Quantcast
Channel: ამბიონი
Viewing all articles
Browse latest Browse all 245

ასათ მოქმედი –ძველი ქართველი ოსტატი

$
0
0

ასათ მოქმედი ასათ მოქმედი იყო X საუკუნის ქართველი ოქრომქანდაკებელი, სოფელ ბრილში (ხაშურის რეაიონი) 1898 წელს აღმოჩენილი დავით კურაპალატისათვის გაკეთებული ჯვრის ავტორი ( საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი). მხატვრულ-ისტორიული ღირებულებით ბრილის ჯვარი მნიშვნელოვანი ნიმუშია ქართულ ოქრომჭედლობის განვითარების იმ ეტაპისა, როდესაც თავი იჩინა ინტერესმა ფიგურის სკულპტურული გადმოცემისადმი.

ამასთანავე, ნაწარმოებში ჯერ კიდევ ცოცხლობს ძველი ტრადიციები: სიუჟეტის ემოციურობისა და ექსპრესიის გაძლიერების მიზნით ფიგურების ცალკეული ნაწილების ხაზგასმა. ასათ მოქმედის ჯვრის წინა პირზე გამოსახულია ჯვარცმული ქრისტესა და წმინდანთა ფიგურები.

ქრისტეს არაჩვეულებრივად მეტყველი, ჭმუნვარებითა და ტანჯვით აღბეჭდილი სახე, იოანეს მოკრძალებული ფიგურა, მშვენივრად მოდელირებული ნაკეცები იოანესა და მარიამის სამოსლისა, მთელი კომპოზიციის ცალკეულ ნაწილთა გააზრებული დაქვემდებარება საერთო მიზნისადმი, მოწმობს, რომ ასათი დიდი ნიჭით დაჯილდოებული შემოქმედი იყო.

ჯვარი (მკლავების ღერძებზე მისი ზომაა 27,2 * 16,2 სმ) წარმოადგენს მთლიან მასივურ ფირფიტას, რომლის წინა მხარეს მირჩილულია ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა ჯვრითურთ, სხვა წმინდანთა ფიგურები (მარიამი და იოანე ჯვარცმულის ორსავ მხარეს, ღვთისმშობელი ჩვილით ქვემო მკლავზე, მამა ღმერთი ზემოთაზე) და მედალიონები ნახევარფიგურებით. დანარჩენი არე, როგორც წინიდან, ისე ზურგიდან, დაფარულია გრავირებული ორნამენტით და შემკვეთის წარწერით (ქვემო მკლავზე).

წინა პირის ქვედა მკლავზე დამკვეთის, ტაოს მფლობელის დავით კურაპალატის სახელია ამოკვეთილი: “ქრისტე ადიდე დღეგრძელობით დავით კურაპალატი, ამინ”. ზურგზე–შემსრულებლის სახელი –“ასათ მოქმედი”. ქრისტეს ტანჯვით აღბეჭდილი მეტყველი სახე, იოანეს მოკრძალებული ფიგურა და იოანესა და მარიამის სამოსლის ოსტატურად მოდელირებული ნაკეცები ოქრომქანდაკებლის ნიჭიერებაზე მეტყველებს.

თავისი დანიშნულებითა და საერთო სახით ჯვარი მიეკუთვნება იმ ჯგუფს, რომელსაც შეადგენენ X-XI სს. ქართული ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები – იშხნის, ბრეთისა და მარტვილის ჯვრები.

გ.ჩუბინაშვილი აღნიშნავს, რომ თვით ფაქტი ნაწარმოების “ხელმოწერისა” ავტორის მიერ გვიჩვენებს, რომ იმ დროს შემოქმედი – ოქრომქანდაკებელი უკვე გამორჩეული იყო ხელოსანთაგან; შესაძლებელია “მოქმედის” ცნებას ერთგვარი სოციალური მნიშვნელობაც ჰქონდესო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.227; ვ. ბერიძე “ძველი ქართველი ოსტატები”. თბ. 1967, გვ. 31-32


Viewing all articles
Browse latest Browse all 245

Trending Articles