ქვემო ქართლის შესახებ
ამ რუბრიკით ვიწყებთ სტატიათა სერიას, რომელიც ეძღვნება ქვემო ქართლს, მის წარსულს და თანამედროვეობას. განხილულ იქნება ქვემო ქართლში შემავალი ადმინისტრაციული მუნიციპალიტეტების სხვადასხვა შესაძლებლობები. მათ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები და სხვა. ეს განხილვები ხელს შეუწყობს ამ ჟურნალის მკითხველს უფრო კარგად გაეცნოს და დაინტერესდეს ქვემო ქართლით.
საქართველო ოდითგანვე იყოფოდა მხარეებად. ისტორიულ წარსულში ამ მხარეებს ქვეყანა ან სოფელი ერქვა. ყველა მხარეს თავისი წარმოშობის ნახევრად მითიური და ნახევრად რეალური ისტორია აქვს და რადგანაც ჩვენ ვეხებით ქვემო ქართლს, ისმის კითხვა, თუ რა არის ქვემო ქართლი? (ცივილიზაციის განვითარების რაღაც ეტაპზე მითებმა შეიწოვეს რეალობები) და რადგანაც არის ქვემო ქართლი უნდა იყოს თუ არა ზემო ან სხვა ქართლიც და აქაც მივდივართ ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან… თარგამოსმა (ქართველთა და სხვა კავკასიელთა ეთნარქი), რომელიც ებრძოდა ნებროთს (სპარსეთის მითიური მეფე), თავისი სამკვიდრო სამეფო გაყო რვა ნაწილად და დაურიგა თავის რვა ვაჟს. ერთ-ერთი მათგანი იყო ქართლოსი. ქართლოსის ქვეყანა მოიცავდა ამჟამინდელ ქართლს, შიდა ქართლს, მესხეთ-ჯავახეთის და ქვემო ქართლის მხარეებს, სწორედ აქედან იწყება ქვემო ქართლის ამბავიც.
მდ.მტკვრის ზემო წელს და მის მიმდებარე მხარეებს ეწოდა ზემო ქართლი, მდ.მტკვრის საქართველოს ნაწილის შუა ადგილს კავკასიონამდე – ეწოდა შიდა ქართლი, ხოლო მტკვრის სამხრეთ ნაწილს და მის მიმდებარე მიწებს სომხეთამდე ეწოდა ქვემო ქართლი. იმავე თქმულების თანახმად, ქართლოსმა თავის სიცოცხლეში ააშენა ორი ძლიერი ციხესიმაგრე: ორბეთის (ანუ სამშვილდე) და ხუნანის (ანუ გარდაბანი, ეს გარდაბანი მდებარეობდა მდ.მტკვრის და მდ.ქციის შესართავთან, ამჟამინდელი აზერბაიჯანი), მცხეთა ჯერ დაარსებული არ არის, მაგრამ მცხეთასთამ არმაზის მთის თავზე ქართლოსმა აღმართა კერპი-არმაზი. (ასევე გარდაცვალების შემდეგ მისივე ანდერძით იგი დაკრძალეს არმაზის მთაზე, რომლის შემდეგაც ამ მთას ქართლოსის მთა ეწოდა). ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, ქართველთა ეთნოგენეზის ცენტრი ქვემო ქართლია. ამის შემდეგ იწყება ქვემო ქართლის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აღსავსე იყო განვითარებითა და დაცემით, ომებითა და მშვიდობით, აღმშენებლობით და სასტიკი განადგურებით. თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, შენიშნავთ, რომ ოცი საუკუნის განმავლობაში, ყველა ძირითადი ბრძოლა, რომელიც წყვეტდა საქართველოს ბედს, მოხდა ქვემო ქართლში. ყველა განთქმული ციხე-სიმაგრე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან, მდებარეობს ქვემო ქართლში. აქაა ჩვენი ერის დიდი სიწმინდეები: პირველი ეკლესიები, პირველი ქართული წარწერა, პირველი ქართული ქვა-ჯვარი, ეს მხარე საქართველოს ესაზღვრებოდა სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით, საიდანაც 25 საუკუნის განმავლობაში საქართველოს ემუქრებოდა გარეშე მტერი. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ამ მხარეში ამდენი ეკლესია-მონასტრის, ციხე-სიმაგრის, გზების, ქალაქების მშენებლობა.
ქვემო ქართლი დღემდე რჩება თავისი ისტორიული როლის შემსრულებელი. დღესაც აქ გადის საერთაშორისო მნიშვნელობის უმსხვილესი საკომუნიკაციო ქსელები: საავტომობილო გზა, რკინიგზა, ნავთობისა და გაზსადენები, დღესაც ქვემო ქართლის რეგიონი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს, რომლის სიახლოვეს მდებარეობს დედაქალაქი, რომელიც გარკვეულწილად განაპირობებს ქვემო ქართლის განვითარების მომავალს.
ზემოთ აღნიშნული სრულ სურათს ვერ წარმოაჩენს, თუ არ ვახსენეთ რეგიონის გეოგრაფია, მისი ბუნების კონტრასტულობა, ლანდშაფტი, წიაღისეული და სხვა. ესაა ისტორიულად მცირე ადგილი, სადაც თავმოყრილია ადამიანის ცხოვრებისა და შემოქმედების ხელსაყრელი პირობები, აქ ცივილიზაციის უწყვეტი ჯაჭვია. ამ მცირე ტერიტორიაზე (6000კმ2) ერთმანეთს ენაცვლება მშრალი ნახევარ უდაბნო, ზომიერი, ალპური ზონები, აქაა მრავალი მდინარე, ტბები, წყალსაცავები, აქაა მასიური ფართოფოთლოვანი ტყეები, ეს მხარე მდიდარია ლითონის წიაღისეულით, საშენი მასალებით. ასე, რომ ქვემო ქართლში საუკეთესო საცხოვრებელი პირობებია. ამან განაპირობა აქ მოსახლეობის მუდმივი ყოფნა, რომლებიც ქმნიდნენ უნიკალურ არქიტექტურულ ძეგლებს, აშენებდნენ მიუვალ ციხესიმაგრეებს, ერთ-ერთი პირველი ეკლესია 478-498 წლებში, ბოლნისში, ვახტანგ გორგასალის დროს აშენდა, რომელზეც დღემდეა შემონახული პირველი ქართული წარწერა, შემდგომ ამას მოჰყვა აქ ისეთი სიწმინდეების აშენება, როგორიცაა: მანგლისის სიონი, დმანისის სიონი, ანტონ მარტყოფელის სავანე და მონასტერი, ფიტარეთი, წუღრულაშენი, ბეთანია. ციხესიმაგრეებიდან: სამშვილდე, კლდეკარი, ხულუტი, ფარცხისი, ქოლაგირი, ოფრეთი, დმანისი და მრავალი სხვა.
ქვემო ქართლის ამ უნიკალურ სიმდიდრეს ოდითგანვე ქმნიდა ქართველი ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობდა და ცხოვრობს, აქვს სამეურნეო ყოფა: მემინდვრეობა, მეცხოველეობა ( მათ შორის, მომთაბარე), მეხილეობა, მეფრინველეობა. აქაა მრეწველობის უმსხვილესი საწარმოები: მეტალურგიული, ცემენტის, აზოტის, ფერადი ლითონის მოპოვება-გადამუშავება, ელექტროენერგიის წარმოება, საშენ მასალათა წარმოება…
ამის გარდა, ქვემო ქართლს გააჩნია უდიდესი საკურორტო პოტენციალი, რომელიც ჯერ კიდევ სრულად არაა ათვისებული. გამომდინარე აქედან, კარგად ჩანს ამ მცირე ტერიტორიის მრავალფეროვნება, რომელსაც სჭირდება მოვლა, გამოყენება და ცნობადობა.
მოამზადა გოჩა ომაიძემ