Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

ქვემო ქართლი –აღმშენებლობა და ტექნოლოგიები

$
0
0

სად ვართ და რას ვფლობთ

ქვეშის ციხე

ვაგრძელებთ სტატიათა სერიას, რომელიც ეძღვნება ქვემო ქართლს, მის წარსულს და თანამედროვეობას. განხილულ იქნება ქვემო ქართლში შემავალი ადმინისტრაციული რაიონების სხვადასხვა შესაძლებლობები. მათ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები და სხვა. ეს განხილვები ხელს შეუწყობს ამ ინტერნეტჟურნალის მკითხველს უფრო კარგად გაეცნოს და დაინტერესდეს ქვემო ქართლით.

ქვემო ქართლს დიდი და უძველესი ისტორია აქვს. აქ გაიარა კაცობრიობის ისტორიის ყველა პერიოდმა. აქ შეიქმნა უბრწყინვალესი თრიალეთის ყორღანების დიდი კულტურა, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ლეგენდარული კოლხეთი და მასთან დაკავშირებული მითი არგონავტებზე. წინა სტატიაში შევეცადეთ ნათლად გამოგვეხატა ის თავდაპირველი ისტორიული, ეკონომიკური, ეკოლოგიური, გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ქვემო ქართლს ახასიათებს და რომელიც იწერებოდა ისტორიულ ანალიზში.

ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მე-3 საუკუნეებში საქართველო აღმოჩნდა თავისი ისტორიის ერთ-ერთ საინტერესო მომენტში. ეს ის პერიოდია, როდესაც დაიშალა ალექსანდრე მაკედონელის ვრცელი იმპერია, მისმა გენერლებმა დაუნდობლად დაიწყეს ერთმანეთის რბევა და ხოცვა. სპარსეთი აღარ არსებობდა, მის მაგივრად იყო პრობერძნული სელევკიდების სახელმწიფო, ხოლო სულ მალე, სელევკიდებზე გამარჯვების შემდეგ, აქ დაარსდა ძლიერი პართიის სამეფო, რომლის ინტერესს იმ დროს წარმოადგენდა კავკასია, წინა აზია, საბერძნეთი და ეგვიპტე, ანუ იმდროინდელი ბერძნული სამყარო, რომელმაც დაკარგა სამხედრო ძლიერება, ხოლო შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძალას იკრებდა პონტოს სამეფო. ალექსანდრე მაკედონელის დროს მცხეთაში ბერძნებმა აზო გაამეფეს. ისტორიაში აზო უარყოფით პირადაა გამოყვანილი, მაგრამ, თუ კარგად გავერკვევით, დავინახავთ, რომ ფარნავაზის ძლიერი საქართველო, აზოს სამხედრო რეფორმების გარეშე, ვერ შეიქმნებოდა. ამ კონტექსტში ვნახოთ ქვემო ქართლის მდგომარეობა: მცხეთამდე, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გზები ქვემო ქართლზე გადიოდა. გზის გასწვრივ იყო მრავალი სიმაგრე, რომელიც იცავდნენ ამ გზებს. აზოს ბრძანებით, იმისთვის, რომ დაემორჩილებინა ქვეყანა, გარდა საზღვრისპირა სიმაგრეებისა, ყველასთვის უნდა მოერღვიათ დამცავი გალავანი, (საზღვრისპირაში კი, რა თქმა უნდა, მოხვდებოდა ხუნანის სიმაგრეც), აზოს კლარჯეთის საზღვრისპირა ციხეებისთვისაც არ ჰქონდა მორღვეული გალავნები, (ასეთი მეთოდი ქვეყნის ცენტრალიზაციას უწყობს ხელს. წარჩინებულები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ცენტრალური ხელისუფლებით, თავს ვერ აფარებენ მძლავრ ციხე-სიმაგრეებს და იძულებულნი არიან ან დაემორჩილონ, ან წავიდნენ ქვეყნიდან). პოლიტიკურ არენაზე, ფარნავაზის გამოჩენის შემდეგ, აზომ ქვეყნის შიგნით ყველა ბრძოლა წააგო და თავი შეაფარა კლარჯეთის ციხეს, მაგრამ აქაც ფარნავაზმა შეძლო აზოს და მასთან ერთად მყოფ ბერძენთა დამარცხება, ფარნავაზმა შეძლო გაეერთიანებინა მთელი საქართველო. შემდგომ მან ჩაატარა ადმინისტრაციული რეფორმები, შემოიღო ერისმთავრის ინსტიტუტი. ქართლში ფარნავაზმა 2 საერისთავო შექმნა: ერთი ხუნანში, ქვემო ქართლის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს და მეორე – სამშვილდეში, ქვემო ქართლის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. ( ეს ზუსტად ემთხვევოდა მითიური ქართლოსის მიერ ორი ქალაქის დაარსებას ხუნანში ანუ გარდაბანში და ორბეთის ანუ სამშვილდის ციხეთ-ქალაქების აშწენებას) ფარნავაზმა დიდხანს იმეფა, რაც საშუალებას მისცემდა მის ერისთავებს, სტაბილურად გაევრცელებინათ და გაემყარებინათ თავიანთი მბრძანებლობა საერისთავოში. შემდგომ, როცა ფარნავაზი გარდაიცვალა, ერისთავებს თავიანთ ტერიტორიაზე მფლობელის გარანტიები დარჩათ, საქართველოში ჩამოყალიბდა ფარნავაზიანთა დინასტია, რომელიც იცავდა ფარნავაზის მიერ შექმნილ სახელმწიფო სტრუქტურას, მეორე მხრივ, ეს სახელმწიფო სისტემა იმდენად იდეალური იყო, რომ მაშინდელმა ქვეყნის, მათ შორის, ქვემო ქართლის საზღვრებმა, საკმაოდ დიდხანს იარსება, რამაც საშუალება მისცა ჩამოყალიბებულიყო ქვემო ქართლის საერისთავოების ცენტრები: ხუნანი-გარდაბანი და სამშვილდე, როგორც მძლავრი პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ეკონომიკური ცენტრები, რაც გულისხმობს, თავის მხრივ, მათ გარშემო გზებზე და ხეობებში ციხე-სიმაგრეთა სისტემის განვითარებას.

ძველი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნისთვის საქართველოს სამხრეთით (ქვემო ქართლის სამხრეთით მოსაზღვრე) სომხეთმა დაიწყო დაპყრობითი ომები თავის ყველა მეზობელთან, მათ შეძლეს ასევე ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილის დაპყრობაც, ქვემო ქართლის ჩრდილოეთ ნაწილს ქართლის მეფეები თავგამოდებით იცავდენენ, რადგანაც კარგად უწყოდათ, რომ ამ მხარის მთლიანად დაკარგვა მცხეთის, როგორც ქვეყნის დედაქალაქის, დაკარგვას ნიშნავდა. ამის გარდა, თანდათან გაძლიერდა სპარსეთი, რომელიც სომხეთს არ აძლევდა ქართლის დაპყრობის საშუალებას. ამის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს აქ, ქვემო ქართლში, რუსთავის ციხის, როგორც საუფლისწულო ქალაქად (ვუსტან – ქალაქის) გადაკეთებას ( სიტყვა ,,ვუსტანი” ნიშნავს უფლისწულს) ანუ ჩვ. წ. აღ.-ის დასაწყისიდან იწყება ხანგრძლივი ომები ქართლის მეფეთა მხრიდან ქვემო ქართლის შესანარჩუნებლად, ხოლო სპარსთა და სომეხთა მხრიდან ქვემო ქართლის დასაუფლებლად.

როგორ მოხდა რომ, ამ ხანგრძლივი ომების მიუხედავად, ქვემო ქართლში შენარჩუნდა ქართული ეთნოსი და სახელმწიფოებრიობა? ამ კითხვაზე პასუხი უმნიშვნელოვანესია, ეს პასუხი ხსნის მრავალ თემას და ნათლად წარმოადგენს ქართული სახელმწიფოს ისტორიას. თავდაპირველი იყო ქართველ ტომთა, აქ ამ ადგილზე, სამეურნეო მოღვაწეობა, კერძოდ ქართლოსის მიერ დაარსებული ხუნან-გარდაბანი და სამშვილდე ნათლად ასახავს ძლიერ სამეურნეო კავშირს მთასა და ბარს შორის, ორივე ეს ციხე-ქალაქები „კეტავენ“ ვრცელ ვაკეს, რომელსაც დღემდე ქართველთა ველი ჰქვია, (გვიანდელი სომეხი ჟამთაღმწერელნი ამ ვრცელ ველს ვრაც დაშტატად ანუ ქართველთა ველად მოიხსენიებდნენ) იმისათვის, რომ უცხო ტომთა დარტყმები აეცილებინათ, პირველ რიგში ქვემო ქართლში, ქართველებმა თანდათან დაიწყეს საუკეთესო იარაღის წარმოება და მძლავრი ციხე-სიმაგრეების შენება. ამან გამოიწვია მიწის ათვისება, არხების გაყვანა, ქალაქებისა და გზების მშენებლობა. მშენებლობაში გამოიყენებოდა: ხე, კირი, აგური და რიყის ქვა. ოთხივე ეს კომპონენტი მრავლად მოიპოვება ქვემო ქართლში. მანამდე კი ქვემო ქართლში სიმაგრეებს აგებდნენ დიდი თლილი ლოდებისგან (ჭივჭავის ნაგებობები თეთრიწყაროში, მეგალითური ნაგებობები დღევანდელ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე), მაგრამ დიდ თლილ ლოდებს ჰქონდა რამდენიმე უარყოფითი თვისება:

1. მიწისძვრის დროს იგი თითქმის პირწმინდად ინგრეოდა (აქ არ გამოიყენებოდა: კირი, თიხა ან სხვადასხვა სამშენებლო დამაკავშირებელი).
2. მტრის შემოსევის და მის მიერ გალავნის დანგრევის შემთხვევაში, აღდგენა ძნელი იყო, რადგანაც მტრის შემოსევისას ნადგურდებოდა საწარმოო ძალები და საწარმოო სიმძლავრეები. კირი ქვემო ქართლში დღემდე მოიპოვება (ბოლნისის რაიონში), ამასთან ერთად შესაძლებელია კირის დიდ მანძილზე ადვილად გადატანა და მისგან მოკლე ხანში კედლის ან გალავნის აშენება და, რაც ყველაზე მთავარია, კირს აქვს მიწისძვრის ბიძგების მშთანთქველი თვისება.
მისი აზელვისა და კედელში გაშრობის შემდეგ წარმოიქმნება ჰაერის ფორები, რომლებიც შთანთქავენ მიწისძვრის ბიძგებს და შენობა ნაკლებად ზიანდება. ( აღნიშნული ტექნოლოგია ჩვენთან, როგორც ჩანს, შუამდინარეთიდან და აზიიდან შემოვიდა და იდეალურად მოერგო გარემოს, მაგალითისთვის: ჩვ.წ-ს I საუკუნიდან მოყოლებული რომის იმპერიაში გამოიყენებოდა ცემენტი, რომელიც იყო ვულკანური ფერფლის და კირის ნარევი, მისი შემადგენლობა ძალიან მკვრივი იყო და მიწისძვრის შედეგად იმპერიის აღმოსავლეთით მდებარე კონსტანტინეპოლი და მისი დამცავი გალავანი ხშირად ინგრეოდა, ხოლო მას შემდეგ, რაც დაიწყეს მხოლოდ კირის გამოყენება, ქალაქები და მათი გალავნები, კირის თვისებებიდან გამომდინარე, უძლებდა მიწისძვრებს. ქვემო ქართლში ბევრია ასევე თიხის კარიერი, საიდანაც იღებდნენ თიხას აგურისათვის. მაგალითისთვის მოვიყვანთ ორ ფაქტს: ქ.რუსთავში, ძველი უბნის ცენტრში, ქალაქის საავადმყოფოს წინ, რამდენიმე წლის წინათ ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რამაც გამოავლინა ერთ მცირე ტერიტორიაზე სამი დიდი ზომის თიხის ნაწარმის გამოსაწვავი ქურების არსებობა, (შესაძლებელია სხვა ადგილზეც იყოს ამგვარი ქურები). ნათელია, რომ ასეთი ,,საწარმოო სიმძლავრეები” მიმართული იყო მასიურ წარმოებაზე, აგურისა და კერამიკული ნაწარმის ფართო ტერიტორიაზე გასავრცელებლად. მეორე ფაქტი: დღესაც ქ. თბილისის კერამიკული წარმოებები მოიხმარენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფ. ნორიოსთან მოპოვებულ თიხას. რაც შეეხება რიყის ქვას, ქვემო ქართლის მდინარეებში რიყის ქვის ამოუწურავი მარაგია. ამის გარდა ქალაქებსა და ხეობებში უამრავი ეკლესია-მონასტერია, რომელთა ასაგებათაც გამოიყენებოდა: ტუფი, გრანიტი, ბაზალტი. ამ საშენი მასალის დამუშავება აქვე ხდებოდა. აქ დღემდე მრავალი კარიერია. აღნიშნული საშენი მასალა გაჰქონდათ მცხეთაში, თბილისსა და ქართლის სხვა ადგილებში.

( გაგრძელება იქნება)

მოამზადა ისტორიკოსმა გოჩა ომაიძემ


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles