თეიმურაზი, ერეკლე პირველის ძე დაიბადა თბილისში 1700 წელს. ცნობილია, რომ ნადირ-შაჰმა თეიმურაზ მეორეს დაუმკვიდრა ქართლის ტახტი 1744 წელს. პირველად თეიმურაზი მოღვაწეობდა კახეთში და 1731-1747 წლების მანძილზე ნომინალურად მაინც ითვლებოდა ქვეყნის გამგედ. მისი პოლიტიკური მდგომარეობა დამოკიდებული იყო ჭირვეული შაჰ-ნადირის გუნებაზე. 1738 წელს კახთ-ბატონი შაჰმა წაიყვანა ყანდაარში, იქიდან დააბარებინა შვილები ერეკლე და ქეთევანი, ხოლო თვითონ გამოისტუმრა საქართველოში.
„ქართლის ცხვრებიდან“ ვიცით, რომ თეიმურაზმა 1712 წელს ვახტანგ VI-ის ასულ – თამარზე იქორწინა. (ქ.ც. II:145). კ. კეკელიძის აღნიშვნით, თეიმურაზს „ჯერ უნდ შეერთო ბაინდურ ერისთავის ასული, მაგრამ მისი ძმის, დავით იმამყული ხანის და ვახტანგ მეექვსის დამეგობრების მიზნით მას ერისთავის ქალზე ხელი ააღებინეს“ და ამიტომ იქორწინა ვახტანგის ასულზე (კეკელიძე II:1980:605).
თეიმურაზმა და ერეკლემ მოიგეს ნადირ-შაჰის გული, სამაგიეროდ მიიღეს ქართლ-კახეთის ტახტი. თეიმურაზს ერგო ქართლი, ერეკლეს – კახეთი. ამრიგად, ხანგრძლივი გათიშვის შემდეგ აღმოსავლეთი საქართველო ფაქტობრივად გაერთიანდა და ორივე მხარეში, ქართლსა და კახეთში, გამეფდა ადგილობრივი მკვიდრი და ისიც რჯულით ქრისტიანი. მაჰმადიანი ხანების ბატონობის შემდეგ ეს იყო მნიშვნელოვანი წარმატება. თეიმურაზი და ერეკლე ენერგიულად შეუდგნენ ქვეყნის მომტკიცებასა და მოშენებას. მათი გულისყური მიმართული იყო უმთავრესად შინაგანი წესრიგის დამყარებისაკენ. თუმცა მამა-შვილი გარეგნულად სპარსული პოლიტიკური ორიენტაციის ნიადაგზე იდგნენ, ნამდვილად ისინიც რუსეთის მომხრენი იყვნენ და მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს უცდიდნენ. მართლაც, 1760 წელს თეიმურაზი პეტერბურგში გაემგზავრა ქართულ-რუსული ურთიერთობის გასამაგრებლად. მას აღარ დასცალდა სამშობლოში დაბრუნება, გარდაიცვალა პეტერბურგში 1762 წელს.
თეიმურაზ მეორე ფრიად ნაყოფიერი შემოქმედი იყო. იგი მე-18 საუკუნის ქართულ- ისტორიულ-ნაციონალური სკოლის ბრწყინვალე წარმომადგენელია. როგორც პოეტი, თეიმურაზ მეორე „მართლის თქმის“ პრინციპის გამგრძელებელი იყო. იგი ახლოს იდგა სპარსულ ლიტერატურასთან, მაგრამ უპირისპირდებოდა „მეზღაპრეობას“. ამ პრინციპთან დაპირისპირება და სპარსული პოეზიის სპეციფიკისაგან შორს დგომა მის პოეზიას არა – ტიპიურ აღმოსავლურად, არამედ, – აღმოსავლური ეგზოტიკის შემცვლელად წარმოაჩენს.
სპარსულ ლიტერატურაში ცნობილი „გაბაასების“ თემა თეიმურაზმა ქართულ რეალობას მიუსადაგა და ამითაც დაშორდა სპარსულ სამყაროს. თეიმურაზს ეკუთვნის „ხილთა ქება“, “სარკე თქმულთა”, „ანბანთქება“, „ზმა განჯაფისა“, „ბიჟინას გარდაცვალებაზედ“… სპარსულიდან თარგმნა „სინდბადის წიგნი“ („თიმსარიანი“).
ზოგ ხელნაწერში „გაბაასებას“ ეპილოგის სახით დართული აქვს 14 სტროფისაგან შემდგარი ტექსტი, რომელიც დამოუკიდებელი ხასიათის მქონეა და ავტორის სათავგადასავლო თხრობას წარმოადგენს. შეთხზული ყოფილა ეს „თავგადასავალი“ ყანდაარში (ავღანეთში) 1738 წელს.
წინასიტყვაში ავტორი ამბობს, რომ მეტად რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრებამ და თან პოეტობდა კიდეცა:
„ვწერდი ცხენს მჯდომი,ვლაშქრობდი იქით და აქეთ, სად არი“.
„სარკე თქმულთა“ დაწერილია 1737 წელს. იგი ორი ნაწილისაგან შედგება, ერთი სასულიერო ნაწილია, მეორე საერო. პირველ ნაწილში დღე და ღამე პაექრობის („გაბაასების“) წესით ერთმანეთს მოუთხრობენ იმ ამბებს, რაც ძველი და ახალი აღთქმის მიხედვით მომხდარა დღე-ღამის განმავლობაში, „გაბაასების“ ეს ნაწილი იხურება შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების ამბებით.
„საერო“ ნაწილში დღე ბევრს ბაასობს მეჯლიშის,ყაბახის,ბურთაობის, ასპარეზობის, აშფაშაგის,მშვილდოსნობის,ნადირობის, ყუმრის თამაშობისა და მისთანათა შესახებ. სამაგიეროდ ღამე იგონებს ქორწინებას მთელი თავისი რთული სალხენი რიტუალით.
„გაბაასებაში“ ჩანს დღის უპირატესობა, ღამე კი ამბობს, რომ დღეს მარტო მზე ჰხვდა წილად, მას კი ექვსი და:
„მთვარე,ოტარიდ,მუშთარი -არ არის უარესიდა,
ზუალ, ასპიროზ, მარიხი, მნათობი მუნ არესი და“.
დღე ისევ აგრძელებს თავის კარგ მხარეებზე საუბარს და ამბობს, რომ თუ რამე კარგი ხდება ადამიანის ცხოვრებაში, ყველაფერი დღისით ხდება, დღეს შეუძლია ადამიანს ბევრი კარგი რამე მოუტანოს.
ღამე იკვეხნის ჩემი დრო ტრფიალებისთვის არის განკუთვნილიო და დღეს უამბობს სხადასხვა სამიჯნურო ისტორიებს. აქ გადმოცემულია მრავალი ცნობილი პოემის შინაარსი (სახელდობრ, „ვეფხისტყაოსნისა“, „ვისრამიანისა“,“იოსებზილიხანიანისა“,“ლეილმაჯნუნიანისა“, „ვარდბულბულიანისა“, „შამფარვანიანისა“).
„გაბაასების“ მეორე ნაწილშიც უკანასკნელი სიტყვა დღეს ეძლევა. დღე აღწერს მეორედ მოსვლას, რაც ღამით იქნებაო, მაგრამო, ურთავს: „ასე ვთქვათ, ღამით მოვიდეს,გინა ბნელობის ჟამითა, ბნელი განქარდეს ღვთის მოსვლითაო“. გამარჯვების სასწორი გარკვევით დღისკენ იხრება, ღვთიური განსჯაც სინათლითა და სინათლეში უნდა მოხდესო:
„ რომ მოვიდეს ძე კაცისა განსჯად მრავლის დიდებითა,
ანგელოსნი მისნი მასთანცხრა გუნდითურთ დასებითა,
მაშინ დაჯდეს საყდართა ზე დავითისა ღვთაბითა,
ესე დღისით აღსრულდების , არა ღამით, ბნელებითა“.
ამ პაექრობაში თეიმურაზი ტრადიციისამებრ თითქო განზე დგას, მაგრამ მაინც ვერ მალავს დღისადმი აშკარა სიმპათიას და აღნიშნული ტაეპით ამას ცხადად ამჟღავნებს. „გაბაასება“ მთავრდება შემდეგი სტროფით:
„აწ დავასრულოთ დღისა და ღამის ბაასობანი,
ეს კმარა საჩხუბავათა, ისევ მათ უჯობს წყობანი;
მეც მომეწყინა ლაყაფი, ბევრი – ამსიგრძე – თხრობანი,
გავათავე და კიდეცა მეყო ამ ლექსთა მბობანი.
„გაბაასება დღისა და ღამისა“ უფრო საეთნოგრაფო ხასიათის ნაწარმოებია, ვიდრე მხატვრული სალიტერატურო ძეგლი, ეს ნაწარმოები იმდროინდელი თავადაზნაურული საზოგადოების გემოვნების შესაფერია, ის ერთგვარად ტიპიურია და მას ლიტერატურის ისტორიკოსი გვერდს ვერ აუხვევს.
მოამზადა ტყებუჩავა ანა