30 მარტს, კინოთეატრ ამირანში, შპს ეკო ფილმსმა 400 მოწვეულ სტუმარს ახალი დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ წარუდგინა. ფილმი აჭარის მთებში ერთწლიანი მოგზაურობის შედეგია და ადამიანებისა და ველური ბუნების ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს; ფილმი გვიყვება ტყის ბინადარ ველურ ფუტკრებზე, ბუნების სილამაზესა თუ დაუნდობლობაზე და იმ ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც მის ნაწილად არიან ქცეულნი. ხის ჯარა და მისი ბინადარი ფუტკრები ფილმის მთავარ გმირებს წარმოადგენენ. ჯარა არის ორად გაყოფილი ხის მორისგან დამზადებული სკა, სადაც ფუტკრის ნაყარია ჩასმული, აჭარაში მას ტყეში, მაღალ ხეზე ჰკიდებენ, რათა დაიცვან ისეთი მტაცებლისგან, როგორიც დათვია. ფილმის გადაღებები 2015-2017 წლებში, აჭარის უნიკალურ მაღალმთიანეთში მიმდინარეობდა.
ეკო ფილმსს ველურ ბუნებასა და ადამიანს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ფილმების გადაღების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წელს, მათ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „გზა“, რომელიც ასახავს იმ ადამიანების რეალობასა და სირთულეებს, რომლებიც მეცხვარეობაში მომთაბარეობის უძველეს ტრადიციას მისდევენ. ფილმის რეჟისორი ნიკა წიკლაურია.
„ჯარა“-ს მთავარი მხარდამჭერია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი ქორფსის (Mercy Corps) მიერ იმპლემენტირებული მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამა, რომელიც 2014 წლიდან მუშაობს საბაზრო სისტემის განვითარებაზე სოფლად მცხოვრები ოჯახებისათვის, რომელთა ძირითად შემოსავალს მესაქონლეობა და მეფუტკრეობა წარმოადგენს. ფილმის მეშვეობით, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდა ისეთი თემები, როგორებიცაა სოფლად ტურიზმი, სოფლის განვითარება და იქ მცხოვრებთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, გონივრული კონსერვაცია და მთიანი აჭარის ეკოლოგიური ღირებულებების შენარჩუნება. “ჯარა“ შექმნის პლატფორმას დისკუსიისათვის, გაამყარებს აჭარის, როგორც ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული დანიშნულების მქონე რეგიონის მნიშვნელობას და გახდება მრავალი ადამიანის შთაგონების წყარო.
„ჯარას“ მხარდამჭერები ასევე არიან: კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), რეგიონში კონსერვაციის მთავარი მხარდამჭერი; ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ), KfW განვითარების ბანკის დაფინანსებით, რომელიც აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის ეკო-კორიდორებზე მუშაობს; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, შპს ფუტკარა, თაფლისა და მეფუტკრეობის აღჭურვილობის კერძო კომპანია; ადგილობრივი გარემოსდაცვითი ასოციაცია PSOVI და ეკო ტურს ჯორჯია, რომელიც ატარებს ეკო ტურებს აჭარისა და საქართველოს სხვა რეგიონების ველურ ბუნებაში.