Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all 245 articles
Browse latest View live

ნევმირებული საგალობლები, X-XI საუკუნეები

$
0
0

საქართველოს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ხელნაწერი – საგალობლები ნევმებით, X-XI საუკუნეები.

ნევმებით გაწყობილი ერთ-ერთ უადრესი ქართული ხელნაწერი. გადაწერილია კალიგრაფიული ნუსხურით. საზედაო გრაფემები, სათაურები, ანდერძი და ნევმები შესრულებულია სინგურით. მიუხედავად ფრაგმენტული ხასიათისა, შენარჩუნებულია ანდერძი, რომელიც მთავრულითაა ნაწერი: „გლახაკი მონაჲ შენი […], წმიდანო ღმრთისანო, მომიჴსენეთ“. ეტრატი, ზომა: 14.4X10.5

ნევმირებული საგალობლები

ნევმები ძველი მუსიკალური ნიშნებია, რომელთა ჩამოყალიბებას სპეციალისტები დაახლოებით VIII-IX საუკუნეებისათვის ვარაუდობენ. ქართულად ნევმირებული საგალობლების შემცველი კრებულები X საუკუნიდან ჩნდება. მათგან ყველაზე ცნობილია მიქაელ მოდრეკილის “იადგარი” (977-978).

გამოცემულია „ნევმირებული ძლისპირნი“, რომელიც ამ თემაზე ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიურ გამოცემას წარმოადგენს და, ზოგადად, ქართული სანოტო ნიშნებით გაწყობილი ტექსტების შემცველი ხელნაწერები საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

თუმცა, ეროვნულ არქივში დაცული წინამდებარე ხელნაწერი სამეცნიერო მიმოქცევაში ჯერ არ ყოფილა. ამჟამად მიმდინარეობს მისი ტექსტოლოგიური შესწავლა.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.


რევაზ ინანიშვილი – “ფიროსმანი”

$
0
0

მდიდარს ოქრო აქვს –
ჩვენ კი თვითონ ვართ ოქრო ბიჭები…
რობერტ ბერნსი

– ფიროსმანმა რომ სმას უმატა, – ჰყვება ერთი თვალებგაბრწყინებული კაცი, – მეგობარმა მხატვრებმა გადაწყვიტეს, რამე უნდა ვუშველოთ, თორემ დაიღუპებაო. ფული შეაგროვეს, ღვინის სარდაფი უყიდეს მთელი უძრავი-მოძრავით, ჩააბარეს და დაანამუსეს: ფიროსმანი ივაჭრე, თან ხატე, და თუ დალევა მოგინდეს, სხვაგან ნუ წახვალ, ისევ აქ დალიეო. ფიროსმანი ყველაფერზე დათანხმდა. ასეთი კაცი იყო – მაღალი, ხმელ-ხმელი, პირქუში, ბოხხმიანი, და მაინც დამყოლი. ბავშვს რომ ეთქვა: – არაფრის მაქნისი არა ხარ, არაფერს არ წარმოადგენ ამ ქვეყნისთვისო, – თავზე მოფერებით გადაუსვამდა ხელს, ჩაეღიმებოდა და ასე მიუგებდა: – მართალი ხარ, მეც ბევრჯერ მიფიქრია ამაზეო. მეგობარ მხატვრებთან ხომ შემოპარული კაცივით იქცეოდა. თუ რა თქმა უნდა, ჟინის ჭია არ ჰყავდა შემჯდარი.

არავინ არ იცის მისი დახლის ამბავი. სარდაფი ყოველთვის სავსე იყო მუშტრით, აურაცხელი ღვინო-არაყი ისმებოდა, სარდაფის პატრონს კი, ისევ „ხუდოჟნიკ ნიკალას“ რომ ეძახდნენ, ყოველთვის ერთი მუხლებთან გამობერილი „დიაგანალის“ შარვალი და სატინის ხალათი ეცვა, ყოველთვის დაბრეცილი ჩექმებით დადიოდა.
– ეს კია – შაბათ საღამოს, როცა სხვა დუქნების შემოსავალი ერთიათად მატულობდა, ფიროსმანი სულ არ ვაჭრობდა. მაშინ ის მხრებში მოჭმუჭნულ პიჯაკს შემოიცვამდა, ჩექმებს ვაქსით გააპრიალებინებდა, თმას დაივარცხნიდა, ულვაშებს დაიპეწავდა და გოლოვინის პროსპექტზე გავიდოდა. მიდიოდა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, მძიმედ, ხველებ-ხველებით, ხან ამას დაუძახებდა სიცოცხლესა და გამარჯვებას, ხან იმას. თუ რაღაც საინტერესო რამ იყო – ქართულ თეატრში ან ოპერაში შეუხვევდა…

იმ შემოდგომას ერთი ფრანგი მოცეკვავე ქალი ჩამოვიდა, მარგარიტა ერქვა. ცეკვით ხომ ცეკვავდა, ლამაზი იყო – მთელი თბილისი გადარია. ფიროსმანი ეს გაფცქვნილი თავადები და თავქარიანი სტუდენტები უკანასკნელ ხონჯრებსაც კი აგირავებდნენ, ოღონდ იმ ქალისთვის ერთხელ მაინც მოეკრათ თვალი. თეატრის წინ ზედახორა ჰქონდათ გამართული. იყო ხორხოცი, ბილწსიტყვაობა, ჟინიანი ხვიხვინი და ათასი სხვა ოხრობა.
აბა, ფიროსმანი რაღა დღეში ჩავარდებოდა – ლამაზი რამის გულისთვის ეშმაკსაც კი რომ მიჰყიდდა სულს! ტყავი გაიძრო, ვიღაც სპეკულანტი ააშენა და პარტერის პირველ რიგში გამოიჭიმა.
ზის და ელოდება.
აიხადა ფარდა. გამოჩნდა ის დედოფალასავით თვალებფოფინა მარგარიტა. დარბაზმა იქუხა, ვიღაც-ვიღაცები დასაბმელები გახდნენ. ფიროსმანი კი ზის და მარტო ის ემჩნევა, რომ წელში იმართება და სახე ებადრება თანდათან. ასე ამაღლებული, სახეგაბრწყინებული იჯდა პირველ განყოფილებაზე, ანტრაქტზე, მეორე განყოფილების დაწყებისას… მერე უცებ წამოდგა, უკან გაიყოლა უამრავი დამცინავი თვალი და გარეთ გავარდა. თავისი ღვინის სარდაფი, მთელი უძრავ-მოძრავით, ვიღაც სომხის მიკიტანს მიაჩეჩა, სურათები იყო თუ იარაღები, ისიც ზედ მიაყოლა, აღებული ფულით მებაღეებს და საყვავილეებს ჩამოუარა, რაც კი თბილისში შემოდგომურა ყვავილები იყო, მთლიანად იყიდა, ათი ეტლი დააზვინინა და სასტუმრო „პალას-ოტელს“ მიაყენა.

წარმოდგენის შემდეგ ბანკეტი ჰქონდათ. მარგარიტას იქ შეჰგვიანებოდა და სასტუმროში გათენებისას დაბრუნდა. ყვავილებით სავსე ეტლები სასტუმროს წინ ასე, ორ მწკრივად იდგნენ.
– მეჩვენება თუ რა არისო, – შიშით შეჩერდა მარგარიტა, მაგრამ ამ დროს ქართულ ქულაჯაში გამოწყობილი ბიჭი წარუდგა წინ, ერთი დიდი ხავერდოვანი შავი ვარდი მიართვა და თავაზიანად მოახსენა:
– ამ ვარდს და ამ ყვავილებს მხატვარი ფიროსმანი გიძღვნით თქვენო.
მარგარიტა არაერთი ევროპელი თავიგლეჯია ვაჟკაცის დარდიმანდობის მიზეზი ყოფილა, მაგრამ ასეთ რამეს მაინც პირველად ხედავდა.
– მხატვარი? თვითონ მხატვარი სად არისო.
ამაზეც უბრალოდ, თავაზიანად მოახსენეს: აქ, ჩვენთან, მტკვრის პირას, ბაღია. ბაღში დიდი ხეები დგას და დიდი მთვარე იცის. ფიროსმანი ახლა იქა ზის და თქვენს სადღეგრძელოს სვამსო.
ამან მთლად გადარია მარგარიტა: წავალ და მე თვითონ ვნახავო. მაგრამ ვიღაც დარბაისელებმა უდროობა მოიმიზეზეს, ვიღაცებმა ხვალინდელი დღე შეახსენეს, თვითონაც იფიქრა – ვაითუ დაღლილ-დაქანცულს ცუდი შთაბეჭდილება დაეტოვებინა მხატვარზე, რომელიც უთუოდ დიდი გემოვნების პატრონი ჩანდა. დანაღვლიანდა, განმარტოვდა და მერე თვალცრემლიანმა იმ ქართულქულაჯიან ბიჭს თავისი სურნელოვანი სადარბაზო ბარათი გაატანა „ბატონ ფიროსმანთან“: ნაშუადღევისათვის, დიდის მოწიწებით, თავისთან იწვევდა.
ფიროსმანი ცას შესწვდა სიხარულით. ვინც კი აიარ-ჩამოიარა, ყველა სუფრაზე მიიპატიჟა, ხელადები დააჯარებინა, დამკვრელების კიდევ ერთი დასტა დაისვა და ქეიფი განაახლა.
ეს დალოცვილი სასმელი უგემურად არასოდეს არ სჩვენებია, მაგრამ იმ დღეს მთლად გაახელა. ფიალას ფიალაზე ცლიდა, ტიროდა, იცინოდა, ყველაფერი ელამაზებოდა, ყველაფრის გულში ჩახუტება უნდოდა, ყველაფერზე მტლად დადებას ეპირებოდა.

გათენდა. ამოვიდა მზე.
– გეყოფა, ნაშუადღევს სხვაგან ხარ წასასვლელიო! – რამდენჯერმე შეახსენეს მეგობრებმა, მაგრამ ფიროსმანმა ნაშუადღევამდე ვერ იმყოფინა ვერც ღვინო, ვერც იეთიმ გურჯის ლექსი და ვერც ძმაბიჭების „ალავერდი-იახშიოლ“…
გვიან ღამით წამოდგა. ქამარი გაისწორა, პიჯაკს მკლავი გაუყარა, საყველაწმინდო დალია, ულვაშები ხელის ზურგით გადაიპეწა და ეტლი „პალას-ოტელისაკენ“ დააძვრევინა.
იქ შემდეგი მოახსენეს:
– ქალბატონი მარგარიტა ნაშუადღევიდან ვიღაცას ელოდა, ნერვიულობდა, წუხდა, სხვა არავინ მიუღია… ხოლო ცხრა საათზე პეტერბურგს გაემგზავრა თავის თეატრთან ერთადო.
ფიროსმანმა ეტლამდე ძლივს მიათრია მოწყვეტილი ფეხები, ზედ აბობღდა, ისევ ორთაჭალისკენ დაახვევინა, იქ ბალახებზე წაიქცა, ხელადა ჩაიხუტა და გაქვავდა.
მედუდუკეებმა გუმანით იგრძნეს, რა ცეცხლიც მოსდებოდა მათ საყვარელ მხატვარს, – ვაიმე, ვაიმეო, – გააქნიეს თავები სინანულით, ერთმანეთს გადახედეს და დამწვრისა დაუკრეს:
„კარგი იყო, არ მენახე თავიდან“ და სხვა…

აი, მეგობარო, როგორ ლამაზად ავსებს თავისი დიდი მხატვრის უცნობ ბიოგრაფიას ჩვენი ჭკვიანი ხალხი. შენ, ვიცი, რასაც მეტყვი: ფიროსმანისთვის ღვინის სარდაფი არავის არ უყიდიაო, ფიროსმანს ფრანგი მარგარიტასთვის ეტლებით ყვავილები არ მიუძღვნიაო, შავი ვარდი რაღაა, ეს რაღამ მოაგონათო… რამ მოაგონათ მთლიანად ეს ამბავი – წადი და თუ ამ ქვეყანაზე თითო თლაშო არყის ფასად დახატული, ბავშვის თვალებივით მეტყველი სურათები შეგხვდეს სადმე – ამას ეს სურათები გეტყვიან მხოლოდ…

მარო თარხნიშვილის მოგონება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოზე

$
0
0

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი ცნობილი ქართველი მომღერლის, მარო თარხნიშვილის მოგონება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოზე:

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი და შემდეგ – ბანკეტი. მარო თარხნიშვილის მოგონება კონცერტში მონაწილეობდნენ: ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო გოცირიძე, ვასო აბაშიძე, ნინა მაღალაშვილი, ბაუერზაკსი, დები თარხნიშვილები. კონცერტის შემდეგ გამართული სუფრის თამადა იყო ნოე ჟორდანია, „იმ დროის მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველანი იყვნენ“.

”ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. დამიკრა თავი, არ გამივიდა უარი. როგორც ერთი წრე შემოუარეთ (გვარი არ მახსოვს) მთლიანად ჯარის უფროსმა ჩამოართვა ჩემი თავი … თან მახლდა მეუღლე დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. შეიკრა შუბლი, იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზედ იმოქმედა. ასე ჩუმათ ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით”.

მოგონება დაცულია მარო თარხნიშვილის პირად ფონდში.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

რევაზ ინანიშვილი – ერეკლე მეფე და ანანურელი ულამაზოები

$
0
0

კრწანისის ომში დამარცხებულმა ერეკლე მეფემ, რამდენიმე თანმხლებთან ერთად, არაგვის ხეობას შეაფარა თავი. დღესაც არავინ იცის, სად იმყოფებოდა სამ დღეს, მეოთხე დღეს კი ანანურის ციხეში გამოჩნდა. ეს გამოჩენაც იდუმალებით იყო მოცული. მხოლოდ ციხის ბურჯებზე უმატეს გუშაგებს, მალიმალ მიმოქროდნენ თავდაღუნული მდუმარე მხედრები. ერეკლე მეორე სოფლებში ჩურჩულითა და ვიშვიშით გადადიოდა ხან ერთი ამბავი, ხან მეორე, დედაკაცები მუხლებში იცემდნენ ხელებს, მხრებაცახცახებულნი თვალებზე იფარებდნენ მოსახვევის ბოლოებს.
ნაშუადღევს ჩოჩქოლო ატყდა ციხის ეზოში. მეციხოვნეებს ვიღაც ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭი შეეპყროთ, კარისკენ ეწეოდნენ, მაგრამ ბიჭი არ ნებდებოდა, წიხლებს ისროდა, იკბინებოდა და ყვიროდა:
– მეფესთან მიმიშვით, დიდი საქმე მაქვს, მეფესთან მიმიშვით!
მეციხოვნეები პირზე ხელს აფარებდნენ, წააქციეს, ზოგი ფეხებში ჩაეჭიდა, ზოგი ხელებში, ასწიეს, ასე წაიღეს. ბიჭი მაინც იბრძოდა და ყვიროდა:
– დიდო მეფეო! დიდო მეფეო!
ამ ჩოჩქოლსა და აურზაურში კოჭლობით, მაგრამ ჩქარი ნაბიჯით შემოვიდა ციხისთავი. მარცხენა ხელი კისერზე ჰქონდა დაკიდებული ქალის მანდილით. მეციხოვნეებმა რომ დაინახეს, გაჩერდნენ, ბიჭი ძირს დასწიეს, ხელი მაინც არ გაუშვიათ.
– რა ამბავია, რა მოხდა? – იკითხა ციხისთავმა.
– მეფესთან მიმიშვითო, დილას აქეთია, აფთარივით უვლის ციხეს. გავაგდეთ, ვცემეთ, მაინც გადმობობღდა გალავანზე, – მიუგო ერთმა მეციხოვნემ.

მიწაზე გულაღმა გაკავებულმა ბიჭმა ამოიბრძოლა, თავი ვერ გაითავისუფლა და დაბლიდან ამოიმუდარა:
– მიმიშვით, თქვენი ჭირიმე, დიდი საქმე მაქვს, ქვეყნისთვის საჭირო საქმე.
ციხისთავმა ვერაფერი თქვა. თვალი კოშკისკენ გაექცა. იქიდან თითქოს ვიღაცამ რაღაც ნიშანი მისცა, ციხისთავმა თავი დაუქნია და მეციხოვნეებს უბრძნა:
– გაუშვით ხელი!
მეციხოვნეებმა ბიჭს ხელი გაუშვეს. ბიჭი წამოდგა, შარვალი მიიწ-მოიწია, მტვერი ჩამოიბერტყა. ერთმა მეციხოვნემ დაძენძილი ნაბდის ქუდი მიაწოდა.
– სადაური ხარ? – ჰკითხა ციხისთავმა.
– აქაური.
– რომლისა.
– მზევარისა.
– რა გინდა მეფესთან?
– პირადად უნდა მოვახსენო.
– გაჩხრიკეთ.
მეციხოვნეები ეცნენ და ჩხრეკა დაუწყეს. ბიჭი ხელებაწეული იდგა და მოთმინებით იცდიდა.
მარტო ხელისგულისოდენა ქერის ხმიადის ნატეხი და ნივრის ორი კბილი ამოუღეს ჯიბიდან. ისიც მაშინვე დაუბრუნეს.
– წამომყევი.
ბიჭმა ერთხელაც გაისწორა დაძენძილი შარვალი და ციხისთავს გაჰყვა. დაბალი იყო, განიერი, როგორღაც განზე მიჰქონდა მძიმე, დაშაშრული შიშველი ფეხები. გაიარეს გრილი კედლებით შემოზღუდული ლაბირინთი, ავიდნენ კიბეებზე და ერთ კარს მიადგნენ. იმ კარს აქეთ-იქიდან თოფიანი მცველები ედგნენ. ციხისთავმა ბიჭი აქ დატოვა და თვითონ შიგნით შევიდა. გაღებულ კარში ბიჭმა დიდებული იერის მოხუცი დაინახა. გუმანმა უთხრა, მეფე ეს უნდა ყოფილიყო. გაიწია, მაგრამ მცველებმა არ გაუშვეს, თოფები გადაუღობეს.
– გამოატარეთ! – მოისმა ციხისთავის ხმა.
ბიჭი კარში შევიდა. ციხისთავმა მხარზე ხელი მოსდო, ცოტაზე ასე წაჰყვა და მერე გვერდზე გადგა.
რაღაცისათვის ტახტისკენ დახრილი მოხუცი მეფე ბიჭისკენ შემობრუნდა, ნელ-ნელა აიწია, გასწორდა, ბიჭმა სახეში შეხედა, ფეხი აერია, ჩაიჩოქა და ასე, მუხლებზე დაჩოქილი, აცრემლებული წავიდა მეფისკენ. მეფე შეწუხდა, თვითონ წამოვიდა ბიჭისკენ, მხრებში ხელები მოჰკიდა, წამოაყენა. ბიჭი ცდილობდა, მაგრამ ტირილი ვერ შეეკავებინა. მეფემაც რამდენჯერმე უმწეოდ დაახამხამა თვალები, მაგრამ ეს თვალები მიჩვეულნი იყვნენ მსგავს სანახაობებს და სწრაფადვე დაუბრუნეს სიმტკიცე.
– დამშვიდდი, ნურაფრისა გეშინია, შვილო, – თქვა მეფემ წყნარი, ბზარგარეული ხმით.
– მე არაფრისა მეშინია, მეფევ.
– აბა, რა გიჭირს, რამ შეგაწუხა, შვილო?
– თათრები არ უნდა მოგვრეოდნენ, დიდო მეფევ, თათრები ჩვენი მომრევები არ არიან!
მოხუცმა მეფემ შუბლზე ხელის ზურგი აისვა, თითქოს ჩამოწეწილი თმა აიწია მაღლა.
– მდიდრები გღალატობენ, მეფევ! – ბიჭმა ღონივრად შეკუმშული მჯიღი ნიკაპთან მიიტანა, – მდიდრებს რატომ ენდობი, დიდო მეფევ! მდიდარი ლამაზია, მდიდარს შინ ქონება რჩება, ძვირფასი რამეები რჩება. გაჭირვებაში მტერსაც მისცემს და თვითონაც ეყოფა. მდიდარი ბრძოლაში თავს რად დასდებს! ომში ჩვენ უნდა წაგვიყვანო, ობლები, უქონლები, ულამაზოები. გაჭირვებაში გამოჩეჩქვილები. ქვეყნის იმედით ჩვენა ვცხოვრობთ. ჩვენ ვის რას უნდა მოვუფრთხილდეთ! აბა, შემომხედე, სხვებიც ჩემნაირები არიან, ქვიდან გამოტეხილი ქაჯები და ეშმაკები! ჩვენ ჭრილობები ვერ დაგვამახინჯებს. პირიქით, მოგვიხდება კიდეც. გაგვიძეხი, მეფევ, ჩვენ გაგვიძეხი! ასამდე ობოლს, ქვრივ-ოხრის შვილს, კომბლიანებს, მეგამოვიყვან მარტო! გაგვიძეხი, მეფევ, და შენი თვალით ნახავ, ჩვენი მომრევი არავინ არის ქვეყანაზე. შვიდი კომბლიანი აქვე მიცდის ციხის ძირში.
მეფემ კიდევ ერთხელ აისვა შუბზე ხელი და ტახტზე დაჯდა. ბიჭისთვის თვალი არ მოუშორებია, ხელი ახლა მუხლზე ედო, მოიჭერდა მუხლზე და გაშლიდა, მოიჭერდა და გაშლიდა…
– შეგიძლია, ისინიც მოიყვანო?
– კომბლებიანად?
– კომბლებიანად.
– ეხლავე.
ბიჭი მიბრუნდა და ჯიქური ნაბიჯით წავიდა, მაგრამ უცებ შედგა და აბნეულმა მომოიხედა. თურმე კარს ასცდენოდა. ბედად ციხისთავმა მოუსწრო, – აქეთ, მზევარის ბიჭოო, – და წინ წაუძღვა.
* * *
არ გასულა ნახევარი საათი და ციხისთავი და მზევარის ბიჭი კუშტად გამომზირალ, აჯაგრულ, აფხორილ კომბლებიან ბიჭებს შემოუძღვნენ დარბაზში. ახლა მზევარის ბიჭსაც გატუსული, ბევრი ხმარებისაგან გაპრიალებული, ვეებათავიანი შვინდის კომბალი ეჭირა. ციხისთავმა ამჯერადაც გვერდზე გაიწია და ბიჭებს ანიშნა, აქ გაჩერდითო. ბიჭები შეჯგუფდნენ, ერთმანეთისკენ მიიწივნენ, ერთმანეთის ზურგებს ამოეფარნენ და კომბლები მორიდებით ჩაიყუდეს შიშველ, გაუხეშებულ ფეხებს შორის.
მეფე წამოვიდა, ნელი ნაბიჯით მოახლოვდა და მზევარის ბიჭს ღიმილით ჰკითხა:
– ესენი არიან შენი ულამაზოები?
– ესენი, დიდო მეფევ, ამ კომბლებით, ვისაც გინდათ, იმას გაუმკლავდებიან.
ბიჭები უარესად დაკოხნენ, შეტოკდნენ და ქვეშ-ქვეში გამოიხედეს მეფისკენ. მეფემ ყველა ბიჭს ხელი ჩამოართვა, ცოტა უკან დაიწია, უყურა, უყურა და გულში გამდნარ ტყვიასავით ჩაეღვენთა: „საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები…“ ხმამაღლა კი ეს თქვა მშვიდად, დაყვავებით:
– სულ მალე დაგიძახებთ, ბიჭებო, მაჰმადხანს ერთიანად უნდა ვაზღვევინოთ ჩვენი სისხლი. ახლა მდივანი ჩაგწერთ და თქვენ-თქვენს სახლებში წადით. როცა საჭირო იქნება, დაგიძახებთ, როცა დრო დადგება, მაშინვე დაგიძახებთ.
– ოღონდ მდიდრების გვერდით არ დავდგებით! – წამოძახა მზევარის ბიჭმა.
– არა, თვენი რაზმი ცალკე იდგება! – მეფემ ხელი მაღლა ასწია.
ციხისთავი წინ წამოვიდა და ბიჭებს ანიშნა, წასვლის დროაო. მზევარის ბიჭმა მისი მკლავის ზემოდან ერთხელ კიდევ დაუძახა მეფეს:
– ჩვენ-ჩვენი კომბლებით უნდა წამოვიდეთ.
– თქვენ-თქვენი კომბლებით, რა თქმა უნდა, – მიუგო მეფემ.
* * *
გაიარეს გადახრილი მზით განათებული ციხის ეზო, გვერდზე გაიყოლეს გრძელ-გრძელი ჩრდილები და მერე ნელ-ნელა ჩავიდნენ ბნელ ლაბირინთში, თითქოს სამუდამოდ ჩაეფარნენ მიწას.
ოთხმოცი წლის შემდეგ კი ანანურზე გამავალი სამხედრო გზის პირას ხშირად იდგა ხოლმე უსინათლო მოხუცი, რომელიც ყოველ ზემოთამვლელს ეკითხებოდა, დამძახებელი ხომ არა ხარ ქალაქიდანო. ვინც მოხუცს არ იცნობდა, ვერ ხვდებოდა, ვინ დამძახებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინც იცნობდა, ეტყოდა, – არა, დამძახებელი არა ვარ, მზევარის ბიჭოო, – და თავჩაღუნული, სევდამოწოლილი განაგრძობდა გზას.
მოხუცს ქინთა-ქინთად ქცეული ახალუხის ჯიბის პირზე სამი რუსული ძველი მედალი ეკიდა – გამურულ ქვაზე დაღვენთილი წმინდა სანთლის ფერისა.

ლალი პატარკაციშვილის მხატვრობა

$
0
0

არცერთი!
არცერთი ნახატი დამიხატავს მე.
დამახატვინეს, ჩემს ტანზე არსებულმა კიდურებმა,
ჩემს სხეულში ჩამდგარმა კარებებიანმა გულმა”, – ლალი პატარკაციშვილი.

ლალი პატარკაციშვილი დაიბადა 1993 წლის 22 ივლისს, ქ. თბილისში.

ლალი პატარკაციშვილი

მისი მხატვრობით დაინტერესება იწყება ჯერ კიდევ პატარაობისას, როცა უყურებდა თუ როგორ ხატავდა დეიდა, ბიძა. თვითონაც სულ ხატავდა, ხატავდა ყველაფერს და ცდილობდა რაც შეიძლება რეალობას მიმსგავსებული ნახატი გამოსვლოდა. ლალი სწავლობდა თბილისის 143-ე საჯარო სკოლაში. სკოლის პერიოდში დადიოდა ხუთწლიან სამხატვრო აკადემიაში, მან ასევე სამხატვრო კურსები გაიარა სამების საკათედრო ტაძართან არსებულ სკოლაში. 2012 წელს ჩააბარა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტში და ამჟამადაც იქ სწავლობს.

მისი შემოქმედება საკმაოდ მრავალფეროვანია, დაწყებული უბრალო პეიზაჟით, დამთავრებული რთული სიუჟეტებით. მის შემოქმედებაში შეიძლება რამდენიმე ეტაპი გამოიყოს, იმის მიხედვით თუ როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა მხატვრის წარმოდგენები სამყაროზე, ცხოვრებაზე.

წმ.ნინო

პირველი ეტაპი იყო 2006 წლამდე ფერებით, გუაშით ხატვა, რომლის ბოლო ნამუშევარი იყო “გოლგოთის გზა”.

შემდეგი ეტაპი იყო ხატების წერა, მან ორი ხატი დაწერა, წმ. ნინო, და იესო. მისი განვითარების შემდგომი ეტაპი უკავშირდება ლიტერატურულ კლუბს “დალკი”. ახალგაზრდა მხატვარი ესწრებოდა პოეზიის საღამოებს, იქ გამართულ ღონისძიებებს და როგორც თვითონ ამბობს, რომ არა პოეზიის საღამოები ასეთ ნამუშევრებს ვერ შექმნიდა. ახალგაზრდა მხატვრისთვის მუზა შეიძლება იყოს ყველაფერი ერთად აღებული, მაგალითად მუსიკა, ხე, ლექსი, წიგნი და ა.შ. ყოველივე ეს მხატვრის ხელში ხორცს ისხამს და საბოლოოდ, შესანიშნავ შედეგს იღებს.

გოლგოთის გზა

ლალი მონაწილეობას ღებულობდა არაერთ გამოფენაში. მან ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე გალაკტიონი “გალაკტიონობა – 2015-ში “, გალაკტიონის ლექსით შთაგონებული ნახატი შექმნა, პირველი ადგილი აიღო.

მხატვარს 70-მდე ნამუშევარი აქვს, მის თითოეულ ნახატს თავისი სახელი, ისტორია აქვს და მისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპს უკავშირდება. მის ნამუშევრებს გამოარჩევთ წარწერით “Nila Art G”. როგორც თვითონ ამბობს, “Nila – არის ჩემი სიყვარული, Art – ხელოვნება, ანუ სული, ხოლო, G – ქრომოსომა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიყვარული არს სულსა და გენში”. და ბოლოს, ახალგაზრდა მხატვრის სურვილია, რომ საზოგადოებამ სწორად გაიგოს მისი შემოქმედება.

ლალის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება გალერეაში “უნივერსი” (20-24 ოქტომბერი, 2015წ.), სადაც წარმოდგენილი იქნება მისი ნახატების უმრავლესობა, ხოლო ნახატებიდან შემოსული თანხა გადაერიცხება ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს.

ანა ტყებუჩავა

წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია

$
0
0

19-23 ოქტომბერს საქართველოში მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია გაიმართება, რომელიც წმინდა მაქსიმე აღმსარებელს ეძღვნება.

საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს საპატრიარქო, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საერთაშორისო-საღვთისმეტყველო ცენტრი, წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი.

კონფერენციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II გახსნის.

წმინდა მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი მეხუთე საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია 19 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში გაიხსნება (წმინდა სამების საკათედრო ტაძარი).

თბილისობა 2015

$
0
0

თბილისობა 2015

“თბილისობა 2015” 16 ოქტომბერს საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნება და 18 ოქტომბერს გორგასლის მოედანზე ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით გამართული გალა-კონცერტით დასრულდება.

საგანმანათლებლო პროგრამა “ვაზი და ღვინო საქართველოში”

$
0
0

საქართველო, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანა უძველესი დროიდანვეა ცნობილი. ამას მოწმობს არქეოლოგიური არტეფაქტები, მატერიალური კულტურის ძეგლები, ორნამენტული ხელოვნების ნიმუშები, ვაზი და ღვინო ისტორიკოსთა და მოგზაურთა შრომები და ასევე ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მეღვინეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები და ხელოვნების ნიმუშებია დაცული. მათ შორის ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის, სპილენძის, ხის საღვინე ჭურჭელი მიუთითებს მეღვინეობის მაღალ დონეზე საქართველოში.

პროგრამის მიზანია ბავშვებს გავაცნოთ ვაზისა და ღვინის მდიდარი ტრადიციები საქართველოში. კერძოდ:

ტერმინი ღვინო და მისი წარმოშობის ისტორია;
ვაზის სიმბოლიკა ქრისტიანულ რელიგიაში და მისი როლი ქისტიანულ ხელოვნებაში;
ვაზის გაშენება და მოვლა;
საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშები;
რთველი;

ყურძნის დაწურვისთვის განკუთვნილი ნაგებობა და იარაღები;
ღვინის დასაყენებლად და შესანახად განკუთვნილი ნაგებობები და მასთან დაკავშირებული იარაღები;
საღვინე ჭურჭელი (საზომ-საწყაოები, გადასაზიდი ჭურჭელი, სასმისები…) და მათი დამზადების წესები.
ყურძნის წვენის სხვადასხვა პროდუქტები.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. ლექციის დასასრულს ბავშვებს ელით საინტერესო და სახალისო პრაქტიკული აქტივობა.

პროგრამა განკუთვნილია: 6-დან – 8; 9-დან – 15 წლის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-15
პროგრამის ხანგძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს
პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
ჩატარების ადგილი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი.
პროგრამას გაუძღვებიან გვანცა არჩვაძე და ნინო დათუნაშვილი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 599 60 41 12; 574 44 04 84
მისამართი: ფურცელაძის ქუჩა 3


შვლის ნუკრის ნაამბობი –ვაჟა-ფშაველა

$
0
0

I

პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია.

გზადაკარგული დავდივარ. აი დახედეთ ჩემს სისხლიან ფეხსა, – ეს წყლის დასალევად რომ ჩავედი ხევში, მაშინ ვიტკინე… გული მიწუხს… გული… საბრალო დედაჩემი! შვლის ნუკრი მანამ დედა მყვანდა ცოცხალი, სულ ალერსში ვყვანდი: ძუძუს მაწოებდა, მიალერსებდა, მაფრთხილებდა. რაღა მეშველება მე საბრალოს ეხლა! ძუძუს აღარა ვწოვ, მხოლოდ ბალახის ნამსა ვსუტავ დილით და საღამოთი, როდესაც ნამია, და რძის ნდომას იმითი ვიკლავ. უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები… ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს!

წეღან ველის პირად გავედი დაღონებული… იქით-აქეთ თვალს ვავლებდი. უცებ ჩემს თავზედ ჭექა გაისმა. ავიხედე მაღლა: მხრებ-შეკუმშული, ნისკარტდაღებული, უზარმაზარი ლეგა ფრინველი მოდიოდა პირდაპირ ჩემკენ. მე, შეშინებული, ტყეში გადავხტი. წამოვიდა ის წყეული ფრინველი, ტანი ვეღარ შეიმაგრა და ჩემს ნადგომ ადგილს დაეცა. ჟრუანტელი მივლის, როდესაც იმისი მოკაკული ნისკარტი და ალმასივით ბრჭყალები მაგონდება. პირდაპირ მოვიდა და, იქ რომ არ დავხვდი, ბალახებზედა და მაყლოვანზედ მხრებით ტყლაშუნი გაადინა. მიავლ-მოავლო საზარელი ყვითელი თვალები, ეწყინა ჩემი გაქცევა, აიწია, ძლივს განთავისუფლდა, კინაღამ მაყვლებში ჩაება. მე ერთს ხეს ვეფარე და იქიდან გულის ფანცქალით ცალის თვალით გავყურებდი.

გენაცვალე, ტყეო! შენ ბევრს მშველი, თორემ აქამდის ჩემის ქათიბის ბეწვიც არ იქნებოდა! გული მეუბნება, რომ მტრის მსხვერპლად გავხდები. ჯერ მე გამოუცდელი ვარ, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი დედასთან. ის მასწავლიდა, ვინ იყო ჩემი მტერი და ვინ მოკეთე. ეხლა ვინღა მასწავლის? სულ შამბში ვწვები, ვიმალები, მუმლისა და კოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად ვსუნთქავდი…

მე და დედაჩემი, აგერ ტყიანი სერი რომ წამოწოლილა და აქეთ-იქით ხევები ჩაუდის, იქ ვცხოვრობდით, მუდამ დაჩრდილულნი გაბურულის ტყით; უხვედრი იყო ჩვენი ბინა. დედაჩემი დაწვებოდა ხოლმე გორაკზე, მე გვერდით მოვუწვებოდი. სამივე მხრიდამ ხეები გვეფარა, მეოთხეს თვითონ გაიყურებოდა. ხანდახან ყურებს დააცქვეტდა, მე შევყურებდი და ვბაძავდი იმის ქცევას, ჩემს პატარა ყურებსაც ავცქვეტდი. სამჯერ უჩვეულებრიო ხმაურობა შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩხრიალს, რომელიც მუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს, არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამ ჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც ნიავისაგამ გაშრიალებულ ფოთლების ხმას… ეს შევნიშნე მე: რა წამს ამ უცხო ხმას გაიგონებდა დედაჩემი, ზე წამოვარდებოდა და მეტყოდა: “შვილო! მომყე, მე მომყეო!..” გაიქცეოდა და მეც მივხტოდი, რაც ძალი და ღონე მქონდა; არც ვიცოდი და არც მესმოდა, თუ ვის უფრთხოდა. ეხლა-კი ვიცი… ოჰ! რამდენი მტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!

ვერ გავცილებივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვცილდე, – მაშინაც ნახევარი სიცოცხლე მაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს, კლდეებს, ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეურად უნდა დავდნე!.. რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენ ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ… არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის ცხოველებთან ერთად ნავარდობა… შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას… იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს…

II

როგორ არ უნდა მეშინოდეს?.. ჯერ სულ ერთი კვირაა, რაც მე წუთისოფელს ვხედავ, და რამდენი შიში და ვაება გამოვიარე! გუშინწინ წვიმიანი დღე იყო. სიცოცხლითა და სიმშვენიერით აღსავსე დედაჩემი წიფლის გვერდზედ იდგა და გემრიელად იცოხნებოდა… მეც გვერდით ვუდექი, მიხაროდა დედასთან დგომა, მტერი და სიკვდილი არც-კი მაგონდებოდა დედის იმედით. ხშირის ფოთლებიდამ წვიმის ნამი კამკამით ჩამოდიოდა… მე თავს ვუშვერდი, რომ სასიამოვნო წვეთებს გავეგრილებინე.

– არ გიამა, შვილო? – მკითხავდა დედა.

მე თავს ვუქნევდი და ვხტოდი, ხან ძუძუებში ვბურჩქნიდი.

ჩვენს წინ ერთ ხმელ ხეს გარშემო კოდალა ევლებოდა და ისე მაგრა უკაკუნებდა, რომ მიკვირდა, – დედაჩემი ამოდენაა და არ შეუძლიან ეგრე ტყის გახმაურება, როგორც ამ პატარა ჩიტს მეთქი! უვლიდა გარშემო ხეს ფეხების ფხაკუნით და ხან ერთსა და ხან მეორე ადგილას ჩაჰკრავდა ნისკარტს… კოდალას ცელქობას მე სიხარულით შევყურებდი; უცებ “ჩხი!” “ჩხი!” მომესმა. მივიხედე გვერდზე: თავზედ ერთი ჩხიკვი გვევლებოდა. “თავი მომაფარეო, – მითხრა დედაჩემმა, – თორემ ჩხიკვი თვალებს დაგთხრისო!..” მე თავი მოვაფარე. დედაჩემი იგერებდა თავით ამ საძაგელს. ჩხიკვი ჩემკენ იწევდა; ბევრი იცოდვილა, მერე დაგვანება თავი, თავმოკატუნებული წიფლის ტოტზე შესკუპდა და მოჰყვა კნავილს. იმისი ხმა სწორედ ჩემს ხმასა ჰგვანდა. დედას გაეცინა და მითხრა:

– დიდი ეშმაკი რამეა, შვილო, ეგ ჩხიკვი, გაუფრთხილდი!.. შენისთანა პატარა ნუკრებს ძლიერ ემტერება, შვილო… კრუსუნსა და კნავილს მოჰყვება და ახლო-მახლო რომ შენისთანა ბრიყვი და გამოუცდელი ნუკრი შეხვდეს, ბანს მისცემს, გადაეძრახნება, მაგასაც ის უნდა: მიახტება და თვალებს გამოსჩიჩქნის!..

მე ტანში ჟრუანტელმა დამიარა…

– ხმასაც არ გავცემ, დავემალები მაშინათვე!

– ჰო, ეგრე, ეგრე, შვილო! მანამ დედა ცოცხალი გყავს, ნუ შეგეშინდება; როცა მე აღარ გეყოლები, მაშინ სიფრთხილე გმართებს!

ოჰ, რამდენი გამოცდილება მაკლია ჯერ კიდევ მე, საცოდავსა!..

III

ერთხელ ძლიერ დაცხა. დედაჩემი საწოლიდამ ადგა და მითხრა, წყალზე წავიდეთო. წავედით, დავყევით წვრილიანს სერს, ჩავიარეთ შამბზე და ჩავედით ხევში. ხევი ღრმა იყო, მზის სხივები ვერ ჩასწვდომოდა, აქეთ-იქით ნაპირებზე ხეები ერთმანერთზე გადაკვანძულიყო წვერებით. ხის ძირებზე, იქვე ხევის პირად, ჟოლის ფესვები იყო ამოსული, წითლად თავი დაეხარათ და გადმოჰყურებდნენ წყლის დენას. ცივი ანკარა ხევი მოჩუხჩუხებდა გალიპულს ქვებზე, ერთის კლდიდამ მეორეზე გადადიოდა და გუბდებოდა. დედაჩემი მივიდა და ჩადგა შიგ გუბეში. მე ძლივს დავდიოდი ქვებზე, ჩლიქები მტკიოდა.

– მოდი, შვილო, ჩადექ წყალში, საამურია სიცხეში წყალში დგომა.

მე მივედი და კრძალვით ჩავსდგი ჯერ ერთი ფეხი; წყალი საშინლად ცივი იყო და გადმოვხტი ისევ უკან.

– ცივია, არ შემიძლიან დგომა.

– არაფერი გიშავს, უნდა ეხლავე შეეჩვიო, შვილო!

ცოტა ხანი დავდექი წყალში, და მერე გამოვბრუნდით უკან. ჩვენს ზევით ნაკაფიანებში ხმაურობა ისმოდა.

ეგ საშიში ხალხი არ არის, მითხრა დედამ. ერთი დედაკაცი და პატარა ბალღია. ჩვენი მტერი ეგრე არა ყვირის. ჩვენ მაინც სიფრთხილე გვმართებს: ისე წვრილიანზე ავიაროთ, ველის პირად ნუ გამოუჩნდებით, ნუ დავენახვებით.

დედაჩემი წინ წავიდა. მე გულმა არ მომითმინა და გავხედე; ტანი დავმალე, მხოლოდ თავი გამოვაჩინე. ამ დროს ქვეიდამ ხმა მომესმა: “ვაი, ვაი, დედილო, მგელი, დედილოჯან, მგელი!”

– ნუ გეშინიან, შვილო, გენაცვალე. აბა სად არის, დამანახვეო? – ჰკითხავდა დედა. – აგე, ყურები არ გადმოუცქვეტია, ადამიანო, ტყიდამ! – თვალცრემლიანი უჩვენებდა ბავშვი თითით ჩემზე.

– უი, შენ კი გენაცვალოს დედა, მგელი-კი არ არის, შვლის ნუკრია, შვილო! ქა, რა ლამაზია!

– დავიჭიროთ, შენი ჭირიმეო, – ეუბნებოდა პატარა დედას და თან მოუთმენლად ემზადებოდა ჩემკენ გამოსაქცევად.

– არა, გენაცვალოს დედა, ცოდოა, შვილო, როგორ იქნება, განა მაგას არა ჰყავს დედა! ხომ უნდა იტიროს იმან თავის შვილზე!

მე სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მიამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენის შებრალებისა. მე კიდევ მინდოდა ყური მეგდო, მაგრამ დედაჩემი დაბრუნებულიყო, მოირბინა და მითხრა:

– ჰაი, შე ბრიყვო, გჯერა, რასაც ეგენი ამბობენ?! რას უყურებ იქა? წავიდეთ ჩქარა, მომყე! ეგენი წავლენ, ასწავლიან მონადირეს ჩვენს ბინას და გამოგვასალმებენ სიცოცხლეს.

საბრალო დედაჩემი წინადვე ჰგრძნობდა, რომ ისე იქნებოდა.

IV

შეკუნტრუშდა დედაჩემი, შევკუნტრუშდი მეც და გავსწიეთ ზეითკენ სკუპ-სკუპით. სულ ბოლო დროს მხოლოდ ეს-ღა გავიგონე: “უი, დედაც იქა ჰყოლიაო!”

შევუდექით შამბიანს, ბუერიანს გვერდობს, ბუერის ძირები ცივის წყაროებით იყო მორწყული. აქა-იქ ლაფზე ეტყობოდა ჩემსაებ პატარა ნუკრის ნაფეხურები. საშინლად ცხელოდა. ვწუხდით. დავწექით ბუერებში. იმისი განიერი ფოთლები არ გვაკარებდნენ მწვავე მზის სხივებს. უცებ გარშემო შემორტყმულ მთების წვერებიდან ამოცვივდნენ ღრუბლები, შეიყარნენ ერთად. ცამ დაიგრიალა, იჭექა, ელვა გაიკლაკნა.

წვიმა სვეტ-სვეტად ჩამოდგა გაღმა სერებზე, მალე ჩვენს გარეშემოც ხის ფოთლებსა და ნამეტნავად ბუერებზე დაიწყო ტლაშა-ტყლუში. ისეთი ხმაურობა დადგა, თითქოს ტყე და მთა-ბარი იქცეოდა. ყველა სულდგმულმა ხმა გაკმინდა: ჩიტები ვეღარ ჰბედავდენ ჭიკჭიკს, ცელქობას… საძაგელი ჩხიკვი, რომელიც ისე მაშინებდა წინათ, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი; დამჯდარიყო წიფლის შიმელაზე, მიეხუჭა თვალები და ნისკარტიდამ ცინგლი ჩამოსდიოდა, მხრები საცოდავად ჩამოეშვა. იმის ახლოს იჯდა გულწითელი ჩიტი, “წიფლის-ჩიტა” უწყინარი, უვნებელი, ღაბუა. მშვენიერად მიეხუჭა თვალები! მოფრინდა “წიპრანა” და “წრიპ, წრიპ!” შესძახა. ჩხიკვს შეეშინდა, გაახილა თვალები, გაუსკდა გული, მიასკდა ხან იქით, ხან აქეთ, უშნო “ჩხიი, ჩხის!” ძახილით. მე გამეცინა. წინათ ყველაზედ ღონიერი ის მეგონა, ეხლა-კი გავიგე, რაც შვილი ბრძანებულა.

გადაიქუხა. ჩიტებმა მორთეს ერთხმად სიმღერა. ბალახებმა და ხის ფოთლებმა სიხარულის ცრემლს დაუწყეს ფრქვევა. დედაჩემს ნაწვიმზე სიარული უყვარდა… წავიდოდა ველად და მეც თან გამიყოლიებდა. ეხლაც წავედით, შევუდექით ველის პირებს, გავსწიეთ მთისკენ, ტკბილი ხმა ისმოდა სალამურისა. მთის ძირზე გაშლილიყო ცხვარი და ტკბილად სძოვდა ახლად დანამულს ბალახს. მზე გორის პირას იყო ჩამალული ნახევრამდე. იმისი მკრთალი სხივები მხოლოდ მთებისა და ტყის წვერებს ეთხოვებოდა.

გორის პირზე ზევით მხრივ იჯდა ნაბადწამოხვეული მეცხვარე და შეექცეოდა სალამურს. იმის გვერდით წამოყუნტებულიყო ბანჯღვლიანი, საზარელი შესახედავი ძაღლი; ცოცხლად აყოლებდა თვალებს ცხვრის ფარას და ხანდახან აჩერდებოდა ალერსიანად თავის პატრონს.

– ცუდს ადგილას მოვედითო, – მითხრა დედაჩემმა, – მეცხვარე უიარაღოა, იმისი ნუ შეგეშინდება, მაგრამ ის ძაღლი დაიყრის ჩვენს სუნს და იქნება გამოგვეკიდოსო. მობრუნდი უკან. თვალი გეჭიროს: თუ ჩვენსკენ გამოიქცა, მე დავენახვები და შენ ბალახებში ჩაიმალეო. ჩვენს დანახვაზე ცხვარი წაფრთხა და დაიწყო ჩვენკენ ყურება. მე ხშირსა და დაბერებულის არჯაკელის გროვაში ჩავიმალე და არ ვაშორებდი თვალს იმ კუდბუთქვა ძაღლს… ცხვრის დაფრთხობა და ძაღლის წკმუტუნი ერთი იყო. სცქვიტა ყურები და გამოექანა ჩემკენ…

მეცხვარემ დაგვცა კივილი. მე ავკანკალდი. დედაჩემს შეასწრო თვალი და გაექანა იმისკენ. დედაჩემი გასრიალდა და ერთს წამს დამეკარგა თვალიდამ. ცრემლი მომერია, გული მომიკვდა: ვაიმე, დედავ, თუ დაგიჭიროს მაგ წყეულმა! დიდი ხანი მესმოდა ბრაგა-ბრუგი და ხევიდამ ქვების ჩხრიალი.

ვაიმე თუ დაიჭირა დედაჩემი და თავის ალმასის კბილებით სწეწს! დაბინდდა. მეცხვარემ მოუსტვინა ცხვარს და შეაყოლა ბინისაკენ. გულის ფანცქალით ვადევნებდი თვალს იმის მოძრაობას. საწყალს ცხვრებს სცემდა ზოგს დიდის კომბლით და ზოგს ქვებს ესროდა. ერთს პატარა ჩემოდენა ბატკანს მიარტყა ქვა, საბრალო წაიქცა და საცოდავად დაიწყო ფეხების ქნევა. მეცხვარე ავიდა ზევით და დაუწყო ძახილი “ყურშიას”. ცოტა ხანს შემდეგ, ცის ტატანზე დავინახე, რომ იმისი ყურშია, წითელ-ენაგადმოგდებული, ედგა პატრონს გვერდით.

მე მეშინოდა; ვინ იცის, ჩემის დედის სისხლით აქვს-მეთქი გამურული ლაშ-პირი. დაბნელდა, დაუკუნეთდა. ხმაურობა აღარსაიდამ ისმოდა. რა იქნა დედაჩემი? იქნება ვეღარ მიპოვოს, თუ ცოცხალია?

ცოტა ხანს შემდეგ ხავილი შემომესმა. დედიჩემის ხმასა გვანდა. მეც გავეხმაურე. საბრალო აფორთქლებული მოიჭრა ჩემთან.

– აქა ხარ, შვილო? ნუ გეშინიან, შენი დედა ცოცხალია. ძაღლი და მგელი ვერაფერს დააკლებენ… ცოცხალი ხარო? – მკითხავდა.

– ცოცხალი ვარ, – ვუპასუხე მე.

მიალერსა დედამ… ნეტა ვის შევსტირო, ვის შევეხვეწო, ვინ არის ისეთი ძალუმი, რომ დედიჩემის თვალებში ჩამახედოს, დამატკბოს იმისის ალერსით.

როგორ უნდა მოვინელო ეს ჯავრი? ნეტა სისხლის მსმელ მტერს მეც მოვეკალი! რისთვის დავრჩი მე ცოცხალი!?

წინა დღეს ცოცხალს, მშვენებით სავსეს ჩემს ნუგეშს შევსტრფოდი, და რა მომაგონებდა, თუ მეორე დღეს დამეკარგებოდა სამუდამოდ!

V

მთელი ღამე დავდიოდით ველზე, აღარ გვეშინოდა; გავედით სვილში და ტკბილად შევექცეოდით. თენება დაიწყო, მივიქეცით ტყეში. წყეული იყოს იმ დღის გათენება. ველზედ სქლად იწვა ბალახი. ველში იდგა ორი-სამი ძირი ბალი; ჯგუფ-ჯგუფად ეხვეოდენ ჩიტები, შაშვები; ჟივილ-ხივილი ისმოდა; ზოგნი მოდიოდენ და ზოგნი მიდიოდენ, მიეზიდებოდენ შვილებისათვის საზრდოს. დედამ გამაფრთხილა და მითხრა: საშიშია ამ დროს სიარული, ჩვენი მტერი ნაწვიმზე დაგვეძებს, აქეთ-იქით თვალი გვეჭიროსო.

ეს იყო უკანასკნელი გაფრთხილება დედიჩემისაგან, დედაჩემი სწუხდა, თითქოს სიკვდილსა ჰგრძნობდა. მოჰკვნეტდა ერთს ფოთოლს და გაუყუჩდებოდა.

ჩვენ ზევით იყო დგნალები, ერთმანერთზე მიწყობით ამოსული. იმათ წინ იდგა სამი თუ ოთხი შეკუმშული და აწურწუტებული არყი.

უცებ, როგორც ცის ჭექამ, იგრიალა თოფმა. იმის ხმამ დაიარა მთები და კლდეები, ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს, ბოლი გაერთხა ნამიანს ბალახზე. დედაჩემმა ერთი-კი ამოიკვნესა და წაიქცა. ვაიმე! მე იქვე გავისხიპე. დედაჩემი მიგორავდა, ვხედავდი, თავქვე და სისხლიანს კვალს სტოვებდა ბალახზე. არყების უკანიდამ გამოხტა ახალგაზრდა ბიჭი, ლეგა ჩოხის კალთები აეკვალთა. “გაუმარჯოსო!” დაიძახა და სასწრაფოს წკრიალით გამოეკიდა დედაჩემს უკან. საწყალი დედაჩემი ცდილობდა ადგომას, წამოიწევდა ხოლმე, მაგრამ ისევ ჩაიხვეოდა მუხლებში. დაეცემოდა და გაგორდებოდა. მე მოვკვდი, ტანში დავიშალე, როდესაც შეჩვენებულმა მონადირემ ამოიძრო პრიალა ხანჯალი და გამოუსო დედას ყელში. სისხლმა იფეთქა და გადაერწყია ხეებზე. ვაჰმე! სულ ცხადად ვხედავდი, მაგრამ რითი ვუშველიდი მე, საცოდავი?! აგერ ძუძუებზე, იმ ძუძუებზედ, რომლებსაც მე ვწოვდი, დაუსო ხანჯალი და გამოშეშხა. შეიდო კისერზედ და გასწია. მე დავიწყე ტირილი. გული შემიწუხდა. მას აქეთ ცოცხალ-მკვდარი ვარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარა ვხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის, ვინ დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემის სისხლით ხელებს?!

1885 წ.

მაგდანას ლურჯა –ეკატერინე გაბაშვილი

$
0
0

I

მაგდანა ჯერ ძლიერ ყმაწვილი დედაკაცი იყო, როდესაც ქმარი მოუკვდა და ოთხი უსუსური ბავშვი ხელზე ულუკმაპუროდ დარჩა. ერთადერთი ძროხა, რომელიც ამის ბავშვებს ზაფხულობით ლუკმას უსველებდა, ქმრის დამარხვას მოუნდა და სხვა სანუგეშებელი ქვეყანაზე აღარა გააჩნდა რა. მაგდანას ლურჯა რა ექნა უბედურს ქვრივს? რითი გამოეკვება თავისი ობლები? სოფელი “მწირი”, სადაც მაგდანა ცხოვრობდა, იმისთანა უნაყოფო, უწყალოდ მოტიტვლებულ მინდორზე მდებარეობს, რომ იმის მცხოვრებნი დიდის ვაი-ვაგლახით შოულობენ დღიურ ლუკმას. და, აბა, ამგვარი მეზობლები რა ხელს გაუწვდენდნენ წვრილშვილს, უვაჟკაცოდ დარჩენილ ოჯახს.

ამ უბედურ და ბუნების მხრით განწირულ სოფელს მხოლოდ ერთი ბედნიერება სჭირდა: ქალაქზე ძლიერ ახლო იყო და იქ მცხოვრები გლეხები ამ ქალაქში შოულობდნენ სამუშაოს, ბაზარს გასასაღებლად, თუ რამ ნაწარმი გააჩნდათ გასასაღებელი. მაგდანასაც ამ სიახლოვემ უჩვენა გზა და ხელი მიჰყო იმისთანა საქმეს, რომელიც ძლიერ მძიმე და თითქმის აუტანელი იყო მისთვის. მაგრამ რას გააწყობდა, როდესაც ოთხი ბავშვის ტირილი: “დედა, პური, დედა, პურიო!” – დღე და ღამე მოსვენებას არ აძლევდა და მშობელს გულს უფათრავდა.

მაგდანა სულ ერთი კვირის დაქვრივებული არ იყო, როდესაც მძიმე შავებში გახვეული, მაწვნის ქილებით ცალ მხარზე და კარგა მოდიდო რძის კოკით მეორე ხელში, გაემგზავრა ქალაქისაკენ.

რძეს მაგდანა ყიდულობდა თავის მეზობლებისაგან, საღამოობით აყენებდა მაწვნად და მეორე დილაზე გაუთენებლივ გაუდგებოდა ხოლმე ქალაქის გზას. იქ, “იარმუკის” თავში, ტროტუარზე დაჯდებოდა, მოიხსნიდა თავის მძიმე ტვირთს, ჩამოამწკრივებდა სუფთად დახეხილ მაწვნის ქილებს, რძის ლიტრებს და თავჩაღუნული ელოდა მუშტარს.

პირველში საშინლად იტანჯებოდა საცოდავი ქვრივი, რომ ასე აშკარად, გაშლილ მოედანზე იჯდა ახალი მგლოვიარე, შავებით მოსილი და გამვლელ-გამომვლელს იწვევდა საყიდლად, მაგრამ შემდეგ შეეჩვია, მყიდველებს ღიჭინიც კი დაუწყო, მეტადრე მაშინ, როდესაც მის გვერდით სხვა ბევრი ქვრივ-ოხერიც გამოიჭიმა მაწვნის ქილებით, რძის ლიტრებით და მის ვაჭრობას შეეცილნენ.

მაგდანა იმდენს შოულობდა ამ ვაჭრობით, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და ცარიელი ლუკმა მაინც მიეწვდინა თავის ობლებისათვის.

თუმცა სოფელი ,,მწირი” ქალაქიდან სულ ხუთ-ექვს ვერსზე იყო მოშორებული, მაგრამ ამ მცირე მანძილის გავლაც დღეში ორჯერ, მძიმე ბარგით ზურგზე, ისე სწყვეტდა საბრალო დედაკაცს, რომ ბევრჯერ შინ დაბრუნებული მაგდანა ორი-სამი საათით უღონოდ ეგდო დერეფანში და თავს დასჩხაოდნენ თავისი პატარები. მუდმივმა მძიმე ტვირთის ზიდვამ მარჯვენა მხარი ჯერ დაუიარავა და შემდეგ ისე დაუკოჟიჟდა, რომ ყოველი ბარგის აკიდებაზე მაგდანა სიმწარით ცრემლებს ჰყრიდა და უღონოდ წაიჩოქებდა ხოლმე, მაგრამ შემდეგ წამს პირჯვარს გადაიწერდა და გაუდგებოდა გზას.

დედის დაბრუნებამდე ოჯახს პატრონობდა მაგდანას უფროსი გოგო, თორმეტი წლის სოფო და ჩინებულადაც პატრონობდა. მანამ პატარა და-ძმას ეძინათ, დაჰგვიდა დარბაზს, კოკებს აავსებდა დილის წყლით, წიწილ-კრუხს საზრდოს მისცემდა და, როცა პატარები გაიღვიძებდნენ, დაჰბანდა ხელ-პირს, დახეხდა სახვალიოდ საჭირო რძის ჭურჭელს და პატარა ბავშვით ხელში გავიდოდა ბანზე. იქ მზის გულზე ჩუმად ჩხირკედელაობდა დედის დაბრუნებამდე. ქალაქიდან მომავალი გზა ამათი სოფლის წინ კარგა მანძილზე იყო გაშლილი და შემდეგ დაღმართში იკარგებოდა; დაინახავდა თუ არა დედას პატარა სოფო აღმართზე ამოსულს ძირს დასვამდა თავის პატარა დას, სირბილით მიეგებებოდა დედას, ჩამოართმევდა ცარიელ ქილებს, ნაყიდ ხორაგს და ცოტათი მაინც შეუმსუბუქებდა მშობელს ტვირთს.

მაგდანას აუტანელი გაუხდა ჯაფა ზაფხულში. მკათათვის მზის მწვავე სხივები ულმობლად სწვავდა საცოდავს თავ-პირს, ცეცხლს უკიდებდა მუდამ ფეხშიშველობით დაფათრულ ფეხებს და ერთიორად უგრძელებდა მანძილს; მაგდანა წამდაუწუმ ისვენებდა გზაზე, ბევრჯერ დაღალულ-დაქანცულს კიდეც მიეძინებოდა ჩრდილოში და საღამომდე ძლივს მიაღწევდა ხოლმე თავის სოფელს. რძის ყიდვა ადუღება, მაწვნების შეყენება უგვიანდებოდა და ერთ პირს დაძინებასაც ვერ მოასწრებდა, რომ მამლები იყივლებდნენ, და ისევ ხელახლად გზას უნდა გასდგომოდა. ამის გამო ყოველდღე ქალაქში სიარული შეუძლებელი შეიქნა და ობლების საზრდომაც იკლო. სოფო და დედა ნახევარზე მშივრები იყვნენ და თავის წილ ლუკმას პატარებს უზოგავდნენ.

II

მარიამობის თვეში, ერთ საშინელ ცხელ დღეს, მაგდანა ჯანმიხდილი, საშინელი ქშენით და ოფლში გაწუწული ავიდა იმ აღმართზე, საიდანაც სწორე გზა იწყებოდა სოფლამდე, და ძალიან გაუკვირდა, რომ სოფო ჩვეულებრივ არ მოეგება და შიშით გული გადმოუქანდა.

– ვაიმე, შვილებო! – გულში ხელი ჩაიკრა და თითქმის სირბილით მიიჭრა სახლში. იმისი შვილები და სოფლის გოგო-ბიჭები დერეფანში დიდი ღრიანცელით თავს რაღაცას დასტრიალებდნენ; მაგდანამ მისწი-მოსწია ბავშვების გროვა და გაოცებული შედგა: მიწაზე დაცემული სახედარი იწვა, კისერი საცოდავად გადაეგდო და მძიმედ ქშინავდა. მაგდანას სახეზე ღიმილმა გადაჰკრა და ბავშვები მირეკ-მორეკა. შემდეგ დიდის გულისხმიერებით გაუსინჯა სახედარს წელი, ფეხები და რა დარწმუნდა, რომ სახედარს მოტეხილი არა აქვს რაო, უფრო ტკბილად გაიღიმა.

– დედა, იცი, მიხას ეგ ვირი გზის ნაპირას ენახა; დამიძახა და რის ვაი-ვაგლახით მოვაგდეთ შინამდინ. ის იყო უნდა დამება და ბალახზე წავსულიყავ, რომ საცოდავი დატორტმანდა და ძირს დაეცა. მე ყვირილს მოვყევი, გოგო-ბიჭები შემოცვივდნენ და აი ზედ დატანებაზედ შენც მოხვედი.

– ოჰ, შვილო, თუ სახედარი გამობრუნდა, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, აბა, წადი ჩქარა ბატონიანთ სათივეში, ღობის გვერდებში მიგლიჯ-მოგლიჯე მწვანე, სულ ნორჩი ბალახი და საჩქაროდ მოირბინე.

მაგდანას სულ დაავიწყდა, რომ დაღალულ-დაწყვეტილი იყო და საჩქაროდ სახედრის მოვლას შეუდგა. გაათბო წყალი, გადაგლეჯილი და დაიარავებული ზურგი მოჰბანა, ნავთში გავლებული ჩვარი დააფარა, შეკრული კრიჭა გაუხსნა და ცივი წყალი ჩაასხა. შემდეგ მარილმოყრილი ლუკმა ჩაუდო და გადასავსავებული პირუტყვი მოაბრუნა. ამასობაში სოფოც მოვიდა მწვანე ბალახით დატვირთული და ვირს ალერსით წინ დაუყარა.

III

ორი კვირის შემდეგ, როდესაც სახედარმა იმდენად მოიხედა, რომ შეეძლო ტვირთის აკიდება, მაგდანამ ერთიორად მეტი რძე იყიდა, ერთიორად მომეტებული მაწონი შეაყენა, მეზობლებისაგან ორი დიდი გოდორი ითხოვა, გადაჰკიდა თავის ბედაურს, შიგ მჭიდროდ ჩააწყო თავისი ქილები და გაუდგა ქალაქის გზას. დღეს ვერავინ იცნობდა მაგდანას, ისე გაღიმებული, ბედნიერებით სავსე იყო იმისი შეხედულება. ჩვეულებრივ ტვირთქვეშ მოხრილი კი აღარ მიღოღავდა, არა, ამაყად აბიჯებდა და მხიარულად შესცქეროდა თავის თანაშემწე – ლურჯა სახედარს და მის გარშემო სიხარულით მხტუნავ თავის ბავშვებს.

– დედა, დღეს ხომ უფრო ადრე ჩახვალ ქალაქს? – ღიმილით ეკითხებოდა მაგდანას მისი პატარა მიხა.

– რასაკვირველია, შვილო, ადრე კი არა ერთიორად ადრე ჩავალ და შუადღემდე იქნება კიდეც მოვბრუნდე.

– რას ამბობ, დედა, შუადღემდე! იქნება საღამომდინაც ვერ მორჩე მაგოდენა მაწვნის გაყიდვას; მთელი სოფლის ქოთნები მათხოვნინე წუხელ, – უთხრა სოფომ დედას.

– გაყიდვისა კი აღარ მეშინიან, ამ ოთხ-ხუთ დღეში, შვილო, იმოდენა ხალხი გავიცანი, იმდენი მუშტარი ვიშოვე, რომ ფიქრი არ არის, მალე დავაცარიელებ მაგ დიდ გოდრებს, მერე ვერა ხედავ, რა ცხელ დღეს იჭერს? მაწვნის მეტს რას შესჭამს ამ პაპანაქებაში ვაჭარი კაცი?! ახლა კი დაბრუნდით, შვილო, დაიღლებით.

– არა, დედი, არა, დაღმართამდის მიგაცილებთ და იქიდან გიყურებთ, როგორის გოგმანით წავა ჩვენი ლამაზი ლურჯა. რა ლამაზი თვალები აქვს, დედა, შავი, ჭკვიანი! მაგრამ ისევ ისე დაღონებული კი გამოიცქირება, როგორც მაშინ, დავარდნილი რომ ვიპოვეთ. ახლა ხომ აღარა შიან, დაღონებული რაღად არის?

– რა ვიცი, შვილო, ვირის ჯიში აგრეა, სულ დაღონებულნი არიან ვირები, თავს მაღლა თავის დღეში არ აიღებენ. მაძღრობა ვირს მარტო კუნტრუშზედ ეტყობა, და განა არა ნახე, გუშინ ჩვენი ლურჯა მინდორზედ როგორ კუნტრუშობდა?

– ხა, ხა, ხა, როგორ დაკუნტრუშობდა გოგიანთ ვირებთან! – გადიხარხარეს პატარებმა, – მანამ მოხვალ, დედი, იმდენ ბალახს მოვუტანთ, იმდენს, რომ სულ შიგ ჩაიფლოს ჩვენი ლურჯა, – ხტუნვით და აღტაცებით შესჭიკჭიკებდნენ მაგდანას შვილები.

IV

მართლაც, მაგდანას ღმერთმა მოჰხედა, სახედრის წყალობით, იმისი საქმე კარგად წავიდა; რძისა და მაწვნის გარდა, მაგდანამ ხანდახან კვერცხს და ქათამსაც დაუწყო ყიდვა. მაგდანა ყოველთვის პატიოსნად ვაჭრობდა, რძეს და მაწონს წყალს არ ურევდა, ჭურჭელი, სოფიოს წყალობით, ყოველთვის მშვენივრად ჰქონდა დახეხილი და ამის გამო მუდმივი მუშტარი ბევრი გაიჩინა ქალაქში. გარდა ამისა, რომ მაგდანასაგან ვაჭრობდნენ, იბრალებდნენ კიდეც იმის ობლებს და აძლევდნენ იმათ თვის ნახმარ ტანისამოსს, ფეხსაცმელს.

შემოდგომამდე მაგდანამ დღიურ ლუკმას იმდენი გადაარჩინა, რომ შეეძლო ცოტაოდენი საწვრიმალო ეყიდნა და, როდესაც სოფლის საქონელი გაშრა და რძე აღარ იშოვებოდა, საწვრიმალოს ყიდვა დაიწყო; მიეკედლა ერთ მეწვრიმალე ხნიერ დედაკაცს, იმასთან სანახევროდ სავაჭრო იყიდა, წამოჰკიდა თავის სახედარს და წავიდნენ მთიულებში სავაჭროდ. ამ ვაჭრობით ორი-სამი ტომარა ფქვილი მოუმზადა საზამთროდ შვილებს, სახედარს-ბზე და ცოტაოდენი ქერი, ახლა კი დაისვენა, დაუბრუნდა თავის შვილებს, ცეცხლი ააბოლა თავის კერაზე. ზამთრის დიდ ღამეებში მაგდანა ცეცხლის პირას იჯდა განუშორებელი მატყლის წინდით ხელში და თან თავის შვილებს უამბობდა ქალაქის ამბებს, თავის თავგადასავალს, თავის ვაჭრობის უცოდინარობას პირველში.

– გამოცდილება კარგი ყოფილა, შვილო, – დარბაისლურად მიუბრუნდებოდა ხოლმე მაგდანა თავის ჭკვიან გოგონა სოფოს, – პირველად რომ მაწვნით ვაჭრობა დავიწყე, ყველა მასხარად მიგდებდა, ყველა ცდილობდა ჩემზე წინ წამდგარიყო, რათა უფრო მალე გაესაღებინა თავისი სავაჭრო და მე კი, ბეჩავი, ჩუმად აბუზული, უკან ვრჩებოდი. ბევრჯერ მტრობით ავმა სულებმა მიწა გადამიყარეს მაწვნებზე, ბევრჯერ განგებ დამეჯახნენ და დამაქცევინეს, მაგრამ მეც თვალი გავახილე, მეც მივხვდი, რომ ყველაფერში გამარჯვება სიმარჯვესა და სიმხნევეზეა და ხმა ამოვიღე, მივიძარ-მოვიძარ. მეტადრე როცა მომაგონდებოდა, რომ თქვენ აქ უპატრონოდ, მშივრები, ტიტვლები ეყარენით, ცეცხლი მომედებოდა ხოლმე გულზე და მაშინ ვინ იყო ჩემი წინ წამომდგომი. მე ყველაზე წინ გავრბოდი, მე ყველას უფრო მომეტებულად შევღიჭინებდი, რომ ჩემი რძე-მაწონი ეყიდნათ და ლუკმა ამით ვიშოვე.

V

ნააღდგომევს, როდესაც სოფელში ისევ გახშირდა წველა, მაგდანამ გაამზადა თავისი ბედაური, თავისი მაწვნის ქოთნები და გაუდგა ქალაქის გზას. მხიარულად მიერეკებოდა თავის ლურჯას და თანაც ღიღინებდა. მაგდანას გული იმედით იყო სავსე; ,,სააღდგომოთ შვილები ვერაფრით გავახარე, თითო ჩითის პერანგიც ვერ ჩავაცვი და ახლა მაინც ვუყიდი რასმე; სოფოს, ჩემს იმედს, ჩემს ჭკვიან გოგონას, წითელ ფოსტლებს ამოვუტან, ენაცვალოს დედა, მე შენ გითხრა, ჩემს პატარებს უჩემობას შეამჩნევინებს: ისე დაჰგურგურებს, როგორც კარგი დამზნილი დედაკაცი… ჩემს ვაჭრობას უფრო მოუმატებ, იქნება ორიოდე გროში მივაგდო სოფოს სამზითვოდ. დერეფნის შუა ბოძი ძლივს იმაგრებს გასაყარ ხესა, იმასაც გამოცვლა უნდა”…

ამ ფიქრებში გართული მაგდანა მიუახლოვდა ქალაქს. ის-ის იყო მზემ თავი ამოჰყო და მშვენივრად გააჩაღა ვერის ბაღები, პატარა ვერის მომჩქეფარე წყალი და უზარმაზარი სარკესავით აალაპლაპა მტკვრის მდორედ მოძრავი ზემოთა პირი. ახლად გამოღვიძებული ქალაქის ხმაურობა გუგუნივით მოისმოდა, შეშის ურმები, აგურის პოვოსკები, ფურგუნები ერთიერთმანეთში ირეოდა; მებაღეები მწვანილით დატვირთული სახედრებით, მერძევე დედაკაცები კოკებით, კინტოები თაბახებით თავზე მიეშურებოდნენ, გარბოდნენ, რომ ბაზარში არ დაგვიანებოდათ. მაგდანამაც ორიოდე სახრე გადაჰკრა თავის ლურჯას და ფეხი ააჩქარებინა.

მაგდანა რომ ვერის აღმართს ავიდა, იმის პირდაპირ საშინელის სიჩქარით გამორბოდა მთელი ჯოგი სახედრებისა. იმათი პატრონი, მთლად შემურული მენახშირე, მშვენიერ იორღა ჯორზე იჯდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მიერეკებოდა. ერთმა ვირმა წამოჰკრა გვერდი მაგდანას მაწვნის გოდორს და მთლად შეარყია. მაგდანა გაანჩხლდა და მენახშირეს წყევლა დაუწყო: ,,კისერი მოგტყდეს, კისერი, შე ღვთის მუხანათო! რაზე დამღუპე და დამაქციე! დოსავით გათქვეფილი მაწონი ვიღასთან უნდა მივიტანო? “

მენახშირემ მხოლოდ ახლა მოაბრუნა კისერი ამისაკენ და უცბად შედგა, საჩქაროდ გადმოხტა ჯორიდან და მაგდანასთან მიიჭრა: ,,დედობილო, ნუ კი იწყევლები ემანდა და, აბა მიბრძანე, ეგ სახედარი შენ ვინ მოგცა”.

მაგდანას მუხლები მოეკვეთა, პირზე მკვდრის ფერი გადაედო და ხმის კანკალით ძლივს წაილუღლუღა: – მინდორში დავარდნილი ვიპოვე, სული ამოსდიოდა და მოვაბრუნე.

– ,,დავარდნილი, სული ამოსდიოდა”, – გააჯავრა მენახშირემ მაგდანას. – ვინ გეხვეწებოდა, მოაბრუნეო? მინდორში მე იმისათვის კი არ მივანებე თავი, რომ შენ მოგეპარა! სხვა სახედრებს ჩამორჩა, მე მეჩქარებოდა და თავი იმიტომ დავანებე; მეორე დღეს ტყიდან უნდა ჩამომევლო, წამეყვანა და რა გაგიშვია, რას ეძებ? თურმე რომ შენ მიგიჩქმალავს, შე არამზადავ, შენა, ახლავე მომე, თორემ ეგ არის შუაზედ გაგგლიჯე!.. მოხსენ ეგ შენი ქოთნები, თორემ ლუკმა-ლუკმად დაგიმტვრევ! ,,სუდში” წაგათრევ და ქურდობისთვის ციხეში დაგალპობინებ!..

მაგდანამ დაინახა, რომ ობლების საზრდო, იმედი ხელიდან ეცლება, საშინლად გააფთრდა, გოდრებს ზედ გადაეფარა, წივილ-კივილს მოჰყვა და, რაც ჯანი და ღონე ჰქონდა, იგერიებდა გაცოფებულ მენახშირეს.

– ვერ წამართმევ, ვერა. ეს ჩემი ნაპოვნია, ჩემი გამოკვებილია. ზამთარში, ჩემი შვილების ნუგეში ეს არის, ვერ წამართმევ! მომეცალე, მომეცალე, თორემ თვალებს გამოგწიწკნი, თავს აქ მოვიკლავ და არ დაგანებებ კი!

– იქით, იქით! ხელი აიღე, თორემ ეს არის მოთმინება დავკარგე! შენისთანებმა უნდა მაჯობონ, შე მასხარავ? იქით-მეთქი, გეუბნები! ცოდვაში არ ჩამაგდო, წიწილასავით არ წაგახრჩო! ნაპარავი ვიპოვე, შე არამზადავ, შენა, და კიდეც მიძალიანდები? რატო სირცხვილით თვალი არ გისკდება და დედამიწაზე არ დავარდები! იქით, იქით მეთქი!

– არა, არა! ჩემი ცოცხალის თავით არ დაგანებებ. ჩემია, ჩემი, არ მომიპარავს. განა, ურჯულოვ, შენ თვითონ არ იცი, რომ არ მომიპარავს? მთელმა ქვეყანამ იცის, ,,ტარშინა” – მამასახლისთან გამოცხადებული მაქვს. ღმერთმა აჩუქა ჩემს ობლებს და შენ უნდა წაართვა? არა, ვერ წამართმევ, ვერა!

მაგდანას თავშალი გადაუვარდა, თმები ჩამოეშალა და გაეწეწა, პირზე მკვდრის ფერი დაედო, შუბლზე ცივი ოფლი ჩამოსდიოდა, იმის მუდამ წყნარ ხმას მრისხანება მიეცა, მკლავს – საშინელი ძალა, და ყმაწვილს, ლომივით მენახშირეს, კინაღამ აჯობა.

ამასობაში პოლიცია გაჩნდა, ჩხუბის მიზეზი გამოიკითხა და მენახშირე ამ სიტყვებით გაისტუმრა: წართმევა არ იქნება, წადი, სუდში იჩივლე, იქ გაარჩევენ საქმეს და, სახედარი ვისიც არის, იმას მისცემენო.

მაგდანამ სული მოიდგა, თავშალი მოიხვია, ტანისამოსი გაისწორა და თავჩაღუნული და შემკრთალი, რომ ამოდენა ხალხმა ამის გაანჩხლება დაინახა, იარმუკისაკენ წავიდა.

VI

მშვენიერი, წყნარი, მთვარიანი ღამეა. მაგდანა თავისი ოთხი შვილით ვახშამს მოსჯდომია ეზოში, წინ პურჩაყრილი მაწვნით სავსე ტაფა უდგათ, მაგრამ კი არავინ სჭამს. იმათ მოშორებით, ბაკის ღობესთან, გამობმული ლურჯა კი მადიანად ახრამუნებს მწვანე ბალახს. მაგდანა მწარედ ჩაფიქრეაული შესცქერის მთვარეს და თვალები ცრემლებით ევსება, ვინ იცის, რითი გადაწყდება ხვალ იმისი საქმე. წაართმევენ ერთადერთ სახსარს ცხოვრებისას – ლურჯას, თუ შეიბრალებენ ამის წვრილშვილს და არ გასწირავენ? – ოხ, ღმერთო, სად არის შენი სამართალი! მომხედე მე საცოდავს, ჩემს საბრალო ობლებს! განა ლურჯა მართლა ჩემი არ არის? განა მართლა მე და ჩემი შვილები ამის მოვლაში და საზრდოს ზრუნვაში არ ვიყავით!… რო წაგვართვან, რაღა გვეშველება! ისევ უნდა წელში მოვიხარო და ოთხფეხ პირუტყვსავით ზურგით უნდა ვზიდო რძე და მაწონი! ოხ, ოხ, ღმერთო, ღმერთო! შენ იყავი ჩემი მფარველი. – და მაგდანას გადმოსცვივდა მწარე მდუღარება.

– დედა, რათა სტირი? – უთხრა დედას გულამომჯდარმა სოფომ, – იქნება ,,სუდიებმა” ჩვენ გვარგუნონ, წინადვე გულს რად იხეთქავ?

– დედა, მოდი, მე ზედ შემსვი, – ტირილითვე უთხრა მიხამ, – და მანამ არ მომკვლენ, ძირს არ ჩამოვალ.

– შე საწყალო, შენა! მანამ არ მომკლავენო! შენ რა ხარ, შვილო, რომ შენი მოკვლა რა იყოს? პანტასავით იქით გადაგისვრიან და ბევრსაც გირტყამენ.

– მაშ, მოდი, დედა, მთიულებში წავიყვანოთ და იქ დავმალოთ, – იმედს არ ჰკარგავდა პატარა მიხა.

– დედა, პური ჭამე, გეთაყვანე, ღმერთი მოწყალეა! გუშინ ნოზაძიანთ ნინიკა ამბობდა: მთელი სოფელი უმოწმებს, რომ მკვდარი მოაბრუნაო. მაგდანას დამალვით ხომ არ დაუმალავს, საქვეყნოდ “ტარშინას” გამოუცხადა, რომ თუ ზამთარში გამოვკვებავ, მერე აღარავის დავანებებო. ან ვის გაუგონია დავარდნილი სახედრის უკან დევნაო, ეგ გზა სულ მენახშირეებით არის გათელილი, მაგის მეტი რა გვინახავსო? დავარდნილი სახედრები ბევრი გვიპოვნია, ბევრი მოგვიბრუნებია, მაგრამ პატრონს ხმაც არ ამოუღიაო.

– ეგ მეც ვიცი, შვილო, მაგრამ, ვინ იცის, ,,სუდიები” “კანცელარიაში” რა ქეიფზე იქნებიან, ვისას უფრო გაიგონებენ. მენახშირე ფულით არის გატენილი, მე უბედური გლახა ვარ და გლახისას ვინ რას შეიწყნარებს.

-არა, დედილო, არა, ჩვენ ლურჯას ვერავინ წაგვართმევს, – ქვითინით წამოხტა პატარა მიხა და მივარდა სახედარს: – არა, ლურჯავ? შენ ნუ წაჰყვები იმ ოხერ მენახშირეს, ნუ წაჰყვები, შენი ჭირიმე! – და ამ სიტყვებთან ერთად ორივე ხელით შემოეხვია ლურჯას კისერზე.

VII

მეორე დღეს მაგდანამ თავზე ხელი გადაუსვა თავის ლურჯას, დიდხანს ჩასცქეროდა ტკბილ, დაღონებულ თვალებში და თავი გაიქნია: – განა ასეთი იყავ ამ რვა თვის წინათ? განა ასე გიბზინავდა აქა-იქ ამოგლეჯილი შენი ლურჯი ბალანი, ჩემო ლურჯავ? განა მენახშირე ისევ ისე არ გადაგაძრობს ჩემს მორჩენილ ბეჭებს? ნეტა ლაპარაკი მაინც იცოდე, რომ შენა გკითხონ, თუ ვის აირჩევდი პატრონად. – ლურჯაც თითქოს გრძნობდა თავის განსაცდელს და, რაც შეეძლო ზედ ეკვროდა თავის პატრონს.

მაგდანამ კარგად მოუარა თავის ბედაურს, კურტანიც კი აღარ დაადგა, რომ ყველას ენახა, რა რიგად იყო მოვლილი მისი ლურჯა; კისერზე თოკი გამოაბა და რომ შვილების ტირილი და ვაგლახი აღარ ენახა, გაუთენებლივ გაუდგა გზას. ჯერ სოფლის ,,კანცელარიაში” ჩამიჩუმიც არ იყო, რომ მაგდანა თავისი სახედრით იქ გამოცხადდა.

სოფო, მიხა და ორი პატარა მთელი დღე ბანზე ისხდნენ. არც ერთს იმათგანს მთელი დღე ხმა არ ამოუღია. თითქმის არა უჭამიათ რა და მხოლოდ გზას გასცქეროდნენ. მზემ კარგად გადაიწია და მაგდანა კი არსად ჩანდა.

ბავშვები სასოწარკვეთილებას მიეცნენ. სოფო, რაც ძალი და ღონე შერჩა, კიდევ ნუგეშსა სცემდა პატარებს, თუმცა თვითონ მთლად კანკალებდა მოუთმენლობით.

მზე ჩავიდა და აგერ გზის პირად გამოჩნდა მაგდანას შავი თავშალი. კიდევ ერთი წამი და მაგდანა, წელში გაშლილი, პირმოღიმარი, თოკით ხელში ლურჯას წინ მოუძღოდა და თავის მოწმეებით გარშემოხვეული მოუახლოვდა სოფელს. მაგდანას შვილები სახედრის დანახვაზე მთლად გადაირივნენ: ტიროდნენ, იცინოდნენ, ხტოდნენ, გარბოდნენ, უკან ბრუნდებოდნენ და ისევ გამორბოდნენ. ბოლოს ოთხივე წივილ-კივილით ვირს მოეხვივნენ, ჰკოცნიდნენ, ზედ ახტებოდნენ და უალერსებდნენ.

– კარგით, შვილო, კარგით! ხომ ხედავთ, ლურჯა ჩვენ გვარგუნეს. სოფო, შვილო, გაიქე სახლში, ცეცხლი გააჩაღე, ამ პატიოსან მოწმეებს უნდა გავუმასპინძლდე.

მაგდანა თავის მოწმეებს გულუხვად დაუხვდა. ღვინო და არაყი ბლომად მიართვა, კარგი ჩასუქებული დედალიც დაუკლა და შუაღამემდის იმის ერდოდან, წუხანდელი ტირილის მაგივრად, ჰარიარალეს ხმა ამოდიოდა.

წელი: 1890

ია –ვაჟა-ფშაველა

$
0
0

უღრანს ტყეში მოსული ვარ… მანამ ცოცხალი ვარ, ჩემის სილამაზით დავატკბობ ტყეს, ბალახს და იმ გაღმიდამ გამომცქერალს გულხავსიანს კლდესა, სუნელებას მივაფრქვევ არე-მარეს. ყველას ვუყვარვარ: აგერ იმ დამპალს ყუნწს თვალი სულ ჩემსკენ უჭირავს. ია მიცინის ხოლმე, უნდა ჩემთან მოვიდეს, – მაკოცოს, მაგრამ არ შეუძლიან, მხოლოდ შორიდამ გამიცინებს, გაიღიმება საცოდავი, თუმცა უშნოდ, მაგრამ გულკეთილობა-კი დიდი გადაეფინება ხოლმე პირზედ.

განა მარტო იმას უხარიან ჩემი სიცოცხლე? წვერხმელი ხეებიც მე დამხარიან ზევიდამ, თვითონ თავშიშველნი, ტოტებს მე მაფარებენ: ჩვენს იას არ შეგვიცივდეს, ან არაფერმა არ აწყინოსო. პირდაპირ შხაპუნა წვიმას არ უშვებენ ჩემამდის: წვიმას შეუძლიან ერთბაშად ჩამომაცალოს ფოთლები. უფოთლებოდ ყოფნა და სიკვდილი ჩემთვის ერთია. არა, ხეები: არყი, წიფელი, თხილი, თამელი, დუდგულა გარშემო მეხვევიან და მყარაულობენ, წვიმის ნამს ინახავენ ტოტებით, ფოთლებით და მერე ნელნელა მამცვრევენ პირზედ თითო-ოროლ ნამობით, პირსა მბანენ. მე ყელს მოვიღერებ და ვინატრებ, ნეტა სიმღერა შემეძლოს, ნეტავი დამბადებელს ჩემთვის ნიჭი მოეცა, რომ მექო მაღლა ცა და ღრუბელი, მზე, ეს ჩემი მფარველი ხეები, ეს მთები, ის ჭალები და ღაბუა ჩიტები, რომელნიც ხმელს, ყვითელს ფოთლებში წითლის და მწვანის ფრთა-ბუმბულით ჩემს წინ დაგოგვენ და ხანდახან შემომჭიკჭიკებენ პირში, მათამაშებენ, უხარიანთ ჩემი სიცოცხლე. ჩემი ერთის თვის სიცოცხლე სხვის ოცდაოთხის თვის სიცოცხლეს სჯობია, მაგრამ დიდხანს სიცოცხლეს კი დანატრებული ვარ. დილას ერთმა “წიფლის-ჩიტამ” ჩემს ახლოს იგალობა, ლამაზი რამ იყო, – ყელწითელი, ღაბუა; იმასაც ჩემსავით თავი მოსწონდა, იხედებოდა გულზედ და მხრებზედ; ყველას მოსწონს თავი, ყველას უხარიან სიცოცხლე, ყველას უყვარს ბუნება.

გუშინ ცამ იჭექა. ჭექა-ქუხილი ჩვენ არ გვაშინებს: ქუხილი წვიმის მომასწავებელია და წვიმა ხომ ძუძუს გვაწოვებს დედამიწის გულზე. მზე – მამაა, ზევიდამ დაგვყურებს და გვეალერსება, თვალ-ყურს გვადევნებს. წვიმის მოსვლა მცენარეთ უხარიანთ, – უხარიანთ, ყელამდის სიხარულით მოიყარნენ; ეხლა ისინი ახალ კაბებს და ქათიბებს ჩაიცმენ. აი ეს ორი დღეა, რაც ჩემი დობილი სასუტელაც ამოჩნდა; უხარიან, უხარიან საცოდავს, სულ თავს იქნევს დაბლა და მაღლა, უკრავს თავს დედამიწას, მზის სინათლეს, მეჩურჩულება, ზღაპრებს მიამბობს სიცოცხლეზე, სიყვარულზე; ხანდახან კიდეც გაიკასკასებს, გადმამეხვევა და მაკოცებს. გუშინ დილით მე და ჩემმა დობილმა ორივემ ვიტირეთ.

რა შეუბრალებელია კაცი?! რასაც კი დაინახავს, უნდა რომ თავის სასარგებლოდ მოიხმაროს. ალბათ ვერ აფასებს ჩვენს სილამაზეს! ჩვენ წინ კაცმა გამოიარა, ცალს მხარზედ ცული ედო, მეორეზედ თოფი ეკიდა. მიადგა ერთს მშვენიერს ტოტგადართხმულს წიფელს, დაუშინა ცული და წააქცია. საბრალო, როდესაც წაიქცა, დაიკვნესა. ჩვენს იქით გუგულის-კაბა ამოსულიყო და ჯერ ხმელს, ჩამოსულს ფოთოლს არ ამოსცილებოდა. როდესაც ხე წაიქცა, გადიყრეინა ზევიდამ ფოთლები და წითლად გამობჭყვინდა, ცრემლები დასხმოდა ჩაღრმავებულს გულში.

შუადღის დროს დაღალულ-დაქანცული ქედანი მოვიდა და დაჯდა ჩვენს წინ თელის ტოტზე და დაიწყო ღუღუნი. უხაროდა იმასაც გაზაფხულის მოსვლა და ის, რომ მშვიდობით ნახა კიდევნაცნობი ადგილი. უცებ თოფი გავარდა, ქედანმა ხმა გაკმინდა, ჯერ ფეხით ჩამოეკიდა ტოტზე, მემრე ძირს ჩამოვარდა, ჩემს წინ დაეცა. სისხლი წამოუვიდა ნისკარტიდამ და თვალები დახუჭა; გადმონადენი სისხლი წვეთ-წვეთად დაეტყო ფოთლებზე. მე და სასუტელას კანკალი მოგვივიდა… მე გარკვევით არაფერი მესმის, მხოლოდ რაღაც ბუბუნი, გრიალი, ბუნდი ჟრიამული მოდის ჩემამდის.

ვაჰმე, რა საბრალო არი

ია, მოსული მთაზედა!

ბეჩავს დააზრობს სიცივე,

ან ელვას დაჰკრავს თავზედა;

ღმერთს მიუცია საწყლისად

მოკლე სიცოცხლის ჟამია,

ქვეყნისა მისგან შვენება

ერთი ბეჩავი წამია.

ია დაიწყებს კდომასა,

დაიქვითინებს: “ვაჰმეო!

თუ გამაჩინე, უფალო,

დიდი დღე რად არ მამეო?”

1886 წ.

წერილი ნაძვებს –გოდერძი ჩოხელი

$
0
0

საშინელმა სიზმრებმა გატანჯეს ჯღუნაი და შემკრთალს გამოეღვიძა.

კარგა ხანს ღამის ზმანებები ედგა თვალებში. საწოლზე იჯდა თავჩაღუნული. მერე ფეხებზე ტალახიანი ჩექმები ჩაიცვა და ბერის სახლისაკენ მიმავალ ორღობეს გაჰყვა დაფიქრებული.
მზე კარგა აქეთ ამოსცილებოდა აღმოსავალს.

ნაძვიბერის სახლის წინ სოფლის დედაკაცები ისხდნენ და ჩუმად რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. იმათ შორის იჯდა ბერის ცოლიც. იდაყვზე სახეჩამოყრდნობილი დროდადრო სახლის ფანჯარას შეხედავდა და ამოიოხრებდა.

სიჩუმეს მარტო ღობის მარგილზე შემომჯდარი ყვავი არღვევდა. საავოდ ყრანტალებდა ყვავი.
– ყვა შენ და შენი ხმის გაცივება! – ქოქოლას აყრიდნენ ყვავს დედაკაცები.

ჯღუნამ ღობიდან მარგილი მოტეხა და ყვავს ესროლა. ყვავი გაფრინდა და ახლა ბანის წვერზე შემომჯდარი მოჰყვა ყრანტალს. ჯღუნაი კედელ-კედელ წამოეპარა და დიდი სიპი ესროლა. ყვავმა ისევ შეიცვალა ადგილი. ჯღუნამ თავი გაანება და დედაკაცებთან ჩამოვიდა.
_ როგორ არის საქმე? _ იკითხა ჯღუნამ.
_ წუხელ მაგარი შეტევები ჰქონდა, _ თქვა ბერის ცოლმა.
_ ნემსი გაუკეთეთ?
_ არ გაგვაკეთებინა.
_ ცოტა მაინც არ გახმა?
_ ხმება, მაგრამ ისე დარდობს იმის გახმობას, ალბათ გადაჰყვება. გულიც რო ეხლა ასტკივდა!
_ ექიმი არ ამოვიდა?
_ ჰო, ამ დილით ამოვიდა, _ თქვა ბერის ცოლმა და ამოიოხრა.
_ რა თქვა, რაო.
_ თუ იმ ნემსებს არ გაიკეთებს, არ გახმებაო. როგორ არ ვეხვეწეთ, მაინც არ გაიკეთა.
_ სხვა წამალი არაფერი დაუნიშნა?
_ ჯერ არა, ელაპარაკება, შიგნით არის.
ჯღუნაი სახლში შევიდა.
საწოლზე ზის ბერი. მარცხენა მხარზე ტანსაცმელი ამოუჭრიათ და იქიდან პატარა ნაძვს ამოუყვია თავი.
შიშველი ფეხები საწოლის წინ ამოთხრილ მიწაში უწყვია ბერს და მიწას წყალს უღვრის.
_ ნუ, ბერო, გასცივდები, ნუ იღუპავ თავს, _ ეხვეწება ბერს ექიმი, სამოც წელს მიტანებული დაბალი ებრაელი ქალი. ეს ქალი გუდამაყრელების მკურნალი ანგელოზია.
_ რას შვრები, კაცო, ნემსებს არ იკეთებ და მიწაში რო ფეხებს აწყობ, შენს გულს მაგით ეშველება?
_ მე არა, ამას ეშველება, _ მხარზე ამოსულ პატარა ნაძვზე ანიშნებს ბერი ჯღუნას.
_ შე კაი კაცო, მაგდენი როგორ არ გესმის, შენ თუ დაიღუპები, ეგ ნაძვიც ხო დაიღუპება, რა გაჰქეჯდი, გაიკეთე ნემსები.
_ ნემსი როგორ გავიკეთო, გახმება, ხო ხედავ, როგორ ჩამოუჭკნა წიწვები.
ბერმა ფეხებში მოყრილ მიწას წყალი დაასხა.

ოთახში უცხო კაცი შემოვიდა და იქ მყოფთ გამარჯვება უთხრა.
_ გაგიმარჯოს, _ სულ ბოლოს თქვა ბერმა და მოსულს სიგარეტზე ანიშნა, _ ჩააქრე, მაგის ბოლზე უფრო ხმება.
ახალმოსულმა სიგარეტი ჩააქრო და თქვა:
_ მე თქვენი სკოლის ახალი მასწავლებელი ვარ. გეოგრაფიას ვასწავლი. ამ უცნაურმა ამბავმა დამაინტერესა და იმიტომ მოვედი. გაოცებული ვარ პირდაპირ, გაოცებული. პირველად მესმის, რომ კაცს მხარზე ნაძვი ამოუვიდა. არა, თუ შეიძლება უფრო ღრმად გამარკვიეთ ამ საქმეში.

_ რა არის აქ ღრმად გასარკვევი, ამოვიდა, _ თქვა ბერმა.
_ თქვენ ამბობთ, რომ ღრმად გასარკვევი არაფერია, უბრალოდ, ამოგივიდათ, ხომ? მაგრამ მე გადმომცეს, რომ თქვენ შვილივით ეპყრობით მაგ ნაძვს. ჰაერზე ასეირნებთ, იმის გულისთვის, რომ წამლებმა ნაძვი არ გაახმოს, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებთ. არ არის ეს ღრმად გასარკვევი ამბავი? რას მეტყვით, საიდან გაჩნდა ეს მამაშვილური მზრუნველობა, ჰა?!
_ მე შვილი არა მყავს, _ თქვა ბერმა და მასწავლებელს, რომელმაც სიგარეტი აანთო, სთხოვა:
_ თუ შეიძლება, აქ ნუ მოსწევთ.
_ უკაცრავად, სულ გადამავიწყდა. და კიდევ ერთი: არ გეგონოთ მე თქვენი ცოლის მიერ მოგზავნილი, ეს ჩემი რჩევა არის _ თქვენ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ნემსები, სხვანაირად გული არ მოგირჩებათ. ნაძვები, ბატონო, ტყეში რამდენიც გინდათ, იმდენია, თქვენ კი ერთი პატარა ხის გულისათვის…
_ თქვენ რომ ამოგსვლოდათ, რას იზამდით? _ ჰკითხა ბერმა.
_ თქვენსავით გული რომ მტკივებოდა, ალბათ, ჩემს თავს ვარჩევდი და წამლებს მივიღებდი. თქვენ კი სიცოცხლეს საფრთხეში იგდებთ და იცით თუ არა, რომ ამით თქვენში მყოფ ღმერთს კლავთ.
_ განა ეს ნაძვი კი ცოცხალი არ არის?! _ თქვა ბერმა.
_ ეგ ნაძვი ისეც გახმება.
_ იქნებ არ გახმეს, _ თქვა ბერმა და წასასვლელად მოემზადა.
_ სად მიხვალ? _ ჰკითხა ჯღუნამ.
_ უნდა ვასეირნო, აქ ჩახუთული ჰაერია, შეიძლება აქ მართლა გახმეს.
_ გულის წვეთები მაინც დაგელია,. _ სთხოვა ექიმმა.
ბერმა არაფერი თქვა, ფრთხილად გავიდა ვიწრო კარში, რომ ნაძვი არაფერს წამოსდებოდა ტოტებით.
_ თქვენ ღმერთი გწამთ? _ ჰკითხა ექიმმა მასწავლებელს.
მასწავლებელი დაიბნა.
_ არა, ეს ისე… ძალიან უცნაური შემთხვევაა. როგორ უნდა ამოუვიდეს კაცს ნაძვი? ამის მერე შეიძლება ყველაფერი იწამო და არაფერი არ იწამო. ვითომ რატომ უნდა ამოსვლოდა ნაძვი, ჰა?
_ ომში დაჭრილა და ტყეში ნაძვის მტვერი ჩაჰყრია ჭრილობაში, _ თქვა ექიმმა.
_ როგორ გგონიათ, ექიმო, არაფერი ეშველება? _ იკითხა ჯღუნამ და ნათქვამს დარდი ამოაყოლა.
_ როგორმე ნემსები უნდა გავუკეთოთ, რომ გახმეს ის ნაძვი.
_ როგორ, აბა, ღამეც არ იძინებს, სუ იმ ნაძვს ჰყარაულობს, შვილივით უვლის.
_ გულმა შეიძლება ვეღარ გაუძლოს, მკურნალობა აუცილებელია, _ თქვა ექიმმა,
_ პირდაპირ ღრმად შესწავლის ღირსია ეს თემა, _ თქვა მასწავლებელმა და სიგარეტი გააბოლა.

***
ბერმა ჯერ თხილნარში ისეირნა, მერე იფიქრა, იქნებ წიფლიანში უფრო მოუხდეს ნაძვს გასეირნებაო და ზემოთ წავიდა.
გზაზე მეტყევე გადაეყარა.
_ მართლა ხმება? _ ჰკითხა მეტყევემ ბერს.
_ ჰო, ვერ არის კარგად.
_ შენც რაღა ეხლა აგტკივდა გული.
_ აბა!
_ ისე, ღვთის სამართალი რა ვთქვი, აქაურ ტყეში ნაძვი არ იბადება და მაინცდამაინც შენ ამოგივიდა, იმ დალოცვილს შვილი მოეცა ბარემ.
_ მე ამაზედაც მადლობელი ვარ, ოღონდ ნუ გახმება.
_ რაღა ნუ გახმება, ანდე, ჩამოსჭკნობია წიწვები. ანდა, კაცო, ბედი არ არის, მა რა არის, რატომ სხო ხე ვერ გაიმეტა ღმერთმა, ბალი მაინც ამოგსვლიყო, პირს მაინც გაისველებდა კაცი, ნაძვს რაში გამაიყენებ? ის დალოცვილი, თუ გაძლევს, მოგცეს. არც იმასა აქვს სამართალი და ეგ არის.
_ მე არა ვნანობ, _ თქვა ბერმა.
_ ისე, არა სტყუი, კიდე, ხო იცი, იძახიან, ნაძვის გირჩებისაგან კუჭის წამალს აკეთებენო. მამკლა, კაცო, კუჭის ტკივილმა. ე ჩვენ ტყეში კიდევ ერთ ძირსაც ვერ ნახავ, სუ წიფელი და ნეკერჩხალია. თუ ძმა ხარ, თუ არ გახმა და გირჩები გამაიბა, არავის მისცე, მამკლა კუჭის ტკივილმა.
ბერი ნაძვის პირველ გირჩებს მეტყევეს შეჰპირდა და მარტოკამ გააგრძელა გზა.
გორზე დაისვენა.
ახლომახლო მოშიშვლებული ადგილი იყო და, როცა კი ნაძვს ასეირნებდა, ყოველთვის აქ ისვენებდა ბერი. ჩამოჯდებოდა და ეალერ¬სებოდა ნაძვს. ეს ადგილი ძალიან მოსწონდა.
ცოტა რომ დაისვენა ბერმა, ადგა და მახლობელ ჩირგვში ისე ჩაიმალა, რომ ზემოთ მხოლოდ ნაძვი ჩანდა. მანამდე იყო ასე, სანამ ერთი პატარა ღობემძვრალა ჩიტი არ შემოჯდა ნაძვის კენწეროზე, თავის ენაზე რაღაცა იწრიპინა და ნაძვზე ჯდომით რომ გული იჯერა, გაფრინდა. ბერი წა¬მ¬ოდგა და მადლიერი მზერა გააყოლა ფრინველს.
მერე ისევ გორზე დაჯდა და ჭიუხებიდან მონაბერ ნიავს შეუშვირა მარცხენა მხარი.
ქვემოთ ხელისგულივით ჩანს არაგვის ჭალა.
სულ ქვემოთ, ხეობის დასაწყისში, დიდი სოფელი ჩანს, იმ სოფელში კოლმეურნეობის კანტორა არის. აქედან კარგად ჩანს ის შენობა: თეთრი, მაღალი, ქვითკირით ნაშენები.
ბერს უცებ აზრი დაებადა.
ჩავა კანტორაში და კოლმეურნეობის თავმჯ¬დო¬მარეს დასასვენებელ საგზურს სთხოვს სადმე ისეთ ადგილზე, სადაც ბევრი ნაძვია. იქნებ იქაური ჰაერი მოუხდეს და აღარ გახმეს ნაძვი.
ამის გაფიქრებაზე გულის ტკივილიც კი გადაავიწყდა. სირბილით დაეშვა ქვემოთ.

***
კოლმეურნეობის თავმჯდომარე თავის ოთახში დაუხვდა. ცნობისმოყვარე ხალხი ჯარივით მოსდევდა ბერს უკან.
_ საგზური მინდა, _ თქვა ბერმა.
_ რა საგზურს თხოულობ, ვერ გამიგია, _ გაიკვირვა თავმჯდომარემ.
_ სადმე, ნაძვნარ ადგილას.
_ ჩვენ აქ ვშრომობთ, _ თქვა თავმჯდომარემ.
_ ვიცი, _ უთხრა ბერმა.
_ მერე?!
_ იქნებ გქონდეთ საგზური.
_ არა გვაქვს.
_ ძალიან გთხოვთ.
_ კაცო, რას გადამეკიდე, ხო გითხრეს, გაიკეთე ნემსებიო, რატომ არ იკეთებ?!
_ შენც იმათ მხარეს ხარ?
_ ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვია და ნუ ჯიუტობ რაღაცას.
_ ამომივიდა და რა ვქნა!
_ ამოგივიდა! ხმება! გამიხსენი ეხლა აქ სატყეო მეურნეობა, გაიშენე ზურგზე ტყე, გაურივე შიგ პანტა, ვაშლი, მსხალი, ზღმარტლი. გაამრავლე მერე ნადირი. შემოგესევიან მონადირეები, ტყისმჭრელები და ნუღა მომასვენებ მერე. მომთხოვე მეტყევეები, დავუნიშნოთ მერე იმათ ხელფასი. მერე იმ ნაძვნარში აგარაკს მოგვთხოვს ვიღაც. ჰო, მართლა, ყურძენი არ დაგავიწყდეს, ვენახიც გაიშენე, დავწუროთ ღვინო და ვიყვნეთ ესე… საგზური არა მაქვს მე და რაც გითხრეს, ის გააკეთე. შენ არ იფიქრო, რო შენმა ცოლმა დამავალა ამის თქმა. ამას მე გეუბნები _ მოიშორე ეგ ნაძვი.
ბერს აღარაფერი უთქვამს თავმჯდომარისათვის, კანტორიდან გამოვიდა და გზას გაჰყვა ქვემოთ.

***
ბორჯომამდე კითხვა-კითხვით მიაღწია ბერმა. ხალხს გიჟი ეგონა, ნაძვს რო ხედავდნენ იმის მხარზე.
არც სასტუმროში მიიღეს, სანატორიუმები გადაჭედილი იყო დამსვენებლებით.
მაშინ ბერმა ერთ ნაძვნარ ტყეში პატარა ქოხი აიშენა და იქ ასეირნებდა ნაძვს.
პირველ ხანებში გულის ტკივილმა თანდათან უმატა. მერე უკეთესად იგრძნო თავი.
ერთი კვირის თავზე ნაძვს გამოკეთება შეატყო ბერმა. გამწვანდა, გამოზიზინდა.
უცებ აიყარა ტანი ნაძვმა. ბერი გულმკერდში გრძნობდა იმის ფესვებს და წიწვების სახეზე მოლამუნებით ტკბებოდა. ის ახლა ნაძვის ყოველ ნაფიქრალს ხვდებოდა, გრძნობდა, როგორ ელაპარაკებოდნენ ხეები ერთურთს. ბერი ახალ სამყაროს გრძნობდა, გრძნობადს და არა ხილვადს, უჩინარს, იდუმალებით მოცულს. ახლა იმის სხეულში ორი სული იდგა და ეს ორი სხვადასხვა სული ერთურთის შერწყმას ლამობდა. სხეულები კი ერთსახედ გადაქცევას ესწრაფებოდნენ. ისინი სვამდნენ ურთიერთს და ერთ მთლიანს ავსებდნენ თანდათან.
ერთი თვის თავზე ბერის თავს ზემოთ ჯანმაგარი ნაძვი მასპინძლობდა მის ტოტებზე შემომსხდარ ფრინველებს.
ბერს მეუღლე მოენატრა.
ჯღუნაი მოენატრა.
ახლა ის სიამაყით იყო ავსილი და ერთი სული ჰქონდა, როდის გაასეირნებდა ამ ჯანსაღ ნაძვს თავის სოფელში. როდის შეეყრებოდა მეტყევეს და დააიმედებდა:
_ ნუ გეშინია, მოგცემ გირჩებს, მორჩები, აბა, არა!
გადაწყვიტა, თავის სოფლამდე ტყედატყე ევლო, ფეხით, რომ უცხოს არავის გადაჰყროდა, ხიფათს რომ არაფერს გადაჰკიდებოდა.
დაემშვიდობა ნაძვებს და წავიდა.

«წერილი ნაძვებს!
ახლა ამ წერილს ჩემი სოფლიდან გწერთ. კარგადა ვარ. ხშირად დავსეირნობ ტყეში. ჩემი სოფლელები შეშინებულნი არიან, ერიდებათ ჩემთან სიახლოვე. გუშინ გეოგრაფიის მასწავლებელმა მთხოვა, რომ საახალწლოდ მე მომრთონ. მე დავეთანხმე, მაგრამ ცოტა მეშინია კიდეც, ტოტები არ ჩამომალეწონ. ერთადერთი, ვისთანაც ადამიანური ლაპარაკი შეიძლება, მეტყევეა. გირჩებს შევპირდი, მაგრამ ცოტა ხარბი კაცია. მაინც ვერ ურიგდება იმ აზრს, რომ ნაძვი ვარ. წამოსცდება ხოლმე ხშირად, ბალი მაინც იყო, პირს მაინც გავისველებდიო.
დღესაც სასეირნოდ ვიყავი. ჩემი ცოლი სულ გვერდით დამყვება, რომ სადმე კლდეზე ტანმა არ გადამძლიოს და ხრამში არ გადავიჩეხო. შეურიგდა ბედს.
ჯღუნაი გადასახლდა, აღარ ეკარება ჩვენს სოფელს. მენატრება, ადრე კარგი მეგობრები ვიყავით.
ერთი კვირის წინ ქორწილში ვიყავი და ერთ ლამაზ გოგონასთან ვიცეკვე. იმ დალოცვილს ჩემსავით აშოლტილი ტანი ჰქონდა.
ერთი ლოთი კაცი ცხოვრობს აქ, რამდენჯერაც დაითვრება ის კაცი, აიღებს ცულს, დაუწყებს გალესვას და თან იძახის:
_ ბერი უნდა მოვჭრა! ბერი უნდა მოვჭრაო!
ვერიდები.
მეშინია.
რას გაიგებ, მთვრალი კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება მართლა მომჭრას.
აქაურ ტყეებს სიყვითლე შეეპარა. ამათ ძალიან უკვირთ, მე რომ სულ მწვანე ვარ და ფერს არ ვიცვლი. ეს კიდევ არაფერი, მე რომ სიარული შემიძლია, ამაზე მთლად გიჟდებიან, ალბათ, ზეციდან მოვლენილი ვგონივარ, ისე მეკრძალებიან.
მე ვუთხარი მათ, რომ არა ვარ სხვაგნიდან მოსული.
არ დამიჯერეს:
_ თუ მიწაზე დაიბადე, რატო შენც ჩვენსავით ფერს არ იცვლი, შენიანებს სიარული არ შეუძლიათ, შენ კი დადიხარ, სადაც მოგესურვება, იქ დგები, თან არც ჩვენნაირი ფოთლები გაქვსო.
რა უნდა ვუთხრა.
რით დავაჯერო.
წიფელს კიდევ რამეს ვაგებინებ, სხვები მთლად ურწმუნოები არიან.
არ მინდა, ტყეებს თავის რწმენა დავუკარგო. არადა, ვერც ვშორდები. შუაგულ ტყეში ერთი პატარა ვერხვი შემიყვარდა, ყოველდღე რომ არ ვნახო, არ შემიძლია, უიმისოდ ვერ ვძლებ. ისე თრთის ხოლმე ჩემს დანახვაზე, ალბათ, მასაც ვუყვარვარ. ამ ბოლო დროს მასთან სიახლოვეს ვერიდები. მგონი, ჩემი ცოლი ეჭვიანობს, მეშინია, მე რომ მემუქრება, ის ლოთი კაცი არ მოისყიდოს და ვერხვი არ მოაჭრევინოს.
ჩემს სოფლელებსაც მგონი შეეპარათ ტყეების ეჭვი.
სოფლის თავს ერთი ბებერი კაცი ცხოვრობს, არც ცოლ-შვილი ჰყავს იმ კაცს, არც და-ძმები, მარტოა, რაც თავი მახსოვს. ადრე ღმერთი არა სწამდა და სოფელს იმიტომ გამოშორდა. სოფლის თავს სახლი აიშენა და შეუვალი ღობე შემოავლო. მთელი თავისი სიცოცხლე ღმერთის გმობაში გაატარა. ეხლა მოხუცდა, ჯან-ღონე წაერთვა და სიღარიბემ წელში მოხარა. სამადლოდ თუ ვინმე მიაწვდის პურ-წყალს. ჩამომხმარ სხეულში ცოდვილობს იმისი სული. ყოველდღე ღმერთს ევედრება შეწყალებას.
ტყისაკენ მიმავალი გზა იმ მოხუცის სახლის გვერდზე გადის და ყოველთვის, როცა ტყეში მივდივარ ხოლმე, იმისი საცოდაობით მიკვდება გული. სახლის წინ მუხლებზე დაჩოქილი დგას ხოლმე და ცას შესძახის:
ჩამომეშველე, ზენაარო,
ეგ თალხი კალთა ჩამომაფარე,
ა, ეს თვალები დამიხუჭე,
ა, ეს ენა-პირი დამიდუმე,
ა, ეს მუხლები ჩამიშალე,
სული ნამგალივით გამიღუნე
და
წამიყვანე!..
ამ სახის მიღმა გამიყვანე,
თორემ დავიღალე,
ამ ბნელ მღვიმეში ყოფნით დავიღალე.
და ამ ლოცვის დროს მე თუ დამინახა, აკანკალებული მეხვეწება:
_ სთხოვე უფალს, ჩამომეშველოს,
სთხოვე, ჩამომეშველოს,
მიშველე, სთხოვე…
მეცოდება ეგ კაცი, არ ვიცი, რა ვქნა, რით ვუშველო. რომ არ ვაწყენინო, შევუშვერ ხოლმე ზეცას ხელებს და შევთხოვ:
_ ჩამოეშველე! ჩამოეშველე!
არ ჩანს გამკითხავი.
იგვიანებს…
საოცარ სიზმრებს ვხედავ ღამღამობით: ხან მეჩვენება, რომ ჰაერში დავფრენ, მერე ქვემოთ ვეშვები, მიწის გულში ჩავდივარ და იქ მისი გულის ბაგაბუგს ვისმენ.
სუნთქავს მიწა.
როგორც კაცი, ამოისუნთქავს და მერე სადა და როდის ჩაისუნთქავს.
თითქოს სუნთქვის ხმაც მესმის.
მიწის გულიდან რომ გამოვდივარ, ყველაფერი, რაც კი მის ტანზე ხდება, მიწის სიზმარი მგონია.
ხან შორს მიმაფრენს და შორიდან ვუყურებ დედამიწას. დედამიწას იქიდან სხვანაირს ვხედავ:
ცოცხალს!
მდინარეები მისი სისხლძარღვებია.
ზღვები და ოკეანეები _ ფილტვები.
ტყეებით სუნთქავს.
ჰაერი მისი სულია.
თვითონვეა კაციც და დედაკაციც.
შორიდან კარგად ჩანს, როგორ გამოდიან ათასნაირი სახეები მიწიდან და ისევ მიწას უერთდებიან…
ნეტავი ერთხელ ჩემს სიზმრებში ჩაგახედათ და განახვათ, როგორი სახე აქვს იქ დედამიწას.
ღმერთი?
მე მწამს ღმერთი, რადგან მწამს დედამიწა და რაკი ჩვენ, ყველანი, დედამიწის ნაწილი ვართ, ალბათ, დედამიწაც ასევე ღმერთის ნაწილია.
ჯერ ეს სიზმარში არ მინახავს, მაგრამ, ალბათ, როგორც დედამიწას შეერთვიან მისგან გამოსული სახეები, თვითონ დედამიწაც შეერთვის ღმერთს.
მე რატომღაც მგონია, რომ ღმერთი ერთია და ამასთანავე იმდენი, რამდენი სახეცა დგას მასში.
ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა უფრო გაინტერესებთ. ნუ იდარდებთ. წინანდებურად აღარ მაწუხებს გულის ტკივილი.
დღეს ჩემს ტოტებზე ისე გულიანად იგალობა შაშვმა, რომ სულ გადამავიწყდა, თუ როდესმე გული მტკიოდა.
აქაურ ტყეში მარტო მე ვარ ნაძვი. ერთი ადგილი მომწონს მაღალ მთაზე, ხშირად ვდგავარ იქ. აქედან კარგი გადასახედია, მთელი ხეობა მოჩანს.
ღამღამობით სიზმარში მეჩვენება, რომ ფეხები მიწაში მიდგას.
თქვენ მენატრებით.
გკოცნით ბევრს…»

წერილს გარედან მისამართი ეწერა:
«66793
ბორჯომი
ეს წერილი ნაძვის ტყეში დააგდეთ.
ბერი».

შემოდგომაზე გულის ტკივილმა მოუმატა ბერს.
ერთ საღამოს ნაძვის ფესვები მუხლებს ქვემოთ იგრძნო.
საშინლად სწიწკნიდა გული.
მთვარიანში სახლიდან გამოვიდა, კალოდან ბარი გამოიტანა და ტყისაკენ აუყვა აღმართს.
გვიანი შემოდგომა იყო.
მთვარის შუქზე ვედრებასავით იდგნენ გაძარცული ტყეები.
ტყის მცველის ქოხს ჩაუარა.
შუაღამისას თავის საყვარელ ადგილს მიაღწია.
აქედან ხელისგულივით მოჩანდა ხეობა.
ბერმა ღრმა ორმო ამოთხარა და შიგ ჩადგა. მერე ნათხარი მიწა შიგნით ჩაიყარა და ხელებით ფეხებში ჩაიტკეპნა წელამდე.
იდგა ასე.

უკანასკნელი, რაც ბერმა იგრძნო, ის იყო, თუ როგორ შეავსო ორმა სხეულმა ერთი მთლიანი და გახდა ერთსახე, რომელიც წვრილი ფესვებით საოცარი სისწრაფით ჩაებღაუჭა მიწას.
ხოლო პირველი, რაც ნაძვმა იგრძნო, ეს მზის ამოსვლა იყო.

ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი ალბომიდან “პარიზი”

$
0
0

პარიზი. მდინარე სენა და ეიფელის კოშკი. ფოტო ალბომიდან “პარიზი”. 1900 წელი.

ალბომი დაცულია ერონულ არქივში.

პარიზი

“კვირის დოკუმენტი” ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

იავნანამ რა ჰქმნა? –იაკობ გოგებაშვილი

$
0
0

სამშობლო ღვინისა

თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავლეთისკენ, გადაიხედო, შენ თვალწინ ქვემოთ გადაიჭიმება ვეებერთელა ვაკე, რომელსაც ჰფარავს მთელი მწვანე ზღვა ვენახებისა და ზვრებისა. იავნანამ რა ჰქმნა? ამ ვაკის ზედ შუა წელზე დაინახავს გრძელს ლაპლაპა ზოლსა, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გავლებულსა. ეს სწორე ვაკე არის კახეთის ველი, ლაპლაპა ზოლი კი – მდინარე ალაზანი, რომელიც კახეთს ჰყოფს ორს, თითქმის თანასწორ ნაწილად: აქეთა ნახევარს ჰქვია გამოღმა მხარი, იქითას – გაღმა მხარი. გაღმა მხარს საზღვრად უძევს აღმოსავლეთის დიდი და მაღალი მთები და ესენი ჰყოფენ კახეთს დაღესტნისაგან, რომელიც იწყება ამ მთებს იქით.

თუ გაღმა მხარისაკენ თვალს დააკვირვებ, ერთს ადგილას მთის ძირში გაარჩევ დიდს ღელეს, ღრმად შევარდნილს მთაში. ეს ღელე ახლა სახნავ-სათესი ადგილია, მაგრამ რომ ახლო მიხვიდე და კარგად გასინჯო, მიწების მიჯნაზე და განაპირას ადვილად შეამჩნევ ქვიტკირის ნაშთებსა. ეს ნაშთები უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ეს ადგილი ნასოფლარია.

სოფელი ვაშლოვანი

დიახ, ძველს დროში სწორედ ამ ადგილას ჰყვაოდა კარგა მოზრდილი სოფელი, რომელსაც ვაშლოვანი ერქვა. დასავლეთით ამ სოფელს ერტყა ზვრები და ვენახები, ხოლო აღმოსავლეთის მხრივ ის თითქმის ეხებოდა ხშირსა და აყრილს ტყეს, რომლითაც შეფენილი იყო მთა. ამ ხშირის ტყის წყალობით შიგ შუა გულს სოფელში მიწითგან შადრევანივით ამოჩუხჩუხებდა ვეებერთელა ანკარა წყარო, რომლის ყინულივით ცივი წყალი იყო საკვირველი სასმელი მთელი სოფლისა. შენობანი სოფლისა სულ ქვიტკირისანი იყვნენ და ჰმოწმობდნენ, რომ სოფელი შეძლებული იყო. მართლაც, მაშინ ვაშლოვანმა და მთელმა კახეთმა არ იცოდა, რა იყო ვაჭრის ვალი, რომელშიაც ეხლა კახეთი ჩაფლულია.

ვაშლოვანის ნაპირას, აღმოსავლეთით, ტყის ახლო, იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე, ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებითა. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ლუარსაბ ქართველაძესა, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრით და პურადიბით. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი. აგებულებით სუსტი მაგდანი იყო სწორედ ოქროს გულის პატრონი. მათს სახლში ყოველდღე იმდენი საჭმელი კეთდებოდა, რომ ორ-სამ სახლობას ეყოფოდა, მაგრამ ხშირად დააკლდებოდათ ხოლმე საჭმელი და გაუმაძღარნი რჩებოდნენ. ამის მიზეზი იყო მეტად კაცთმოყვარე გული მაგდანისა. ის უხვად უგზავნიდა თავისი სახლიდან სანოვაგეს ყოველს ავადმყოფსა, ღარიბსა და გაჭირვებულსა. ამასთან მაგდანას ჰქონდა საოცარი ხმა და განთქმული იყო მთელს იმ მხარეში თავისი მშვენიერის სიმღერით. მისი ხმა და სიმღერა ისე ღრმად მიდიოდა კაცის გულში, ისეთი სიამოვნების ჟრუანტელს დაასხამდა, რომ ვინც კი მას მოისმენდა, თავის სიცოცხლეში აღარ დაავიწყდებოდა. ზურაბმაც მშვენივრად იცოდა თარზე დაკვრა. როცა ქმარი უკრავდა თარზე და ცოლი დამღეროდა, ყური ამაზე უკეთესს ვერას გაიგონებდა.

ზურაბი და მაგდანი სულ ხუთი-ექვსი წლის ჯვარდაწერილნი იყვნენ. შვილად ჰყავდათ ერთადერთი ქალი – ქეთო, რომელიც მესამე წელიწადში იდგა. მეტად საყვარელი ბავშვი იყო ქეთო: ლამაზი, თეთრი ბამბის ქულასავით, ცქრიალა, მხიარული და უღალავი მოტიკტიკე. ამასთან ქეთოს საშინლად უყვარდა თავისი დედის სიმღერა, ხშირად ამღერებდა და სულგანაბული ყურს უგდებდა მთელი საათობით. კაცს სწორედ ჩასაყლაპავად მოუნდებოდა ეს ბავშვი. დედ-მამას მასზე ამოდიოდა მზე და გაგიჟებით უყვარდა.

ლეკები კახეთში

ვაშლოვანში და საზოგადოდ კახეთში მაშინდელს დროში ხშირად დაიარებოდნენ ლეკები. ძველის დროიდან დაღესტანსა და საქართველოს შორის ტკბილი განწყობილება არსებობდა, დიდი მეგობრობა სუფევდა. ყოველს საქართველოს მტერს დაღესტანი მტრობას უწევდა; ყოველს საქართველოს მეგობარს მოყვრულად ეპყრობოდა. არავის არ ახსოვდა, რომ ლეკები როდესმე საქართველოს დასცემოდნენ და ჩხუბი აეტეხნათ ქართველებისათვის. ლეკები მტრად გაუხდნენ ქართველებს შემდგომში, როდესაც მაჰმადიანობა მიიღეს და საქართველომ მართლმადიდებელის რუსეთისაკენ გაიწია. ძველს დროში კი დიდის პატივისცემისა და გულითადის მეგობრობის მეტი ქართველებს ლეკებისაგან არა მოაგონდებოდათ რა. ამ მეგობრული მეზობლობის გამო ლეკები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ კახეთში, უმეტეს ნაწილად სავაჭროდ. გასაყიდად გამოჰქონდათ უფრო ნაბდეულობა და იარაღეულობა, რომლის კეთებაში განთქმულნი იყვნენ.

ქეთოს მოტაცება

სოფელს ვაშლოვანში დაიარებოდა კაი ხნიდან სავაჭროდ ორი ბაჯაჯგუნა ლეკი. ესენი ისე წყალწაღებულები იყვნენ, რომ თვითონ ლეკებსაც აბუჩად ჰყავდათ აგდებულნი. ამიტომ მათგან ცუდი საქმის გაბედვას არავინ არ მოელოდა; მაგრამ მალე მათ გაამართლეს ქართული ანდაზა: თავჩაღუნული – კუდაბზეკილიო…

ერთხელ ერთმა ლეკთაგანმა თავის ამხანაგს უთხრა:

¬ იცი, რა აზრი მომივიდა! რამდენი ხანია, რაც ჩვენ სავაჭროდ დავიარებით, მაგრამ რა გამოვიდა? ისევ ისეთივე ღატაკები ვართ, როგორიც ვიყავით, ისევ ისეთივე ძაღლური ცხოვრება გვაქვს, როგორიცა გვქონდა. სხვაფრივ კი რომ მოვიქცეთ, ერთბაშად გავმდიდრდებით და მოვრჩებით ამდენ ვაივაგლახსა და ლაწლაწსა.

– როგორ? – ჰკითხა ამხანაგმა.

– ზურაბ ქართველაძე ხომ ძლიერ მდიდარია? – ჰკითხა მან.

– ჰო, მდიდარია, მაგრამ რას გვარგებს ჩვენ იმის სიმდიდრე? – უპასუხა მან.

– გვარგებს, თუ ჭკუით მოვიქცევით. ამ მდიდარს კაცს ხომ გაგიჟებით უყვარს თავისი ერთადერთი ქალი?

– უყვარს, მაგრამ რა გამოვიდა მანდედან?

– ის გამოვიდა, რომ თუ ჩვენ იმ ბავშვს როგორმე მოვიტაცებთ და ტყვედ წავიყვანთ დარესტანში, როგორ გგონია, ქართველაძე განა თავის შეძლებას დაიშურებს, რომ ტყვეობიდან დაიხსნას შვილი? ჰაი, ჰაი, რომ არ დაიშურებს.

ამხანაგსაც მოეწონდა ეს აზრი და გადასწყვიტეს, რომ თვალი ადევნონ და, რა წამს იგდონ ხელში მოხერხებული დრო, მოსტაცონ ჩუმად ქართველაძეს ქეთო და ტყვედ წაიყვანონ დაღესტანში.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ სოფელ ვაშლოვანს აღმოსავლეთით ეკრა დიდი, ატეხილი ტყე, ამ ტყის პირას ხშირად სეირნობდა ხოლმე ქართველაძის სახლობა, რადგანაც სახლი იქვე ახლო ედგათ. ერთხელ ქეთოს გამდელმა საღამოს ჟამს ამ ტყისაკენ გამოისეირნა და თან ჰყავდა პატარა ქეთოც. ტყეს რომ მიუახლოვდნენ, ბავშვმა ხის ქვეშ ჩიტი დაინახა და გაექანა: ჩიტმა ისკუპა და იქით ხეებში გაფრთხიალდა, ბავშვიც უკან დაედევნა.

ამასობაში ქეთო კარგა შორს წავიდა ტყეში, გამდელიც უკან მისდევდა. უცებ საიდანღაც გაჩნდა ლეკი, მივარდა ქეთოს, სტაცა ხელი, მეორე ხელი პირზე დააფარა და გაიტაცა, გამდელმა დაყვირება ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს მეორე ლეკმა თავში კეტი დაარტყა და უსულდგმულოდ დასცა მიწაზე. გაიტაცეს ქეთო და წაიყვანეს.
მდევარი
ქეთოს დედ-მამას ფიქრი არაფრისა ჰქონდათ. ეგონათ, მეზობლებში იქნებიან ჩვენი ქალი და გამდელი და თავის დროზე მოვლენო. როდესაც დაღამდა და გამდელი ბავშვით არსად იყო, შეფიქრიანდნენ და მეზობლებში გაგზავნეს მოსაკითხავად, მაგრამ აბა რას იპოვნიდნენ, ყველგან უთხრეს, რომ დღეს არც კი გვინახავს ისინიო. მაშინ შეშინებულმა დედ-მამამ ჩირაღდნებით დაუწყეს ძებნა სოფლის გარშემო. დიდხანს ეძებეს და ბოლოს თავს წაადგნენ ტყეში გამდელს, რომელიც მკვდარივით ეგდო ხის ძირას. ღამის სიგრილემ და ხმაურობამ გონში ჩააგდო გამდელი და გამოაცოცხლა. ჯერ ხეირიანად არ გამორკვეულიყო, რომ შეშფოთებულმა და გაფითრებულმა მაგდანმა მიაძახა: – ქეთო სადღა არის? – გამდელმა სუსტი ხმით და შესვენებით უამბო, როგორ მოიტაცეს ლეკებმა ქეთო. ამის გაგონება და მაგდანის გულის წასვლა ერთი იყო. ზურაბსაც საშინელი თავზარი დაეცა, მაგრამ ვაჟკაცურად თავი შეიმაგრა, მწუხარებას სძლია და დაიძახა: – არიქა, მდევარიო!

მაშინდელს დროში ყველა ვაჟკაცს სრული თოფ-იარაღი ჰქონდა სახლში და გამოცდილი მეომარი იყო, რადგანაც გაჭირვების დროს საქართველოს მეფე ქუდზე კაცს დაიბარებდა ხოლმე. ამიტომ ზურაბის დაძახების შემდეგ ერთი საათი არ გასულიყო, რომ მისი სახლის წინ იდგა ოცამდის ვაჟკაცი, თავით ფეხებამდე შეიარაღებული… სწრაფად გამოვიდა იარაღში ჩამჯდარი ზურაბი, მიესალმა და გაუძღვა წინ.

ღამე ღრუბლიანი და ძლიერ ბნელი იყო. მას უკან, რაც ლეკებმა ქეთო გაიტაცეს, კარგა ხანმა განვლო. დაღესტნისაკენ ტყეებსა და მთებში მისდევდა მხოლოდ ვიწრო ბილიკები და მთაზე სიარული ბნელ ღამეში ძლიერ ძნელი იყო ხამი კაცისათვის. ქეთოს მომტაცმა ლეკებმა ისე იცოდნენ ეს ბილიკები, რომ თვალდახუჭულსაც შეეძლოთ მათზე სიარული. ზურაბსა და იმის რაზმს კი აქეთ თითქმის არ ევლოთ. ამიტომ ლეკებმა მთელი ღამე განუწყვეტლივ და დაუბრკოლებრივ იარეს, დიდს მანძილზე გაუსწრეს მდევარს და მოტაცებული ქეთო მეორე დღესვე გადაიყვანეს დაღესტანში. ზურაბ ქართველაძე თავის ამალით იძულებული შეიქმნა ხელცარიელი და საშინლად დაღონებული უკანვე დაბრუნებულიყო.
ქეთოს ნაიბი ყიდულობს
ლეკებმა პირველად ქეთო გაატარეს ერთს დიდ დაღესტნის სოფელზე, რომელიც იყო აქეთ ნაპირას, კახეთის საზღვარს ახლო. ამ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარი ნაიბი, რომელსაც ემორჩილებოდა მთელი დასავლეთის მხარე დაღესტანისა. მას ჰყავდა ცოლად ლეკისავე ქალი, შემკული ერთსა და იმავე დროს ვაჟკაცურის გამბედაობითა და მეტად ნაზი გულით. ესენი იყვნენ დიდი ხნის ნაქორწილავნი, მაგრამ შვილი კი არ ჰყავდათ და, გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვისიმე ბავშვი ეშვილათ.

საღამო ჟამი იყო, როცა იმათ სახლის წინ ლეკებმა ქეთო გაატარეს, ნაიბი და მისი ცოლი კარაპანში ისხდნენ. მათ დაინახეს მიმავალი ორი ლეკი და ერთს მათგანს შეამჩნიეს ზურგზე გუდა, რომლიდგანაც ბავშვის თავის და სახე სჩანდა. დაუძახეს თავისთან. ლეკები მოწიწებით მოვიდნენ და თავი დაბლა დაუკრეს, როგორც თავის ბატონს, მბრძანებელსა. ლეკებს ამბავი დაწვრილებით გამოჰკითხეს. ამათ დატუქსვისა ეშინოდათ და ამიტომ მართალი დაუმალეს, – უთხრეს, რომ ეს ბავშვი გზაზე ტყეში ვიპოვნეთ და წამოვიყვანეთო.

პატარა ქეთო ცალკე დიდი ხნის მოგზაურობისაგან და ცალკე შიმშილისაგან ძლიერ მისუსტებული იყო და ძლივსღა ახელდა თვალებს, მაგრამ ეს სისუსტე კიდევ უფრო საყვარელს ბავშვად ხდიდა მას. რა წამს ნაიბმა და მისმა ცოლმა ეს ბავშვი დაინახეს, მაშინვე გული ზედ შეუვარდათ. ნაიბის ცოლმა ჰკითხა ლეკებს: – რა მოგცეთ, რომ ეს ბავშვი ჩვენ დაგვითმოთო? – რა უნდა გვიბოძო, ქალბატონო, თუ გნებავთ, ფეშქაში გახლდეთო. – ნაიბი ადგა, შევიდა სახლში. გამოუტანა ვეებერთელა ქისა, ოქროებით სავსე, და მისცა ლეკებს. ქეთო გამოართვა ლეკსა ნაიბის ცოლმა და მაშინვე გულში ჩაიკონა, ლეკებმა მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ.

დედობრივმა ალერსმა მალე მოასულიერა ბავშვი. მას თუმცა ყველაფერი ეუცხოვა, მაგრამ იმოდენა წვალების შემდეგ ბრიყვის ლეკების ხელში, ნაიბის ცოლის მისაყვარლება და ზრუნვა სწორედ შვებად ეჩვენა. პირველს ხანებში მაინც ქეთო ყველაფერზე გულცივად იყო და ხშირად სტიროდა, როცა თავის დედ-მამას, სხვა შინაურებს და თავის სოფელს მოიგონებდა. მაგრამ ნაიბის ცოლი და იმისი ქმარი ისეთი სიყვარულითა, მოფერებითა და ალერსით ექცეოდნენ ქეთოს, რომ მალე დაავიწყებინეს წინანდელი ყველაფერი.
ქეთო ლეკ ქალად იქცა
ბავშვი აწმდგომით ცხოვრობს. ის შეუწყვეტლივ, ყოველდღე იზრდება, სულითა და ხორცით წინ მიდის, მატულობს, გრძნობს ამ თავის ზრდასა, წინსვალას და ბედნიერია ამ გრძნობით. ის სრული სიხარულით შეჰხარის ცასა და დედამიწასა, ბუნებასა და ადამიანსა. რადგან ბედნიერია აწმდგომით, ბავშვი არ ფიქრობს არც წარსულზე და არც მომავალზე. ამის გამო წარსულის ნაშთი, ხსოვნა, მოგონება მის გულსა და გონებაში მალე სუსტდება, მკრთალდება და თითქოს სრულიად იშლება. აწმდგომი კი სრული ძალით მოქმედებს მასზე და იჭერს წარსულის ადგილს მთლად განუყოფლად.

ქეთოსაც ეს დაემართა. ნაიბმა და მისმა ცოლმა ისე შეაყვარეს ქეთოს თავი, რომ თანდათან ჩააქრეს მის სახსოვარში ღვიძლი დედ-მამის სიყვარული, მოგონება, სახე. ორი-სამი წლის შემდეგ ქეთოს თავის ნამდვილ მშობლად მიაჩნდა ნაიბი და მისი ცოლი, იმათით სცოცხლობდა, იმათით ჰხარობდა. ღვიძლი დედ-მამის კვალი თითქოს მთლად წაიშალა მის ბუნებაში. ლეკურმა ენამ ცოტ-ცოტაობით, დღითი-დღე შეასუსტა ქართული ენა ქეთოში, დაიჭირა მისი ადგილი და ჩააქრო იგი. ლეკურმა სოფელმა ვაშლოვანის სახსენებელი ამოაგდო მისი გულიდან. ქეთო დიდხანს ჰგრძნობდა მხოლოდ ერთს დანაკლისს: მაგდანის მშვენიერი ხმა, დამატკბობელი სიმღერა ქეთოს ყურს აღარ ასიამოვნებდა. მაგრამ ესეც დაივიწყა, თუმცა ყველაზე გვიან. ერთი სიტყვით, აწმდგომი გამეფდა ქეთოს სულში და წარსული ჯერედ მკრთალი გახადა და მერმე სრულიად გააქრო. ქართველი ქალი გადაიქცა ლეკ ქალად, კახეთის შვილი დაღესტნის შვილად.

ამ სრულ გალეკებას ქეთოსას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ნაიბმა სასტიკი ბრძანება გასცა სოფელში: არამც და არამც არავინ გაბედოს და ქეთოს ყურს არ გააგონოს, რომ ნაშვილარია და არა ჩვენი ღვიძლი შვილიო.
ამაო ცდა ქეთოს მამისა
რას ფიქრობდა და რას სჩადიოდა იმ დროს ქეთოს დედ-მამა?

დიდხანს მათ არ იცოდნენ, რა უყვეს ლეკებმა ბავშვი. ზურაბს თავის ქალი უფრო შუა დაღესტანში ეგულებოდა და იქ აძებნინებდა, რადგანაც მომტაცი ლეკები იქიდან იყვნენ. ამასობაში გავიდა სამი, ოთხი წელიწადი. ბოლოს ერთმა ნაცნობმა ლეკმა მოუტანა ამბავი, რომ ამა და ამ ნაიბს შენი ქალი ხელში ჩაუგდია, უშვილებია და ზრდის, როგორც საკუთარ ქალსაო. ზურაბმა შეუთვალა ნაიბს, რომ ეგ ქალი ჩემი შვილია, მოტაცებულია ჩუმად და ოღონდ დამიბრუნე უკან და რასაც მთხოვ, მომცემი ვარო. ნაიბმა შემოუთვალა პასუხად, რომ თუ თავდაპირველად მცოდნოდა, რომ ეს ბავშვი შენი ქალია, მე თვითონ დაგიბრუნებდიო, მაგრამ ახლა გვიანღა არისო. მეცა და ჩემს ცოლსაც მზე ამ ბავშვზე ამოგვდის, მასაც ძლიერ ვუყვარვართ, აქაურობაში გაჩვეულია, თქვენ სრულიად დავიწყებული ჰყავხართ და ამიტომ ქეთოს ვერ დაგიბრუნებ, თუნდ მთელი კახეთის სიმდიდრე კარებზე დამიგროო.

ამისთანა პასუხის შემდეგ ზურაბს შეეძლო თავისი ქალი დაეხსნა მხოლოდ ძალით ან რაიმე ხერხით. დარჩენა კი ქეთოსი დაღესტანში აუტანელი იყო მათი დედ-მამისათვის, მით უმეტეს, რომ მაგდანას ქეთოს შემდეგ შვილი აღარ ეძლეოდა. ქართველაძე ბევრჯერ გაემგზავრა დაღესტნისაკენ ოციოდე შეიარაღებული ვაჟკაცით ქეთოს მოსატაცებლად, მაგრამ ტყუილად. ნაიბმა კარგად იცოდა წადილი და მეცადინეობა მისი და ამიტომ ყოველთვის გზაში დაახვედრებდა ხოლმე ჩასაფრებულს ლეკებს იმისთანა ადგილას, სადაც ერთი ჩასაფრებული ოცსა და ორმოც ვაჟკაცს გზას შეუკრავდა. სიმრავლეც ქართველების რაზმისა აძნელებდა შეუმჩნევლად მიახლოვებას ნაიბის სოფლამდე.

როცა ამ გზით ვერასფერს გახდა, ზურაბმა ხერხს მიმართა: ხმა გააგდო, რომ გულიდან ამოვიღე ჩემი ქალი და აღარ მწადია მოვტაცო დედობილსა და მამობილსაო. ეს ხმა მივიდა ნაიბამდინაც და მან ჯერ თუმცა ეჭვის თვალით შეხედა, მაგრამ მერე კი დაიჯერა, რადგან მთელი ორი წლის განმავლობაში ქართველაძის მხრივ ჩამიჩუმიც არ ისმოდა. აქამდე ქეთოს დიდის სიფრთხილით უშვებდა კარში, ახლა კი მაშინდელის დროის ლეკების სხვა ქალებივით თავისუფლად დადიოდა ერთი უბნიდან მეორე უბანში თავის ნაცნობებთან. ეს ყველაფერი ზურაბმა კარგად შეიტყო ნაცნობი ლეკების შუამავლობით და თადარიგს სხვანაირად შეუდგა.
ქეთოს მამა იტაცებს
დადგა სწორედ მეათე გაზაფხული მას უკან, რაც ქეთო მოიტაცეს ლეკებმა. ტყე ხშირად იყო შეფოთლილი და აადვილებდა შეუმჩნევლად მოსვლას ნაიბის სოფლამდე. ზურაბმა იხმო ერთი იქაური ლეკი, დიდი ხნის ნაცნობი და პურმარილით დავალებული, გაიმძღვარა წინ და თან წაიყვანა მხოლოდ ათი შეიარაღებული ვაჟკაცი. მთელი მანძილი ისე ფრთხილად გაიარეს, რომ ერთი ლეკი არ დახვედრიათ გზაზე. მეორე დღეს საღამო ჟამზე მივიდნენ ნაიბის სოფლის პირად და ტყეში მოხერხებულ ადგილას დაბინავდნენ. ლეკი ჩუმად წავიდა იმ ღამეს თავის სახლში, ყველაფერი გაიგო და დილა სისხამზე მეტად საამო ამბავი მოუტანა: ქეთო თურმე ყოველ დილით ტყისპირად აივლიდა ხოლმე ერთის თავისი მეგობარი ქალის სანახავად. ეს ქალი იყო შვილი წინანდელი მოხუცებული ნაიბისა, რომელიც ამას წინათ გარდაცვლილიყო. ყმაწვილი ქალი ძლიერ მწუხარე იყო მამაზე და ამიტომ ქეთო ყოველდღე დადიოდა იმის სანუგეშებლად.

ამოვიდა თუ არა მზე, ზურაბ ქართველაძე მივიდა გზის პირად, ამოეფარა ხეების ჯგუფსა და დაიწყო ცქერა იქითკენ, საიდანაც უნდა ქეთოს გამოევლო. ქართველაძიდ პირდაპირ გზის იქით ამართული იყო დიდი სერი, რომელიც იმ სოფელს ჰყოფდა ორად, ქვემო და ზემო უბნად. ქეთოს ქვემო უბნიდან უნდა ამოევლო და ასულიყო ზემო უბანში. ლოდინში კარგა ხანმა გაიარა. ასე, რომ ზურაბმა იფიქრა, ვაითუ დღეს ქეთო სულაც არ ფიქრობდეს ზემო უბანში ასვლასაო. მაგრამ აგერ შორს გამოჩნდა ქალი, ახლად შეღერებული, თამამად მომავალი და ლეკურად ჩაცმული… ზურაბი თვალებად გადაიქცა და გულის ცემამ მოუმატა. ქალი თანდათან მოახლოვდა და ზურაბი ისე შეაცქერდა, თითქო თავისი მშიერი თვალით მისი შეჭმა უნდაო. ქეთოს ცოტა იერი შესცვლოდა, გაზრდილიყო ბევრად დიდი თავის ხანზე, მაგრამ ფერი და პირისახე სულ პატარაობისავე, უწინდებური შერჩენოდა. მამის გული უზომო სიხარულით აივსო, როცა თავისი ქეთო ისევ ქართველ ქალად შეიცნო. ქეთომ მიატანა იმ ხეებს, რომელთაც ზურაბი ამოჰფარებოდა. ამან იდროვა და წინ გადაუდგა ფრთხილად, რომ არ შეეშინებინა. ქეთო შეკრთა, დაფრთხა და შველივით განზე გახტა.

– ნუ გეშინიან, შვილო, შენი მამა ვარ, მოვედი აქა, რომ დედასთან წაგიყვანო, წავიდეთ შინა, – უთხრა ზურაბმა ტკბილი მამობრივი ხმით. ქეთო შიშით უსმენდა უცნაურ სიტყვებს და ვერ გაეგო, რა უნდოდა მისგან ამ უცხო კაცსა. ზურაბმა იფიქრა, თუ ლაპარაკში დრო დავკარგეო, ვინმე მოგვასწრებს და საქმე წახდებაო; ამიტომ სწრაფად მივიდა ქეთოსთან, ფრთხილად დაავლო ხელი და გაიტაცა ტყისკენ. ქეთომ შექმნა საშინელი წივილ-კივილი, მაგრამ ვისი იყო ან საიდან მოდიოდა, პირველ ხანებში ვერ შეიტყვეს. სოფელი შეჩოჩქოლდა და რამდენიმე კაცი წავიდა ნაიბთან. ის სხვაგან იყო და ამიტომ დროზე ვერ შეატყობინეს. როცა უთხრეს ეს ამბავი, საშინლად შესწუხდა და სთქვა: უთუოდ ქალი მომტაცა ქართველაძემაო და მდევარი დაიბარა. ფიცხლავ შეიკრიბა ოცდაათი შეიარაღებული ვაჟკაცი. ვაშლოვანისაკენ სამი გზა მიდიოდა. მდევარნი ნაიბმა სამად გაჰყო. ათი ვაჟკაცი გაგზავნა ერთ გზაზე, ათი მეორეზე და ათიც თვითონ გაიდევნა მესამე გზაზე. სამივე რიგმა მდევარმა თითქმის ვაშლოვნამდე უწია, მაგრამ ზურაბის და ქეთოს კვალი ვერ მიაგნეს; ისინი თითქოს მიწაში ჩაძვრნენ და გაჰქრნენ. საქმე ის იყო, რომ ზურაბმა თავისი ქალი ვაშლოვანისაკენ როდი წაიყვანა, რადგანაც იცოდა კარგად, რომ მდევარი აქეთკენ დაედევნებოდა. ის დაადგა ჩრდილოეთის გზასა, რომელიც კახეთის ზემო სოფლებისაკენ მიდიოდა. შორს მოვლა არჩია, რომ შინ მშვიდობით მისულიყო, მაგრამ ვაი ამ მშვიდობასა.

ქეთო საშინლად იტანჯება

რომ პირველ ხანებში ქეთო ვერც იცნობდა თავის მამასა და მწუხარე იქნებოდა, ამის ფიქრი ჰქონდა ზურაბსა. ხოლო ამასთან დარწმუნებული იყო, რომ ქეთო მალე მოვიდოდა გონსა, იცნობდა ჯერ თავის მამასა, მერე დედასა. თავის ბავშვობა მოაგონდებოდა და მოიმხიარულებდა, მაგრამ საშინლად მოსტყუვდა. ქეთოს მწუხარებას მთელის მოგზაურობის დროს საზღვარი არა ჰქონდა. მას განუწყვეტლივ ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები თვალებიდან და ისე ოხრავდა, თითქოს ლამობს, გულ-ღვიძლი თან ამოატანოსო. მამა საშინლად იტანჯებოდა თავისი ქალის ამისთანა მდგომარეობით; სცდილობდა, როგორმე გაექარვებინა მისი ნაღველი, მაგრამ ტყუილად. ყოველი მისი ალერსი ქეთოს მწუხარებას უფრო უმატებდა. ის უყურებდა ზურაბს, როგორც თავის მოსისხლე მტერს, რომელმაც მოაშორა საყვარელს დედ-მამას, სანატრელს სამშობლოს და სადღაც მიჰყავს ტყვედ. ამიტომ ყოველი მისი ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ლახვარივით ესობოდა გულში. ზურაბს ისღა ანუგეშებდა, რომ ეგება შინ მისვლამ მოიყვანოს ქეთო გონსა, იცნოს დედა, თავის კარმიდამო, სოფელი და ჩვენსკენ მოიბრუნოს გულიო.

ამ აზრით იყო ზურაბი დაიმედებული, როცა თავისი სახლის კარები შეაღო, შეიყვანა სიგ ქეთო და თავის ცოლს მხიარულად უთხრა: – აი, მაგდან, მოგიყვანე შენი ქეთო.

სიხარულისაგან გატაცებული მაგდანი გაექანა შვილისაკენ, მაგრამ სიმხიარულე სიმწუხარედ გადაექცა, როცა დააცქერდა თავისი შვილის სახეს, რომელზედაც გამოუთქმელი ტანჯვა იხატებოდა. მაგდანმა მხიარულად ჩაიკრა გულში ქეთო, უნდოდა გაექარვებინა მისი მწუხარება, მაგრამ ამაოდ. ქეთო ყინულივით ცივად, ქვასავით უგრძნობლად იყო და არავითარი გავლენა არ იქონია მასზე მაგდანის მხურვალე დედობრივმა მიგებებამ და ალერსმა. არა, იქონია, მაგრამ სრულიად წინააღმდეგი მოსალოდნელისა. მაგდანის ალერსმა ცოცხლად თვალწინ წარმოუდგინა ქეთოს მისი დედობილის, ნაიბის ცოლის სახე და ალერსი, ვარამი უფრო კიდევ გაუძლიერდა და მდუღარე ცრემლის ნაკადული გადმოსკდა თვალებიდან.

– შენი მშობელი დედა ვარ, შვილო! ესეც შენი ღვიძლი მამაა, – ეუბნებოდა მაგდანი ქეთოსა… აი სახლი, რომელშიაც შენ დაიბადე და დაცუნცულებდი პატარაობის დროსა, აი შენი პატარა აკვანი, რომელშიაც იწექი, აი შენი საყვარელი ბაღჩა, რომელშიაც დილიდან საღამომდე იჯექი, – მაგრამ ქეთოს აქაურობისთვის არც თვალი ჰქონდა და არც ყური. მისი გრძნობა და გონება მთლად, განუწყვეტლივ შეპყრობილი იყო უღრმესი დარდითა და ვარამითა. მაგდანი მაინც იმედს არ ჰკარგავდა, რომ ქეთო დღეს, თუ ხვალ მოიგონებდა თავის პატარაობას, იცნობდა მშობლებს და დაუბრუნდებოდა მათ.

გავიდა რამდენიმე კვირა და ეს იმდეი დედ-მამას არ აუსრულდა. ქეთო თითქმის არას სჭამდა, სმითაც ცოტას სვამდა, ღრმად ოხრავდა, ხშირად სტიროდა და ღამითაც ძილი, მოსვენება არა ჰქონდა. ჩამოხმა, გაყვითლდა და მომაკვდავს დაემსგავსა. ის იჯდა ტახტზე ჩუმად, უმეტეს ნაწილად თვალებდახუჭული და მისი გონება ფრინავდა იქ, დაღესტანში, ნაიბთან და იმის ცოლთან, თავის ტოლ-ამხანაგებთან და იქაურ სოფელთან. რაც გარშემო ერტყა, ყველა ეუცხოვებოდა, ყველას ითვალისწუნებდა, ყველა თავის მტრად მიაჩნდა, ყველა ეჯავრებოდა, სძულდა. ბევრგვარი ხერხი იხმარეს, რომ მოეგონებინათ როგორმე პატარაობა. დედამ რამდენჯერმე მიიყვანა ტყეში სწორედ იმ ადგილას, სადაც მოიტაცეს, მიიყვანა საღამოს იმ ჟამს, როდესაც მოიტაცეს, მიიყვანეს წყაროს თავზე, სადაც ქეთო ხშირად იჯდა ხოლმე თავის გამდელთან და უყურებდა, როცა სოფლის დედაკაცები კოკებს ავსებდნენ, იკიდებდნენ მხარზე და მიჰქონდათ; აჩვენა მეზობლის ქალები, ქეთოს ტოლები, რომლებთანაც პატარაობისას ის ხშირად თამაშობდა; დაიბარა მისი გამდელი სხვა სოფლიდან, რომ ეგები ის მაინც ეცნო, აჩვენა მისი დედოფლები, რომელიც ყუთში მთლად შენახული ჰქონდა, რამდენჯერმე მიაქცია ქეთოს ყურადღება ეკლესიის ზარის რეკასა, რომელსაც პატარაობისას ქეთო ტაშის კვრას აყოლებდა, მაგრამ ვერც ერთმა ღონემ ვერ გასჭრა.

დედ-მამამ ქეთოს შუკერა ისეთი მშვენიერი ქართული ტანისამოსი, რომ ყველა ყმაწვილს ქალს თვალი ზედ დარჩებოდა, მაგრამ ქეთომ ახლოც არ მიიკარა და კიდევ უფრო შეიყვარა ამის შემდეგ თავისი ლეკური ტანისამოსი…

ბოლოს ერთმა მეზობელმა უთხრა მაგდანასა: ქეთო შენ ძლიერ გგავს, სულ პირავარდნილი დედაა. დადექ თქვენი დიდი სარკის წინ და დაიყენე გვერდით ქეთო. ის ჩაიხედავს სარკეში, შეადარებს ორს სახესა, თავისსა და შენს სახეში დიდს მსგავსებას ნახავს და იქნებ მაშინ გეშველოთო. მაგდანამ ესეც სცადა, მაგრამ ამან ქეთო უფრო გააოცა, როგორც უცნაურმა ქცევამ მაგდანისამ. სახეებს ხეირიანადაც არ შეხედა და მსგავსებას ხომ სრულიად ვერ შეაჩნევდა.

ყმაწვილი ქალი დედ-მამას ხელიდან ეცლებოდა, უავადმყოფოდ ჭკნებოდა, დნებოდა და სიკვდილამდე პატარა მანძილიღა ედო.

– არა, მე ვეღარ ვუცქერ ამ ბავშვის ამდენ ტანჯვასა და წვალებასა, თუ რამდენსამე დღის განმავლობაში პირი ჩვენსკენ არ იბრუნა, შევსვამ ცხენზე და ჩემის ხელით ავუყვან ნაიბსა და იმის ცოლსა. ეტყობა, ღირსეული ადამიანები ყოფილან, რომ აგრე შეუყვარებიათ თავი ჩემი ღვიძლი შვილისათვის, – უთხრა ზურაბმა თავის ცოლს მაგდანსა.

ხოლო მაგდანი ესე ადვილად ვერ დასთმობდა ქეთოსა და მზად იყო თავის ახლო დაემარხა თავისი ერთადერთი შვილი, ვიდრე გაეგზავნა ხელმეორედ და სამუდამოდ დაღესტანში.

იავნანამ რა ჰქმნა?

ამასობაში გავიდა აპრილი და დადგა მშვენიერი მაისი. პირველსავე რიცხვში ზაფხულურად მოიღრუბლა და გაჩნდა ჭექა-ქუხილი. საღამომდე იდინა ხშირმა და გამაცოცხლებელმა წვიმამ. საღამოზე კი ისე მოიწმინდა ცა, რომ ერთი ნაფლეთი ღრუბელიც არსად იყო, კამარა მთლად ბრწყინვალე ვარსკვლავებით მოიჭედა. დატრიალდა მეტად შეზავებული ჰაერი. უთუოდ ეს იყო მიზეზი, რომ ქეთოს იმ ღამეს მშვიდობიანად ეძინა. მეორე დღეს ადგა ცოტა მოღონიერებული.

შეუდარებელი დილა იყო: არე-მარეს კაშკაშა მზისაგან თავს დასდგომოდა მთელი შადრევანი ბრწყინვალე სინათლისა და ამ სინათლეს მცენარეებზე ათასფრად აებრჭყვიალებინა დილის ნამი. ტყე სავსე იყო ფრინველების გამაცოცხლებელი ჟივილ-ხივილით. ქართველაძიანთ ბაღში ვარდის კოკრები საამურად გადაშლილიყო და გარშემო მოეფინა გულწარმტაცი სურნელება. ამ ვარდების მახლობლად ტკბილად დასძახოდა ბულბული, რომელიც იქვე ხეზე მოთავსებულიყო. ბუნება ხარობდა, დღესასწაულობდა, თითქოს ათას ბედნიერს ქორწილს ერთად იხდისო. ბუნება შეუდარებელი მკურნალია კაცის ვარამისა და დარდისა. შვება მისცა მან ქეთოს ნაღვლიან გულსაცა და სახეზე მას აშკარად დაეტყო შემცირება იმ საშინელის მწუხარებისა, რომელიც აქამდე მაჯლაჯუნასავით აწვა მის გულსა და გონებას და ნებას არ აძლევდა, გარემოცულ ცხოვრებაზე დაფიქრებულიყო. ამასთან ქეთომ პირველად დაიწყო ფიქრი იმაზე, რისთვის და რად მიჩვენებენ ამდენ სიყვარულსა უცხო ადამიანები და რადა სწუხან ჩემს მწუხარებაზედაო.

დედამ ადვილად შეამჩნია ქეთოს ეს სანუგეშო ცვლილება და იმედი მიეცა. ცალკე ამ იმედმა და ცალკე მშვენიერმა დილამ კარგ გუნებაზე მოიყვანა მაგდანი და მან სრულიად უნებურად, თავისთვის დაიწყო ღიღინი იავნანისა. რაც ქეთო დაჰკარგა, მას შემდეგ მაგდანის სიმღერის ხმა აღარავის გაუგონია. ეს პირველი სიმღერა იყო ათის წლის დუმილის შემდეგ. მაგდანი ფანჯარასთან იჯდა, ქეთო იყო მოთავსებული პატარა ტახტზე ოთახის კუთხეში. იავნანას მაგდანი ჯერ დაბლა ხმით, ღიღინით ამბობდა, მერმე კი თავისი ხმის სიმშვენიერემ გაიტაცა და თავისებურად დამღერა, მაღლა ასწია. პატარა ხანს უკან ისე, უნებლიეთ, გაიხედა ქეთოსაკენ და გაოცდა: ქეთოს აშკარად ეტყობოდა სახეზე აღელვება. ცხადი იყო, რომ რაღაცას იგონებდა და ვერ კი მოეგონებინა გარკვევით. მისი ბუნების სიღრმეში დიდი ხნის დამარხული ხსოვნა იღვიძებდა, მაგრამ ვერ კი გამოეღვიძა. გონების ძირიდან, რაღაც სანატრელი მოგონება აპირებდა ამოხეთქვასა, მაგრამ ზევიდან კეცკეცად აწვნენ სხვა წარმოდგენანი და უშლიდნენ მაღლა ამოსვლასა. მაგდანმა ეს კარგად შეამჩნია და თავის ხმას მისცა საოცარი მეტყველება და მიმზიდველობა. უწინ აგვარი სიმღერითა და ამავე ხმით ყოველდღე უტკბობდა მაგდანი თავის ქეთოს სიპატარავის დღეებსა. მაგდანის ხმამ უწია ქეთოს ბუნების სიღრმემდის, შესძრა ის ძირიანად და გააცოცხლა იქ დამარხული ბავშვობის ნაშთნი, საგონებელნი. მაგდანი თან ხმას აძლევდა მომხიბლავს ძალას და თან ქეთოს შესცქეროდა უსაზღვრო დედობრივი სიყვარულით. ქეთოც თითქმის სჭამდა თვალით დედის პირისახესა და მღელვარებით ცდილობდა, ამ სახეზედ ამოეკითხა რაღაც დიდი საიდუმლო და კიდეც ამოიკითხა. ქეთოს აღელვებული სახე თანდათან დაწყნარდა და პირისახიდან მთლად გადაეყარა შავი ღრუბელი, განსაზღვრული სხივის ნათელი მოეფინა სახეზე და სიხარულის სხივმა დაუწყო მასზე ელვარება. უცებ წამოვარდა ქეთო ტახტიდან, დაიძახა სანატრელი ხმით „დედავ!“ მსწარფლ მივარდა მაგდანთან, მოეხვია ორივე ხელით და მხურვალედ დაუწყო კოცნა. დედასა და შვილს თქრიალით მოსდიოდათ ცრემლი, მაგრამ ეს ცრემლი იყო სიხარულისა, შვებისა, ლხენისა.

პატარა ხანს უკან ზურაბმაც შემოაღო კარები, ქეთო განთავისუფლდა დედის ხვევნიდან, მიეგება შემოშულს, დაიძახა: „მამა!“ და მოეხვია.

შემდეგ დაბრუნდა დედასთან, წაავლო ხელი, გაიყვანა მეორე ოთახში, დაიყენა თავის გვერდით დიდი სარკის წინ, სიყვარულით გადაავლო თვალი, მაგრამ რაღაც აზრი შეეშალა. სწრაფად მოშორდა სარკესა, შეირბინა მეორე ოთახში, გააღო ყუთი, ამოიღო თავისი ახალი ქართული ტანისამოსი და ლეკურის მაგივრად ჩაიცვა. შემდეგ ისევ მიიყვანა გაოცებული დედა სარკესთან. დაუდგა გვერდით, შეადარა სახეები, ააშკარად დაინახა, რამდენად ჰგავდა დედას, მიუბრუნდა მას, ჩამოიკიდა ყელზე და ხელახლად დაუწყო კოცნა. უწინ ამისთანავე ქმედებამ მაგდანისამ გააოცა, ახლა კი იგივე მოქმედება თვითონ ჩაიდინა. მერე დედას აახდევინა დედოფლების ყუთი და სიყვარულით მიეალერსა თავის უწინდელს მეგობრებსა.

ერთმა მოგონებამ მეორე გამოიწვია, მეორემ მესამე, მესამემ მეოთხე და ქეთოს სარკესავით გადაეშალა თვალწინ თავისი სანატრელი სიპატარავის დრო. აქამდის ის დაჰყავდა დედას აქეთ-იქით ძალაუნებურად, ახლა კი თვითონ ქეთო მოსვენებას აღარ აძლევდა დედასა და მიჰყავდა ხან ბაღჩაში, ხან წყაროს თავზე, ხან ტყეში და სოფლის არე-მარე სულ შემოიარა. მოიგონა ქართული ენაც. თუმცა სიტყვები ბლომად აკლდა. ლაპარაკის დროს ჩერდებოდა ან ლეკურს სიტყვებს ურევდა და ამ დროს დედა ქართულს სიტყვებს ასწვალიდა.

აღმოჩნდა, რომ პირველის წლების ჩაბეჭდილებანი და ჩასახულებანი კი არ გამქრალიყვნენ და არ წაშლილიყვნენ ქეთოს გონებაში, თურმე ღრმად ეძინათ, დამარხულნი იყვნენ მისი სახსოვრის სიღრმეში, ძირში, როგორც მცენარის თესლია დამარხული მიწაში, და ზევიდან მათ ეფარებათ მთელი ათის წლის ნანახი და ნაცადი დაღესტანშიყოფნის დროსა. ამ ჩასახულებათა დაძვრა და გამოღვიძება შეეძლო მხოლოდ რომელსამე ძლიერსა და ღრმა ჩაბეჭდილებას, სწორედ ისე, როგორც მცენარის თესლს ზევით ამოიყვანს ხოლმე გამაცოცხლებელი მზის სითბო – სინათლე. ამისთანა მზეებრივი ჩაბეჭდილების მოხდენა ქეთოს გონებაში შესძლო მხოლოდ სამშობლო ხმამ, საბავშვო სიმღერამ „იავნანამ“, რომელიც ყველაზე უფრო ღრმად ჰქონდა ქეთოს ძვალსა და რბილში გამჯდარი.

ყოველი ვაშლოვნელი, დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, გახარებული იყო ქეთოს გონზე მოსვლით, მოდიოდნენ და ულოცავდნენ მაგდანსა და მის ქმარსა და შეჰხაროდნენ ქეთოსა. ქართველაძის სახლში ტრიალებდა იმისთანა დიდი სიხარული, რომელსაც ქრისტეს დროს გამოივლიდნენ ხოლმე ისინი, ვისაც მაცხოვარი მომაკვდავს მოურჩენდა, ან მკვდარს აღუდგენდა. ამ ძლიერს სიმხიარულეს სწორედ შეფეროდა და ბანს აძლევდა ხშირი სიმღერა მაგდანისა. როგორც დიდხანს უწყალოდ ტოფილი შველი ხარბად ეწაფება წმინდა წყალსა და გაძღომა მალე არ ეკიდება, ისე ქეთო, მთელს ათს წელიწადს მოკლებული თავის უსაყვარლეს სიამოვნებას, გაუმაძღრად ეწაფებოდა დედის სიმღერას და მაგდანს მოსვენებას არ აძლევდა. ერთს ხმას რომ გაათავებდა მაგდანი, ახლა მეორეს ათქმევინებდა, მერე მესამეს, მეოთხეს. ხშირად მაგდანი ეტყოდა ხოლმე: გენაცვა, შვილო, ცოტა დამასვენე, თორემ არაქათი აღარა მაქვსო. მაგრამ ქეთომ უებარი წამალი იცოდა ამ დაღალულობისა: მხურვალე ხვევნა და კოცნა დედისა. ქეთო თანა სტკბებოდა დედის მშვენიერი სიმღერით და თან თვითონაც სწავლობდა სიმღერას.

ქეთო და მისი დედობილ-მამობილი

ერთხელ, როდესაც ქეთომ გული იჯერა ახალი ცხოვრებით, ჰკითხა თავის დედასა: – დედილო, გენაცვა, არ შეიძლება, რომ დაღსტანში მოკითვა ვისიმე პირით შევთვალო?

მაგდანს ეს სიტყვა არ ესიამოვნა და შეკრთა.

– ფიქრი ნუ გაქვს, დედა! – შვილებრივი სიყვარულით უთხრა ქეთომ, – შენ და მამაჩემი მიყვარხართ, როგორც ღვიძლი მშობელნი, იმათ კი პატივსა ვცემ, როგორც ჩემს მოამაგეთა და ჩემს აღმზრდელთ. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდნილიყავ და რა მომსვლოდა.

მოკითხვა შეუთვალეს ნაიბსა და მის ცოლს საგანგებოდ გაგზავნილი კაცების პირით და ძღვნადაც გაუგზავნეს ჩინებული კახური ღვინო, რომელსაც მაშინდელი ლეკები კახელებზე ნაკლებად არ ეწყობოდნენ.

ზაფხული გადიოდა, დედა ატყობდა, რომ ქეთოს ძლიერ უნდოდა ნახვა თავისი დედობილ-მამობილისა, მაგრამ კი არ ამბობდა ამასა. ერთხელ მაგდანმა უთხრა ქეთოსა: – იცი, ჩემო კარგო, რა აზრი მომივიდა? ეხლა რჩველი ახლოვდება, დაღესტანში ვენახები არ არის და რჩველი იქ არ იცის. მოდი, რთველში მოვიწვიოთ შენი დედობილ-მამობილი და ვასიამოვნოთ; სიკეთეს გადახდა უნდა. – მადლობის ნიშნად ქეთო დედას მხურვალედ გადაეხვია.

ნაიბსა და იმის ცოლს ძლიერ უნდოდათ ქეთოს ნახვა. ამიტომ რთველში მოწვევამ გაახარა და დანიშნულს დროზე ეწვივნენ თავისი შვილობისლის დედ-მამასა. დედ-მამის ნება-დართვით ქეთო თავის დედობილ-მამობილს ლეკური ტანისამოსით მიეგება. ქეთოს სიხარულს საზღვარი არა ჰქონდა, რადგანაც ერთად ხედავდა ოთხს ძვირფას თავისიანს, რომელნიც გულით და სულით უყვარდა.

ზურაბი და ნაიბი დამეგობრდნენ, მაგდანამაც გულით შეიყვარა ნაიბის ცოლი და ამიტომ ყოველ შემოდგომაზე მათი რთველში მოწვევა წესად დასდეს. ეს წესი არ შეცვლილა მას უკანაც, როცა რამდენიმე წლის შემდეგ ქეთო გათხოვდა დედის სამშობლოში და ჯვარი დაიწერა ერთს ღირსეულ ქართველს ვაჟკაცზე, ყოველ ენკენისთვეში ქართველაძეს ქართლიდან ეწვეოდნენ ხოლმე ქალი და სიძე, დაღესტნიდან ნაიბი თავისი ცოლითა და ამალით. არა გვგონია, რომ ვისმე თავის სიცოცხლეში რთველი ისე სიამოვნებით და ბედნიერებით გაეტარებინოს, როგორც ატარებდა ქეთო.

ქეთოს ბედნიერება

მაგრამ განა მარტო რთველობის დროს იყო ქეთო შვებით და ლხენით? არა, სხვა დროსაც.

ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის ბედნიერებისათვის მოსიყვარულე გულიაო. ძლიერი, წმინდა სიყვარული, მოყვასისადმი თვით მოსიყვარულესაც უტკბობს სიცოცხლესა და მოყვასსაცაო. სიმდიდრეც შეიძლება ადვილად დაჰკარგოს ადამიანმა, სიმდიდრესა და სილამაზესაც მოაკლდეს, ნათესავებიც შეიძლება უდროოდ დაიმარხოს, მაგრამ მოსიყვარულე გული კი ათბობს და ანათებს მის სიცოცხლეს თვით სამარის კარამდისაო.

ქეთოს დედისაგან დაჰყვა მეტად მოსიყვარულე გული და ამ გულს ძლიერ მოუხდა იშვიათი მისი თავგადასავალი. ამ თავგადასავალმა ძლიერნი მოძრაობანი გამოაცდევინა ქეთოს გულსა და ავარჯიშა იგი. ღრმა გრძნობანი გულისა ჯერ დედ-მამის სიყვარულზე აღიზარდნენ, მერე ძლიერ ჯავრზე, რომელიც გამოაცდევინა მას მოტაცებამ ლეკების მიერ, შემდეგ დედობილ-მამობილის სიყვარულზე, მასუკან ფრიად ღრმასა და ხანგრძლივს ნაღველზე, რომელიც მოჰყვა მამისაგან მოტაცებასა, მას შემდეგ სიყვარული ღვიძლის დედ-მამისა და დედობილ-მამობილისა ერთად შეერთდა ქეთოს გულში, ბოლოს ამას დაემატა ღირსეული ქმრისა და შვილების სიყვარული და ამ სახით ქეთოს გული გახდადაუშრობელი წყარო კაცთმოყვარეობისა, გაუქრობელი ლამპარი სიყვარულისა მოყვასისადმი. ქეთოს, გამომცდელს ცხოვრებაში დიდი ნაღველისაცა და სიხარულისაც, ყოველთვის და ყოველგან ჰქონდა ტკბილი ალერსი ყველა ბავშვისათვის, ცრემლი უბედურთათვის, ნუგეში დაჩაგრულთათვის, შემწეობა გაჭირვებულთათვის, მოწყალება გლახაკთათვის. მას თავისიანად მიაჩნდა ქართველებიცა და ლეკებიც, საქართველოც და დაღესტანიც. და რადგან სიყვარული შობს სიყვარულსა, ამიტომ ქართველები და ლეკები თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთსა, ვინ უფრო მეტს პატივისცემას, მეტს ხათრსა და მეტს სიყვარულს უჩვენებდა ქეთოს. ქეთო, თავისი მოსიყვარულე გულით, გარშემო ჰფენდა ლხენასა და შვებასა, როგორც ვარდის აყვავებული ბუჩქი ჰფენს თავის გარშემო საამურს სურნელებასა და როგორც ამ ბუჩქს ყველა შეჰხარის, ყველას უყვარს, ისე ყველა შეჰხაროდა და ყველას უყვარდა ქეთო, რომელიც ერთსა და იმავე დროს სტკბებოდა თავისი სიყვარულით მოყვასისადმი და მოყვასთა სიყვარულით თავისადმი. უკეთესიღა ბედნიერება განა იქნება ამ ქვეყანაზე?

ღმერთმა თქვენს გულშიაც აღზარდოს, ჩემო ყმაწვილნო მკითხველნო, მოყვასთა ჩაუქრობელი სიყვარული, გაგაძღოთ მათი სიყავრულით თქვენდამი და ქეთოსავით ბედნიერად გაცოცხლოთ დიდხანს…

აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე – კვირის დოკუმენტი

$
0
0

აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე ეზოში წყალს ასმევენ სახედარს. დიდი ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის მამული, 1909 წელი

აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე

„1887 წლიდან 1895 წლამდე ნიკო მუდმივად ცხოვრობდა დიდ ჯიხაიშში. აქ ხშირად იყრიდნენ თავს იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები: გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, სოფრომ მგალობლიშვილი, გიორგი ჭალადიდელი, ილია ხონელი, მამია გურიელი, იაკობ ფარცხავა, იონა მეუნარგია, გიორგი ზდანოვიჩი და სხვები. ნიკოს ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე აკაკი წერეთელი.

აკაკი წერეთელი ნიკო ნიკოლაძეს დიდ-ჯიხაიშში პირველად 1889 წლის ზაფხულში ეწვია სტუმრად, აგვისტოს თვეში. ის ნიკოს ვაჟის – გიორგის ნათლობას დაესწრო. გიორგის ნათლობა დიდი ზეიმით გადაიხადეს. ამის შემდეგ აკაკი ხშირად ჩადიოდა ჯიხაიშში. ხან გავლით მიდიოდა, ხან ნიკოს ჩამოყავდა, ხანდახან კი 3-4 დღეს დარჩებოდა და შემდეგ გაემგზავრებოდა ხოლმე ფოთში, ქუთაისსა და ხონში.

აღტაცებაში მოყავდა აკაკი სხვადასხვა ცხოველებს, რომლებიც ნიკოს საზღვარგარეთიდან ყავდა ჩამოყვანილი და გაწვრთნილი. ამ ცხოველებს აკაკი ნიკოს ბავშვებთან ერთად ეთამაშებოდა. 1909 წელს მას ესპანურ თეთრ ვირთან სურათიც გადაიღო“.

აკაკი დევიძე, „ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში“. თბილისი. 1958

ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში, ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ფოტოკოლექციაში. გამოფენილი იყო ნიკო ნიკოლაძის 170 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექსპოზიციაზე.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.


ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე

$
0
0

ავტორი : გურამ დოჩანაშვილი; XX საუკუნე; 1978 წელი .

ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე – რა სჯობია კარგ, წესიერ, ვაჟკაცურად ლამაზ, განათლებულ მამაკაცს? – იკითხა ეკატერინე ხომასურიშვილმა, და, თავის სიმართლეში დარწმუნებულმა, საზოგადოებაში ამაყად მიმოიხედა, – არაფერი.

– რა და კაი ქალი, – მიუგო ბარბაბა ჯაშმა, არც დაფიქრებულა.

ასეა, ვის როგორ…

1

ვაიმე, რა იყო.. რა იყო მაინც ეს – თავი სკდებოდა, გავარვარებულ-აჟრიალებული, რკინის სალტით უმოწყალოდ შემოჯარული, განწირული თავი და ყურებიდან გამოძრომას ლამობდა, და შიშით თვალსაც ვეღარ ვახელდი, ეგება ისევ სიზმრად დარჩეს ყველაფერი ეს-მეთქი, განაწამებ ბინდბუნდში ვფიქრობდი და, კიდევ ის იყო ძალიან ცუდი, გულზედაც წვეტიანიდაყვება მაჯლაჯუნა რომ მაწვა და, ვაიმე დედა, მიშველეთ, ძმებო, თავი იბერებოდა და, ჩემდა გულის გასახეთქად, მევე ვბერავდი უნებურად, თითქოს, ვსუნთქავდი რადგან, მე ბეჩავი, ცოცხალი ვიყავ, კიდეც ვგმინავდი და ვირწეოდი კიდევაც, ძმებო, ჩემს თავს ეს რაა, და მკვეთრი, წყვეტილი ბიძგებით მუქარიანი ახლოვდებოდა ტანკი, და ერთიც რომ ახტა და ისევ დამატყდა თავს მაჯლაჯუნა, შეშინებულმა მიმოვაპყარ საბრალო მზერა – რა დავინახეე… ჯერ, რა თქმა უნდა, ვერაფერს მივხვდი, დათუთქულპირდაღებული მივჩერებოდი მკრთალ ლურჯ ნათურას, საიდუმლოდ რომ დამშტერებოდა და იმ მუქ ლიცლიცში, შეშფოთებულმა, წამოვიწიე და რა აღმოვაჩინე – გადასავარდნი იყო! და მერე, თითქოს შემშვიდებული, ყველაფერს მივხვდი – მატარებელში ვიმყოფებოდი, მესამე თაროზე ვიწექ, მძვინვარედ ცხელ მილზე მედო თავი, და რის წყვეტილბიძგება ტანკი, რა ტანკი – სადღაც ძალუმად ხვრინავდა ვიღაც და, გულზე ძველებური, ხის ჩემოდანი მაწვა!.. მაგრამ მთავარი საშინელება მაინც ის იყო, რომ რაღაც განუზომელ-სასტიკად, კოსმიურად ნამთვრალევი ვიყავ, გვალვადამტყდარ მიწასავით დამსკდომია საყლაპავი და ხახა, მესამე თაროზე ამირანივით ვიწექ, უსუსურობით მიჯაჭვული და დიდი ჩიტი გულღვიძლს კი არა, თავს მიკორტნიდა!.. ჩემოდანი განზე გადავახოხე, ამოვისუნთქე, გაჭირვებულმა, და სულ რაღაც წამით თითქოს ცოტათი მომეშვა, ისევ წამოვიწიე და თავშიაც მაშინვე უხილავი ვითომ ჩაქუჩი, მაგრამ რაღაც უხილავი – ისეთი ცხადი, ჩამცხეს… და დაოსებული შეძრწუნებით გამიელვა – აქ რა ჯანდაბა და… აქ რა მინდა მე, ძალიან რბილი, ორადგილიანი კუპე საკუთრივ მქონდა!

აქ, ამ მესამე თაროზე, რა ძალამ ამაგდო მაინც, გაბრუებულს, დუნედ მიკვირდა და უცებ გულმა რეჩხი მიყო – ფეხსაცმელები არ მეცვა! ვაიმე… ჯიბეზეც სწრაფად მოვისვი ხელი, და გარედანვე შევატყვე – მედო. მომეფონა გულს, და შეგუბებული კვნესით, წვალებით ჩავიხედე – დაბლა, იატაკზე, ჩემი ლურჯი, კრიალა ჩემოდანი წესიერად იდგა, მესიამოვნა, კი, და იქავ ნაცნობი, მშობლიური, წყვილი ფეხსაცმელი ერთიმეორეზე კოხტად მიჯრილი ელაგა, გამეხარდა, აჰ! – უფეხსაცმელოდ, მაინც ძნელია… ჩემს ჩამოსვლას კი ნუღარ იკითხავთ – თავბრუდახვეული, ძლივძლივობით მივჩოჩავდი დაბლა, მეორე თაროს დავაყრდენი აკანკალებული ხელისგული ჯერ, მერე მუხლი, მესამე თაროს დაბუჟებული ლოყით ჩამოვეყრდენ, და თვალდახუჭული რომ დავხტი, მუცლიდან ლურსმანი ამომერჭო თავში, გამწარებულმა კიდევ უფრო მაგრა მოვხუჭე თვალები და მაინც რომ გავახილე – ცნობისწადილიანნი ვართ – პირველ თაროზე გაწოლილი, კედლისკენ გადაბრუნებული, ვეებად ამობურცულთეძოიანი ქალის კოჭთით მიმჯდარი კაცი წამოდგა, გამიღიმა და ჩურჩულით დამეკითხა:

– ჰა, როგორა ხარ… ძველო?

ვინ ოხერი და… მყისვე გავმკაცრდი:

– მე ძველი არა ვარ.

თავს ვერა ვხრიდი და, გაჭიმულმა, ტერფის ცეცებით მოვძებნე ფეხსაცმელი, მომერგო კოხტად.

– აბა, რა გქვია?

– სიმა.

შეეჭვებულმა ამათვალიერა, და განვუმარტე:

– გერასიმე მქვია, ისე.

– ძალიან კარგი. ხომ არ გეწყინებათ, გერასიმე რომ დაგიძახოთ?

და კვლავ დამეხვა მე ბეჩავს თავბრუ, სუსტად მივუგე:

– არა, არა, რატომ…

ბედშავი ყელი ჩემი, გადამწვარი – ოჰოჰო, ჰუჰუ, ლუდი მინდოდა, და კიდევ უფრო – ნაღდი ჰაერი, აბარბაცებულმა გადავაბიჯე ვიღაცის ჩანთას, ვიწრო გზას დავადექი, რელსების ღრჭიალი ამომესმა და გვერდითა თაროს შევეხალე, გავსწორდი ისევ, და პატარა ხანში ვაგონის გამოღებულ კართან ვიდექ, სახელურზე თითებჩაჭიდებული, ნიავს ვუშვერდი წყალშესხმულ სახეს, ოდნავ შევფხიზლდი,და ადგრიალებულ შავეთს რიდით გავცქეროდი, – კი, თენდებოდა თითქოს, კი.. ისიც მომეჩვენა, თითქოს მხარი მექცა, ასე მეგონა, თბილისისკენ ვბრუნდები-მეთქი, ანდა – კახეთში, სულაც; ასე პირველად კი არ მომსვლია, ბადენ-ბადენში, მოგზაურობისას, მატარებლიდან კინაღაც ჩავტხი… აქ მხარზე ფრთხილად დამიკაკუნეს, ელდანაკრავი მოვცილდი გრიალით მიმავალი, განრისხებული მატარებლის კარს, მივიხედე და – ისევ ის კაცი, ოღონდ ახლა – ხელრუკზაკიანი, ღიმილით მითხრა:

– აბდარაუდუ?

– რა? – დავიძახე, ბორბლების ხმაურში ძნელად ისმოდა.

ყურში ჩამყვირა:

– ლუდი ხომ არ გინდათ, გერასიმე?

როგორ მიბედავდა! და მკაცრი პასუხის მოსაფიქრებლად რომ დავძაბე აწეწილი ტვინი, გამახსენდა რომ – ისე ძალიან მინდოდა, ააჰ… ხელი გავუშვირე და, რუკზაკი დადო, ჩაიმუხლა და მარჯვედ გახსნა, „ჟიგულს“ თავსახური ვაგონისეულ რკინის საფერფლეზე წააგდებინა, გამომიწოდა, და უჭიქობას რას დაგიდევდით, პირდაპირ ბოთლით მივიყუდე – ეს მე – და მერე, შვებით რომ ამოვისუნთქე, მაშინვე ვიგრძენი, ღაწვზე რაღაც უნამუსოდ გაკვანძული ყულფი რომ გამეშალა და ფილტვებმაც უცებ იგრძნეს ჰაერი, თავის ტკივილი მყისვე შემეშვა, თვალებში სინათლე ჩამიდგა – კაცი ვხდებოდი…

– ერთიც რომ არ გნებავს, გერასიმე?

ეს მონაცვლეობითი „შენ-თქვენ“-ობითი მომართვა მაღიზიანებდა და, საყვედურს რადგან ვერ ვეტყოდი (გაჭირვებისას ლუდი დამალევინა), გაკრვეული უპირატესობა მაინც მომინდა და „სეიკოზე“ ხაზგასმულად დავიხედე – ხუთი ხდებოდა, ორი საათიღა რჩებოდა ადლერამდე, იქ კი, აეროპორტში, კონიაკის ყუთს გამომიტანდა კაცი, ერთ ჭიქას დავლევდი მხოლოდ, და ლიეპაში საღ-სალამათი ჩავიდოდი, ფუჰ, რამ დამათრო წუხელ ისე…

დაინტერესდა:

– მაგ საათს დაქოქვა არ უნდა, არა?

– არა!

– და… წყალგამძლეა?

– დიახ… მაშ, როგორ.

– ცეცხლგამძლეც თუა?

– არის, მე მგონი.

აქ მოიწყინა, ასე მეგონა, შეშურდა-თქო, მაგრამ სევდიანად აღნიშნა:

– გინდაც საერთოდ გაფუჭდეს, დროს ვერაფერი შეაჩერებს. ვბერდებით, ძველო…

კიღამ ვიფეთქე, და ისევ ის ერთი ბოთლი გამახსენდა… კიდევ მინდოდა, თანაც…

– კიდევ ხომ არ გსურთ? – მყისვე ამოიცნო.

– რა? – გამეხარდა და, მაინც, ვითომ ვერ მივუხვდი.

– ლუდი – რა…

– რა ვიცი… შეიძლება, შეიძლება.

– აგენაცვალე.

მივიყუდე და, ვსვამდი, აჰ, ვსვამდი, ყელი ლბებოდა, გადამწვარი, გადახრუკული, ქაფი მალამოდ ედებოდა და, თავგადაწეულს რომ შემომესმა: „ცოტაც მოითმინე, გერასიმე, და ჭიათურაში ღვინოსაც დავლევთ“, ჯერ არაფრად ჩავაგდე ნათქვამი, გავმხნევდი კიდეც… და სწრაფად მოვიცილე პირიდან ბოთლი, გაკვირვებული შევაცქერდი:

– ჭიათურაში რა გვინდა… კაცი…

– აბა, მანამდე ჩავიდეთ?

– რატომ მანამდე – ადლერამდე ორი საათის გზაა…

ახლა იმას გაუკვირდა:

– ადლერში რა გვინდა…

– როგორ თუ რა მინდა… – დავიბენი, – იქიდან, ტუთი, ლიეპაში უნდა გავფრინდე.

– აა, – გაეღიმა, – აა, აღარ გახსოვს…

– რა უნდა მახსოვდეს…

– გუშინ რომ დავთქვით, წუხელ…

– რა!..

– ჭიათურაში გამომგზავრება და, როგორც ხედავ, კაცურად შევასრულეთ პირობა კიდეც…

– თქვენ… ჩვენ წუხელ, როგორ, ერთად ვსვამდით?

– როგორ არა, კი. თავისუფლად.

და, გამახსენდა: წამოდი, წამო, მეუბნებოდა, საქართველო, ჩვენი სამშობლო, ვნახოთ; აღტაცებული ჩამჩიჩინებდა რომ, ზემო იმერეთი ყველაზე მეტად საქართველოა, რომ საოცრადაა შეხამებული იქ დასავლეთი და აღმოსავლეთი – ჩვენი; აგერას, აო, გომის გაგრძელებაა კორბოულ-საჩხერეო, იქაურებიც, შედარებით დინჯი მიხრა-მოხრითა და სიტყვა-პასუხით, ქართლელებს წააგვანანო, და თანაც ნამდვილი იმერლებიც არიანო, და მეც, სულელი, თავს ვუქნევდი, ძალიან საინტერესოა-თქო და, ბეჰ! გამახსენდა – გადავეხვიეთ ერთმანეთს კიდეც, მანამდე კი, ძალიან მწყუროდა (რებეცმა იცის) და მატარებლის მოლოდინში მძღოლი გავუშვი, განაპირა ჯიხურთან, ბნელში, ერთადერთი უწყინარი კათხის გამოცლა გადავწყვიტე, იქ კი ვიღაც შემთვრალი ფილოლოგები ჯგუფად იდგნენ და არ ვიცი, ხუმრობით იყო თუ რა, სამპირიანი ზმნის სადღეგრძელოს სვამდნენ, ფილოლოგები ხომ უცნაური ხალხია, მათგან ერთი კი შორეული თანაკლასელი აღმოჩნდა ჩემი, და მართლა გაგვეხარდა თითქოს ერთიმეორე, ვიწრო დახლზე კათხა მომიჩოჩეს, მოვწრუპე და თავიდან ერთი კი გამიკვირდა – სულ სხვა, მკაცრი გემოსი ყოფილა ეს ჩვენი ლუდი, რადგან ჩეხური, დანიური, არაბული – სხვაა… მაინც გამოვცალე და უჩვეულო აღტყინება ვიგრძენ, ერთიც შემივსეს და ვერ მოვახერხე, დამშვიდობება, არადა, როგორია, შესმა და დაუმშვიდობებლად გაცლა, ვერაფრით ჩავაგდე გახურებულ კამათში სიტყვა, რადგან სამპირიანმა ზმნამ ვიღაც უპირო კაცი გაახსენათ და გაცხარებულნი ალაპარაკდნენ იმ ვიღაცაზე, უცნაურია ჩვენი ენა, ქართული – ზოგი უპიროს რომ ეძახდა, სხვა ორპირს ეძახდა და კიდევ სხვამ, შვიდასპირიანიაო, ოხერია, გაიძვერაა და გარეწარიო, მაგას ეგეთი კარგი სახელი უნდა ერქვასო? – დანანებით იძახდნენ, მე კი მომწყინდა, მეორე კათხაც გამოვცალე და საკმაოდ რომ ავმსუბუქდი, თავაზიანი გამომშვიდობება კვლავ გადავწყვიტე, მაგრამ ბავშვობის სადღეგრძელო შემომთავაზეს, და ბავშვობა ხომ, დამეთანხმებით, კარგია, არა? – მესამეც შევსვი, და ისევ იმ კაცს მიუბრუნდნენ, უპიროსა თუ მრავალპირიანს, ურწმუნოაო, გაიძახოდნენ, თმას იღებავსო, ინჩიბინჩი არაფრისა გაეგებაო, ზოგი რომ ამას ამტკიცებდა, სხვანი ამბობდნენ, რას ამბობ, კი, კი, როგორ არა, ყველფრის აზრზეა, მაგრამ ბოროტია, ხელმოცარულიო, და ხელმოცარულს არავითარი თანამდებობა არ უნდა მისცე, იმიტომ რომ გაბოროტებულია და სხვაც თავისნაირი უნიჭო უნდა გვერდით, ხელმოცარულიო; მხოლოდ ერთი ფილოლოგი გამოექომაგა, მაგრამ ძალიან უნიათოდ – რა ქნას იმანაც, საწყალმაო, მერე არ ვიცი, როგორ შესცვალეს სალაპარაკო თემა, აქვს გურამიშვილი და ვაჟა, ლექსები წარმოსთვას, რას არ გადასწვდნენ, შუბერტიც კი ახსენეს ორჯერ, ახლა კი ვხვდები, ურევდნენ, მოკლედ, მე კი, შებარბაცებული, დედმამიშვილების სადღეგრძელოს ვსვამდი, და ახლა რომ ვუკვირდები, სწორედ დედმამიშვილების სადღეგრძელომ მომიღო ბოლო, ასე მეგონა, რომ ვბარბაცებ, მეჩვენება-მეთქი, ლუდმა რა უნდა მიყოს-მეთქი და, შესამოწმებლად, ხომ არ დავთვერი-მეთქი, ჩემ თავს გუნებაში ვამოწმებდი, ვეკითხებოდი და პასუხსაც სწორად ვცემდი: „აბა, მამაჩემს რა ერქვა-მეთქი?.. – ვახტანგგ-მეთქი… აბა, რომელი წელია ახლა-მეთქი?.. ახლა ათას ცხრაას სამოცდათერთმეტი წელია-მეთქი…“ და ამ ყოფაში რომ ვიყავი, მოულოდნელად დავინახე, რომ ლუდში არაყსაც ამატებდნენ თურმე და, მე სულელს, ბითურს, მეამაყა კიდეც ასეთ ვაჟკაცურ ხალხში ყოფნა და რკინიგზის ბაქანზე, გზისა და მგზავრობის სადღეგრძელო პირველმა შევსვი, და ეს ყმაწვილი, ახლა შეურყვნელი ლუდით რომ მიმასპინძლდებოდა, არ ვიცი, თანამდებობა შეიტყო ჩემი თუ რა, ამეკიდა და საქართველოში გასეირნება შემომთავაზა, მეც, ხბო, დიდად აღგზნებული დავთანხმდი და ხელიხელგადახვეულები მივბარბაცებდით, ვინ ოხერია, ახლა, ვინ იცის, რაიმე გამოსარჩენიც მომთხოვოს ეგებ კიდეც, და მართლა მითხრა:

– ერთი თხოვნა მაქვს.

– რა… – დავიძაბე.

გაეღიმა და:

– შარვლის ღილები შეიკარით, უხერხულია.

მსწრაფლ დავიხედე და ვთქვი:

– აჰ!

მერე საქმეზე გადავედი:

– ჭიათურაში ვერტმფრენები ჰყავთ?

დაინტერესებულმა ამათვალერა:

– რომელი ფერის გნებავთ…

ძლიერ გავმკაცრდი:

– ნებისმიერი!

– არ ვიცი, არა მგონია… რად გინდათ?

– ადლერში ცხრაზე უნდა ვიყო.

– ლიეპასათვის?

– დიახ. ოთხი საათი კიდევა გვაქვს.

– ჭიათურაში, – დარწმუნებით მითხრა, – როგორც ყველგან, ღამღამობით სძინავთ.

– იქნება ვინმე… მორიგე, პასუხისმგებელი…

– კი, კი, იქნება…

დალაქულ კედელს აზიზად მოვშორდი, მაგრამ შარვალზე დავიხედე და… აჰ, ჩემ მტერს, მტრისას – ირგვლივ სულ კირით მქონდა მოთხვრილი. ავდექი და, უსუსურობისაგან, ვაგონის კიბეზე დავჯექ.

– ყოველი შემთხვევისათვის, მაიც… – მითხრა და რუკზაკს ისევ შეუხსნა თავი, – მორიგე-პასუხისმგებელთან რომ შეხვალთ, წვერგაუპარსაობა არ ივარგებს ნამდვილად… აჰათ, ინებეთ, ჩამრთველი არ უნდა, თქვენი საათისა არ იყოს, თავისით მუშაობს, – და აბზუილებული სამართებელი მომაჩეჩა.

კარგი შესახედი კი ვიქნებოდი მოადგილეებსა და თანამშრომელთათვის ახლა – ვაგონის კიბეზე მჯდარი, ცალი ხელით გაბრუებული ვისვამდი ყელ-ღაწვზე აზუზუნებულ სამართებელს, მეორე ხელით – ლუდის ნახევრად დაცლილი ბოთლი მეჭირა.

– რას მოგიწყენია რომ მოგიწყენია, ა, გერასიმე – გამამხნევა კაცმა, – ეგეთები ხდება?

2

ჭიათურაში, დავითარსე.

ჯერ ის იყო და, მატარებლიდან ჩამოსვლისას, ჯარიმა მლეწეს – თბილის-საჩხერეზე, ადლერის ბილეთის ნაცვლად, ჯიბეში გინდაც დღის კინოსეანსის ძველი ბილეთი გდებია. კიდევ კარგი რომ, არავინ დამინახა მაინც. მერე იყო და, რომ გადმოვედი, რა მომელოდაა – იდგა, მიცდიდა… მოვიქუფრე და, რომ ვჭოჭმანობდი, დავემშვიდობო თუ უმძრახად ჩავუარო-მეთქი, მკითხა:

– კარგი საათის რომელია, ბოდიში?

ეჭვით შევათვალიერე, მაგრამ უცოდველად შემომყურებდა, მივუგე:

– რვის ოცი წუთია. კარგად იყავით.

ყურიც არ გაუბარტყუნებია:

– თუ გინდა, ქიმწმენდაში მიგიყვან, ტკბილო.

– არა, არ მინდა. ახალს ვიყიდი…

– ათზე იღება უნივერმაღი, გერასიმე. აბა?!

ამ მოთხვრილი შარვლით, ვინ ოხერს მივდგომოდი. არადა, რა მექნა…

– ვიცი, რომ არ გინდებვარ, გერასიმე, – წამოიწყო, აქ, ჭიათურაში, უკვე იმერულად უქცევდა, მაგრამ დამიგდე აბა ყური – მაგ პიჯაკ-შარვლით, ჩემო, თქვენი ამბავი რომ ვიცი, შორს ვერ წახვალ შენე. აქ, უნივე…

გავღიზიანდი:

– თუ შეიძლება, ზრდილობიანად ილაპარაკეთ! მე შენე არა ვარ.

თავი იმართლა:

– მე შენე უზრდელობით არ მიხსენებია.

– აბა?

– არამედ აკლიმატიზაციისათვის, გენაცვალე.

ელაპარაკე ამას…

მერე, განაგრძო:

– აქ, უნივერმაღში, ვერც თქვენს საკადრისს იშოვნი რამეს – ხელათ გეტყობა, მზა-ტანსაცმლისათვის დაბადებული რომ არ ხარ.

მართალს ამბობდა, ვიგინდარა – სხვადასხვა ზომის შარვალი და პიჯაკი მინდა, ამიტომ, თბილისში, კოსტიუმებს მუდამ ატელიეში ვაკერინებ ხოლმე.

– ასე რომ, გერასიმე, – დამაჯერებლად განაგრძო, – ქიმწმენდის გარდა სხვა გზას ვერ ვხედავ, იმის გახსნა-გაღებამდე კი ორსაათ-ნახევარია და, აგერ აქავე, ყურისძირში, სასადილოა ადრეული ერთი და, შევიდეთ ვაჟკაცურად შიგ.

აჰ, ესღა მაკლდა, რუკზაკიანი კაცის გვერდით მევლო:

– არა, არ მინდა…

– კაი ბატონო. აბა, მაშინ ახლა შენ თქვი, რა ვქნათ და – ჩემი კისერი.

სასადილოში წავედით, ბოლოს.

3

სად უნდა ვყოფილიყავ და, სად ვეგდე ახლა: კონდიცირებულჰაერიანი, ვერცხლისფერი ლაინერის ნაცვლად, ბინდბუნდიან, გაკვამლულ ოთახში ვაპაჭუნებდი თვალებს, სავარძელში გადაფლვის მაგივრად, ლურსმნებამოჩრილი სკამის კიდეზე დამფრთხალი ვიჯექ, სახელგანთქმული კონიაკი „თბილისი“ კი არა, მჟავე ღვინო მედგა წინ და მომხიბვლელ სტიუარდესასაგან ფრიად განსხვავებული – ყელში ბანჯგვლებამოჯეჯილებული, მძლავრღიპიანი მებუფეტე უნდილად გვემსახურებოდა – აი, რა მიყო წუხანდელმა დედმამიშვილების სადღეგრძელომ, მყავნდნენ მაინც, თორემ კი…

სალათა მოგვიტანეს, პური, ყველი – ფიჰ… იგი მადიანად შეექცეოდა. ორიოდ ჭიქა ყოველგვარი სადღეგრძელოს გარეშე აჟრჟოლებულმა (ძალიან მჟავე იყო) შევსვი, თავის ტკივილმა საბოლოოდ გამიარა, გავმხნევდი და ბოთლი განზე მივდგი – გათავდა, მორჩა, ისედაც მეყო ამდენი სმა. იმას ჭიქისთვის პირი არ დაუკარებია, მერე, ანგარიშის მოლოდინში, ამათვალიერა და მკითხა:

თქვენ ცოლშვილიანი ხართ?

– რა თქმა უნდა, – მივუგე მე.

– ძალიან კარგია, კარგი, ბარაქალა. ისე, სხვათა შორის, დაიარება მოსაზრება, ვითომ ბრინჯაოს ხანაში ქმარი რომ კვდებოდა, ცოლსაც მიაყოლებდნენ ზედ. არ იყო, ალბათ, ცუდი წესი – უნდოდა – არ უნდოდა, უფრო გაგიფრთხილდებოდა ცოლი, შენ ხარ ჩემი ბატონი, მოგივლიდა, შეგინახავდა, აბა, ახლა, ჩვენს დროში, რომ შეიკლავს ზოგ ქმარს ზოგი ცოლი, ზოგიერთმა, პანაშვიდზე, შეიძლება ხელზედაც კი აკოცოს.

– ვინ ვის… – დავიბენი.

ამიხსნა:

– მეპანაშვიდემ – ცოლს.

და დააყოლა:

– ვხუმრობ, რა თქმა უნდა.

– რამ გაგახსენათ… – და სახე პირველად გამებადრა, – აა, თქვენ ალბათ, ძალიან გაწამებთ ცოლი…

მაგრამ მომიგო:

– უცოლშვილო ვარ. და არც მყოლია. რა უჩვეულო ასოციაციაა, არა?

რაღაცას ურევდა… მითხრა:

– დადე ეგ შლაპა სკამზე, რომ ჩაგიბღუჯია ხელში. არსად გაგექცევა… სხვათა შორის, გრიშაც და ვასიკოც უცოლშვილოებია.

– ვინ ოხრებია… – წავიბუტბუტე.

– ძმებია ჩემი. მე – შალვა მქვია.

ის მებუფეტე აღარ ჩანდა, თუმცა, სად გვეჩქარებოდა, ცხრაც არ იყო ჯერ, და სწორედ აქედან, ცხრას რომ უკლია ოცი წუთი, ის მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი წამოიწყო, მის პიროვნებას თურმე მუქ წითელ ხაზად რომ გასდევდა, როგორც იტყვიან. მკითხა:

– სპორტი თუ გიყვართ?

– რა ვიცი, ისე… კი, როგორ არა, საჭიროა.

– კრივშია ერთი ძლიერ ცუდი წესი.

– რომელი… წარბი რომ უსკდებათ?

– აარა, კაცო, ეგ წესი არაა. რომელი და, გამარჯვებულს რომ უთვლიან მოგებას.

– ეს როგორ… – დავიბენი.

– როგორ და, გერასიმე, ერთხელ, ერთადერთხელ, შევესწარი სამართლიან გადაწყვეტილებას: გამოვიდა რინგზე ორი კაცი, გამოწყობილები ისე, როგორც იმათი წესი და რიგია, და ჯერ ერთმანეთს დასცხეს, მერე კი ერთმა დაჯაბნა და ურტყა – თურქის ბარაბანს არ მოხვედრია იმდენი. მაგრამ მერე, მსაჯმა იმ მეორეს, დასიებულს, ცხვირპირდასისხლიანებულს რომ აუწია ხელი, ატყდა სტვენა დარბაზში, მაგრამ რა ატყდა, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც სწორი გადაწყვეტილება იყო…

– ეს როგორ…

– როგორ და, კოხტად – აბა, თან უნდა გირტყან და თან უნდა წააგო? – არა, ბატონო, არა… როგორი ამბავია, წარმოდგინე შენ – ვიღაცამ სულ ცხვირპირში გირტყას და ამისათვის ბროლის თასი უნდა მიანიჭონ? არა, ბატონო, არა, მე აქეთურის მომხრე ვარ, უნდა შეიცვალოს კრივში ეს წესი.

ურევდა, ურევდა…

– ჩვენ, სამ ძმა კეჟერაძეს, მხოლოდ ერთი და გაგვაჩნია, გერასიმე და, დისშვილებიც გვყავს, აცოცხლოს ღმერთმა. ორი მშვენიერი, წესიერი ბავშვია, მესამე კი – უჰუჰუ, მტრისას… მსგავსი ახირებული ეკრანზეც არ მინახავს, ცოტათი მე მამსგავსებენ… სახით. გრიშა და მე ძალიან ვეხმარებით ჩვენს დას ბავშვების აღზრდაში, ვასიკო ისე არა, სულ წიგნებშია ჩაფლული, და ნათესაურ კრებასავით მოვაწყვეთ რაღაც და, რა ვუშველოთ ამ ბავშვსო, ვთათბირობდით და სიძემ ჩვენმა, კაი ხვითოა ჩვენი არ იყოს ისიც, წამოაყენა წინადადება, ჭადრაკზე შევიყვანოთ ბავშვიო, ჭადრაკი – სპორტიცაა, ხელოვნებაც, ფილოსოფიაც, მელიორაციაცო და მე ვითავე ეს საქმე – ხელჩაკიდებული დამყავდა. ვარჯიშებზე არა უშავდა რა, შედარებით წესიერად იქცეოდა, ნიჭიც აღმოაჩნდა, მაგრამ, პირველსავე შეჯიბრებაზე არ მომჭრა თავი? როგორ თუ აფიცერი მომიგეო და, ვიღაცა სათვალიან მოწინააღმდეგეს, გაუშალა და არ გაარტყა ხელი? აბა… იმ სათვალიანს მაშინვე გამარჯვება მიაკუთვნეს…

და დააყოლა:

– კრივში როგორც უნდა იყოს კანონით, ისე.

ნამდვილად ურევდა!..

– საერთოდ, სპორტს, პოეზიასთან შედარებით, დიდი უპირატესობა აქვს… – ფიქრებში წავიდა შალვა, და გამოცოცხლდა: – ფეხბურთი ავიღოთ თუნდაც. ვინმემ რომელიმე ცნობილი ფეხბურთელის ილეთი რომ გაიმეოროს, გაგიჟდება სიხარულით ხალხი – დიდისავით ჩაახვია „ხმელი ფოთოლი!“, მიშას ფინტი გააკეთა, ვენაცვალე! უხარია მაყურებელს, რადგან პირიქით, უკეთესია, ფეხბურთელი ვინმეს თუ ჰგავხარ, მაგრამ აბა, თუ კაი ბიჭი ხარ, დაწერე ლექსში სადმე – სადაა ხარ, ჩემო ეელიკოო… – სტვენას დაგიწყებს კარგი საზოგადოება, ხალხი.

შლაპაზე ბუზი დამჯდარიყო, ხელი ავუქნიე.

ისე შეცვალა სალაპარაკო თემა, ვითომც არაფერი:

– და, საერთოდაც, ჩვენ, წერა-კითხვის მცოდნეებს, დიდი დანაშაული მიგვიძღვის ეის წინაშე.

– რის წინაშე?

– ე-წერტილი ი-წერტილის წინაშე, ესე იგის წინაშე, ესე იგი.

– რატომ… – გავოცდი.

– რატომ და, გერასიმე, დაწერენ ხანდახან მკვლევარები უშველებელ წიგნს, აუარება ზედმეტი მსჯელობით, ვითომ მოსაზრებებიანს, უვარგისს ყოვლად და, აქაოდა, ეკონომიას დიდ პატივს ვცემთო, ესე იგის ამოკლებენ – ე-წერტილი, ი-წერილი-ს წერენ. ესაა, გერასიმე, საქმე? ეკონომია თუ გიყვარს, შე დალოცვილო, ესე იგის რას ერჩი, რატომ ჩეხავ, იყოს თავისთვის, ამას ის არ სჯობდა, კილონახევარი წიგნი ტყვილა არ დაგეწერა? ხომა ვარ სწორი…

– რატომ, წესია…

– წესი… – ხელი აიქნია, – წესი კი არა, დამნაშავეები ვართ კაცობრიობა ამ სიტყვების წინაშე და, ცოტათი მაინც რომ გამოვისყიდოთ, ამის შემდეგ ასე დაუნ დავწეროთ – ესსსე იგგგი, ხომა ვარ სწორი?

– ექვსი მანეთი, – თქვა მებუფეტემ, თავს დაგვდგომოდა, მაგრამ იყურებოდა შორს.

ფული არაფრით გადამახდევინა, აკი მე დაგპატიჟეო, შალვამ და, უცნაურად თეთრკანიანი მებუფეტეს შემყურემ, კუპრივით შავი ულვაში რომ ჰქონდა, თქვა:

– ისე, ზანგებს, წესით, გერასიმე, თეთრი წამწამები უნდა ჰქონდეთ.

გამოჩურჩუტდა, მთლად…

4

ქიმწმენდაში ვიღაც წითური კაცი ტომარას კემსავდა და თან არხეინად ღიღინებდა: – შა-ავსა შაავი მყვაანს ცხეენიაა…

– კაი გამარჯობა! – შესძახა შალვამ.

– გაგიმარჯოს? – შეათვალიერა ქიმწმენდელმა.

– აგერ, პატივცემულის შარვალ-იდაყვს ვერ მოგვიყვანთ წესრიგში?

ამხედა, დამხედა, ეუცხოვა: – რა ნაჭერია, ბატონო?

– ინგლისური ტრიკოა.

– აჰ, ტრიკოზოლი არ გვაქვს.

– აბა, რა გაქვთ, რა… – ამოვიგმინე.

– რა და – დაკრონზოლი, შალზოლი, კრეპზოლი, ბუკლეზოლი… ტრიკოზოლი არ გვაქვს.

– რასა ჰგავს ეს! – გავფიცხდი, მართლა, – ქიმწმენდაა ეს თუ რა!

– რას ჯდებოდი, ძამია, აბა უწესი ადგილას… მე გირჩიე თუ…

ამის ძამიაც რომ გავხდი…

– ყური დამიგდე, – მკლავზე წავატანე ხელი, – ორ საათში თუ მომიწესრიგებ, ამდენს გაჩუქებ, – თითებით ვაჩვენე.

– მანათს? – აიბზუა ტუჩი.

– თუმანს, შე კაცო…

– სიტყვა სიტყვაა? – ამაღლებულად შემომაცქერდა.

– კი.

– მაშინ ხვალ არა, ზეგ… ნაშუადღევისთვის. ძალიან ვეცდები.

რა თავს იგდებდა!

– ორ საათში-მეთქი, ადამიანო!

– ორ საათში, პატივცემულო, შეუძლებელია ყოვლად.

– რატომ…

– სიმართლე გითხრა?

– თქვი.

– რა და, გენაცვალე, ამას არავითარი ტრიკოზოლო არ უნდა, უნდა გაიწმინდოს შეძლებისდაგვარად ჯერ, მერე „ნოვოსტში“ გაირეცხოს, გაშრეს და გაუთოვდეს ბოლოს, და, გენაცვალე, ხვალინდელ თერთმეტის ნახევრამდე არ ეშველება არაფერი. „ნოვოსტი“ საღამოთი უნდა მომიტანონ ზესტაფონიდან, ქალაქის კარგი ასეთი, მანამდე, გავწმენდ, შენ ხარ ჩემი ბატონი, გავასუფთავებ, გავუდენ კაშკაშს. იდაყვი მაჩვენე აბა…

მივუშვირე, როგორც შემეძლო… ათვალიერებდა, სული შეუბერა, წკიპურტი გაჰკრა, კვლავ აღიღინდა: – შაავსა შაავი მყვაანს ცხეენიაა… ახალთახალს დავამგვანებ. რომ შეგნატროდეს ყრუ-მუნჯი ყველა…

რა შუაში იყო…

– გაქვს შემოდანში გამოსაცვლელი თუ…

– მაქვს, როგორ არა, – მოფარებულში შევედი, შარვალი და ნაქსოვი პერანგი ამოვიღე, გავძახე, – თერთმეტის ნახევარს ხომ არ გადააცილებთ…

– საჩივრის წიგნის მადლი გამიწყრეს, ჰიჰ… – ჩაეცინა, და გაუმკაცრდა ხმა, – შენ ხომ არ დაგავიწყდება, – თითები შემოჰყო ფარდაში.

– არა, კაცო, არა… სიტყვა სიტყვაა, ხომ გით… – დავბარბაცდი, შარვლის ტოტი ფეხში გამებლანდა.

– აკი დაგემართოთ.

გამოვედი და, მოგრძო სარკეში ჩავიხედე, არა მიშავდა რა, ჭიათურის პირობაზე… შლაპა დავიხურე, ვუსურვე:

– კარგად იყავით.

– აგრე იყოს, – თქვა ქიმწმენდელმა. უზრდელი…

– თქვენ ნამდვილი ქართველები იყოთ, მეტი არაა ჩემი მტერი, – თქვა შალვამ, ქუჩაში რომ გამოვედით.

5

მაგრამ უგუნებობამ სასწრაფოდ გადაუარა; დარიგებას მოჰყვა, თავისი ჭკუით:

– შენ თვალსაჩინო კაცი ხარ, გერასიმე და, ქალს თუ ეტყვი შემთხვევით, მიყვარხარო, და თუ ის შეგესიტყვება – არ მჯერა, ვაი – არ უნდა უთხრა: „ცოლ-შვილს გეფიცები…“ ამას აჯობებს, ყოჩაღად მიუგო: „დედა ნუ მომიკვდება“, ანდა უბრალოდ: „თუ არ მიყვარდე, ცუდი ვიყო…“

გიჟია, ოხერი… და რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა აღმეკვეთა მისი ეს თავგასულობა, თანამდებობა პირში ვუთხარი ჩემი, ასე მეგონა, გადანცვიფრდებოდა ჯერ, და ღრმა პატივისცემით შემომაცქერდებოდა მერე, მაგრამ მშვიდად თქვა:

– რა ვუყოთ მერე… – და მანუგეშა, მანუგეშა კიდეც, წარმოგიდგენიათ? – ჯერ მაინც შედარებით ახალგაზრდა ხარ…

სულელი იყო. და კარგი აზრი მომივიდა, დადებითი – სისულელეში უნდა ავყოლოდი, სხვა გზა არ იყო – აბა, დადექი ახლა და ესაუბრე ამას სერიოზულად ქვეყნის ავ-კარგზე, როგორც იტყვიან… იქ, კაბინეტში, ამისთანები გამიცურებია? და აგდებულად ავხედ-დავხედე, პირველად შევათვალიერე საფუძვლიანად, დავეკითხე:

– შავები რატომ გაცვიათ ამ გაგანიაში, შალვა-უფროსო?

„უფროსო“-მეთქი, აჰ; იუმორის შესანიშნავი გრძნობა… მაგრამ არ მოტყუვდა, მაშინვე ბანზე ამიგდო სიტყვა:

– შენ საქართველოს გიყვარს, გერასიმე?

გამომიჭირა – მე, ჩემდა თავად, ამ შეკითხვაზე ვერ გადავუტანდი სიტყვას, ჩემთვის უხერხულია მაინც საქართველოზე მოყრუება, და დროებით მივუგე:

– კი, როგორ არა…

მაგრამ აქ წარმოთქვა ყოვლად უხამსი, ერთდერთი:

– ისემც…

უზრდელი! ხეპრე…

მერე, კინოთეატრში შევედით… დრო რომ გაგვეყვანა.

6

კინოთეატრიდან, გედების პარკი დამათვალიერებინა… იმდენი არაფერი – რაღაცნაირი ხეები იდგა და გედები დაცურავდნენ წყალზე. გრძელ მერხზე ჩამოვჯექით, ჩრდილში, რადგან მზეზე უფრო ცხელოდა და, საერთოდაც, ცხელოდა. სინოპტიკოსებიც ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დიდი სიცხე იყო საქართველოში მიმდინარე 1971 წელს.

– უხდება ტირიფი გედს – აღნიშნა, – რა სულელური ფილმი იყო?

– რატომ… – არ დავეთანხმე, – კეთილშობილებაზე იყო, პატიოსნებაზე, სიწმინდეზე…

– კარგი, გაჩერდი, თუ კაცი ხარ… – შეიჭმუხნა, – ტყუილი იყო თავიდან ბოლომდე…

– რა არ დაიჯერეთ მაინც… – „თქვენობით“ იქით მივმართავდი, წარმოგიდგენიათ? მაგრამ ასე იყო საჭირო…

– რა და, ჯერ ერთი, ის ქმარი ტყუილად არ ეჭვიანობდა.

– როგორ თუ არა… ხომ გამოირკვა ბოლოს ყველაფერი.

– რა ყველაფერი…

– რა და, ქალის უბიწოება.

– კარგი გაჩერდი, გერასიმე… – აიმრიზა.

– როგორ თუ გაჩერდი… – ავიმრიზე მეც.

– როგორ და, ნამდვილად მოხდა იმათში რაღაც…

– რა რაღაც… რა!

– იცი ის შენ.

– არაფერიც არ მომხდარა, – გავუსაჩივრე ნათქვამი, – ხომ გაირკვა ბოლოს…

– არა, გენაცვალე. მე ყოველთვის ვხვდები, წყვილის დანახვაზე, მომხდარია თუ არა იმათში რამე… ვხვდები და რა ვქნა.

– რითი…

– ეტყობათ, კოჭებში.

აღვშფოთდი:

– ახლა, შენ უკეთესად იცი სცენარისტზე?

– აბა რა! – გამოცოცხლდა შალვა, – ოთხ თვეს გამნათებლად ვმუშაობდი.

– მაგ ფილმზე?

– არა, თეატრში.

ელაპარაკე ამას…

– არა ხართ სწორი, არა, შალვა, – დამაჯერებლად ვუთხარი. მაგრამ ამ ვაჟბატონზე, შალვაა თუ ვიღაც, ამან არ გასჭრა, და, საერთოდაც, ჩემს არგუმენტებს არ უჯერებდა, მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით განვაგრძობდი:

– ბოლოს ხომ გაირკვა ზუსტად ყველაფერი.

– ეკრანზე – კი…

– აბა, სხვა რა გინდა… – ამოვისუნთქე.

– სცენარით გინდაც არაფერი მომხდარიყოს, მაინც მოხდებოდა… იქ.

– სად იქ, შალვა, კაცო…

– სად და ცხოვრებაში.

აყევი ახლა ამას… მაგრამ გავბრაზდი:

– რა იცი შალვა შენ! – გაცხარებულს „თქვენობის“ თავი აღარ მქონდა, – რაზე შეატყვე მაინც!

– ეტყობათ-მეთქი, კოჭებში… – და დააყოლა, – რა კარგი შლაპაა? იფ…

და მყისვე მისი ჩამოცილება გადავწყვიტე. ამეკიდა, რა, იმასავით… აი, იმასავით. აი, აი ტკიპასავით, ჰო. კატეგორიულად დავეკითხე:

– თქვენ საით წაბრძანდებით ახლა?

– სად მაქვს თქვენს იქით გზა… – არხეინად მომიგო, კიდევ კარგი, „თქვენ“-ობითში რომ მაინც ამყვა, მაგრამ მაშინვე გააბათილა – ხომ გადავწყვიტეთ მე და შენ, ერთად მოგვევლო ჭიათურის რაიონი.

– აარა, გენაცვალე, აარა, – ავნერვიულდი, – იძახით აქ სისულელეებს და…

– სისულელეებს რომ ვიძახდე, კამათი არ ამყვებოდი. ეტყობა, შენც გენიშნა რაღაც… ტყუილ-უბრალოდ არ კამათობენ. აბა ახლა, მე რომ ვთქვა, მაგალითად, ასეთი რამ – დუშეთის ფლოტი მსოფლიოში უძლიერესია – შემეკამათები, გერასიმე?

სულელი იყო ვიღაც… ტუტუცი, შტერი… ვინც დედმამიშვილების სადღეგრძელო კიდევ შესვას, ჩემდა თავად…

– აბა, მოვიაროთ, აბა? – სულწასულად დამეკითხა, – აკი დავთქვით და…

– აარა, ბატონო, სრულიადაც აარა, – ისევ ავთრთოლდი, – ის სულ სიმთვრალის ბრალი იყო.

– სიმთვრალემ შეგაცდინა, ხომ… – გულდაწყვეტილი დამეკითხა.

– დიახ!

– ცუდია, არა, ცუდი სიმთვრალე?

– ძალიან ცუდი. ვერ ხედავთ, რა დღეში აღმოვჩნდი? სად უნდა ვყოფილიყავ და…

– აბა, ცუდია? – დაკვირვებით მიყურებდა.

– ცუდ სიმთვრალეზე ცუდი ნამდვილად არაფერია ქვეყნად. – მტკიცედ განვუმარტე.

– ერთი რამაა ნამდვილად უფრო ცუდი…

დავინტერესდი აქ:

– რა, მაინც… შალვა?

რაღაცნაირად, სევდიანად შემომცქეროდა, მითხრა:

– რა და, გერასიმე, ცუდი სიფხიზლე. გლახა სიმთვრალეს კიდევ ეშველება… ცუდი სიფხიზლე თქვი შენ…

7

სხვა გზა არ იყო – რაღაცით უნდა დამემტკიცებინა ჩემი უპირატესობა, სულ აიგდო თავი, და გამოსავალს ვეძებდი. საათზე დამეხედა? არა, ეს ხომ უკვე ვცადე და, უშედეგოდ, სხვა რამ იყო საჭირო, და მსუბუქად ჟრჟოლადავლილმა კუჭმა მიხსნა – დილით რა ვჭამე, არაფერი და, ცოტათი მშიოდა, და მისი პირველხარისხოვან რესტორანში დაპატიჟება განვიზრახე, თუკი მსგავსი რამ არსებობდა აქ, ჭიათურაში, სადმე. თურმე, ყოფილა და იქით გავსწიეთ, იმან – რუკზაკმოკიდებულმა, მე – ჩემოდნით ხელში, და რადგან გარდერობი ზაფხულობით არ მუშაობდა, ფეხებთან დაიდო იმან თავისი ბარგი, მე – ჩემი მოწყობილობა, მომცრო კაბინაში ვისხედით, ზედ რომელიღაც ამღვრეული მდინარის პირას. აქ, რესტორანში, შალვასთან დაძაბული თამაშისას, თავს საკუთარ მოედანზე ვგრძნობდი, რადგან რესტორნების მაქვს გარკვეული გამოცდილება, დიახ, და ოფიციანტთან მსწრაფლ ხელში ვიგდე ინიციატივა, რადგან არცთუ ისე ქართქათა სუფრა გამოვაცვლევინე, მართალია უარესი მოიტანა, მაგრამ მაინც… ცივი შამპანური დაუდევრად, თითქოსდა უგულისყუროდ ვიკითხე, მოვატანინე ორი, მერე ერთი უკან გავატანე, მაცივრის უმაღლეს თაროში შესადებად, შევუკვეთე ხბოს მწვადი, სუკი (ხიზილალას არ ვენდე) და ორი წიწილა, ერთიც – დედალი; სალათა, კუჭმაჭი, ბორჯომ-ლიმონათი და ყველი რა სახსენებელია, ანდა – მჟავეული. ბაზარში ოხრახუშისთვის გავაგზავნე დამლაგებელი, წუთში მობრუნდა, და ოხრახუშს ოსტატურად ვურევდი შამპანურით სავსე ჭიქაში, გაზი რომ გასცლოდა – მძიმეა იგი სასმელად, დალოცვილი… მერე ქართულ პურზედაც პროტესტი გამოვთქვი, გასაცხელებლად გავატანე ქუხნაში („კ-“-უხნას კი არ ვამბობ ზოგზოგებივით, ჩვენ, ზოგიერთმა ქართველმა, თუკი საჭიროა, ვიცით მშობლიური ენის ფასიც), და რომ გაივსო მშვენიერი, სხვათაშორის ჭიათურის პირობაზე, საჭმელ-სასმელ-სანოვაგით სუფრა, შალვამ შემაქო:

– ყოჩაღ, გერასიმე. მაქსიმალისტი ყოფილხარ, ჭეშმარიტი ქართველის ერთი თვისება ნამდვილად გქონია.

– ხომ არ აკლია რამე? – სუფრას გამომცდელად გადავხედე.

– კი.

ეს პირში მითხრა, გავოცდი ძლიერ:

– რა მაინც…

– ერთი, თუ კაცი ხარ, – თითი ასწია, – ლობიო ან შემწვარი კარტოფილი მოატანინე.

– რა, ამეებს აჯობებს?

– ვინც ხორცს არ გეახლება, გერასიმე, იმისთვის – კი. და, თუ არ გეწყინება, მე ღვინოს დავლევ.

– რატომ…

– გამათამამებს შამპანური. თანაც, მივეჩვევი და… ვინ დამალევინებს მერე.

ფუჰ, უპირატესობა ხელიდან მეცლებოდა. გუნება გამიფუჭდა და, რაღაცნაირად, მეუხერხულებოდა კიდეც წიწილის კვნეტა, მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო, გაგიგიათ, ალბათ… მაგრამ უკანდახევა არ მჩვევია, ჭიქა ავწიე:

– გაუმარჯოს ყველაფერ კარგს, რაც ქვეყანაზე არის.

– ერთი ჭიქით სვამ ამას, გერასიმე? – გაკვირვებული შემომცქეროდა.

– ჰა, ორით იყოს, – ვთქვი და მეორე ჭიქაშიც ქაფის უნაზესი ვულკანი ამოვიყვანე, კარგია შამპანური, ვენაცვალე მას.

– გაუმარჯოს, – თქვა შალვამ, – მაგის იმედით არ ვართ?!

მადა გამეხსნა. სუკი ჩავკბიჩე, აჰ, ოდნავ ძნელად მნებდებოდა, მე რომ მიყვარს, ისე; ხბოც კარგი იყო, ნაზი, ცვრიანი, და წიწილასაც კურტუმიდან რომ მივადექი, შალვამ იკითხა:

– თქვენ ხინკალი თუ გიყვართ, ა, გერასიმე?

– გააჩნია გაკეთებულს, – მაინც ვფრთხილობდი, ავწონ-დავწონე სიტყვა.

– მე კი, გერასიმე, ხინკალმა ერთ აღმოჩენამდე მიმიყვანა.

– აღმოჩენამდე? – გავიკვირვე და წამსვე იუმორი მოვიშველიე, – რა, ნიუტონის კანონია?

– არა, ეს კუჭის კანონია, – სერიოზულად მომიგო, – ახლავე აგიხსნი, აგერ ვარ მე და აგერ ხარ შენ. ხინკალი, გერასიმე, რაც უფრო გშია, სანატრელია უფრო, – შეუდგა ახსნას, – ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში და აჰ, ჯერ სხვებს გამოაქვთ, ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე, როგორც იქნება შენი რიგი და, მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგი – ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს, სულ ციმციმ მოგაქვს, და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ, ფეხზე დამდგარნი; მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის – მწვავეს, მადიანს, ველურს – უჰუჰუჰ!.. მთლად ათრთოლდები, მაგრამ ცხელია… მერედა, შე კაცო, ფრთხილად აიღე, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა, უბერე, უბერე, ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე, ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება, და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი, აჰ, რა ხსნარია, იფჰ! რომ აგრილდება პატარაზე მერე, ღეჭე, ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე: აჰმ-ჰჰ, უხხმ-ჰჰ, და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ – ე, ხომ არ მეყო? არა, კაცო, რა საკადრისია, აი ის აიღე, ის, გვერდითა ცალი, ოჰოჰ, ცხარეა? – დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტა-ლამაზად თუ… ახლა, იქითას დასწვდი, ძამიკო, როგორ გიყურებს, გიყურებს როგორ, აჰ, გეხვეწება, ნუ ეტყვი უარს, აიი, ასე, რა, სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე, სირბილით ხომ არ დაღლილხარ და, მაინც, მერე, იმ კანონს მაინც აღმოაჩენ – რომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები, გენაცვალე, რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება, მთვლემარე, ბუნდოვნად იგრძნობ რომ, ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი. აბა?! – კუჭის კანონია ეს, გერასიმე.

სუფრაზე უხერხული დუმილი ჩამოწვა, ბარკალს ხელი ვუშვი.

– რამე ხომ არ მოგართვათ, ბატონო, ხომ არ გამოვაცოცხლოთ სუფრა? – დუნედ იკითხა ოფიციანტმა, ფანჯარაში იყურებოდა.

– ჰა… არა, – ვთქვი მე.

იმან კი, შალვამ, ასე მომმართა:

– მიირთვით რამე, გერასიმე.

ჩემს პურ-მარილზე, მეპატიჟებოდა!

8

მაგრამ შამპანურს, ამხანაგებო, თავისი გააქვს. ასე იყო ახლაც, რასაც მეტს ვსვამდი, ვმსუბუქდებოდი უფრო, და მსიამოვნებდა, ისიც, სულელი, ღვინოს წრუპავდა და შევსვით სხვადასხვა სადღეგრძელო, ამჩატებული, მეტის პატივით მექცეოდა, მეტი ზრდილობით, ძლივს არ გაიგო ჩემი ფასი? მაგრამ რაღაცას აპირებდა, მგონი; ეტყობოდა, რაღაცნაირად, მისივე გამოთქმისა არ იყოს, კოჭებში, თუმცა ფეხები მაგიდის ქვეშ სულ არ უჩანდა – გამჭრიახი ვარ – ძალიან დატკბა, სულ თვალეში შემომციცინებდა, ბატონო სიმაც მიწოდა ორჯერ… შვება ვიგრძენი, მჭიდროდ მივეყრდენი სკამის ზურგს, მიდამოს გავხედე, საბაგირო გზები ჰქონიათ ჭიათურაში, თურმე, კარგია, ყოჩაღ, მომეწონა ეს. მაგრამ რაღაცა გაბრაზება, მთელი დღე გონებაში რომ მიღიტინებდა, სწორედ ახლა არ გამახსენდა? წამსვე ვიფიქრე:

– კი მაგრამ, შალვა, შუა ზაფხულში რატომ ათბობდნენ ვაგონს?

მაინცდამაინც არ აღელვებულა, ის კი არა და, მშვიდად მომიგო:

– რა გითხრათ, აბა, ალბათ ნახშირი თუ აქვთ ასათვისებელი…

– როგორ თუ ასათვისებელი…

– ტყვილა ხომ არ გადაყრიან აბა?

– გადაყრა არ სჯობს ხალხის ამოხრჩობას?

– აჰ, ეგ არა თქვათ, საპასუხისგებო საქმეა ტყვილა რაიმეს გადაყრა, თქვენ კი უნდა მოგეხსენებოდეთ ეს.

გამომიჭირა, ოხერმა და, ეს მდგომარეობა რომ განმემუხტა, მესამე ბოთლი ჩემით გავხსენი, გამოზომილი, დახვეწილი მოძრაობით და, სანამ ჭიქაში ქაფი ჩადიოდა და სითხე კი პირიქით, ამოდიოდა, უეცრად ჩემკენ გადმოიხარა და მითხრა:

– ერთი თხოვნა მაქვს, ბატონო სიმა. ნუ გამაწბილებთ…

ერიჰაა! აჰა – თავიდან ვგრძნობდი, რაღაცის გამორჩენა რომ უნდოდა ჩემგან, მაინც გულთბილად შედარებით, ვთქვი:

– მითხარი, შალვა.

– რა და, ბატონო სიმა, ერთი აზრი მომივიდა, თუკი გვიკადრებთ.

– რატომ არ ვიკადრებ, თუკი ნორმის ფარგლებს არ სცილდება, – და ადამიანურად გავამხნევე: – ადამიანები ვართ მეც და შენც.

ნასვამი ვიყავი, თორემ ვინ ოხერი გაუყადრებდა თავს.

– რა და, ბატონო სიმა, ღამე მაინც აქ გვაქვს გასათევი და, სასტუმროში ოთახის ძებნას, აგერ, აქავე, ერთი საათის სავალია ავტობუსით სულ, ბიცოლა ცხოვრობს მკვიდრი ერთი ჩემი და, მივიდეთ ბარემ, სულ მეხვეწება, წერილობით, ეე, ამოდი ერთი, რა იქნება, ამხანაგებით, შალვაო და, კაი ქართულად დაგვიხვდება, მშობლიურ-ტკბილად, ბატონო სიმა, ბევრს კი ვერაფერს შეგპირდებით, მაგრამ სიმინდზე გაზრდილ ქათამს დაგიკლავთ, ჭყინტი ყველი და პრასი ექნება, ქოთნის ლობიო, კეცის ჭადი და ნამდვილი ღვინო, ქვევრიდან მცირე ზვირთებად ამოლიკლიკებული, – და საცოდავად დამეღრიჯა, – ავიდეთ რაა?

– არა, ახ, არა, არავითარ შემთხვევაში, – კატეგორიულად განვუცხადე მე.

– რატომ, ბატონო სიმა…

– რატომ და, ვიცი, წამოიწყება იქ დედმამიშვილების სადღეგრძელოები!

– რა უჭირს მერე…

– არა. – ვთქვი კვლავ მე, შეუვალი ვარ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვს, მაგრამ განაგრძო:

– რა იქნება, რა, ბატონო სიმა, პატივი დაგვდეთ…

– არა-მეთქი. აჰ! – ამ შეძახილით გავკიცხე და ხელისგული მაგიდაზე მრავალმნიშვნელოვნად დავდე. ახლა კი მივხვდი – ამიყვანდა იქ, სადღაც სოფელში, დამალევინებდნენ რაღაცა ღვინოს, გაშლიდნენ ქეციან პურ-მარილს ისეთ დაბალ მაგიდაზე, წელში რომ გაგწყვეტს, მერე კი, შემთვრალს, შემაცოდებდნენ თავს – მარტოა აქ, მოხუცია, გამოყრუვდაო და, თქვენი ჭირიმე, ეგებ ქალაქში გადმოვწეროთო და, ან მასალა ენდომებათ რაიმე, გამომტყუებდნენ დაპირებას და მისამართს, მერე ქალაქში რაიმე ძღვენით მომადგებოდნენ და, ამათი თავი მქონდა მე? აქაც კი ვიჯექი გაწყობილ მაგიდასთან, კოხტად.

– მაშინ, ბატონო სიმა, აქ შევსვათ დედმამიშვილების სადღეგრძელო, – მითხრა.

– აჰ, არა, არა, – გავასავსავე ხელი, – მაგ სადღეგრძელოს დამლევი არ ვარ.

– რატომ, პატივცემულო? – დაინტერესდა.

– იმიტომ. მორჩა! – მკვეთრად მივუგე.

– კაი, ბატონო, – მაშინვე დამეთანხმა, – აბა, მე დავლევ და, მისმინეთ მაინც.

– კი, სმენით – გისმენთ.

– ჩვენ სამნი ძმა ვართ, კეჟერაძეები, და ერთი დაც გვყავს, გაგვიმარჯოს ჩვენ. ერთი გვყავს კიდევ, ბიძაშვილი, დედის მხრიდან და, დედაჩემი კი სანაძის ქალია, ბატონო სიმა, დადმამიშვილებში არ გვერჩევა ბიძაშვილი ის.

ძაან არ მაინტერესებდა? ვარიდებდი თვალს…

– ჩვენ, სამნი ძმანი კეჟერაძე და ბიძაშვილი ჩვენი, სულ სხვადასხვა გზით წავედით ცხოვრებაში: აგერ, მიხეილი ჩვენი, სანაძე, წავიდა დირიჟორად, მუსიკის გზით, გრიშა, ჩემი ღვიძლი ძმა, წავიდა ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობის დამყარების გზით, ხოლო მეორე ღვიძლი ძმა, ვასიკო, წავიდა ლიტერატურის სიყვარულის გზით.

ალმაცერად გადავხედე აქ:

– და თქვენ? თქვენ საითკენღა წახვედით, შალვა?

– მე ყველაზე რთულ გზას დავადექი, – თქვა მან, – მე წავედი სოფელ-სოფელ წოწიალის გზით.

– კი მაგრამ, რატომ?

– ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება.

– რაა ასეთი? – ჩავაჯინდი.

– მერე გეტყვით… როდესმე, სხვა დროს.

– რა, ლიეპაში წამომყვებით თუ… – კვლავ იუმორი მივაშველიე.

– აჰ, ლიეპაში რა მინდა, კაცო… ლიეპაში კი არა, აქ ვერ ავსულვარ, ბიცოლას სოფელში, სადაც…

გავაწყვეტინე:

– თამადაო, ჩანჩალაო… – ვეხუმრებოდი.

– გაუმარჯოს, აბა, ჩემს და-ძმებს კეჟერაძეებს, მიხეილს ჩემსას, თქვენ არ გყავთ, ვიცი.

– რა იცი? ჰა… – დავიბენი.

– კიბეზე არ მითხარით?

– რომელ კიბეზე…

– თბილისის ვაგზლის.

და, ლაპარაკი რომ მსწრაფლ სხვა რამეზე გადამეტანა, ჭიქას წამოვავლე ხელი: – დედმამიშვილებს გაუმარჯოს.

და, საოცრებავ, არ მივიყუდე? აკი დავთქვი, რომ… არ შეიძლება, გულში ვიძახდი, აარა-მეთქი, მაგრამ მაინც – ყლუპ, „ეს სადღეგრძელო გაგაფუჭებს – ჩემს თავს ვეუბნებოდი და მაინც – ყლუპ, „ბოლომდე მაინც ნუ გამოცლი“ – ყლუპ, „რას სჩადი, კაცო“ – ყლუპ, და გამოვცალე ამასობაში, მე სულელს, მაინც კიდევ მინდოდა, ჭიქა მაგიდაზე იდგა, მე კი ჭიქაზე შემომეჭდო უგუნური თითები და, გამიგო კიდეც, მყისვე შემივსო, მითხრა:

– ძალიანა გთხოვ, მიხეილის სადღეგრძელოც მიირთვათ, ბატონო სიმა. იგივ დედმამიშვილია ჩემი…

მაშინვე დავუჯერე:

– ეს გაუმარჯოს ლიტრა… ტერატუტურის… – ენა ამებნა.

– აჰ, არა, არა, ის ვასიკოა… დირიჟორია ეს…

– გაუმარჯოს ყველა დირიჟორს… თავისი ჯოხით…

– აგრე იყოს, ამინ, – და გამამხნევა, – ოო, ეგრე სჯობს, მასე, ბატონო სიმა, ბოლომდე დაცლა – ვაჟკაცურია.

9

ახლა რომ ვუკვირდები, იმჯერადაც დედმამიშვილების სადღეგრძელომ დამღუპა – შექანავებული, ცხვარივით დავდევდი აღგზნებულ შალვას, ვისაც მყისვე დავთანხმდი სოფლად ასვლაზე, მერე მითხრა, რომ სოფელში ჩემი ამ ძვირფასი ტანსაცმლით გამოჩენა შეუსაბამობას გამოიწვევდა ერთგვარს, და მაყიდინა უნივერმაღში ხამი ტილოს შარვალ-ხალათი, ვაი სირცხვილო – სადღაც ბუჩქებში გადავიცვი, მოვჩანდი კიდეც ალბათ, კარგი სამოსი – ჩემოდანში მზურნველად ჩადო, შლაპაღა შემრჩა ძვირფასი თავზე, და მილოცავდა აღჭურვილობას ახალს, რომელსაც, მისი შეხედულებით უბრალოსა და მშობლიურს, „ტყრუშულს“ უწოდებდა, ბიცოლასეული ღობის სახეობიდან ნასესხებ გამოთქმას; ბილეთების აღებდა დამასწრო, რადგან მე ჩემოდანიანა ერთ ადგილას ვიყავ, გაღიმებული შემომეგება:

– ა, მაშ, მივდივართ, პატივცემულო ბატონო სიმა?

– კი, – და დავეჭვდი, ნასვამიც კი, საზრიანი ვარ, – კი მაგრამ, იმანო… – სახელი დამავიწყდა, – ჰო, შალვა… – და სახელი კი გავიხსენე, მაგრამ ახლა სათქმელი დამავიწყდა, და გავიხსენე ისიც. – აი, ეგ შენი ბიცოლა, შალვა, რომ არ დაგვხვდეს, ა, შალვა?

ერთხანს მიყურა, და გაუბრწყინდა სახე, ჯიბისკენ წაიღო ხელი:

– აგერ არა მაქვს იმისი სახლის გასაღები?

და ამოაძვრინა კიდეც – პატარა, ოქროსფერი, კოხტა.

– კარგი, შალიკო… – დავეთანხმე, პატარას თითქოს ვბარბაცებდი, დიდი ამბავი, მერე რა… და მემშობლიურა შალვა მერე უცებ, რა იყო მაინც, რა ჭირი მეტაკა, მხარზე მოვხვიე ტყრუშულსახელოიანი ხელი: – ჩი-იტი გვრი-ტი მო-ოხ! ვეეუულშიიი…

– ზემო იმერეთს, ბატონო სიმა, ნამდვილ იმერეთს, საქართველოს ვნახავთ… – აღტაცებული იმეორებდა, გავაწყვეტინე:

– ძალიანაც კარგი.

და ავტობუსთან, უკანასკნელად შეჭოჭმანებულს, ისეთნაირი ვედრებით მითხრა: – წავიდეთ, რაა…

წავიდეთ, ჯანდაბას, კარგი, – ხელი ჩავიქნიე და ისე – უბრალოდ, ჰაი-ჰარაზე რომ არ დავთანხმებულიყავ, რიხიანად დავასაბუთე კიდეც, ასე ვთქვი მე: – ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს.

აი ასე ვთქვი მე, მიყვარს ხალხური პოეზია.

პატარა ავტობუსში ჯერ თითქოს სიხალვათე იყო, ჩვენ-ჩვენ ადგილას მოვკალათდით, მაგრამ როგორც კი დაიქოქა მანქანა, იხუვლა ხალხმა, სად იყვნენ იქამდე მაინც, შეშფოთებული ზეწამოვიჭერ, მაგრამ ნურას უკაცრავად, ვეღარ ჩავიდოდი, ადამიანი კი არა, ლაზერის სხივი ვეღარ გააღწევდა გარეთ, და ისევ მოწყვეტით დავჯექი, რადგან ვიღაცა ქალი მიზანსწრაფულად წამოვიდა ჩემი ადგილისკენ, თავიდან ჯერ ცოტათი ამან გამომაფხიზლა; შალვამ დაუთმო იმ ქალს თავისი სკამი, და მეც მომიხდა ცოტა ხანში წამოდგომა, რადგან ქათმები დამადეს მხარზე, ფუჰ, ცოცხალ ქათმებს ვერ ვიტან, ქათმები შემწვარი ან მოხარშულია მხოლოდ კარგი, ნასვამმა, მძიმედ ავათრიე წელი და ქათმებიანი ქალი, ჩემს კუთვნილ ადგილზე, არხეინად მოკალათდა! ვიღაცის ფეხებზე კი ვიდექ, მაგრამ მეც ფეხზე ვიღაცა მადგა, საშინლად ჭყვიტინებდა სადღაც კუთხეში ცოცხალი გოჭი, აღმართში გაჭირვებით მიხროტინებდა ავტობუსი, და უცებ სადღაციდან შალვას ხმა შემომესმა:

– რავაა საქმე, გერასიმე, ვინმემ ხომ არ დაგაბიჯა ფეხზე!

ჰაიი, თაღლითი… კვლავ „გერასიმეზე“ გადავიდა, აქ რომ დამიგულა, ამ ხალხში ჩაჭედილი. თვითონ არ ჩანდა, სადღაც წაეღო მძლავრ ნაკადს, გავიტრუნე და, ისევ, კვლავაც არ შემომესმა?!

– სად ხარ, გერასიმე, ხომ წაგივიდა ამ შეუჩვევლობაში გული!

ხამსები ყუთში, კიდევ რაღაც წესრიგისდამიხედვით აწყვიან, ალბათ, მე კი, საცოდავს, ბეჩავს, გადაჩვეულს საერთო ტრანსპორტს, ამ სისასტიკეში გამქირდავი სიტყვების მოსმენაც მიხდებოდა, მთლად გავიხვითქე, ხალხი კი შალვას ყოველ წამოძახილზე მე მიყურებდა – ჩემი ტყრუშული შარვალ-ხალათის მიუხედავად, შემიცნეს, უცხო… და ერთხელაც რომ დამიძახა: „როგორ ხარ, გერასიმე!“ „კარგად“ – ვითომც ომახიანად გავეპასუხე, მაგრამ ჩემს ფეხებზე მდგარი კაცი ძალიან შეიჭმუხნა და მისაყვედურა: „რაა, ბატონო, მთლად გამიხეთქე ყურის ბარაბანი“ – ელაპარაკე, ამათ…

იგი კი, შალვა, აღარ იშლიდა: „მოსახვევია ახლა, გერასიმე, გამაგრდი იცოდე კაჟივით!“, „ორმოა აქ მოსალოდნელი მკვეთრად გადამხრელი, გერასიმე, არ შემარცხვინო!“, „ვინმეს ტომარა ხომ არ მოგედო, გერასიმე, იმ ნაღრძობ ფეხზე!“, იმდენი იძახა, შემომეცალა ხალხი თანაც ჩავიდნენ ზოგ-ზოგები და, უფრო უცხოდ და ყასიდად ვიდექ… მერე, გაჩუმდა, როგორც იქნა და, სიმთვრალეს, თუნდაც გაბზარულს, მაინც თავისი გააქვს – სულ ცოტათი წინ გადავინაცვლე და ვიღაც ბავშვიან ახალგაზრდა ქალს, თავთით დავადექი, გულისპირი ჰქონდა შემთხვევით მოღეღილი, წამძლია სულა და თვალი დავადგი, და რომ ვერ შეემჩნია ჩემი მზერა, აქამდე ხელში ჩაბღუჯული, დაჭმუჭვნილი შლაპა გავასწორე და ჩამოვიფხატე, და თუმც დაჟინებით, მაინც შენიღბვით ჩავცქეროდი, მაგრამ ქალი საერთოდ ალღოიანია ხანდახან ოხერი, მაინც მიმიხვდა და, რა ქნა, თუ იცით? – არ დამიჯერებთ – მთლად ამოიღო ცალი ძუძუ, ბავშვს პირში ჩაუდო და, ხალხის გასაგონად – წარმოგიდგენიათ? – მიმართა: ჭამე, გენაცვალე, თორემ ბიძია წაგართმევს… და ამომხედა, აჰ, ჩემი ბედი! მაინცდამაინც ასეთს უნდა გადავყროდი? ატყდა სიცილი ავტობუსში, მაგრამ რა ატყდა… იმანაც, შალვამ, წამსვე გამომძახა: „რაშია საქმე, გერასიმე, შენზე ხომ არ იცინიან, ხომ არ მომჭერი თავი!“ ხედავდა ალბათ, ყველაფერს, ოხერი, მაგრამ რა დავაშავე მაინც ასეთი, დასაცინ-მასხრად რომ ამიგდეს, გამექცა ისე, უბრალოდ, თვალი, აკი თქვა კიდეც ცნობილმა პოეტმა აკაკიმ – „საამო არის საცქერლად, დიაცის უბესავითა…“ ექსპონატივით ვიდექ, სიცილით ცრემლმორეული მთელი ხალხი დიაცის უბესავით ახლა მე შემომყურებდა, კიდევ კარგი რომ, ის ქალი სადღაც ახლოს ჩავიდა, თუმცა კიდევ კარგი კი არა, პირიქით, უარესი გამოდგა ეს, რადგან მე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი ავტობუსის დატოვება და ჭიათურაში დაბრუნება, ლიეპა თითქმის აღარ მახსოვდა, ჭიათურაზე ვოცნებობდი, წარმოგიდგენიათ? – მაგრამ იმ ქალს ხომ ვერ ჩავსდევდი, შემდეგი სოფლისთვის გადავდე ჩემი ეს განზრახვა, და გადაუხვია კიდევ ავტობუსმა, რაღაც დანჯღრეულ, საცალფეხო გზაზე ახრიგინდა. ვაჰ, ჩემი ბედი, და საბოლოოდ იმან გამომაფხიზლა, რაღაც ტომარა რომ შეხტა უცებ და ჩემსკენ გადმოხტა, და სანამ შექანებული გული დამიმშვიდდებოდა, კიდევ კარგი რომ, მივხვდი – გოჭი ეყოლებოდათ შიგ, თანაც, ფუიჰ, ცოცხალი.

…ჩემი საათი შვიდის ნახევარს აჩვენებდა, ავტობუსიდან რომ გადმოვედით.

მაინც ძალიან ცხელოდა, მთლად დამისველდა გადახახუნებული შუბლზე მწარედ, ცხირსახოცი. ეს შალვა ისე დაძაბული იცქირებოდა ირგვლივ, ასე მეგონა, ვიღაცას ეძებს-მეთქი, უნებურად თვალი გავაყოლე, მეც დავტრიალდი ადგილზე, მაგრამ აჰ, არა, არავინ ჩანდა. რა ჯანდაბა და ოხრობა აფაციცებდა აბა, სულ ვერ გავიგე… როგორც იქნა და, მომიბრუნდა, მითხრა:

– ბატონო სიმა, არ გეწყინოთ და, საქართველოს პატარა მონაკვეთი ფეხით გვაქვს გასავლელი…

მსწრაფლ შევიცხადე:

– ძლიერ შორსაა?

– აგერ იქ, იქით, მანდ არა, აი იქით, სახლები რომ მოჩანს…

კარგა გვარიანი მანძილი ჩანდა, უკმაყოფილოდ ამოვიხვნეშე. ჩემოდანს დავწვდი, გაბრაზებული ვიყავ. მოსახვევთან ვიღაც ბებერი შემოგვეფეთა, როგორღაც, დაეჭვებულმა მოგვმართა:

– გამარჯობათ თქვენი?!

– კაი გამარჯობათ, ბატონო, – ხალისიანად შეაგება შალვამ, – როგორი ამინდებია აქეთ?

– რა უჭირს, კარგი, – უთხრა ბებერმა და, თითქოს რიო დე ჟანეიროს გარეუბანში შევხვედროდეთ ერთმანეთს, გახარებულმა გვკითხა: – ქართველები ხართ, ბიჭებო?

ალბათ შალვას რუკზაკმა თუ შეაეჭვა, ან – ჩემმა შლაპამ, გავღიზიანდი, მივუგე:

– არა!

აის ბებერი დაკვირვებით შემომაცქერდა, მერე დამიყვავა, თავისი ჭკუით: „კაი ბატონო, კაი ბატონო, კაი ბატონო…“ შალვამ კი, ჩემით ძალიან აშკარად გულდამწვარმა, ვითომ გამოსავალი იპოვნა:

– ნუ გეწყინებათ, ბიძაჩემო, ნერვიულია…

– რა უჭირს მერე, – თქვა ბებერმა და მხარზე ტომარა შეისწორა, – მასეთები ხდება? მშვიდობით გევლოთ…

– კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო, – დაადევნა შალვამ და მაშინვე დაბალის ხმით მისაყვედურა: – გეთქვა, რაღა – ჰო…

– რატომ უნდა მეთქვა! – გავცხარდი, ნერვიული ვარ, – ქართულად გამოველაპარაკეთ და რა უნდოდა მეტი! კუდს ხომ არ გავუქიცინებდი კიდევ…

უზრდელი, თავხედი – აქ ორიოდ ნაბიჯით დაიხია და ერთ ადგილას დაკვირვებით, ხაზგასმულად შემომხედა. წელში გაიმართა, მისაყვედურა მერე:

– უნდა გეთქვა – ჰო…

– არ უნდა მეთქვა, არა!

– შენ იცი შენი საქმე… – სწრაფად დათმო და, კვლავ იაგრესიულა, – მაგრამ შენ შენი საქმე იცოდე, მეტი არაა ჩემი მტერი…

საცა არა სჯობს გაცლა სჯობსო, უთქვამს ბრძენს, გაჩუმება ვამჯობინე. მაგრამ მთლიანად ვერ გავეცლებოდი, დედმამიშვილების სადღეგრძელოს გადამკიდე, იმის ტერიტორიაზე ვიყავ.

– აბა, შევუდგეთ ჩვენ-ჩვენ კუთვნილ გზას, – მხნედ გამოაცხადა შალვამ, – აი, ეს სიმინდის ყანა გვაქვს გადასალახი, შენ იცი, გერასიმე, როგორც მშრალადაც გამოხვალ, ხომ არ გეშინია მაჩვის?

– მაჩვის კი არა… – წავიბუზღუნე.

შრიალ-შრიალში, ოღროჩოღროზე მივაბიჯებდი, გული მიცემდა. სად ვიყავ მაინც, საით მივდიოდი, მაღალ სიმინდში არაფერი ჩანდა, მიცემდა გული. მარტო ვიყავი, შალვა არსად ილანდებოდა, წახრილს, ქურდულად მიმქონდა ჩემი საკუთარი ჩემოდანი, ალაბედობით მივიკვლევდი გზას.

– როგორაა საქმე! – როგორც იქნა, შემომესმა.

– კარგად, კარგად! – გახარებული შევეხმიანე.

– ასე იარე, ასე, ჩემი ხმისკენ! ხომ არ გიჭირს რამე!

– არა! – გავძახე.

– თუ გაგიჭირდება რამე, დამიძახე – ვაშლიი! კარგი?

– კარგი, შალიკო!

როგორც იქნა და, გავაღწიე იმ ყანას თავი, და შემომესმა წყლის რაკრაკი, როგორც იტყვიან. მომცრო ღელესთან შალვა იდგა, დაფიქრებული დასცქეროდა წყალს მერე მე მიყურა ერთხანს, და გულით მთხოვა:

– ხუთ წუთს ვერ დამითმობთ, პატივცემულო?

– რაშია… საქმე…

– ვიპკურო მინდა, გერასიმე, წყალი…

მხრები ავიჩეჩე. შალვა კი იქვე, მაღალ ბუჩქებში შეიმალა და, პატარა ხნის მერე, საცურაო ტრუსში გამოწყობილი წარმოსდგა ღელის პირას. რად უნდოდა ასეთი საგანგებო აღჭურვილობა, კოჭებამდე თუ მისწვდებოდა წყალი; ფეხი რომ შედგა, იმის მაგივრად მე გამაჟრჟოლა, მაგრამ შალვა მხნედ დაიხარა, ორთავ პეშვით ამოიღო წყალი, გაიმართა და, ისევ გემრიელად შეისხა მკერდზე, გული დამწყდა და, გაკვირვებული, თანაც შურით შევქცეროდი, როგორ გრილდებოდა ამ პაპანაქებაში – მთელი ეშხით… მერე ღელეში საერთოდ გაწვა, ხელ-ფეხს იქნევდა, კოტრიალობდა, მზეზ კი წყალში ნებივრობდა, ოხერი, და რომ შემომხედა, თითქოს მიმიხვდა შურსა და სურვილს, ნელა წამოდგა, ხელით მოიჩრდილა სველი სახე, დაკვირვებით მათვალიერებდა, და მერე მკითხა:

– გული ხომ არ გაქვს ცუდი და გლახა?

– არა, მე მგონი.

და უცხო რამ ბგერები, ნაზი და მოთბო, გაერია ხმაში:

– მოდი აბა გერასიმე, წყალში.

…ვხვანჩალობდით, ჰეჰ!

10

სანამ იმ საშინელ ამბავს მეტყოდა, სუყველაფერი კარგად იყო – მასპინძლის სახლი შორიახლო მეგულებოდა, გაგრილებული, ჩამავალი მზის სხივებქვეშ ვიწექით, ორთავე თვალი მილულული მქონდა, უგუნებობა გადამეყარა – წყლით. სოველ სახეზე მოთბო შუქი მადგა, სიგრილეს მწოვდა, ნაზად მთენთავ ნეტარებას მმატებდა, კარგია მაინც, რაც უნდა უნდა იყოს, მზე. მერე პირქვე გავწექ, ხელები გავშალე, კოხტად დავმძიმდი და, აი სწორედ მაშინ, მადიანად რომ გავიზმორე, ასე წამოიწყო:

– თუ არ გეწყინებათ, ბატონო სიმა, სიმართლეს გეტყვით.

ვინ თქვა, წინათგრძნობა არ არისო, ნამდვილად არის, რაღაცა ცუდი მაშინვე მიგრძნო გულმა.

– რა სიმართლეს… კაცო?

– რა და… შემომხედე ჯერ, ვაჟკაცურად, თვალში.

ღელის პირას წამოვჯექი და, მოლოდინით მივაპყარ მზერა, იმას კი განზე გაიხედა, თითქოს ცოტათი დამორცხვებულმა, თითით აჩიჩქნა მიწა, და მითხრა მერე:

– მე ამ სოფელში არავითარი ბიცოლა არ მყავს, გერასიმე.

სანამ რაიმეს მოვისაზრებდი, და ამოვიღებდი ხმას, იმ ციცქნა ღელის კალაპოტში ბლომად წყალმა ჩაიარა.

– როგორ თუ…

– არ მყავს და, რა ვქნა. – და ვითომ, ამიხსნა: – თავს ზემოთ ძალა არ არის.

– რანაირად… ა… ბიცოლა ხომ… – და, გაოგნებულმა, უცებ ვიფეთქე, გონება დამებინდა: – როგორ თუ არ გყავს! რაშია საქმე, ბოლოს და ბოლოს! რაღაც მაპეტიჟებოდი აქეთ… მე შენ გიჩვენებ! სადაა ტელეფონი!

აქ გაიბადრა, ღიმილ-ღიმილით მითხრა:

– აგერ იქ, ჭალაში, მესამე ხეზე ჰკიდია, გერასიმე.

მაგრამ არ მიმიხედია, არ მოვტყუვდი; გამახსენდა:

– ეს გასაღები რომ მაჩვენე? არა, არა, კი გყავს, როგორ არა, – ათრთოლებული, თავს ვიმხნევებდი, – კი გყავს ბიცოლა აქ შენ, ეე…

– შალვა, ბატონო.

– კი გყავს ბიცოლა შალვა, აქ, შენ…

– ის გასაღები, ბატონო სიმა, ჩემი ღვიძლი ძმის, ვასიკოს ფოტოატელიისაა. თბილისში, ღამღამობით, იქ მძინავს ყარაულივით, უხელფასოდ, კოხტად…

– ვინ ვასიკოა… რა ფოტოატელიე…

გაკვირვებულმა, დამანამუსა:

– როგორ, არ გახსოვს ნუთუ, ბატონო სიმა, დედმამიშვილების სადღეგრძელო?

გულშემოყრილი, წყლის პირას ვიჯექ.

11

კარგა ხანი გავიდა, სანამ ვიტყოდი, ხმადაბლა, სხვათა შორის:

– კი მაგრამ, მე აქ რატომ წამომიყვანეთ?

– არ გეწყინება, გამოგიტყდე?

შევხედე:

– არა.

მყისვე წამოდგა, გაიარ-გამოიარა, მითხრა:

– კარგი ადამიანი ხარ შეიძლება შენ, გერასიმე, მაგრამ უნდა გაგაადამიანურო უფრო.

– გამა… ამამადამიანო? – ავიბენი, რაებს ამბობდა, – ისეთი რა მჭირს…

– შენს საქციელში, გერასიმე, გავზალშიც და ისეც, საერთოდ, სამშობლოდავიწყებული კაცი იგრძნობოდა.

– რადავიწყებული?

– გაიგე, კოხტად.

ერთხანს სიძულვილით შევცქეროდი; რომ შემძლებოდა, ცემით გავასიებდი, მაგრამ დაკუნთული იყო ოხერი, ტანზე.

– რაზე შემატყვე, მაინც…

– ეტყობათ ხოლმე კოჭებზე, გერასიმე. თანაც, ისე ამაყად, ისე ქედმაღლურად გაუშვი მძღოლი…

– ეს მაინც როგორ…

– წმინდად გაპარსული ნიკაპი მცირედ და მკვეთრად რომ ასწიე მხოლოდ.

– და შენ… ახლა… უნდა გამამადამ… ადამუნო… იანამურო? – კვლავ ავიბენი, ფუჰ, ეს მრავალპირიანი ზმნები, მაგრამ მიმიხვდა:

– დიახ.

– კი მაგრამ, როგორ!

– როგორ და, აქ, ზემო იმერეთში ხომ ამოგიყვანე… მიპასუხე, მითხარი!

– კი!

– ხომ გაგაბანინე ტანფეხი საქართველოს წყლით?

– სულ საქართველოს წყალში არ ვარ, შალვა?

– სად, დაკარგულო…

– აბაზანაში, სად…

– აჰ, ის სულ სხვაა.

– რატომ, ვითომ…

– იძახე ახლა რატომ და ვითომ… სხვაა და, რა ვქნა.

აქ რაღაც ჩიტმა უეცრად – ფრთხ და, წამოვიკრიფე, ეჭვებმა დამსერა, ფრთხილად, შეპარვით დავეკითხე:

– კი მაგრამ, ახლა რაღას მიპირებ…

– ერთი ღამე უნდა გაგათევინო აქ, ზემო იმერეთის ცის ქვეშ, და მერე წადი, სადაც გენებოს.

– კი მაგრამ, რატომ!

და ისევ ის არ მომიგო, მრავალპირიანი?

– გასაადამიანურებლად, ტკბილო. აგერ, შეხედე, როგორ ღამდება… იხილე საოცრება იგი, გერასიმე ჩემო!

რა საოცრება, რის საოცრება – უბრალოდ, ბნელდებოდა.

– იცოცხლე, კაია, კარგი, ლიეპა და კარლსრუე, გერასიმე, მაგრამ სამშობლოც უნდა გიყვარდეს, და რომ გიყვარდეს, უნდა იცნობდე, აბა, იქითკენ გაიხედე, რა ხაზებია, გერასიმე, და რა სირბილე… აგეე, იქით, ჩრდილებს შეხედე… სად ნახავ ამას, ამ იმერეთს, ზემო იმერეთის გარდა…

რისი ხაზები, რაის სირბილე… განაგრძობდა ის:

– რა სიმწვანეა, რა უცნაური…

მწვანე იქნებოდა ბალახი და ყანა, რა იქნებოდა აბა… ხმას დაუდაბლა:

– აქ დედამიწა არაა ავად, გერასიმე.

ჩურჩულ-ჩურჩულზე გადავიდა და, საცურაო ტრუსში გამოწყობილი, ათვალიერებდა არემარეს, როგორც იტყვიან; აღარ მესმოდა იმისი უთავბოლო სიტყვები, ისევ მეტაკა ჩემი დარდი, ისევ ვიფეთქე:

– კი მაგრამ, რა უფლეა გქონდათ მაინც, აქ რომ წამომიყვანე?

მსწრაფლ გაიკვირვა:

– რა უფლება მასწავლებლობას უნდა…

დავანამუსე:

– მასწავლებელი ხარ ჩემი შენ, შალვა?

– ამ მიდამოში, კი.

– და მე – შეგირდი?

– არა. – მითხრა და, შემომაჩერდა, ამხედ-დამხედა, მათვალიერებდა როგორ…

– რა ვარ, შალიკო, აბა…

– არ გეწყინოს და, ბითური ხარ გერასიმე, შენ.

მაგრამ დაკუნთული იყო ოხერი, ტანზე…

– მიწას კი ნუ ჩაჩერებიხარ, გერასიმე, იყურე ირგვლივ… და არ წააგებ.

ეეჰ, რას გავებდი, მე კი ვიცოდი, დრო ხომ – ფულია… ტყრუშულ ხალათმოხურული, თავჩაქინდრული ვიჯექი ისევ, იმან კი, შალვამ – თავხედმა, ბრიყვმა, მხარზე ვითომ ნუგეშის ნიშნად დამადო ხელი:

– რას მოგიწყენია, რომ მოგიწყენია, ა, გერასიმე, რასაა რომ მოგიწყენია, შე კაი კაცო, – მცირედ შემაჯანჯღარა და, ვითომც გამამხნევა, თავისი ჭკუით, მერე: – ეგ არაფერი, სიმა-ბატონო, ნამდვილად ვიცი, ორი-სამი საუკუნის შემდეგ შესაძლოა სულერთი იყოს, მე ამ სოფელში ბიცოლა მყავდა თუ არ მყავდა, აბაა, გერასიმე.

12

ჯერ ის იყო და, შემოგვაბნელდა, სახლები შუქად გადაიქცა, პატარა ხანში მაგრად ბნელოდა. მე ჩემი თხელი სვიტრი გადავიცვი, მერე – ნაქსოვი პერანგი, მერე – ჩვეულებრივი იშვიათად კარგი პერანგი (სად ვაფუჭებდი?) და, ისე ძალიან აცივდა, გაჭირვებულმა მაისურიც კი წვალებით ჩამოვიჭიმე, მაკანკალებდა მაინც, მუხლებზე ხელებშემოხვეული, მოკუნტული და უმძრახად ვიჯექ. იგი კი, შალვა, რაღა თქმა უნდა, ახლა – ჩაცმული, მუქშაც აჩრდილად მიმოდიოდა და, მე, ზაფხულის სუსხით ათრთოლებულს, თავისი ჭკუით, ჭკუას მარიგებდა, მეუბნებოდა ასე:

– იცოდე, თუ გსურს, გაიგო, შენს ირგვლივ მყოფთაგან ვინ როგორია, რაიმე ცუდი ჩაიდინე, ოღონდ ისეთი კი არა, ქვეყანა რომ დააქციო, არა, მცირედი, გაგიჭირდება თუ არა შენ ეს, გერასიმე – ხანდახან განგებ რაიმე სისულელე წამოროშე, მოკლედ, ილაპარაკე მოფიქრებულად და ვინც ყველაზე სულელია, ყველაზე მეტად გაიცინებს ის, წავა, მოჰყვება ათასგან შენსას, თავისი თავი რომ აღიმაღლოს.

უუჰ, ციოდა… იგი კი მეუბნებოდა ასე:

– ანდა, გერასიმე, ღმერთმა დაგვიფაროს და, შენისთანა გამოსული კაცი უხამსი ფოტოსურათების შეგროვებას თუ დაიწყებ, ყველაზე მრუში ვინცაა, სხვების დასანახად ყველაზე მეტად აღშფოთდება ის. ეს იმიტომ რომ, რა ქნას, იმანაც – ჩვენ, ადამიანთა დიდ უმეტესობას, რატომღაც გვინდა, მუდამ იმაზე უკეთესები ვჩანდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვაგდივართ, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში მიუხედავად აღშფოთებისა, სინამდვილეში ვიყიდებით უფრო, ტკბილო.

ფუჰუჰ, ციოდა… საათს დავხედე, თერთმეტის ნახევარი ხდებოდა, ჩემი საათი – ფოსფორიფიცირებულია, შალვა კი, თავხედი, მეუბნებოდა ასე:

– შენ, გერასიმე, გამომეტყველებაზე გეტყობა ახლაც კი, ბნელში, რაღაც წარმატებისთვის რომ მიგიღწევია, შენი გაგებით. მაგრამ მორბენალები ავიღოთ თუნდაც, ბატონო სიმა. თავს რომ დაადებს და რომ გაიქცევა გრძელ მანძილზე შვიდასი კაცი, და საბოლოოდ სწორის ბოლოს პირველი რომ მიიჭრება ვინმე, აღფრთოვანებულები ვართ ჩვენ, შემყურე ადამიანები – აჰ, შვიდას კაცში მაინცდამაინც როგორ გაიმარჯვა… მაგრამ, გერასიმე, სხვანაირად რომ მივუდგეთ საკითხს, ვთქვათ, გავიფიქროთ, რომ ვინმე ერთი, რომელიღაცა, პირველი ხომ უნდა ყოფილიყო აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე იმ ზღვა ხალხში, უფრო უბრალოდ მოგვეჩვენება მისი გამარჯვება. არაა ასე?

ბჰ!-რრ, ბუჰრრ… როგორ ციოდა, ციოდა როგორ… იგი კი აგრეთვე მეუბნებოდა ასე:

– …რადგან საერთო ტრანსპორტსაც აქვს თავისი კარგი მხარეები, გერასიმე. კი, კი ბატონო, გეთანხმები, არაა კარგი, ავტობუსში ვინმე მტკივან ფეხზე რომ დაგაბიჯებს, მაგრამ გამოჭედილ ტრანსპორტში, სამაგიეროდ, ადამიანები უნებურად ახლოვდებიან და ერთმანეთის გულისცემა ესმით, თანაც, საერთო ტრანსპორტში, გერასიმე, ადამიანები ერთ ჭერქვეშ არიან…

ილაპარაკოს, რა… ლაპარაკობდა კიდეც, მაგრამ აი ასე:

– მარტივი საზომით თუ მივუდგებით, ნებისმიერი ადამიანისთვის ადგილის მიკუთვნება არაა ძნელი, გერასიმე – ყოველი ადამიანი თავისზე უარესს სჯობს, ხოლო უკეთესთან შედარებით, უარესია, წყალი არ გაუვა ამას. მაგრამ დიდი საზომით თუ მივუდგებით, ძალიან ძნელია ამისი განსჯა, რადგან ადამიანები მეტად სხვადასხვანაირები არიან, თითოეული ადამიანიც კი – მრავალფეროვანია, მაგრამ ერთნი ვართ მაინც დაახლოებით ყველა, რადგან ადამიანი არაა მარტო.

ააქ კი, გაავცხარდი, გავცხარდი მართლა:

– ადამიანი მარტოა, მარტო, – გესლიანად წავიჩურჩულე, და თავს ავყევი, არ უნდა მექნა, – ყველამ იცის, რომ მარტო უნდა დაიბადო, მარტოკა უნდა დაადგე ძნელ გზას, პირში გიცინიან და ზურგს უკან გლანძღავენ. გილოცავენ და შურთ, მარტოკა უნდა მოკვდე ბოლოს და, ოცდაცხრამეტი და ექვსი რომ გაქვს, ლოგინზე მისავათებული, მარტო ხარ, აბა, რა ხარ, მარტო…

მყისვე ვიგრძენი, როგორ საოცრად დაინტერესდა, იმ სიბნელეში დაბერილი ნესტოებიც კი დავუნახე, გაფაციცებით მოელოდა ჩემგან კიდევ რაიმეს გაგონებას, მაგრამ გავჩუმდი, ნურას უკაცრავად, ისედაც ბევრი ვილაპარაკე. არ დააყოვნა:

– მომვლელს, ექიმს და მსგავს წვრილმანებს, მოდი, გერასიმე, დავანებოთ თავი და, რა იცი შენ, რომ მარტო ხარ… მითხარი.

– რა ცოდნა უნდა ამას. ასე არის ეს.

– არა, კეთილო, მხოლოდ შენ ფიქრობ ასე, გერასიმე, და გეჩვენება, რომ მართალი ხარ.

– მხოლოდ მე კი არა, ყოველი ჭკუათმყოფელი ასე ფიქრობს და, სხვადასხვა ქვეყნის ფილოსოფოსებსაც გამოუთქვათ ასეთი აზრი.

– რომ ადამიანი მარტოა?

– დიახ!

აქ ნაღვლიანი ხმა შემომესმა, მაგრამ თურმე თვალთმაქცობდა, როგორც მალე დავრწმუნდი, ოხერი:

– ესე იგი, ბევრნი ხართ არა, ასეთი აზრის?

– დიახ! – ამაყად გავუმეორე, მაგრამ მომიგო:

– მაშინ, გამოდის, თუნდაც ამიტომ არა ხართ მარტო. კი, გერასიმე.

13

ვისხედით, ბნელში. სამართებელი პირს არ მიხსნიდა, უცხო მხარეში, კუშტად შევცქეროდი ცალთვალაჭიატებულ სახლებს. შალვა გულაღმა გაშხვართულიყო, ნაძირალას, რუკზაკზე ედო რეგვენი თავი. მე მოკუნტული ვიჯექი ისევ; ძველებურადვე, მაკანკალებდა. არა, მაინც სად უნდა ვყოფილიყავ და, სად გადაკარგულში აღმოვჩნდი ახლა… კიდეც მშიოდა. ხანდახან ვთვლემდი, ნამგზავრს, ნამთვრალევს, გამოძინება ყველაფერს მერჩია, მაგრამ აკანკალებული კაცი, ამხანაგებო, ვერ დაიძინებ. თანაც, ახირებული იყო ეს შალვა ვიღაც, გავიხედე და, ჩაძინებულს, მოზრდილი ლოდი დამიშვას თავში?! მოწმისა მოერიდება თუ რა, ამ სულელური ღელის პირას მარტოდმარტონი ვიყავით, ბნელში. მაგრამ ბოროტმოქმედს, სიმართლე სიმართლედ, შალვა არ ჰგავდა – უზრდელი იყო, უბრალოდ, იგი. ჩემი საათი ორს აჩვენებდა, და მეტსაც უფრო, მისი ფრთხილი ხმა რომ შემომესმა:

– არ გძინავს, გერასიმე?

– არაჰ! – აღმომხდა.

– რატომ არ გძინავს, ა, გერასიმე…

– რა დამაძინებს… რა მინდოდა აქ!

– რუკზაკს გათხოვებ, ბეჭებქვეშ დაიგე…

– არ მინდა, რატომ წამომიყვანე…

– ერთი რამის სიყვარულით…

– რის სიყვარულით, კაცო…

– დაფარვა რომ სჭირდება…

– რატომ სჭირდება…

– უხერხულია გამჟღავნება, იმდენად ნაღდია… – და იდუმალის ხმით დააყოლა, – გულში სათუთად უნდა ატარო…

– რაა ასეთი…

მთლად დაიდაბლა ის ოხერ ხმა, იმ სიბნელეში, მომაჩურჩულა:

– საქართველოა, გერასიმე, ჩვენი…

კარგა ხანს ისევ ჩუმად ვისხედით. ის ღელე თითქოს ტანზე მდიოდა. ისევ დავიხედე მაჯაზე, საათი ადამიანის მეგობარია, ოღონდ – პირშიმთქმელი, რა ნელა გადიოდა დრო, სამის ნახევარი ძლივს ხდებოდა. თუმც მაკანკალებდა, მაინც ერთგვარად გავიტრუნე, მაგრამ შალვა მხნედ წამოდგა უცებ, მხარზე დამკრა ხელი:

– აბა, წავიდეთ, გერასიმე-ჩემო…

– რა-ჰ!.. სად უნდა… შალვა?

– აგერ, იმს სახლთან მივიდეთ და შევძახოთ ჩვენებურად ომახიანად ერთი…

– რა შევძახოთ რო…

– რა და – მასპინძელოო…

იმ სიბნელეში დაბნეული მივჩერებოდი ჯერ, მერე გავფაციცდი, ყველაფერს მივხვდი მეგონა:

– აჰ, ბიცოლა გყავს? გყავს ხომ, ა, შალვა…

– იქ, იქ გავიგებთ, ადგილზე გავიგებთ ყველაფერს, გერასიმე…

გამეხარდა, კი. მსწრაფლ წამოვდექი, ჩემოდანს დავწვდი, და მცირე ორმოში ფეხჩავარდნილს, მაგრად ჩამჭიდა შალვამ ხელი. მცირე ბორცვებზე გადავდიოდით, ხანდახან მიწა მეკარგებოდა, გულშექანებულს, შალვას თითები მაჯაზე იმედად შემომჭდომოდა, ასე მივტივტივებდით ღამეში, შეყვარებული ტურისტებივით, ოღონდ მე ჩემი ჩემოდანი მეკავა ხელში. სადღაც, შორს, ძაან აყეფდა ძაღლი, ჩვენ კი სწორედ პირველსავე ეზოს მივადექით, შალვამ რუკზაკი შეისწორა ზურგზე, თითები შემიშვა, ტუჩის კუთხესთან ირიბად მიიდო ხელისგული და შესძახა:

– მასპინძელოო!

გულაჩქროლებული ვიდექი, ვიცდიდი, აჰ, საჭმელი და თბილი ლოგონი ყველაფერს მერჩია ახლა, მაგრამ ჯერ ხმას არავინ გვცემდა, და შალვამ მეორედაც რომ დაიძახა: „მასპინძელოო“, მეც, მოუთმენლობისაგან იყო თუ რა, სახლს ძველქართულად მივაყვირე:

– მასპინძელო, ჰაი გიდი!!

აწ სახლის კარი გამოიღო, შარვალ-პერანგისამარა კაცი გამოვიდა, ერთი კი გამკრა: „აიმ ბიცოლას საყვარელია თუ რა…“ მაგრამ კაცი რომ მოგვიახლოვნდა, ხელით მოიჩრდილა (კი, კი მზე და სიცხოე იყო დიდი, როგორ არა…) და დაგვეკითხა:

– რომელი ხარ… რას მიბრძანებთ, ბატონო… ხომ მშვიდობაა. კაი გამარჯობა თქვენი…

– გაგიმარჯოთ, ბატონო, გზა აგვებნა და… – რუკზაკი მაღლა ასწია შალვამ, – თუ შეგვიკედლებთ… ერთი ღამით… ასე, უცხოებს…

– აუჰ!.. – შეიცხადა კაცმა და ისე ღონივრად გამოაღო კარი ცალი ხელით, (მეორეთი შარვალი ეჭირა), კინაღამ საერთოდ მოაძრო: – თუ შემოგვიკედლებთო, რა საკადრისია… მობრძანდით, აგერ… აქეთ, ბატონო…

შინ შეგვიძღვა და, გვეუბნებოდა თან:

– აგერ, აქ დაბრძანდით, ახლავე იქნება ყველაფერი… ქალიშვილი ნავარძეთში გამითხოვდა და, მარტოხელა კაცის პირობაზე… იქაა ცოლიც… რასაც კი შევძლებ… კი ნუ დამძრახავთ…

რა ბიცოლა, რის ბიცოლა, თურმე… მაგიდაზე უკვე იდო ყველი, ლობიო, პრასი… მასპინძელი მონდომებულად დაფაცურობდა, მხოლოდ ერთხელ შედგა, როცა ჩემს მაისურს, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული შეაცქერდა: – სპორცმენები ხართ?

– რა ვიცი… – მორცხვად მიუგო შალვამ, ფუუჰ, თვალთმაქცი, – ინდივიდუალური ტურისტობა თუ სპორტსმენობაა…

– რატომ არა, კია, კია, შე კაცო… – გაამხნევა მასპინძელმა, ესეც – ბიცოლაა… ულვაშიც ედო. რაღაცა მრგვალ ბუხართან ჩაიჩოქა, შეშა ერთმანეთზე კოხტად დააწყო, ასანთი ყურთან გაიჩხაკუნა.

– როგორ ამინდები იყო აქეთ? – იკითხა შალვამ.

– თქვენი სახელი, ბატონო?

– ამ ჩემ მეგობარს გერასიმე ჰქვია, მე – შალვა, ბატონო.

– ძალიან სასიამოვნოა, მე – სევერიონი მქვია, სევერიონ-ე-საც მეძახიან შიგადაშიგ, ბატონო.

– ძალიან სასიამოვნოა, ბატონო.

– აქეთ ამინდებს არა უშავდა.

ბუხარში ცეცხლი ატკაცუნდა, და თუმცა ბუხარი, რა თქმა უნდა, ცენტრალურ გათბობას ვერ შეედრება, მაგრამ სითბოს გამომცემია მაინც ერთგვარი… ჯერ მაისური გადმოვიხახუნე თავზე, მერე ჩვეულებრივი იშვიათი კარგი პერანგი, მერე – ნაქსოვი პერანგი, მერე – ჩემი თხელი სვიტრი, ისევ ტყრუშული შარვალ-ხალათის ამარა დავრჩი.

– არ მოიწყინოთ, ბატონო და… საით ყოფილხართ, მართლა?

– აგერ, რაჭიდან გადმოვედით. ამან აიჩემა და… ანიშნა ჩემზე!

– აუჰ, უჰუჰუჰ… ამ ღამებნელში, ბატონო?

– დიახ, სევერიონე-ბატონო.

– თქვენ გქონიათ ვეფხვის გუილ. ახლავე მოვალ მე და, მეზობლის ქალს მოვიხმარ, არ მოიწყინოთ.

მაგრამ ისევ მარტო რომ დავრჩით, მომაჩურჩულა:

– შენთან, კაბინეტში, ასეთ უდროო დროს რომ მოსულიყო ვინმე, მიიღებდი? ა, გერასიმე…

– მე კაბინეტში ამ დროს რა მინდა! – წამოვიყვირე.

– მეძახდით, ბატონო? – თავი შემოჰყო მასპინძელმა.

– არა, ბატონო, – მიუგო შალვამ.

ტახტზე წამოვჯექი, მუთაქა მოვიმარჯვე, კედელს მივადე, თვითონ კი – მუთაქას მივაწექი, თავიც დავადე, მივლულე თვალი…

– საერთოდ, ქართველებს, ექვსი რამა გვაქვს კარგი, – წამოიწყო შალვამ, – ხალხური სიმღერები, ხალხური პოეზია…

14

რომ გამაღვიძეს, ჩემი საათი ხუთის თხუთმეტ წუთს აჩვენებდა, არა მიშავდა რა, ცოტათი მაინც ხომ წავუძინე. მხნედ წამოვდექი, ამტანი ვარ მე, ხელებიც კი ერთი-ორჯერ გავიქნ-გამოვიქნიე, მაგიდისაკენ გავეშურე, იქ კი, შემწვარი ქათამი დაემატებინათ, ხაჭაპური, ნადუღი, გეენაცვალეე, ტყემალი, თონის პური, ღვინოც, აბა რა, რა ასმევს ამ ხალხს ამდენს. კარგად არც მეყურებოდა, რა სადღეგრძელოები ითქვა – შემწვარ ქათამს მივადექი და, გაუმარჯოს-მეთქი, ამას ვამბობდი მხოლოდ და ოდნავ ვყლუპავდი – კიდევ დათრობა მინდოდა? აარა, ბატონო, აღარ შევცდებოდი, მეყო ისედაც, ამ ორ თუ სამ დღეში ამდენი, ისე კი, სევერიონემ ჯერ მგონი ჩვენი მობრძანებისა შესვა, იძახა ვითომ გულითადი რაღაც-რაღაცეები. არა უშავდა რა, არ სცოდნია აქაც მთლად ურიგო ქათმები, ნადუღიც მესიამოვნა. ასევ ხალისიანად ლაპარაკობდნენ, ის – სევერიონი და, ეს – შალვა, ყური მივუგდე, ღვინოს აქებდნენ. ჰეჰ, ბითურები – კონიაკი ქვეყნად იყოს და… მაგრამ აიმ კაცს ვიპოვნიდი ვითომ, ადლერში რომ უნდა დამხვედროდა? – ვინ იცის… ჩვენ, ადამიანებმა, ხანდახან არ ვიცით, რა მოხდება… თუნდაც, აი, ეს ფაქტი – სევერიონემ სამი თუ ოთხი ჭიქის შემდეგ თქვა:

– ეჰეჰ, დავთვერი მგონია, ბატონო…

– ჩვენი ბრალია, – შეწუხდა შალვა, – ნამუშევარი იქნებოდით მთელი დღის და, შუაღამეზე გაგაღვიძეთ და…

– მაგ არაფერი, – გულით მიუგო სევერიონემ, ცოტა თვალები ეხუჭებოდა. მაგრამ უეცრად გამოფხიზლდა, – კაცო, გავიხედე ამას წინათ და, მესმის კრიახი, მაგრამ რა მესმის, ასე, ეს დრო თუ იქნებოდა… ავდექი ხელათ, მელა მეგონა, მელა ბევრია, ძალიან ჩვენში, ცალი ხელით ჯოხი მოვიმარჯვე, მეორეთი… ჯიბის ფარანი, პოლონურია, შევედი ფრთხილად საქათმეში, დავანთე და – რას ვხედავ, მაჩვი! ერთი ქათმისთვის მოესწრო უკვე ყელის გამოჭმა, და გაქცევა უნდოდა…

– რას ბრძანებთ, ბატონო, – ზომიერად გაიკვირვა შალვამ – მაჩვი და, ქათმისმჭამელი?

– მეც ეგ არ მიკვირს? – აღნიშნა სევერიონმაც, ძალიან პატარა ყურები ჰქონდა, – მელა არ გვეყოფოდა? გადაგვარებასაა ეს ბუნება თუ რაშია საქმე, არ ვიცი სწორედ…

– უჰ, ვერ მოგსვლიათ ეგ კარგი ამბავი.

– ეს ჩვენ-ჩვენ მშობლებს გაუმარჯოს, ვისაც გვყავს, ჯამრთელად გვიმ…

ახლაღა გავსინჯე ხაჭაპური და, თითქოს არ იყო ურიგო, წარმოიდგინეთ. გუნება ცოტა გამომიკეთდა, არადა, კარგად დავნაყრდი უკვე, სუფრასთან ჯდომა აღარ მინდოდა, ადამიანი უშუალო უნდა იყოს, ვთქვი:

– ახლა პატარას წავუძინებ ისევ, ავტობუსის გასვლამდე კია საათ-ნახევარი. მაინც არ ვსვამ და შვიდის ნახევარზე გამაღვიძეთ.

სევერიონმა შემომხედა, არაფერი უთქვამს. შალვამ კი, მეტიჩარამ, მყისვე შემარცხვინა:

– არაა ზრდილობა, გერასიმე, ეგ… ეს კაციც მშვენივრად გამოიძინებდა, ჩვენ რომ არ მოვდგომოდით.

ჰმ, რა გამოჰყავდა? უშუალობა ცუდი ყოფილა, ესე იგი. გავბრაზდი აქ, მაგრამ სევერიონემ წამოიწყო:

ჩვენს ადათ-წესებს გაუმარჯოს, ძველი დროიდან მოყოლებული და ეს ჩვენი კუთხის ისტორიასაც გაუმარჯოს, ბატონო. აგერ აქ, ქვემოთ, – ფანჯრისკენ ხელი გაიშვირა სულელმა, თვალი გავაყოლე – იმ სიბნელეში, ძალიან რამეს არ დავინახავდი? ხელგაშვერილი განაგრძობდა: – მდინარის პირას, მღვიმეა ერთი, ხერგულას ვეძახით, ველური ადამიანი ნაცხოვრება ადრე, გეოლოგები ჩამოვიდნენ, გათხრები ჰქონდათ…

– გეოლოგები კი არა, არქეოლოგები ყოფილან, – შევუსწორე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული მე.

– სწორი ბრძანებაა, მოკლედ, თხრიდნენ იმ გამოქვაბულში და ხნიერი ქალი ჰყავდათ უფროსად, იმ ქალმა გაგვაოცა სწორედ მთელი სოფელი, ისე რომ ადამიანს ჰყვარებოდა თავისი საქმე? არ გამიგია… ყოველ ნაპოვნ კაჟს დასციცინებდა, დილიდან საღამომდე ფეხზე იდგა და, რა მშრომელი და, რა ძვირფასი ადამიანი თანაც; ერთი ჩვენებური ქალი ესტუმრა თბილისში თურმე და, მშვენიერი კარგად ყოფილა მოწყობილი, მაგრამ აქ, ამ ჩვენ სოფელში მოუწევდა მაინც სულ გული, ერთ ზამთარს და ოთხ ზახფულს მუშაობდა აქ, თბილისში მანქანა ჰყოლია საკუთარი, სულ არ ახსოვდა, აქ, ამ აღმართ-დაღმართში ერთი დილა-საღამოს სიარული, ხერგულას კლდეში ტრიალი, თანაც, გვიხსნიდა ჩვენ-ჩვენ წარსულს, როგორც კი თავისუფალ დროს მოიხელთებდა და, თავიდან თუ ჩუმ-ჩუმად გვეცინებოდა, ამხელა ქალს კაჟის მოსაბოჭად როგორ მოუცლიაო, მერე, თანდათანობით, შეგვაყვარა ჩვენც თავისი საქმე, და ბოლოს მივხვდით, რომ ჩვენი საქმეც კი ყოფილა ეს – მშობელი კუთხის ისტორია, და სიყვარული.

შალვას შევხედე. ისეთი გაბადრული და გაამაყებული იჯდა, იმას აქებდნენ ვითომ. სულელი…

– ოქროს და ვერცხლს რომ პოულობენ სხვა გეოლოგები, იმათი აღტაცება, ჩემო ბატონო, არცაა გასაკვირი, მაგრამ ეს ქალი, პატივცემულებო, კაჟს დაეძებდა, პირველყოფილი ადამიანის შესასწავლად. სხვა არაფერი უპოვიათ ჯერჯერობით მაინცდამაინც ისეთი ჩვენში, მაგრამ იმ ქალმა დაამტკიცა, თავიდანვე რომ ცხოვრობდნენ აქ, თავიდანვე რომ გული დაუდია ადამიანს აქაურობაზე თურმე. ჩვენს ისტორიასთან ერთად შალვა-ბატონო, მოდით, იმ ქალსაც გაუმარჯოს, ქალბატონ ნინოს…

შალვა მოწიწებით წამოდგა, რაღაცეებს ამბობდა, სუფრაზე მედო თავი, ჩამთვლიმა, ცოტათი…

– დიდი განათლებული კაცი იყო, – ამბობდა სევერიონე, თვალები უჟუჟუნებდა, სულ წასულიყო ხელიდან, – ჩოთქი არ სჭირდებოდა, ანგარიშობდა ისე…

ექვსის ნახევარი ხდებოდა. გავღიზიანდი, ამათ რაიმე თუ არ უთხარი, გაუნათლებლად ჩაგთვლიან და, ჩემი სადიპლომო ნაშრომი გამახსენდა, „კატილინას შეთქმულება“, ძაღლის ნაკბენივით მახსოვს.

– ჩაცმა-დახურვის ყადრიც იცოდა, – განაგრძობდა სევერიონე, ვიღაცას გულმოდგინედ აქებდა.

– კატილინა შეძლებული ოჯახიდან იყო, – წამოვიწყე მე, – და დიდი გაფუჭებული. იმდროინდელ რომში სახელი ჰქონდა გავარდნილი, როგორც ყველაფერზე ხელის მომწერს…

– ძალიან სასიამოვნოა, ბატონო, – ჩამომართვა სიტყვა სევერიონემ, – ყოველთვის გალსტიკი ეკეთა.

– რა ეკეთა? – გამეღიმა.

– ჰალნსტუნხი, – გაღიზიანებულად მომიგო შალვამ, – გასაგებია? – და უცბად გამოიცვალა, დატკბა, – წავიდეთ ახლა, გერასიმე, გათენება ვნახოთ.

– რა გათენება… არავითარ შემთხვევაში!

– გინა წვიმა ყოფილიყო, გინა ქარი, ყოველთვის გალსტიკი ეკეთა, – განაგრძობდა სევერიონი.

– კატილინამ თავის გარშემო შემოიკრიფა ისეთივე აღვირახსნილი ამხანაგები, როგორც თვითონ იყო.

– წავიდეთ, გერასიმე, რა იქნება, გათენება ვნახოთ…

– რადიოთი სულ მუსიკებს უსმენდა და, თვითონაც იცოდა პიანინოზე დაკვრა, ცალი ხელით…

– იმდროინდელ ძველ რომში ძალიან ცუდ, აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდნენ. ხანდახან მამაკაცი, – ხმას დავუდაბლე, – ქაილს მაგივრობას ნებაყოფლობით ასრულებდა.

აქ სევერიონი დაინტერესდა:

– რავა, რომში ხაჭაპურს კაცი აცხობდა? ჩემსავით ყოფილან მაგინი, ბატონო…

სულ ვერ გამიგო…

– შენ რომ იცოდე, გერასიმე, აქ, ზემო იმერეთში, როგორ თენდება… ცხონდები კაცი!

– მე ღმერთი არ მწამს, – კოხტად მოვუჭერი, – კატილინა მთელი სენატის ამოჟლეტას აპირებდა, მაგრამ არც ციცერონი იყო დოყლაპია.

– ერთხელ, კამპანიაში, ძალიან რომ დათვრა, ორი ხელითაც კი დაუკრა…

– ამისთვის ამოგიყვანე აქ, გერასიმე, და ახლა, საქმე საქმეზე რომ მიდგა, უარს მეუბნები?

ყური არ ვათხოვე:

– კვინტუს კურიუსს რომ არ წამოეყრანტალებინა შეთქმულების ამბავი ქალთან, უარყოფითად იქნებოდა სენატის საქმე.

– არ მოდიხარ, გერასიმე, აბა?

– იმის სამკერდე ნიშნებს აღარ იკითხავთ? – ამაოდ გვიწვევდა სევერიონი.

– არასადაც არ მოვდივარ, ადრეა ჯერ, კატილინამ რომ…

– პოლონეთის ემბლემიდან დაწყებული…

– რა გინდა აბა, აქ – არა სვამ, აღარ ჭამ, გავიდეთ, გერასიმე, ბუნებაში…

– არა. ცივა იქ…

– ტყის მეგობრის ირმიანი ნიშნით გათავებული…

– აბა, ერთი სადღეგრძელო მაქვს და, – ფეხზე წამოდგა შალვა, – ერთი, ერთადერთი და, უნდა გამოვცალოთ ეს ჭიქა ბოლომდე ყველამ.

– აგრე იყოს, გისმენთ ბატონო, – დოქს წაატანა ხელი სევერიონმა.

– დალევთ თქვენც, გერასიმე?

– მხოლოდ ერთ ჭიქას?

– ერთადერთს, კი.

რას მიზამდა ახლა, მაინცდამაინც, ის ერთი ჭიქა? მეც დავეთანხმე:

– ჯანი გავარდეს, დავლევ.

შალვამ კი მაღლა შემართა ხელი, და იცით, რა თქვა?

– ეს ჩვენ-ჩვენ დედმამიშვილებს გაუმარჯოს.

აუუჰ, წამოვხტი, კინაღამ ვიკივლე. დავფაცურობდი: „სადაა შლატა… ჩემი სვიტრი რა იქნა… ჰო, აგერაა… ახლავე მივდივარ!..“

– გაწყენინეთ რამე, ბატონო? – შეიცხადა სევერიონემ, გაელმებული თვალებით შემომცქეროდა, – რავა ზოგიერთი მაჩვივით იქცევით თქვენ…

15

ძალიანაც კარგი, ესეც, შალვას ჯინზე – გათენებულიყო საკმაოდ, ყოველ შემთხვევაში, კარგად მოჩანდა ბილიკი; ჩემოდნით ხელში, გულდაჯერებული მივყვებოდი გზას. ხოლო იგი, შალვა, ზურგრუკზაკიანი, უკან მოდიოდა. მისი დანახვა აღარ მინდოდა, პატარა ხანს უმძრახად ვიარეთ, ერთხელაც არ წავბორძიკებულვარ, და შემომესმა:

– ასწიე თავი.

კი, მეტი საქმე არა მქონდა, ისედაც გაჭყეპილი ვიყავი აქაურობით, ის არ მერჩია, დაბლა მეცქირა, ორმოში რომ არ ჩამცდენოდა ფეხი? მაგრამ სერი რომ ავიარეთ, მჭახედ გაისმა:

– გერასიმე, სდექ!

შეცბუნებულმა, მოვიხედე და გავშრი – აჰ, ისე მკაცრად შემომცქეროდა…

– სანამ ლაპარაკს დავამთავრებ, ფეხი რომ მოიცვალო, – განრისხებული მიმზერდა, – ცუდად იქნება შენი საქმე, იცოდე.

გიჟია, მოძალადე, ოხერი… ადგილზე გავქვავდი, იმან კი სამიოდ ნაბიჯი ქვემოთ ჩაინაცვლა, შედგა, დაფიქრებული ამომყურებდა, მე – სერზე ვიდექ.

– ჩემი და შენი წინაპრები, გერასიმე, – ხმას დაუდაბლა, – ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს?

მე სერზე ვიდექი.

– რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში, შენ ყოფილ ისტორიკოსს, ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო იმ აურაცხელ, უთვალავ ხიფათში, ნამდვილად არ იქნებოდა ახლა აქ, აი ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ, გამიგე თუ არა, ა, გერასიმე! მაგრამ სულაც არ გახსოვს ისინი…

ვიდექი მე სერზე.

– ჩემი და შენი წინაპრები კი, ძმებს და მეზობლებს უდროოდ აი ამ მიწაში მარხავდნენ, შენ რომ ამ ქვეყნად მოსულიყავ, და საქართველო ჩვენი, გქონოდა. შენთვის, გერასიმე, ერთმანეთი ცხოვრებაშიც და ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ, იმათითაა სწორედ ეს მიწა გაპოხიერებული, და მთელი მიდამო, რომელსაც ერთხელაც არ გადაავლე მოწყალე თვალი შენ, გერასიმე! სულ რომ არაფერი, ამ საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც კი ვერ დაინახე და, ნახშირს რომ ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ სამშობლოს ნახშირზე მეტად უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, ა, გერასიმე?

სერზე ვიდექი მე.

– აქ, ამ მიწაზე, რომელსაც ეგზემასავთი არ მოდებია ჯერაც ასფალტი, დაგაბიჯებინე ფეხი, უმადურო, ვერაფერს მიხვდი; ნამდვილი გლეხი გაგაცანი, ამ გლეხით გიდგას პირში სული, მაგრამ რა ამაყად, რა ამაყად, აჰ, შეიფერე ყველაფერი, რითაც ქანცგაწყვეტილი, ნაშრომ-ნაჯაფი, შუაღამით გაღვიძებული, გაგვიმასპინძლდა, როგორ გგონია, იმართა იმას ჩვენი რაიმე?

მე ვიდექი სერზე.

– და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა, გერასიმე. და, სუფრასთანაც, როგორ იქცეოდი – სამშობლოს შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ კი, მელასავით, სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი და არაფერია ამაში ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ აარა, არა, კუთვნილივით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი!

ვიდექი მე სერზე.

– წვიმისას, გერასიმე, – ავალწუნებით ამომცქეროდა, – ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი – სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი – იმ დასვრილს სუფთატოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენს გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე. ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა – ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლოდავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ – კაცი არა ხარ.

სერზე ვიდექი მე.

– ახლა კი, გერასიმე, უაკანსკნელ არჩევანს გთავაზობ. აგერ, გახედე, ავტობუსი მოემართება და, თუ იკადრებ, მოაჯექი და წადი, ხოლო, თუ ისურვებ, ორიოდ დღით აქ, ამ სოფელში დავრჩეთ და იმ ჩვენს მასპინძელს ყანის გათოხნაში მოვეხმაროთ. მიწის სუნი რომ გეცემა, ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, გერასიმე. ძალას არ გატან, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ასე აჯობებს… – და დარცხვენილმა დაამატა, – საშობლოსათვის. – მთლად აირია, – რა ვქნა, მიჭირს ხოლმე ამ სიტყვის წარმოთქმა, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა… მაგრამ, მაიძულე…

ჰოიი, ავტობუსი – ჭიათურაში ქიმწმენდელი კაცი მელოდება, კოსტუმი უნდა გამომეტანა ჩემი და ის, ლიეპაში, ვინ იცის, როგორ ღელავდნენ, ეგენ ოჯახშიც ედეპეშნათ, ძალიან მაფასებს და გაგიჟდება ცოლი, ამ შალვას, მოცლილს, ხომ ვერ ავყვებოდი, თვალი ავარიდე და, ფრთხილად, კიდევ რაიმე რომ არ ეთქვა, ავი მოლოდინით მხრებაწურულმა ავიარე სერი, ავტობუსს ხელი დავუქნიე, გამიჩერდა და სკამზეც არ ვიყავი ჯერ დამჯდარი, შალვამ თავი შემოჰყო ფანჯარაში და, ასე მეგონა, ბრიყვი, უზრდელი, ერთს გემრიელად შემომაგინებდა, მაგრამ, წარმოიდგინეთ, სულ სხვა რამ შემძახა:

– ნახვამდის, სიმიკოო!

ქიმწმენდაში ყველაფერი რიგზე იყო, ჩემი კოსტუმი კოხტად მოვირგე, ტყრუშული შარვალ-ხალათი იქვე ჩავაგდე, მდინარეში, და ზესტაფონამდე ტაქსით მივედი, უკანა სავარძელზე ცოტათი წავუძინე კიდეც. ზესტაფონში მატარებელი დაბარებულივით დამხვდა, და საბოლოოდ მაშინ გამომიკეთდა გუნება, თვითმფრინავში რომ შევედი; თავიდან, ადრე, გამოუცდელს, თვითმფრინავის ძალიან მეშინოდა, მერე ნაკლებად მეშინოდა, მერე შევეჩვიე და სულ აღარ მეშინოდა, მერე კი, პირიქით, მიხაროდა, რადგან თვითმფირნავი – გზაა, ხოლო გზას, გამოზომილ-დაგეგმილს, შედეგი მოაქვს, და ახლა, ამჟამად, საბოლოოდ მაშინ მოვედი ხასიათზე, სიმაღლე რომ ავიღეთ, როცა შესანიშნავ კავკასიონს ზემოდან დავცქერი.

ბოლოთქმის მაგიერ

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა. გვხვდება დაბლობებიც. წარმოიდგინეთ, მიკრო-უდაბნოც კი მოიძევება. მოჰყავთ ვაზი, ჩაი, ციტრუსები, კომბოსტო. მოსახლეობის მოზრდილი ნაწილი ქართველებია. ეროვნულ ტანსაცმელს აღარ ატარებენ. როგორც ყოველგან, წყაროს წყალი აქაც სჯობს ონკანისას. მოსახლეობა უმეტესწილად ქალაქად, ხუთ-რვა-ცხრა-თოთხმეტ-თექვსმეტსართულიან სახლებში ცხოვრობს. და ხანდახან სოფელი ენატრებათ. ქართველებში, ისევე როგორც მსოფლიოს ყოველ კუთხეში, ხანდახან თავისებური ადამიანებიც შეინიშნებიან. თავისებური ადამიანი, როგორც წესი, უბოროტოა და ერთგვარი ცნობისწადილის აღმძვრელი, თუმცა გამონაკლისი, როგორც ყველგან და ყველაფერში, აქაც დასაშვებია. მაგრამ არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო. და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ.

ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე…

1978 წელი

“ხანუმას”გადასაღები მოედანი – კვირის დოკუმენტი

$
0
0

მხატვრული ფილმი “ხანუმა”, გადასაღები მოედანი. 1926 წელი.

მარჯვნიდან მესამე დგას მსახიობი თამარ ბოლქვაძე, ქეთოს როლის შემსრულებელი.

1926 წელს „ხანუმა“ „სახკინმრეწვმა“ გადაიღო. სცენარის ავტორი და რეჟისორი: ალექსანდრე წუწუნავა, ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი, მხატვრები: ვალერიან სიდამონ-ერისთავი და მიხეილ შავიშვილი.

ეროვნულ არქივს 2015 წელს ფოტო საჩუქრად გადასცა ლევან მეხუზლამ.

“კვირის დოკუმენტი” ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

ანა კალანდაძე (1924 – 2008)

$
0
0

ქართველი პოეტი ანა პავლეს ასული კალანდაძე დაიბადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. ანა კალანდაძე 1941 წელს საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ ”ლიტერატურა და ხელოვნებასა” და ჟურნალ ”მნათობში”. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა. ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1976 და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.

ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია სტეფან მალარმეს, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები და მოგონებები. ანა კალანდაძის პოეზია აისახება მუსიკალურ ხელოვნებაში.

ანა კალანდაძე დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორი ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

1985 წელს ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პოეტის განცხადებით, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო იყო, რადგან ამ წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც პოეტის მისია შესრულებული იყო.

ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

ორი ახალი წელი და ქართული კუთხური ტრადიციები

$
0
0

თოვლის ბაბუაქართული კალენდრის მიხედვით, სხვადასხვა ისტორიულ ხანაში სამოქალაქო ახალ წელს აღნიშნავდნენ აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში. საბოლოოდ, იანვარში ახალის წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა.

ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალი წელი აღინიშნება განსხვავებულ დროს. მაგალითად, ავსტრალიაში – 1 იანვრიდან იწყება, რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში – 4697 წელი თებერვალში დადგება, ინდოეთში 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056 წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ – 21 ივნისს. ებრაელებისთვის ეს წელი 5760-ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რესეთში, ევროპასა და საქართველოში ახალი წელი 1 იანვარს გათენდება.

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს, მე-16 საუკუნეში შემოიღეს. ინდონეზიაში ახალი წელი ოქტომბერში დგება, ბირმაში – 1 აპრილს იწყება, ვიეტნამში – 21 იანვარსა და 19 თებერვალს შორის. დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად იცვლება.

ჩინეთში ახალი წელი 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის აღინიშნება. ახალი წლის თარიღს საქართველოშიც ხშირად ცვლიდნენ. საბოლოოდ, 1 იანვარს დამკვიდრდა.

ახალ წელთან დაკავშირებით, “ამბიონი” ესაუბრა კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახურს, მამა არჩილ ხაჩიძეს: “ახალი წელი რამდენიმე საუკუნეა, საქართველოში და თითქმის მთელი მსოფლიოს ნაწილში 1 იანვარს აღინიშნება. მაგრამ ახალ წელს 1 იანვარს ადრე არ აღნიშნავდნენ, იმიტომ რომ, არ არსებობდა ისეთი კოორდინირება, როგორიც ახლა გვაქვს. თან, ყველა ერს ჰქონდა გამორჩეული დღე, საიდანაც იწყებდა წელთაღრიცხვას.

იაპონიაში ახალ წელთაღრიცხვას მე-20 საუკუნემდე იმპერატორის ტახტზე ასვლიდან იწყებდნენ. საკუთარი წელთაღრიცხვა ჰქონდათ, ბაბილონელებს, ასურელებს, რომაელებს. რაც კაცობრიობა, დროის ათვლა დაიწყო, მას შემდეგ მთელ მსოფლიოში დაიწყეს ზოგან შვიდი, ზოგან რვა, ზოგან ათ დღიანი კვირების, 10, 11, 12 თვიანი წელიწადის შემოღება. თუმცა წელიწადი ყველგან მეტნაკლებად განისაზღვრა და მთელს მსოფლიოში ერთმანეთს მიემსგავსა.

ახალი წელი, როგორც ასეთი, საეკლესიო დღესასწაული არ არის და ბუნებრივია, ვერ იქნება. ეკლესიას გააჩნია თავისი უამრავი დღესასწაული, რომელსაც ყოველდღიურად აღნიშნავს, რადგან ყოველი დღე უფლის სადიდებელია. ეკლესიას აქვს თავისი დაარსების დღე, სულთმოფენობა. ეს უდიდესი დღესასწაულია.

ბუნებრივია, არსებობს საზოგადოება, რომელიც ერთდროულად არის მრევლიც და ჩვეულებრივი ნაწილი სახელმწიფოსი და იმ გარემოსი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. საზოგადოებაში ჩნდება კითხვები ახალი წლის ორჯერ აღნიშვნასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი საეკლესიო დღესასწაული არ არის, ეკლესია მაინც ზეიმობს.

ახალი და ძველი წელიწადი, საეკლესიო დღესასწაული არ არის. ორი ახალი წელი მას შემდეგ შემოვიდა, რაც 1582წ. პაპმა გრიგოლ მე-13-მ განახორციელა კალენდარული რეფორმა, რომლის დროსაც მან ის ნაკლოვანებები იანგარიშა, რომელიც თავის დროზე, იულიუსის კალენდარს გააჩნდა. თუ სწორად მახსოვს, 14,157 მეათასედ წამის ცდომილებას იწვევდა. რაღაც პერიოდში ხდებოდა ამ ცდომილებების დაგროვება და ამ 1600 წლის განმავლობაში 13 სრული დღე დაგროვდა, რომელიც შემდგომში გამოაკლეს. მექანიკური ჩარევა მოხდა კალენდარში. თუმცა, არა ათვლის პრინციპით. უშუალოდ კალენდარში 13 დღე გამოტოვეს და დაიწყეს დროის ახალი ათვლა.

მრევლს რაც შეეხება, თავისუფლად შეუძლია ორივე იდღესასწაულოს. თუმცა, ახალი წელი იმის საბაბად არ უნდა იქცეს, რომ ჩვენი სულიერი სამყარო ავურიოთ. ის სიმშვიდე და მყუდროება, რომელსაც მარხვის განმავლობაში ვინარჩუნებთ, ქარს არ უნდა გავატანოთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, ოღონდ აუცილებლად მარხვით.

ახალ წელს ყველა ახალი ნაბიჯების გადადგმას ცდილობს. ჩვენც, როგორც რიგითი მოქალაქეები ვერ ჩამოვრჩებით და არც უნდა ჩამოვრჩეთ.

ასევე უნდა ავღნიშნოთ ძველი და ახალი წელი, რომელიც საეკლესიო თვალსაზრისიდან გამომდინარე ნამდვილად დგება, ის დღე, რომელიც შობის დღესასწაულს მოსდევს. მაცხოვრის შობის შემდეგ იწყება ახალი წელი მთელს მსოფლიოში”.

ტრადიციები და ახალი წელი

ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავდნენ. ძველად, თბილისის მოსახლეობა ახალი წლის ღამეს სახლის კარებს ღიას ტოვებდა, თვლიდნენ, რომ ამ დღეს შეიძლებოდა ბედნიერებას ჩამოევლო, თუ კარი დაკეტილი დახვდებოდა, ბედნიერება მათ გვერდს აუვლიდა.

ძველად ახალ წელს დათრობა და ხმამაღალი საუბარი არ შეიძლებოდა. ეს ყველაზე ტკბილი დღე იყო, მთაშიც და ბარშიც. რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, დიასახლისი რიტუალურ პურს, ბედისკვერს აცხობდა ოჯახის ყველა წევრისათვის. ბარში ტაბლაზე დააწყობდნენ წითელ კვერცხებს, ცივად მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ჩურჩხელას, ჩამიჩს, ღვინოს, არაყს, ნაზუქებს… ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი მთაშიც და ბარშიც შეშის მოტანა იყო.

გურიაში საახალწლო სამზადისი, ახალი წლის წინა დღეს იწყებოდა. ყველაფერს რეცხავდნენ, საკალანდე ღორი იკვლებოდა და ოჯახი მეკვლის დასახვედრად ემზადებოდა. მეკვლე კი საახალწლო რიტუალისთვის უმთავრესი იყო. ის ახალი წლის დილას, გარიჟრაჟზე მიდიოდა გურიაში, სამეკვლეო პროდუქტებით, რომელიც გურული კაცისათვის აუცილებელი იყო. ეს ტკბილეული იყო, სასმელი, ბალახი ან ნორჩი ტოტი, რაც სიცოცხლის სიმბოლოს წარმოადგენდა. მეკვლე კარზე აკაკუნებდა და იძახდა: “კარი გამიღე ბედნიერო”, ოჯახის უფროსი გასძახებდა: “რა მოგაქვს?”, მეკვლე პასუხობდა: “ბედნიერება, ჯანმრთელობა, დოვლათი, ბარაქა, ყველაფერი სიკეთე”. ამის შემდეგ მეკვლე ოჯახში შედიოდა. ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება რამდენიმე ოჯახის მეკვლე ყოფილიყო.

სვანეთში, მეკვლის მოსვლამდე, ოჯახის მეკვლე თავად ოჯახის უფროსი იყო. ახალი წლისთვის სპეციალურად არჩევდნენ ხმელ ფიჩხებს, ბუხარში ცეცხლის მოკიდებისთანავე ტკაცა-ტკუცი რომ აეტეხა. თუ ერთი სულის შებერვით აინთებოდა, ნიშნავდა, რომ ოჯახს ცეცხლის მადლი ექნებოდა. შემდეგ ოჯახის უფროსს ცხენი ან ხარი წყაროზე გაჰყავდა. იქ “ხელს აუხსნიდნენ” მეზობლები ერთმანეთს, თითო სადღეგრძელოსაც იტყოდნენ და ერთმანეთს დალოცავდნენ.

ამის შემდეგ ოჯახის უფროსი სახლში ბრუნდებოდა, კარზე დააკაკუნებდა და მეკვლის სიტყვას გაიმეორებდა, “კარი გამიღე შენ ბედნიერო”. ოჯახიდანაც იგივე ტექსტს პასუხობდნენ. სახლში შესვლისას ტკბილეულთან ერთად თოვლის გუნდაც შეჰქონდა, როგორც სიწმინდის და სისუფთავის სიმბოლო.

რაჭაში 31 დეკემბერი კალანდობის სახელით არის ცნობილი. ამ დღეს ოჯახის წევრი ტყეში წავიდოდა და შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, რომელიც კალოზე წაღმით აღმოსავლეთისკენ იდგმებოდა და ამგვარად უნდა მდგარიყო ნათლისღებაზე. ნათლისღებას კი საკალანდო ღორი იკვლებოდა, აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს, ე.წ. ღორის სალოცვილს. ოჯახის წევრის გაღვიძებამდე მოდიოდა ოჯახის შინაური მკლოვიარე-მეკვლე. მკლოვიარეს კარებს უღებდნენ მას შემდეგ, რაც იგი სამჯერ დაარწმუნებდა სახლში მყოფთ, რომ ოჯახისთვის ბარაქა მოჰქონდა.

ლეჩხუმში 31 დეკემბერს კალანდა ეწოდებოდა. ქალები საკალანდე ღორს – ნეზვს კლავდნენ. ღორის თავი სხვენზე ნათლისღებამდე ეკიდა. სხვადასხვა კუთხეში დღემდეა შემორჩენილი ეს ტრადიციები.

კუმურდოს ტაძრის სარეაბილიტაციო პროექტი

$
0
0

კუმურდოს ტაძარიკუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მრავალი წარწერა ამშვენებს, მათ შორის სამშენებლოც, რომელშიც მოხსენიებულია ქტიტორი, ხუროთმოძღვარი და მითითებულია აგების თარიღი – 964 წელი.

ტაძარი მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით. XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ტაძარს სტოა მიაშენეს, რომელიც შესაძლებელია თავდაპირველად სამივე მხრიდან უვლიდა გარსს დასავლეთ მკლავს. ახლა მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილია გადარჩენილი; აღარ არსებობს გუმბათი, ძლიერ არის დაზიანებული დასავლეთის მკლავი.

კუმურდოს ტაძარზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები 1975 წელს დაიწყო და ინტერვალებით 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა.

2015 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც კუმურდოს ტაძრის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

Viewing all 245 articles
Browse latest View live