნავ მაინც არ შეიშმუშნებოდა?
კალენდარში ამაზე არაფერი ეწერა, მაგრამ მონადირემ მტკიცედ იცოდა რომ, ვისაც ჩაუვლიდა სტასიკი, შორეულად მაინც რაღაცას უგრძნობდა გული…
მზეზე ჩაყვინთული ბერიკაცები, შეიშმუშნებოდნენ.

გოგო და ბიჭი, ერთმანეთს თვალებდახუჭული რომ ჰკოცნიდნენ, შეკრთებოდნენ.
ბურთს დადევნებული ბავშვი რაღაცას წამოჰკრავდა ფეხს.

მაგრამ სტასიკი ბაქსტერის ცდისა ბაიბურშიც არ იყო და ხალხში ამაყად მიმოდიოდა. ხანდახან რაღაცით შემცბარ ადამიანებში ხალისით თამაშობდა დომინოს და შაშს, იმის ხელში გამოვლილ ქვებს როგორღაც ფრთხილად იღებდნენ ადამიანები, თუმც სტასიკისა არაფერი იცოდნენ. სტასიკი კი აბაზანებს ხალისით იღებდა, ყოველი შემთხვევისათვის ანალიზებზე ბევრმხრივ წარსდგა, ლექციებს ესწრებოდა საერთაშორისო თემებზე… უფასოდ ჭამდა , უფასოდ სვამდა. ვისას…
გახალისებულიყო.
…მაგრამ დრო გადიოდა.

* * *

გავიდა დრო და, გოგონა ისევ თავის გამოქვაბულში იყო, დამწუხრებული, იქ დედის ცრემლებს და მამის გულს მიუგდებდა ყურს, წმინდა ნინოსი რომ ჩამოესმა:

წამოდი, გიხმობენ, შვილო.

და მხრებში მაშინვე ფაქიზად შეუდგა ორი ცისარტყელა, ძალიან მჩატე იყო, ციმციმ წაიყვანეს.
მზემ, მარიამმა, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, მოეფერა.
ვიღაცა ხნიერი კაციც წარსმდგარიყო იმათ წინაშე, ძალიან გაცვეთილი პალტო ეცვა.
„ვაიმე, რას გავს, – შეცბა გოგონა, – ცხვირი ასე რამ გაუსია… ეს რა წითელი თვალები აქვს, ამას აქ რა უნდა…“
– ვერა ცნობ, შვილო?

ვერა, – თქვა გოგონამ. მაგრამ გული ძალიან უძგერდა.

თადარიგში გასული კაპიტანი სტასიკ წარსმდგარიყო იმათ წინაშე, ვიტიას გამონაცვალი უცნობი ფერის პალტო ეცვა, ოცდაათი კაპიკი ჰქონდა ჯიბეზე.
– შენი მკვლელია, შვილო.
– მე მკვლელი არ ვარ! – წამოიძახა სტასიკმა, – მე მხოლოდ პრიკაზს ვასრულებდი!… ეგენი დავკაში მოყვნენ.

რაში მოჰყვნენ?

ერთმანეთი გადათელეს! – თუმც იქაურებისა არა გაეგებოდა-რა, მაინც თითქოსრაღაცდა ძალიან არსასურველ განსაცდელს გრძნობდა და თავს მაშინდელი შენაკოწიწით იმართლებდა: – მაგათერთმანეთი დავკაში გადათელეს, ჩემი თუ გჯერათ, თვით ჩემზე სანდო ბევრად უფროს თვითიროდს ჰკითხეთ, თუ არ გჯერათ!

მაგრამ პრიკაზჩიკს რა პასუხი უნდა გაეცა, ადუღებული კუპრის ტბაში იხარშებოდა, გოგონასათვის ყოვლად უცნობადგილას, სადღაც, და, შავ ორთქლ – ადენილი, გიზგიზა ცეცხლით შემოგარენ-ახტუნავებული, რასხად (რასხი: შავ-წითელი) ფართხალებდა, მწარე ღრიალით იხვეწებოდა: „მომკაა-ლით! გამათაა-ვეთ!“

მიართმევდნენ, კი, სიკვდილს.

მე… ამან მომკლა, იქა? – იკითხა გოგონამ.

და როგორც მაშინ, გაოცებული შეაცქერდა.
პირქუში არსებაც იცდიდა იქვე, სტასიკისთანაების პრიკაზჩიკამდე ნავით ერთგულად გადამყვანი.

ბარი მიეცით,- თქვა მარიამმა.

– მე ბარი არ მინდა! – ასავსავებდა ხნიერი სტასიკი, – მე ბარი რად მინდა, თადარიგში გასული ვარ!

ის საწამლავი, – თქვა მარიამმა, – როგორ გაბედეთ, როგორ იხმარეთ…

– მე პირადად არ ვიცოდი საწამლავი თუ იყო! – თავი ისევ ტყუილით იმართლა მწარედ აფორიაქებულმა სტასიკმა, თითქოს გრძნობდა რა წარმოუდგენლობაც მოელოდა, – მე არ ვიცოდი საწამლავი თუ იყო, გამაბრუებელ საშუალებად მომასაღეს! პირველად მესმის!..
– და ბარი, ბარიც არ იცოდი?
თავჩაქინდრული იდგა სტასიკ.
– ვთქვათ, ისიც არ იცოდი, უდანაშაულო თუ იყო. მაგრამ ასეთ პატარაზე, ასე პატარა გოგონაზე, როგორ შემართე ბარიანი ხელი.
ერთხანს კი დუმდა, მაგრამ საზრიანი იყო სტასიკი:

ძალიან ბნელოდა! იმ სიბნელეში იგი უფრო უფროსად გამოიყურებოდა!

რამდენისა გეგონა მაინც…

ასე… ასე მთელი ოცი წლის სრულწლოვან დაფიქსირებულ მოქალაქეს გავდა.

რას ჰგავდა?

სრულწლოვანს. ძალიან ცუდად ჩანდა იმ… თქვენი სახელი?

მარიამი.

ძალიან ცუდად ჩანდა იმ სიბნელეში, ამხანაგო მარიამ!

აქ წმინდა ნინოსაც კი გაეღიმა, მოკლედ ჩაიქნია მარცხენა ხელი.

ძალიან ცუდად როგორ ჩანდა, – თქვა მარიამმა, – სანთელი ეკავა ხელში.

ხნიერმა სტასიკმა უმწეოდ მიმოიხედა, მაგრამ იმ პირქუშის თვალებს წააწყდა და, აქ კი კარგა მეათასედით იგრძნო რაც მოელოდა და, ამითაც კი შეძრწუნებული, სხაპასხუპით ალაპარაკდა:

რომელი გამართლებული კაცი მე მნახეთ! მე შედარებით პატარა კაცი ვარ!
მეარაფერშიარგამიმართლა! აგერ, ოცდაათი კაპიკიც კი გამომყვა არადა პივაისემინდოდა… ვერ ხედავთ პალტო როგორი მაცვია! – და, ერთბაშად გასაწყლებულმა, მძიმედ დაამატა: – დედაც, დღეში ორჯერ მცემს.

ვინა გცემს?

დედა. ჩვენში ცოლებს ასე ვეძახით.

დაფიქრებული გოგონა თავისთვის იდგა.

სანამ არ თვრებოდი, ხომ არა გცემდა?

არა. დავუძლურდი და მომერია.

მემრედა, რატომ დაიუძლურე თავი.

აბა, რა მექნა! – აქ კი ცამდე სწორად თვლიდა თავს სტასიკი და, აფეთქდა: – აბა,

მე რა მექნა, ჩვენში მთელი შვიდი თვე იცის ზამთარი და სულ ფეჩზე ხომ არ ვიწვებოდი! ეგ მაგის საქართველოა, კალორიებიანი ვინაგრადი რომ მზამზარეულად ჩასდით მუცელში! ვერ ვიტან მაგათ!!
დაფიქრებული შესცქეროდა გოგონა. ახლაც ყუჩად იდგა.

ყურძნის მოყვანას რა შრომა უნდა, თუ იცი.

რა შრომა უნდა – მხოლოდ დაწურე და დაასხი-დალიე!

გულზე მიიდო ჯვარი სტასიკით შემკრთალმა წმინდა ნინომ.
სიჩუმე იდგა ისეთი რომ, აის დიადი სამხმოვანებაც კი არ ისმოდა.
მაგრამ ღვთისმშობელი ალაპარაკდა. იმას ხმა ჰქონდა რომ? ახლაც კი, ეკლესიაზე მთვარის შუქის დაფენას ჰგავდა.
– ყური დამიგდე. მე აქ არავის ვასამართლებ. არასოდეს. მაგრამ შენი თავი მე გა მომიგზავნეს. ალბათ იმიტომ, რომ ეს გოგონა ჩემი ერთ-ერთი გამორჩეული შვილობილია. საქციელით რომ გახრწნილი იყავი, ეგ შედარებით არაფერი, შენ სიტყვებითაც მეძავი დარჩი, შენი ერის დიდმა შვილმა კი ერთხელ ასეც თქვა, რომ, ყველაფერი შეიძლება ეპატიოს ადამიანს, სიტყვით მრუშობის გარდა. მაგრამ მე არაფრის მისჯა არ შემიძლია, – და გოგონასკენ გაიშვირა ხელი, – დაე, ამან გაგასამართლოს.
და აქ სტასიკი იმ პირქუშმა გოგონას ქეჩოთი მიჰგვარა.
დაფიქრებულიყო ყმაწვილი მსაჯული.
ყველანი, დუმდნენ.
ის სამხმოვანებაც კი, მარადიული, ახლა დადუმებულიყო; არაფერი უბიძგებდა არსაითკენ, მხოლოდ თავისით უნდა გამოეტანა მსჯავრი, უმწეოდ მიმოიხედა გოგონამ და, წმინდა ნინოს ვაზის ნასხლევს რომ მოჰკრა თვალი, წამოიძახა:

გთხოვთ, აპატიოთ, დიდო მარიამ ღვთისმშობელო!

რკინის თითები გაკვირვებისგან მოუდუნდა უცხო პირქუშს!..

კარგად დაფიქრდი.

გთხოვთ, აპატიოთ, შეხედეთ, რა უბედურია…

კარგად დაფიქრდი. მე არაფერს არა გკარნახობ, მაგრამ არ მინდა რომ
აჩქარდე, შვილო.

– აჩქარებით არ მომსვლია ეს, მე მაგაზე ბევრჯერ ვფიქრობდი. ეგ ალბათ ისე დაიბადა, ისე გაზარდეს…
და თუმც თავს ისევ იკავებდა, უფრო მოულბა ხმა:

შენი გამოქვაბული თუ გახსოვს, შვილო? უთვალავწვეთება, გაბზარულქვიანი.

იმ გამოქვაბულში ვფიქრობდი სწორედ, დიდო მარიამ-ღვთისმშობელო.

მერე?

ისევ ისმოდა ის დიადი სამხმოვანება. სახელითა მამისა და ძისა და სულიწმიდისა – უფრო.

გთხოვთ, აპატიოთ, ყველაზე დიდო ქალბატონო. ეგა, ცოდოა…

რატომ, შვილო.

მაგან აქაურობისა არაფერი იცოდა-რა, წარმოდგენაც კი არა ჰქონდა. აპატიეთ
– რა, დიდო მარიამ-ღვთისმშობელო.

ღრმად დაფიქრებულიყო ყველაზე დიდ ქალბატონი, წმინდა მარიამ-ღვთისმშობელი, დიდი მარიამი, მზე.
გოგონასათვის, და თავისათვისაც, სიხარულის ცრემლი სდიოდა.

თქვენ გიძღვნით, დედებს.

1989 წ.

მოხეტიალე მუსიკოსი ილიკო ქურხული

$
0
0

ილიკო ქურხულიეროვნული არქივის კვირის დოკუმენტია ქართველი მოხეტიალე მუსიკოსის, ილიკო ქურხულის თხოვნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი“: „სკრიპკით სოფელ-სოფელ ვასწავლი გლეხის ბავშვებს ეროვნულ სიმღერებს, ვასმენინებ ევროპულ მუსიკას გრიგის, ბახის, ჩაიკოვსკის, მოცარტის და სხვა გენიოსების გადმონაცემს, ამის გარდა აზრათა მაქვს, ვასწავლო ამავე ბავშვებს მუსიკალური ან-ბანი, წავუკითხო ჩვენი უმთავრესი მწერლების და მგოსნების მოკლე ბიოგრაფია, უმთავრესი ნაწარმოები და სხვა.

სწორედ ამ მიზნისათვის ვაწუხებ გამგეობას და ვთხოვ შეძლების და გვარათ შემიწყოს ხელი, დამეხმაროს პატარ-პატარა წიგნაკებით, რომლებიც სასურველია სრულებით უფასოთ დავურიგო ჩემი აუდიტორიის ბავშვებს, შემიძინოს ლინოლეუმის დაფა კედელზედ ან ხეზედ ჩამოსაკიდი“.

1916 წლის 24 ივნისი.

მოგვიანებით ილიკო ქურხულმა საზოგადოებას მიმართა ველოსიპედის შეძენის თხოვნითაც. მოხეტიალე მუსიკოსმა ორივე შემთხვევაში მიიღო დახმარება.

დოკუმენტი დაცულია საისტორიო ცენტრალურ არქივში, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ საარქივო ფონდში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

თბილისის ოპერა

$
0
0

ოპერის თეატრი საქართველოში 160-ზე მეტ წელს ითვლის, მას საფუძველი ჩაუყარა კავკასიის მთავარმართებელმა გრაფ მიხაილ ვორონცოვმა 1847 წელს. 1851 წელს იგი გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. ოპერა ბევრად მეტი გამოდგა ვიდრე უბრალოდ გასართობი, მან მთლიანად შეიცვალა თბილისური ცხოვრება. ოპერა ვორონცოვი გამორჩეული კაცი იყო და მას უნდოდა ქართველების ყურადღება პოლიტიკიდან კულტურაზე გადაეტანა. იმ დროის თბილისში ორი რამ აოცებდა მნახველებს: თბილისური აბანოები გოგირდის წყლებით და ოპერა. სწორედ ოპერამ აღაფრთოვანა ალექსანდრე დიუმაც თბილისში ყოფნის დროს.

სახსრებისთვის, რაც საჭირო იქნებოდა ოპერის თეარტის შენობის ასაგებად ვორონცოვმა ვაჭარ გაბრიელ თამამშევს მიმართა, რომელიც ერთი პირობით დასთანხმდა; იმავე შენობაში უნდა ყოფილიყო ქარვასლაც (სანამ ადამიანი თეატრში შევიდოდა უნდა გაევლო მაღაზიის რიგები).

1851 წლის ნოემბერში მოიწვიეს იტალიური დასი დირიჟორ ბარბიერის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით სპექტაკლებს თამაშობდა რუსული დასიც, თუმცა მთავარი ამ ქალაქისთვის მაინც იტალიური ოპერა გამოდგა… მართალია, ოპერამ გადატრიალება მოახდინა, მაგრამ მას თავდაუზოგავად ებრძოდა თბილისური წვიმა. ყოველ ჯერზე დროშებთან იდგნენ მუხლამდე ტალახში ამოსვრილი მეკურტნეები და ქალბატონები ხელით შეჰყავდათ შენობაში. ოპერამ გაამრავლა თბილისში ფრანგული მოდის მაღაზიები, გაჩნდნენ მეყვავილეები. გარეთუბანში ყველაფერი იცვლებოდა… ყველაფერი ტრიალებდა ოპერის გარშემო.

აქა-იქ ჩანდნენ ქართველი ქალი მომღერლები; ქალის სცენაზე ყოფნა იმ დროს დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა.

დილიდან როგორც კი აფიშა გამოიკვრებოდა მთელი ქალაქი იმ დღის წარმოდგენის არიებს ღიღინებდა, ვისაც როგორ შეეძლო. სემინარიელებს და გიმნაზიელებს ეკრძალებოდათ ბილეთების აღება, მაგრამ იყვნენ გადამყიდველები და 1867 წელს პარტერში აღმოჩნდნენ გიმნაზიელები, რომლებმაც ააფრიალეს ქართული სამეფო დროშა და დასძახეს პატრიოტული ლოზუნგები. ოპერა სინათლის ანთებამდე ისინი გაიპარნენ შენობიდან, მაგრამ ამან გამოიწვია ის რომ კავკასიის მმართველობამ დაშალა იტალიური დასი და იტალიელების გასტროლები შეწყვიტა… ამის შემდეგ იყვნენ მხოლოდ რუსი მომღერლები… ოპერა გახდა უბრალოდ ოპერა და ხელოვნება და აღარ იყო ცხოვრების ნაწილი. თუმცა მალევე მიხვდენენ რომ ასე არ შეიძლებოდა და ისევ გამოჩნდნენ ახალი დასები… თბილისის ოპერამ განაგრძო იტალიური ცხოვრება.

როგორც აღმოჩნდა თბილისურ ოპერას ტრაგიკული ბედი ეწერა… 1874 წელს ოპერა დაიწვა… დაიწვა უყურადღებობით, გაურკვევლობით… უკანასკნელი წარმოდგენა იყო ბელინის „ნორმა“ და ამ წარმოდგენის დროს თამამშევის ქარვასლის გვერდით ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა ცეცხლი და ქარვასლას გადაედო. ზუსტად ოპერის წინ იყო სახანძრო შენობა, გამოცვივდნენ მეხანძრეები, მაგრამ ყველაზე გულსატკენი ალბათ სწორედ ისაა, რომ წყალი არ ჰქონდათ… მთელი ქალაქი შეიკრიბა მთავარი ნაგებობის წინ და უყურებდა როგორც იწვოდა ცხოვრების ნაწილი. წყალი არ აღმოჩნდა იქვე შადრევანშიც… პოლიციამ შეკრიბა წყლის დამტარებლები, რომლებიც მეორე დილამდე ეზიდებოდნენ წყალს… მაგრამ დარჩა შავი ნახანძრალი შენობა… ფიქრობდნენ, როგორ უნდა აღდგენილიყო დამსხვრეული ლეგენდარული ჭაღი, გაგარინის ფრესკები და ოპერის ფარდა, რომელსაც, ერთი მხრივ, ეხატა რუსეთი, რომელსაც მოჰყავდა რკინიგზა, და მეორე მხრივ, სქართველო, ხელში ხანჯლებით. ოპერამ გადაინაცვლა საზაფხულო თეატრის სცენაზე, თუმცა ამ ფაქტიდან 22 წლის განმავლობაში თბილისში ხეირიანი საოპერო დადგმა აღარ ყოფილა.

1896 წელს გოლოვინის პროსპექტზე დამთავრდა არქიტექტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი შენობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი. მის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული.

1973 წელს ახალ შენობაშიც გაჩნდა ხანძარი, დაიწვა სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული უძვირფასესი და ულამაზესი ფარდა, სამუზეუმო და საარქივო მასალების დიდი ნაწილი. ოპერა რეკონსტრუქციის შემდეგ შეინარჩუნეს ფსევდომავრიტანული სტილი, შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი. თაეტრში 6 სარეპეტიციო დარბაზია, აქედან 3-საბალეტო, 2-საოპერო და 1- ორკესტრისთვის.

2010 წელს დაიწყო შენობის რემონტი, თეატრს დაემატა ახალი ფუნქციის მქონე ობიექტები. განახლდა ძირითადი შენობა, დარბაზი, დამხმარე ნაგებობები, ასევე გარე ტერიტორია. გაიწმინდა ავსტრიაში დამზადებული 100 ნათურიანი ბროლის ჭაღი, თეატრს დაემატა საგამოფენო სივრცე. სცენას დაუბრუნდა სერგო ქობულაძის შესრულებული, ხანძრის დროს დამწვარი პარდის პრინტი.

განახლებული თეატრი 2016 წლის 30 იანვარს საზეიომოდ გაიხსნა პრემიერით „აბესალომ და ეთერი“.

ბოლოს კი, რაც შეეხება უშუალოდ ქართულ ოპერას, იგი დაკავშირებულია მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან, ფრაგმენტები მისი ოპერიდან „თამარ ცბიერი“ 1897 წელს პეტერბურგში შესრულდა. თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი პირველი ქართული ოპერა იყო რევაზ გოგნიაშვილის „ქრისტინე“, პირველი ქართული კლასიკური ბალეტი ანდრია ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“ 1936 წელს დადგა ბალეტმაისტერმა ვახტანგ ჭაბუკიანმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბალეტო სკოლას.

მოამზადა მეგი კაკაბაძემ

წყარო:

1. აკა მორჩილაძე – „ქართულის რვეულები“
2. http://www.opera.ge/AboutTheatre/Archive.aspx

ოპერა


წიგნის საერთაშორისო დღე

$
0
0

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა.

წიგნის საერთაშორისო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1923 წელს კატალონიაში ჩაეყარა. მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების დღეს, 23 აპრილს მამაკაცები ქალებს ვარდებს ჩუქნიდნენ, ხოლო მათგან სამაგიეროდ წიგნებს იღებდნენ. ეს იყო ქალების მხრიდან თითქოს შეხსენება, რომ წიგნს ვერაფერი შეცვლის. ქალები მხოლოდ მათ რჩეულ მამაკაცებს ჩუქნიდნენ წიგნებს. წიგნი იმ დროში დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამიტომ ამის საშუალება მხოლოდ დიდგვაროვანი წრეების წარმომადგენლებს ჰქონდათ.

წიგნი

ეს გახდა დღე, როცა ქუჩებს ძველი თუ ახალი წიგნები ფარავდა და კიდევ ერთხელ იწყებდნენ საჯაროდ იმის საუბარს თუ რაოდენ აუცილებელია წიგნი ადამიანის განვითარებისთვის. ამ ყველაფერმა მოიტანა ის რომ 1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და მისი აღნიშვნდა დაიწყო 1996 წლიდან. პირველ რიგში, იუნესკომ ამით მოუწოდა ახალგაზრდებს ეკითხათ რაც შეიძლება მეტი.

მძიმე 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში ამ დღის შემოღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენი ქვეყანა 2003 წელს შეუერთდა იმ 80 ქვეყანას, რომელიც აღნიშნავს წიგნის საერთაშორისო დღეს და ამ წლიდან მოყოლებული იმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მკითხველს სთავაზობენ ფასდაკლებებს, ასევე ეწყობა ახალი წიგნების პრეზენტაცია, შეხვედრები ავტორებთან…მიზანი კი ის არის რომ ხელი შეეწყოს ახალი, განათლებული თაობის აღზრდას და კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი წიგნის მნიშვნელობას.

წელს წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 21-24 აპრილს ფილარმონიაში გაიმართება ფესტივალი „წიგნი და მუსიკა 2016“, სადაც წარმოდგენილი იქნება უამრავი წიგნები და ფასდაკლებები, ასევე გაიმართება ქართველი შემსრულებლების კონცერტი. წიგნებისა და ყვავილების ფესტივალი დაგეგმილია ასევე ისთ ფოინთსა და გლდანი მოლში.

ამ დღეს საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ორგანიზაცია „მზიანთან“ ერთად „ახალ მზიურში“ აღნიშნავს და ეს იქნება პირველი პროექტი რომელიც გაიმართება „ახალ მზიურში“. მთელი დღის განმავლობაში მზიურის ამფითეატრში დაგეგმილია შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან და სხვა მრავალი ღონისძიება.

მოამზადა მეგი კაკაბაძემ

როგორ აღინიშნა წიგნის საერთაშორისო დღე ბარსელონაში 2015 წელს:

ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”– 2016

$
0
0

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, „აღდგომიდან ამაღლებამდე“ თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) 5 მაისს გაიხსნება; წარმოდგენილი იქნება საქართველოს და დაღესტნის სახალხო მხატვრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, უნიკალური ხელოვანის მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა.

წელს ფესტივალი პროექტის “Check in Georgia” ფარგლებში ტარდება და საინტერესო საფესტივალო პროგრამით გამოირჩევა – სამხატვრო ხელმძღვანელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია.

ფესტივალის დასკვნითი საღამო, 9 ივნისს, ამაღლების დღესასწაულზე, ბათუმში გაიმართება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016

$
0
0

14 მაისს, მთაწმინდის პარკში, ღვინის კლუბის ორგანიზებით უკვე მეშვიდედ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახურმა (102 მარანი), ახალი ღვინის ფესტივალი 2016 საშუალო და დიდმა მეღვინეობებმა (78 ღვინის კომპანია) საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგინეს 2015 წლის მოსავლის ღვინოები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 ტრადიციულად ქვევრის საზეიმო გახსნით დაიწყო.

ფესტივალის მუსიკა: რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი “დიდგორი”; ბენდი “Tango Vagabundo’ (მოხეტიალე ტანგო).

ახალი ღვინის ფესტივალი 2016

ფესტივალში მონაწილე ღვინის კომპანიებს საზეიმოდ გადაეცათ ღვინის კლუბის სიმბოლო “ელიბო”.

ფესტივალზე გათამაშდა საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016

ღვინის კომპანიებთან ერთად ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნა სხვა კომპანიები და მეწარმეები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალი გახლდათ.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016
ახალი ღვინის ფესტივალი 2016

გუდაურში წიგნის ფესტივალი გაიმართება

$
0
0

გუდაური ზაფხულში 2016 წლის 4 ივნისს გუდაურში, სასტუმრო „მარკო პოლო“-ს ტერიტორიაზე წიგნის ფესტივალი გაიმართება, პირველად გუდაურში, ღონისძიება „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელშეწყობით ტარდება და რეგიონული მნიშვნელობისაა.

მთელი დღის მანძილზე, სასტუმროს ტერიტორიაზე გამოფენილი იქნება 15-მდე გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნები და პოსტერები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე ქართველი და უცხოელი ტურისტი, მათ წიგნებს შეღავათიან ფასად შესთავაზებენ.

ფესტივალი ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის ფარგლებში იმართება და ტრადიციულ სახეს მიიღებს, ღონისძიება ყოველ წელს, ივნისის თვის პირველ კვირას გაიმართება.

ორი ახალი წელი და ქართული კუთხური ტრადიციები

$
0
0

თოვლის ბაბუაქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება.

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს, მე-16 საუკუნეში შემოიღეს. ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება, ბირმაში – 1 აპრილს იწყება, ვიეტნამში – 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორის. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება.

ჩინეთში ახალი წელი 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის აღინიშნება. ახალი წლის თარიღს საქართველოშიც ხშირად ცვლიდნენ. საბოლოოდ, 1 იანვარს დამკვიდრდა.

ახალ წელთან დაკავშირებით, “ამბიონი” ესაუბრა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურს, მამა არჩილ ხაჩიძეს: “ახალი წელი რამდენიმე საუკუნეა, საქართველოში და თითქმის მთელი მსოფლიოს ნაწილში 1 იანვარს აღინიშნება. მაგრამ ახალ წელს 1 იანვარს ადრე არ აღნიშნავდნენ, იმიტომ რომ, არ არსებობდა ისეთი კოორდინირება, როგორიც ახლა გვაქვს. თან, ყველა ერს ჰქონდა გამორჩეული დღე, საიდანაც იწყებდა წელთაღრიცხვას.

იაპონიაში ახალ წელთაღრიცხვას მე-20 საუკუნემდე იმპერატორის ტახტზე ასვლიდან იწყებდნენ. საკუთარი წელთაღრიცხვა ჰქონდათ, ბაბილონელებს, ასურელებს, რომაელებს. რაც კაცობრიობა, დროის ათვლა დაიწყო, მას შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყეს ზოგან შვიდი, ზოგან რვა, ზოგან ათ დღიანი კვირების, 10, 11, 12 თვიანი წელიწადის შემოღება. თუმცა წელიწადი ყველგან მეტნაკლებად განისაზღვრა და მთელს მსოფლიოში ერთმანეთს მიემსგავსა.

ახალი წელი, როგორც ასეთი, საეკლესიო დღესასწაული არ არის და ბუნებრივია, ვერ იქნება. ეკლესიას გააჩნია თავისი უამრავი დღესასწაული, რომელსაც ყოველდღიურად აღნიშნავს, რადგან ყოველი დღე უფლის სადიდებელია. ეკლესიას აქვს თავისი დაარსების დღე, სულთმოფენობა. ეს უდიდესი დღესასწაულია.

ბუნებრივია, არსებობს საზოგადოება, რომელიც ერთდროულად არის მრევლიც და ჩვეულებრივი ნაწილი სახელმწიფოსი და იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ახალი წლის ორჯერ აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არ არის, ეკლესია მაინც ზეიმობს.

ახალი და ძველი წელიწადი, საეკლესიო დღესასწაული არ არის. ორი ახალი წელი მას შემდეგ შემოვიდა, რაც 1582წ. პაპმა გრიგოლ მე-13-მ განახორციელა კალენდარული რეფორმა, რომლის დროსაც მან ის ნაკლოვანებები იანგარიშა, რომელიც თავის დროზე, იულიუსის კალენდარს გააჩნდა. თუ სწორად მახსოვს, 14,157 მეათასედ წამის ცდომილებას იწვევდა. რაღაც პერიოდში ხდებოდა ამ ცდომილებების დაგროვება და ამ 1600 წლის განმავლობაში 13 სრული დღე დაგროვდა, რომელიც შემდგომში გამოაკლეს. მექანიკური ჩარევა მოხდა კალენდარში. თუმცა, არა ათვლის პრინციპით. უშუალოდ კალენდარში 13 დღე გამოტოვეს და დაიწყეს დროის ახალი ათვლა.

მრევლს რაც შეეხება, თავისუფლად შეუძლია ორივე იდღესასწაულოს. თუმცა, ახალი წელი იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ. ის სიმშვიდე და მყუდროება, რომელსაც მარხვის განმავლობაში ვინარჩუნებთ, ქარს არ უნდა გავატანოთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, ოღონდ აუცილებლად მარხვით.

ახალ წელს ყველა ახალი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. ჩვენც, როგორც რიგითი მოქალაქეები ვერ ჩამოვრჩებით და არც უნდა ჩამოვრჩეთ.

ასევე უნდა ავღნიშნოთ ძველი და ახალი წელი, რომელიც საეკლესიო თვალსაზრისიდან გამომდინარე ნამდვილად დგება, ის დღე, რომელიც შობის დღესასწაულს მოსდევს. მაცხოვრის შობის შემდეგ იწყება ახალი წელი მთელს მსოფლიოში”.

ტრადიციები და ახალი წელი

ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ. ძველად, თბილისის მოსახლეობა ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდა, თვლიდნენ, რომ ამ დღეს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო, თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება მათ გვერდს აუვლიდა.

ძველად ახალ წელს დათრობა და ხმამაღალი საუბარი არ შეიძლებოდა. ეს ყველაზე ტკბილი დღე იყო, მთაშიც და ბარშიც. რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, დიასახლისი რიტუალურ პურს, ბედისკვერს აცხობდა ოჯახის ყველა წევრისათვის. ბარში ტაბლაზე დააწყობდნენ წითელ კვერცხებს, ცივად მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ჩურჩხელას, ჩამიჩს, ღვინოს, არაყს, ნაზუქებს… ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი მთაშიც და ბარშიც შეშის მოტანა იყო.

გურიაში საახალწლო სამზადისი, ახალი წლის წინა დღეს იწყებოდა. ყველაფერს რეცხავდნენ, საკალანდე ღორი იკვლებოდა და ოჯახი მეკვლის დასახვედრად ემზადებოდა. მეკვლე კი საახალწლო რიტუალისთვის უმთავრესი იყო. ის ახალი წლის დილას, გარიჟრაჟზე მიდიოდა გურიაში, სამეკვლეო პროდუქტებით, რომელიც გურული კაცისათვის აუცილებელი იყო. ეს ტკბილეული იყო, სასმელი, ბალახი ან ნორჩი ტოტი, რაც სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა. მეკვლე კარზე აკაკუნებდა და იძახდა: “კარი გამიღე ბედნიერო”, ოჯახის უფროსი გასძახებდა: “რა მოგაქვს?”, მეკვლე პასუხობდა: “ბედნიერება, ჯანმრთელობა, დოვლათი, ბარაქა, ყველაფერი სიკეთე”. ამის შემდეგ მეკვლე ოჯახში შედიოდა. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება რამდენიმე ოჯახის მეკვლე ყოფილიყო.

სვანეთში, მეკვლის მოსვლამდე, ოჯახის მეკვლე თავად ოჯახის უფროსი იყო. ახალი წლისთვის სპეციალურად არჩევდნენ ხმელ ფიჩხებს, ბუხარში ცეცხლის მოკიდებისთანავე ტკაცა-ტკუცი რომ აეტეხა. თუ ერთი სულის შებერვით აინთებოდა, ნიშნავდა, რომ ოჯახს ცეცხლის მადლი ექნებოდა. შემდეგ ოჯახის უფროსს ცხენი ან ხარი წყაროზე გაჰყავდა. იქ “ხელს აუხსნიდნენ” მეზობლები ერთმანეთს, თითო სადღეგრძელოსაც იტყოდნენ და ერთმანეთს დალოცავდნენ.

ამის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში ბრუნდებოდა, კარზე დააკაკუნებდა და მეკვლის სიტყვას გაიმეორებდა, “კარი გამიღე შენ ბედნიერო”. ოჯახიდანაც იგივე ტექსტს პასუხობდნენ. სახლში შესვლისას ტკბილეულთან ერთად თოვლის გუნდაც შეჰქონდა, როგორც სიწმინდის და სისუფთავის სიმბოლო.

რაჭაში 31 დეკემბერი კალანდობის სახელით არის ცნობილი. ამ დღეს ოჯახის წევრი ტყეში წავიდოდა და შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, რომელიც კალოზე წაღმით აღმოსავლეთისკენ იდგმებოდა და ამგვარად უნდა მდგარიყო ნათლისღებაზე. ნათლისღებას კი საკალანდო ღორი იკვლებოდა, აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ოჯახის წევრის გაღვიძებამდე მოდიოდა ოჯახის შინაური მკლოვიარე-მეკვლე. მკლოვიარეს კარებს უღებდნენ მას შემდეგ, რაც იგი სამჯერ დაარწმუნებდა სახლში მყოფთ, რომ ოჯახისთვის ბარაქა მოჰქონდა.

ლეჩხუმში 31 დეკემბერს კალანდა ეწოდებოდა. ქალები საკალანდე ღორს – ნეზვს კლავდნენ. ღორის თავი სხვენზე ნათლისღებამდე ეკიდა. სხვადასხვა კუთხეში დღემდეა შემორჩენილი ეს ტრადიციები.

Viewing all 245 articles
Browse latest View live