31 იანვარს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართა 2017 წლის ალბომ-კალენდრის – „ჯვარი და ვაზი – ძველი საქართველოს ხატები და ფრესკები“ პრეზენტაცია.
ალბომში მოცემულია მეექვსე-მეცამეტე საუკუნეების ხატები და კედლის მხატვრობის რჩეული ნიმუშები. კალენდარში წარმოდგენილია 24 ფერადი ილუსტრაცია და მათთან დაკავშირებული ტექსტები, რომლებიც გვაცნობს წარმოდგენილი ხატებისა და ფრესკების ისტორიას, იკონოგრაფიულ-სტილურ თავისებურებებს და აგრეთვე პარალელებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანული ქვეყნების ხელოვნებიდან. ალბომ-კალენდრის შემდგენელი და ტექსტების ავტორი არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი – ნანა ბურჭულაძე.
ალბომი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლის და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
საქართველოს გარდა, კალენდარი იტალიაში, საფრანგეთსა და რუსეთშიც გამოიცა.