Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

თათქარიძეობა გუშინ, დღეს და ხვალ

$
0
0

თათქარიძეობა ილია ჭავჭავაძემ მოთხრობაში „კაცია-ადამიანი?!“ აღწერა საერთოქართული მოვლენა. ამის დასტურად ტექსტი გამოდგება, სადაც ვკითხულობთ: „ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ“.

ილიამ ერთი კონკრეტული თათქარიძის უაზრო, უშინაარსო, ცხოველური ყოფის აღწერით, ჩვენი ერის ცუდი თვისებები და ნაკლი დაგვანახა. ილიას აზრით, თათქარიძეობა შემდეგ თვისებებს აერთიანებს:

1. სიზარმაცე;
2. ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობა;
3. თვითკმაყოფილება და კვეხნა;
4. თვალთმაქცობა და პირფერობა;
5. ცრუმორწმუნეობა;
6. სხვისი ნაკლის კარგად დანახვა;
7. გაუნათლებლობა.

ილია როცა აღგვიწერს ლუარსაბის „დანგრეულ“ კარ-მიდამოს, ბოლოში ამბობს: „იმას ერტყა გარშემო ძველი ტყრუშული ღობე, რომელიც ზოგიერთგან გადაქცეული იყო და ეხლანდელს პატრონს არც კი მოსვლია ფიქრად, რომ გაეკეთებინა. ეტყობა, რომ ქართველია!..“. აქ კარგად ჩანს, რომ ლუარსაბი არის ზარმაცი და მთელ დროს ატარებდა ნებივრობაში, მას ჭამის გარდა, სხვა ინტერესი არ ჰქონდა. ლუარსაბს სტუმრის მოსვლაც იმიტომ ეზარებოდა, რომ ტანთ უნდა ჩაეცვა.
მოთხრობის მეორე პერსონაჟი – დარეჯანი, კი ცრუსაქმიანობით გამოირჩეოდა, როგორც კი თვალებს გაახელდა, „შავარდენივით გადმოფრინდებოდა“ და მოახლეებს დატუქსავდა, მუჯლუგუნს წაჰკრავდა. მისი ეს საქციელი კი, ცრუაქტიურობად შეიძლება შევაფასოთ.

რაც შეეხება, მე-3 საერთოქართულ თვისებას, ეს გახლავთ – თვითკმაყოფილება და კვეხნა. დარეჯანის მსგავსად, ლუარსაბიც დააწიოკებდა მსახურებს და ამაზე ამბობდა: „დაწიოკება“ ისე აუცილებლად საჭიროა ოჯახისათვის, როგორც სმა-ჭამა კაცისათვისა. ამიტომაც, რომ შემოვიდოდა ოთახში, თავის-თავის კმაყოფილებით ეტყოდა ხოლმე ცოლსა: – ძლივს არ გავისტუმრე ურმები (ტყუილიც უყვარდა ჩვენს ლუარსაბსა), ძლივს! დალახვროს ღმერთმა გლეხკაცი! ვეჟო, მინამ თავს არ დაადგები და კარგად არ დასჭყივლებ, ხელს კი არ გასძრავს და. გაგონილა! მე რომ არ ვყოფილიყავ, ყანა მინდორში დაგვილპებოდა“.

თვალთამაქცობა ჩანს დარეჯანისა და მისი რძლის ურთიერთობაში, რძლები ერთმანეთს როცა ხვდებიან, სხვებს ლანძღავენ, რძლის ზურგს უკან კი ლუარსაბი და დარეჯანი დავით და ელისაბედს აუგად მოიხსენიებენ.

ლუარსაბისა და დარეჯანის ცუდი თვისება არის აგრეთვე, ცრუმორწმუნეობა. ეს კარგად ჩანს ტექსტში: „მიბძანე და აკი გიახელ თელეთს სალოცავადა, თორმეტ-აბაზიანი ცხვარი დაგიკალ, ორი აბაზის წმინდა სანთელი აგინთე. სხვა რა ვქნა? წირვა-ლოცვას უამისოდაც არ ვაკლდებოდი, მარხვა მე არ გამიტეხია, ყოველ წელიწადს წმინდა ზიარება მიმიღია და აღსარება მითქვამს. აბა ჩვენ მღვდელსა ჰკითხე, თუ მე ცოდვა მიქნია რამე. დავითის ლუკმად უნდა გამხადო?! რაც იმას ქვეყანაზედ ცოდვა ჩაუდენია, ვინ მოსთვლის? შარშან ივანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს ხორცი უჭამია. პურის ნატეხს რომ მიწაზედ ჰხედავს, არ აიღებს და არ ემთხვეა, იქნება ფეხიც დაადგას და გასრისოს კიდეცა..“.

ამ მონაკვეთიდან ჩანს არა მხოლოდ მათი ცრუმორწმუნეობა, არამედ, ის რომ ისინი სხვის ნაკლს უფრო კარგად ხედავენ და ისინი ღვთისადმი აღსრულებული ქმედებების გამო, თითქოს, ღმერთისგან მადლობას მოითხოვენ.

ლუარსაბი თვითონაც უსწავლელი იყო და არც სხვის განათლებას აფასებდა: „რაც ეს რაღაც ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველ კაცის ხეირი მაშინ წავიდა. ფერი კი აღარ შერჩათ ჩვენს შვილებსა და!.. ჭამით ისინი ვერა სჭამენ, სმით ისინი ვეღარა სმენ, რა კაცები არიან?! წიგნი იციან? მე თუ წიგნი არ ვიცი, კაცი აღარ ვარ, ქუდი არა მხურავს, განა! ხორცი მე არ მაკლია და ფერი. წიგნი რა ვაჟკაცის ხელობაა, — ეგ ხომ ქალის საქმეა“. აქ კარგად ჩანს, თუ განვითარების როგორ დაბალ საფეხურზე იმყოფება ლუარსაბი. მას მიაჩნია, რომ განათლების მიღება მხოლოდ ქალების საქმეა.

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ თუ რომელ საერთოქართულ თვისებებს აერთიანებს თათქარიძეობა: ზარმაცობა ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობა, თვითკმაყოფილება, ბაქიაობა, მატყუარობა, პირფერობა, თვალთმაქცობა, ღორმუცელობა, გაუნათლებლობა და უნაყოფობა.

ჩემი აზრით, როცა ადამიანს არც ერთი საღი ადამიანური თვისება არ აქვს, არ გააჩნია არავითარი დადებითი აზრი და მიზანი ცხოვრებაში – ეს არათუ მე-19 საუკუნის პრობლემა იყო, არამედ დღესაც, ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამ დიდი პრობლემების წინაშე იქნება მომავალი თაობაც, თუ არ გაიზრდება და ამაღლდება ადამიანთა ცნობიერება, თუ არ შეიცვლება ადამიანთა შეგნება, თუ თითოეული ადამიანი ამ ცხოვრებაში არ დაისახავს მიზანს, არ გაითავისებს თავის დანიშნულებასა და მისიას ღვთისა და ადამიანების წინაშე.

ყველა ჩვენგანს ამქვეყნად ჩვენი მისია გვაქვს, პირველ რიგში, კი ეს არის ადამიანად ყოფნა და არა მხოლოდ „მუცლის ამოვსება“ და „ტახტზე კოტრიალი“. ადამიანებმა უნდა გავითავისოთ ჩვენი ადამიანად მოსვლის დანიშნულება და ვემსგავსოთ ღმერთს, რადგან ხსნა მხოლოდ ამაშია.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles