საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას მიენიჭა. ამ მრავალსაუკუნოვან ტრადიციაში შემავალი თითოეული ელემენტი განსაკუთრებული კულტურული ღირებულების მატარებელია.
ქართული სუფრის/პურობის ტრადიცია დასაბამს იღებს მრავალი საუკუნის წინ. ეს არის ყოფითი კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც, თავის მხრივ, მრავალ კომპონენტს აერთიანებს – ტრადიციული სუფრის სახეებით, სხდომის წესებით, პურობის რიგითა და თანმიმდევრობით, სოციალური და ასაკობრივი დიფერენციაციით, სანახაობრივი მხარეებით, თამადობის ინსტიტუტითა და სადღეგრძელოებით, მომსახურე პირთა უფლება-მოვალეობითა და ტერმინოლოგიით.
ესაა საფუძველი, რის გამოც ქართული სუფრის/პურობის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართული სუფრის კულტურას საკუთარი იდენტობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და, შესაბამისად, თავის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარებს.
მსოფლიო არამატერიალურ ძეგლთა ნუსხაშია რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთისა და ტაჯიკეთის გასტრონომიული კულტურა და რიტუალები.
2003 წლის იუნესკოს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის თანახმად, „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა არის საზოგადოების, ცალკეული ჯგუფებისა და ზოგიერთ შემთხვევაში კერძო პირების მიერ მათი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილად აღიარებული ადათ-წესები, წარმოდგენისა და გამოსახვის ფორმები, ცოდნა და ჩვევები – ასევე მათთან დაკავშირებულ ინსტრუმენტები, საგნები, არტეფაქტები და კულტურული სივრცეები“.
წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა